განათლება,მთავარი,სიახლეები

„ქიმია მომავლის დარგია, ამიტომ ვირჩევ“ – აბიტურიენტები გამოცდების წინ

23.06.2022 • 2709
„ქიმია მომავლის დარგია, ამიტომ ვირჩევ“ – აბიტურიენტები გამოცდების წინ

საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, ქიმიის შესწავლას, არც ისე ბევრი აბიტურიენტი გეგმავს. ქიმიის რეპეტიტორები, რომლებიც აბიტურიენტებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ მათთან ქიმიაში ძირითადად ის მოსწავლეები ემზადებიან, რომლებიც სამედიცინოზე აპირებენ ჩაბარებას, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარებას კი თითო-ოროლა აბიტურიენტი თუ გეგმავს.

რატომ აირჩიეს ქიმია? რატომ არ არის ეს საგანი პოპულარული საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2 აბიტურიენტს ესაუბრა, რომლებსაც სურთ მათი მომავალი პროფესია ქიმიას დაუკავშირონ.

  • „ვირჩევ ქიმიას, რადგან ეს მომავლის დარგია“ – მარიამი ბათუმიდან

17 წლის მარიამ სიხარულიძემ ბათუმის N5 საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. იგი ქიმიის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას და ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

თავის მეგობრებში მარიამი ერთადერთია, რომელიც ქიმიის შესწავლას აპირებს უნივერსიტეტში.

მარიამ სიხარულიძე

რატომ ქიმია? – მარიამის თქმით, ამ არჩევანზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა.

„ოჯახში დედის მხრიდან თითქმის ყველა ქიმიკოსია, ამიტომაც ბავშვობიდანვე მესმოდა ქიმიის შესახებ.

სიმართლე რომ გითხრათ, ადრე უფრო ჰუმანიტარული საგნები მაინტერესებდა. თან არასდროს მაძალებდა დედა ქიმიის არჩევას, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი პროფესიაა.

ჩემით მივედი გადაწყვეტილებამდე, თანაც ძალზე გვიან. ამ წლის 28 იანვარს გადავწყვიტე, ქიმიკოსი გავმხდარიყავი. მანამდე ჯერ ისტორიაში ვემზადებოდი, შემდეგ – ლიტერატურაში. მოგვიანებით მივხვდი, რომ არც ერთი არ იყო საჩემო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ქიმიურზე ჩამებარებინა, თან ლაბორატორია ყოველთვის საინტერესო სივრცე იყო ჩემთვის.

ვფიქრობ, ქიმია მომავლის დარგია, სწორედ ამიტომ ვირჩევ. მსოფლიოში მიმდინარე ყოველგვარი ტექნიკური წინსვლა თუ სიახლე ქიმიასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრი არ აბარებს ქიმიის ფაკულტეტზე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ მხრივ უკეთესობა გვექნება,“ – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ქიმიის სიყვარული არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მისი მასწავლებლის დამსახურებაცაა.

„მართალია, მთელი კლასი ერთნაირად არ ვიყავით ქიმიით დაინტერესებული, თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო მისი გაკვეთილები, ვატარებდით ცდებს, ვეძებდით საინტერესო ინფორმაციებს ცნობილ ქიმიკოსებზე. მასწავლებელი, დოდო ჯინორია, არა მარტო ქიმიას გვასწავლიდა, არამედ ზოგად განათლებასაც გვაძლევდა. ამიტომაც არის იგი ჩემთვის მისაბაძი პიროვნება და  მოტივატორი,“ – გვითხრა მარიამმა.

იგი მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც აბიტურიენტები ქიმიის მიმართულებას არ ირჩევენ, სკოლას უკავშირდება.

„თუ ქიმიას ალღოს აუღებ, არაფერი გეჩვენება რთულად, თუმცა აუცილებლად უნდა არსებობდეს თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიები. ყველა ახალ გაკვეთილზე ბავშვებს ცდებს თუ ჩაუტარებ, მათთვის გაცილებით საინტერესო გახდება ქიმია.

ამ ფაკულტეტს რომ დაბალი რეიტინგი აქვს და ნაკლებად ირჩევენ აბიტურიენტები, ამაში წვლილი სკოლას და  განათლების სისტემასაც აქვს. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მე  ქვეყნის ტექნიკურ ჩამორჩენასაც მივიჩნევ. მტკივნეულია ამ სიტყვების წარმოთქმა, თუმცა მწარე რეალობაა“ – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, ქიმიის პოპულარულ საგნად ქცევისთვის სახელმწიფომ, სკოლამ და მასწავლებელმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ. მარიამმა თავისი მოსაზრებაც გაგვიზიარა ამ თემაზე:

„პირველ რიგში, სახალისო ქიმიის საათები უნდა დაემატოს სკოლებში, სადაც ბავშვები მოისმენენ მათთვის საინტერესო ფაქტებს და საკუთარი ხელით ჩაატარებენ ცდებს.

ასევე, სახელმწიფომ განვითარების საშუალება უნდა მისცეს მასწავლებელს და იზრუნოს მათ გადამზადებაზე.  მასწავლებლები კი არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ დაფაზე დაწერილი რეაქციებით, ბავშვებს ყველაფერი უნდა აჩვენონ ფიზიკურად და არა წარმოდგენებში ან ვიდეოებით.

