მთავარი,სიახლეები

როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს

22.06.2022
როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს

„ეს ჩემი კითხვა არაა, ბათუმელი მუსლიმების კითხვაა. როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?“ – ჰკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, დღეს, 22 ივნისს მივიდა.

კითხვის დასმამდე ტარიელ ნაკაიძემ შეაფასა ევროინტეგრაციის პროცესი და პრემიერს უთხრა:

„სამწუხაროდ, ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ შანსის გამოყენება, რომელიც ისტორიულად დღეს ჩვენ მოგვეცა. ეს არის ძალიან სამწუხარო და მინდა აღიაროთ, რომ ამ მიმართულებით უფრო სწორი ნაბიჯები გადადგათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სწორი მიდგომები გქონდეთ“.

ტარიელ ნაკაიძემ ყურადღება გაამახვილა პრემიერის ანგარიშში უმცირესობების საკითხზე.

„მიუხედავად იმისა, რომ არ გითქვამთ დღეს არაფერი უმცირესობებზე, შევადარე გასული წლისა და წლევანდელი ანგარიშები, არანაირი განსხვავება, რაღაც ახალი ამ ანგარიშში მე ვერ ვიხილე.

ჯერ კიდევ ჩვენი ეთნიკური უმცირესობები ქართული ენის სწავლისთვის იხდიან 2500 ლარს. ჯერ კიდევ ჩვენი უმცირესობების წარმომადგენლებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რომ ქართული ენა შეისწავლონ.

რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების ნაწილს, ალბათ თქვენ არ იცით, გუშინ სარფის საბაჟოზე არ შემოუშვეს ქრისტიანულ პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და არ დაუშვეს, რომ  შემოეტანათ ბიბლია.

ეს არის გამოხატულება იმისა, რომ რელიგიური თავისუფლების კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ ქვეყანაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა გაატაროთ სერიოზული ღონისძიება, რადგან ეს ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია“, – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა ჯერჯერობით არ დაუწყია.

___

ბათუმში ახალი მეჩეთის ნებართვის მოსაპოვებლად მუსლიმები სასამართლოში დავობენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ორმა ინსტანციამ დისკრიმინაცია დაადგინა, ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის მერიამ მუსლიმებს არ მისცა ბათუმში მეჩეთის აშენების ნებართვა.

ბათუმში არაერთი ეკლესია აშენდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მათ შორის, სახელმწიფო მიწაზე.

ბათუმელმა მუსლიმებმა კი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: