მთავარი,სიახლეები,სპორტი

17 წლის ევროპის ჩემპიონი ადიგენიდან – „ჭიდაობა ჩემი ცხოვრების ნაწილია“

22.06.2022 • 2053
17 წლის ევროპის ჩემპიონი ადიგენიდან – „ჭიდაობა ჩემი ცხოვრების ნაწილია“

17 წლის ანრი ხოზრევანიძე ადიგენის სოფელ ზანავიდან ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

ანრიმ 51 კილოგრამ  წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 ივნისს იასპარეზა.

ანრი ახლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ჩემპიონატზე, რომელიც 17 ივლისს გაიმართება.

„მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მინდა და დიდი მოტივაციით ვემზადები. საკუთარ თავს ამ სპორტში ვხედავ მომავალშიც. ბოლომდე მინდა ამ სახეობას მივყვე,“ – გვითხრა ანრიმ.

ანრი გვიყვება, რომ 2019 წელს საქართველოს ნაკრებში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზეც მაშინ იასპარეზა პირველად, თუმცა დამარცხდა. ამის შემდეგ იგი უფრო მეტი მონდომებით ემზადებოდა და გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო.

2021 წელს ანრი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორიც გახდა.

„ჭიდაობას ძალიან დიდ დროს ვუთმობ, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. ძალიან მობილიზებული ვიყავი და უკვე საკმარისი გამოცდილებაც მქონდა დაგროვებული. ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდი. ასეც მოხდა“, – ამბობს ანრი.

ანრის გამარჯვებამ ადიგენში ყველა გაახარა და ჩემპიონატიდან სოფელში დაბრუნებულს დახვედრაც მოუწყვეს.

ანრი გვეუბნება, რომ ჭიდაობა 6 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ არასდროს შეუწყვეტია ვარჯიში.

მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მწვრთნელი, მინდია შაინიძეა, რომელიც უკვე 11 წელია ავარჯიშებს.

როცა ანრი მე-8 კლასში გადადიოდა ზანავიდან მწვრთნელთან ერთად ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესად ევარჯიშა, ვიდრე ამას სოფელში ახერხებდა.

ანრი ბათუმში მწვრთნელის, მინდია შაინიძის სახლში ცხოვრობს.

ანრი ხოზრევანიძე მწვრთნელთან, მინდია შაინიძესთან ერთად.

„ბათუმში ვარჯიში ძალიან დამეხმარა წინსვლაში. ჩემს სოფელში ძირითადად ყველა პირობა იყო სავარჯიშოდ, მაგრამ სხვები არ ვარჯიშობდნენ, არავინ იყო, ვისაც ვეჭიდავებოდი, ამიტომ, მომიწია ბათუმში გადმოსვლა. აქ მწვრთნელის ოჯახში ვცხოვრობ“.

ანრის დღე დილით ადრე იწყება და რახან სკოლაში არდადეგები უკვე დაიწყო, დღეში ორჯერ ვარჯიშობს მცირე შესვენებით. მხოლოდ კვირა დღეს ისვენებს.

მისი თქმით, ოჯახის წევრები უკვე შეეჩვივნენ მის გრაფიკს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს მათ სანახავად ხშირად ჩავიდეს სოფელში.

ანრი იმ სირთულეებზე გვიყვება, რომელიც მოჭიდავეს ახლავს თან:

„ამ სპორტის ყველაზე დიდი სირთულეა, რომ ბავშვობა გეკარგება. გასართობი და სათამაშო დრო აღარ გრჩება. დრო არ გაქვს წახვიდე დაბადების დღეზე, ქორწილებში და სხვა გასართობ ადგილებში.

თითქმის მთელ დროს ვარჯიშში და მოჭიდავეების შეკრებებზე ვატარებ.

ძალიან მიყვარს ზღვა, ამიტომ თუ თავისუფალი დრო მაქვს, ზღვისპირას ვსეირნობ ხოლმე“.

ანრის თქმით, მას წონის კონტროლიც უწევს, არ ჭამს პურს და ტკბილეულს. მისთვის მნიშვნელოვანია სითხის მიღება და ცდილობს, დღის განმავლობაში 3 ლიტრი მაინც მიიღოს.

ანრი ხოზრევანიზე

ანრი ამბობს, რომ მოჭიდავის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური განწყობაც, ამიტომ საკუთარი თავის მობილიზებასაც უთმობს დროს. ამ ზაფხულს ის ბათუმში, ვარჯიშში გაატარებს.

ახალგაზრდა მოჭიდავე საყვარელ სპორტსმენად რამაზ ზოიძეს ასახელებს.

ანრი მალე იქნება აბიტურიენტი და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავს, თუმცა პროფესია ჯერ შერჩეული არ აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: