მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ

22.06.2022 •
ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ

გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია.

მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“

მთავრობის განმარტებით, შესაბამისი ცვლილება აუცილებელია რომელიმე მესაკუთრის შესაძლო უარით პროგრამით შეთავაზებულ პირობებზე. „რომელიმე მესაკუთრესთან შეთანხმების მიუღწევლობა საფრთხის წინაშე აყენებს სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში. მთავრობა შესაბამისი ცვლილების დამტკიცებას პარლამენტს დაჩქარებული წესით სთხოვს.

არსებობს იმის რისკი, რომ ავარიულ სახლში მცხოვრები რომელიმე მესაკუთრე(ები) არ დაეთანხმება მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ პირობებს, ხოლო ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მოცემული პროგრამის განხორციელება. შესაბამისად, იმისათვის, რომ განხორციელდეს ავარიული სახლების დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდეს ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის საფუძველი გახდეს სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის სამუშაოების წარმოება – განმარტავს მთავრობა. 

შესაბამისი ცვლილების ინიცირება კანონში მთავრობას სთხოვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა: „მოგვმართა კორესპონდენციით“, პროგრამის – „ბათუმის ავარიული სახლების გარეშე“ – შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნა, რომლებიც „საფრთხის შემცველ საცხოვრისს წარმოადგენს.“ ამ სახლებში ცხოვრობს დაახლოებით 3000 ოჯახი. მერია ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლებელია გაიზარდოს, ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს დაამტკიცა [#159 დადგენილება]. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავდებობას, საფინანსო ორგანიზაციებთან ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში სრული და სამართლიანი კომპენსაციისთვის დასაშვები იქნება ორი მიმართულება:

„პირველი, როცა მუნიციპალური ბიუჯეტიდან მოხდება ქონების საბაზრო ღირებულების ანაზღაურება [ავარიულ ბინაში არსებული საცხოვრისის მესაკუთრე გახდება მუნიციპალიტეტი] და მეორე მიმართულება საკუთრების ჩამორთმევიდან გამომდინარე განხორციელდება იმავე მოცულობის [არანაკლებ ქონების საბაზრო ღირებულებისა] ბინის სხვაგან გადაცემა [ამ შემთხვევაშიც ავარიულ სახლში არსებული ბინის მესაკუთრე ხდება მუნიციპალიტეტი]. კომპენსაციის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ცალკეულ შემთხვევაზე, ავარიულ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეებთან გამართულ მოლაპარაკებებზე, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებსა და სასამართლო გადაწყვეტილებაზე ექსპროპრიაციის უფლების
მინიჭებასთან დაკავშირებით“.

მერიის განმარტებით, საკუთრების უფლების ჩამორთმევას დაექვემდებარება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ის ფართობები, რომელთა მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა წინასწარი კომპენსაციის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი არის მწვავედ ავარიული და შესაბამისი დასკვნის მიხედვით საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„ექსპროპრიაციის უფლების გამოყენება მოხდება არა იმ შემთხვევაში, როცა შეთანხმება ვერ მიიღწევა სამშენებლო კომპანიასა და მესაკუთრეებს შორის, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შეთანხმება ვერ მიიღწევა მერსა და მესაკუთრეს შორის.“

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ექსპროპრიაციის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი:

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი მოიპოვებს ექსპროპრიაციის უფლებას და წინასწარი, სრული და
სამართლიანი კომპენსაციით გახდება ავარიულ სახლში მდებარე ბინის მესაკუთრე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს მთლიანად ამ მრავალბინიანი სახლის სამშენებლო კომპანიებისთვის შეთავაზება, რათა ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდეს ავარიულ სახლში მცხოვრები ბინების მესაკუთრეების დასაკმაყოფილებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: