ნეტგაზეთი • RU

დაპყრობილი მიწის ყოველი მეტრი მორწყულია მტრის სისხლით – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებს. როგორც ვალერი ზალუჟნი ტელეგრამ არხზე წერს, სიტუაციას, სირთულის მიუხედავად, უკრაინის არმია აკონტროლებს.

„თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. ძალიან რთულია, რადგან საცეცხლე უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარესაა. ყველაფრის მიუხედავად, ვდგავართ. სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი,“ – წერს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მანევრულ თავდაცვაზე არიან გადასულები და უფრო მეტად მოხერხებულ პოზიციებს იკავებენ.

„მაგრამ მტრის მიერ დაპყრობილი ყოველი მეტრი მათი სისხლითაა მორწყული“, – დასძენს ზალუჟნი.

უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილი ახლა დონბასია, დონეცკის ოლქი, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება სევეროდენცკში. რუსეთი ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, თუმცა უკრაინელთა წინააღმდეგობა არ წყდება.

უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო უწყებების ინფორმაციით, რუსეთმა თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონში გადაისროლა.

სევეროდენცკისთვის ბრძოლის პარალელურად, რუსეთის არმია ცდილობს, მოიგერიოს უკრაინელთა თავდასხმები ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.

დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან გადმოცემული HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები უკვე უკრაინაშია.

გუშინ, ასევე თავდაცვის მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ უკვე ბრძოლის ველზეა გერმანული Panzerhaubitze200-ები – თვითმავალი ჰაუბიცები. უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან დაპირებულ M109 da M270 ტიპის საარტილერიო დანადგარებსაც ელოდება.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი/ფოტო: president.gov.ua

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.