თავიდან გადახედონ ქიმიის სახელმძღვანელოებს, შეცვალონ გაკვეთილების ფორმატი, მოაწყონ ლაბორატორიები, ბავშვები წაიყვანონ ფაბრიკა-ქარხნების და ლაბორატორიების დასათვალიერებლად და ა.შ.“.

  • ბევრი შესაძლებლობაა, რომ ამ მიმართულებით დავსაქმდე“ – მარიამი თბილისიდან

17 წლის მარიამ ზაქარეიშვილმა წელს დაამთავრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლა. ისიც ქიმიის ფაკულტეტზე აბარებს. მარიამი ამბობს, რომ ქიმია მომავლის პროფესიაა.

„მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც საფუძვლიანად დავიწყე ქიმიის სწავლა, სრული მობილიზებით. ქიმიით დაინტერესებაში დიდი წვლილი მიუძღვის  საგნის მასწავლებელს სკოლაში, რომელმაც მირჩია ამ მიმართულებით გამეგრძელებინა  სწავლა.

მარიამ ზაქარეიშვილი

თავიდანვე მიზიდავდა ქიმიური ცდები, რეაქციები. მე-11 კლასში ნასწავლმა ორგანულმა ქიმიამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა ქიმიასთან  და მომავალ პროფესიად ამერჩია“.

მარიამ ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ მას გაუმართლა, რადგან სკოლაში, სადაც სწავლობდა, ყველა რესურსი ჰქონდათ ცდების ჩასატარებლად, ექსპერიმენტებისთვის.

„ქიმიის გაკვეთილები სკოლაში ძალიან სახალისო იყო.  თითოეული დეტალის თუ თემის ბუნებასთან დაკავშირებას ვცდილობდით.

როცა დავინახეთ, რომ სკოლაში  ქიმიით დაინტერესებული ბევრი მოსწავლე იყო, გავხსენით ქიმიკოსთა კლუბი, სადაც ძალიან საინტერესოდ ვატარებდით დროს. ვატარებდით ქიმიურ ცდებს და ექსპერიმენტებს, ვიკვლევდით და ვიძიებდით რეაქციებს,“ – გვითხრა მან.

მარიამი დარწმუნებულია, რომ ირჩევს პროფესიას, რომლითაც დასაქმება არ გაუჭირდება.

„დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი საკმაოდ დაბალრეიტინგულია. რომ ეძებო ერთ ქალაქში, შეიძლება 100 ბავშვი ვერ იპოვო, რომლებიც პროფესიად ამ მიმართულებას ირჩევენ.

საგანი რომ უფრო მოთხოვნადი გახდეს, სკოლის ამოქმედებაა საჭირო. ძალიან ბევრი ბავშვისგან გამიგია, რომ სკოლაში საგნები არ ისწავლება სათანადოდ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის იწყებს მოსწავლე ქიმიის სწავლას. მე ვემხრობი იმ მოსაზრებას,რომ საბუნებისმეტყველო საგნები სკოლაში დაწყებითი საფეხურიდან უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ არა ფორმულების და წესების დონეზე.

ბავშვებმა ყველაფერი უნდა ნახონ პრაქტიკაში, დააკვირდნენ ცდებს და შემდგომ ეცადონ, მცირე ექსპერიმენტების ჩატარებას საკუთარი ხელით,“ – ამბობს მარიამი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში მასწავლებლის როლსაც უსვამს ხაზს:

„სკოლაში ძირითადად გვყავს მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ წესებსა და კანონებს ასწავლიან, რომელთა მშრალად დაზუთხვაც არაა მოსწავლისთვის საინტერესო, შესაბამისად საგანიც რთულად ეჩვენებათ და ინტერესიც უქრებათ.

სახელმწიფომ უნდა გამოყოს შესაბამისი თანხები, რომ სკოლები აღიჭურვოს ლაბორატორიებით და ტექნიკით. უნდა დაასაქმოს ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოლოგები თუ ფიზიკოსები სკოლებში. მასწავლებლები კი მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ სახელმწიფოსგან და სკოლისგან მიწოდებული რესურსი აამოქმედონ და გახადონ გაკვეთილი შემეცნებითი და აქტიური.

სკოლებში უნდა  გაიხსნას დამატებით  ქიმიკოს-ფიზიკოსთა კლუბები, უნდა მოიწვიონ  ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ პროფესიაზე ისაუბრებენ ბავშვებთან. სკოლის გარეთ გაკეთებული აქტივობებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად,  თბილისში გვაქვს პლანეტარიუმები, ქიმიის და ფიზიკის მუზეუმები, სადაც უშუალოდ  ატომის და სხვადასხვა ნაერთების მოდელებია შექმნილი და წარმოდგენილი,“ – ამბობს მარიამი.

იგი უცხოეთში სწავლაზეც ფიქრობს.

„გადავწყვიტე, რომ თუ შანსი მექნება, სასწავლებლად გერმანიაში წავიდე, რადგან ამ ქვეყანაში არის დიდი მოთხოვნა ქიმიკოსების და ფიზიკოსების, განათლების მიღების შემდგომ კი დავბრუნდები საქართველოში.

ჩემი მიზანია, გავყვე 2 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთს, ან ექსპერტ-კრიმინალისტიკას ან ღვინის ტექნოლოგიებს. ღვინის ტექნოლოგიებს იმიტომ, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ბევრი კადრია საჭირო ამ მიმართულებით. არის ბევრი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით დავსაქმდე“  – ამბობს მარიამი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: