ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-10 სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

23.06.2022
ბათუმის მე-10 სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დამატებით, ახალ შენობას ააშენებენ. ახალი შენობის პროექტისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მოსამზადებლად კი, აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა.

მე-10 საჯარო სკოლის დამატებითი შენობა 3-სართულიანი უნდა იყოს. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობით – არანაკლებ 600 [25 მოსწავლე ერთ კლასში].

შენობა უნდა მოიცავდეს ასევე შემდეგ სივრცეებს [შესაძლებელია ცვლილებები შესაბამისი დასაბუთებით]: არანაკლებ 24 საკლასო ოთახი [ერთი საკლასო ოთახის ფართობი 45 – 50 კვ.მ-ის ფარგლებში]; დამლაგებლის ფართობი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი; სანიტარული კვანძები მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციისა და შშმ პირებისათვის; ფოიე [გარდერობით], დერეფანი, სარეკრეაციო ზონები.

შენობაში უნდა დამონტაჟდეს ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობით. მოეწყოს სპორტული და სააქტო დარბაზები [სასურველია]; დამატებით პირობებში კი, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ღია სპორტული მოედნის [ტრიბუნებით] მოწყობაც შედის.

ახალი სასწავლო კორპუსი ბათუმში მე-10 სკოლის იმ შენობის უკან არსებულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის 66 ნომერში დგას. სკოლის არსებული შენობის უკან მდებარე ტერიტორია კი, ჯამში, დაახლოებით, 3 500 კვადრატული მეტრია.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა და ტერიტორია [წითელ ფერში], სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს / ჯავახიშვილის ქუჩაზე

კონკურსში წინადადებების მიღება 13 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულმა კი ახალი შენობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 4 თვეში უნდა მოამზადოს. ამის შემდეგ სამინისტრო მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

მე-10 საჯარო სკოლაში ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სწავლობენ, ვინაიდან მე-16 სკოლის შენობა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო.

მე-16 სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად 15 969 157 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული. პირობის მიხედვით მე-16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა 2025 წელში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: