მთავარი,სიახლეები

უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა

22.06.2022 • 8235
უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა

წყარო: Hromadske.ua

„ბოლომდე იცავდა ქალაქს. გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა უკვე მის გარეშე,“ – ცრემლებს ძლივს იკავებს პატრულის თანამშრომელი ევგენია სალნიკოვა, დანილო საფონოვის კოლეგა. ჩუმდება და სადღაც სივრცეში იყურება. ევგენია დანილოსთან ერთად სწავლობდა და მსახურობდა. ამბობს, რომ ის ძალიან გულღია, სამართლიანი და ნათელი ადამიანი იყო.

ეკლესიის ეზოში, სადაც მარიუპოლის დამცველის ცხედარს ელოდებიან, დანილოს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად პატრულის ასობით თანამშრომელი იკრიბება. ლურჯ საპატრულო ფორმაზე ამოქარგული ნიშნებით გაარჩევთ: სამართალდამცველები მარიუპოლიდან, ზაპოროჟიედან, დნეპრიდან, ვინიციდან, ხმელნიცკიდან, ტერნოპოლიდან, ლვოვიდან და კიევიდან.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

ქუჩაში გამვლელებიც ჩერდებიან. როდესაც სამგლოვიარო პროცესია ეკლესიის ეზოს უახლოვდება, ყველა მუხლებზე იჩოქებს.

არ სჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ უნდა დაეცვა ქალაქი

დანილო საფონოვი 1993 წლის 23 ოქტომბერს დონეცკში დაიბადა. 2014 წელს, როდესაც ქალაქი დაიპყრეს, ბებიასთან გადავიდა მარიუპოლში. 44-ე ცალკეულ საარტილერიო ბრიგადას შეუერთდა და სამი წელი უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. მარიუპოლში დანილო დაქორწინდა და ვაჟი, ვლადისლავი შეეძინა.

2019 წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გახდა. ევგენია სალნიკოვა იხსენებს, რომ დანილოს ბრძოლაში მიღებული ჭრილობა აწუხებდა – ფეხის ნეკროზი, – „ამიტომ კაბინეტური სამუშაო შევთავაზე, თუმცა იუარა: როგორ, კაცი ვარ, კაბინეტში დავჯდე? მე გარეთ მინდა, მინდა ადამიანებს დავეხმარო. იოლ გზებს არ ეძებდა“.

მარიუპოლი დანილოსთვის მეორე მშობლიური ქალაქი იყო. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მან ცოლ-შვილი ტერებოვლიაში გაგზავნა, ტერნოპოლის ოლქში, სადაც დონეცკის ოკუპაციის შემდეგ მისი და ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ 16 მარტს, დანილოს ბევრმა კოლეგა პატრულმა დატოვა ქალაქი, ის მარიუპოლში დარჩა.

„ეგრევე „აზოვსტალში“ წავიდა. იცოდა, სადაც მიდიოდა. ჩვენგან ბევრმა დატოვა ქალაქი ეგრევე – მან არა. ბოლომდე იმსახურა,“ – ამბობს მისი კოლეგა ლინა პრიხოდკო.

დანილო საფონოვი “აზოვსტალში”/ფოტო: ტვიტერი

„აზოვსტალში“ მყოფ დანილოს „ჰრომადსკე“ 18 აპრილს ელაპარაკა. მაშინაც ვკითხეთ, რატომ არ წავიდა ქალაქიდან. გვიპასუხა: „ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. ერთხელ მე უკვე დავტოვე ჩემი სახლი, მეორედ აღარ ვაპირებ. ასე რომ, ვიბრძოლებთ ბოლომდე! ქალაქიდან გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ როგორ შევხედო თვალებში ჩემს თანამებრძოლებს?“.

დანილო პოპულარული იყო ტვიტერში. მის გვერდს რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა. „აზოვსტალსა“ და ქალაქში მომხდარ მოვლენებს აღწერდა. დებდა ფოტოებს. ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში ხუმრობდა, რომ ორდღიანი შიმშილის შემდეგ, როგორც იქნა, მსუყედ ისადილა – შინაური ცხოველების მშრალი საკვებისგან მომზადებული ფაფით.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

„ის იმ პოლიციელთა შორის იყო, რომლებსაც მტრის თავდასხმისას, სამშობიარო სახლებიდან ახალშობილები გამოჰყავდათ. ის იყო ადამიანი, რომელსაც მიჰქონდა საწვავი და მედიკამენტები იზოლირებულ საავადმყოფოებში, სადაც დაშავებულები იწვნენ,“ – ამბობს ალექსანდრ ჩერნოვი, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

ბოლო ამოსუნთქვამდე ფიცის ერთგული დარჩა

2 მაისს ცნობილი გახდა, რომ დანილო საფონოვი, საბრძოლო დავალების შესრულებისას, „აზოვსტალში“ დაიღუპა. ოკუპირებული მარიუპოლიდან მისი ცხედრის გამოტანა მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა.

„ძალიან რთულია, როცა კრძალავ თანამშრომლებს, რომლებიც შვილებივით არიან. მაინც ბედნიერი ვარ, რომ უკრაინის მიწაზე დავკრძალეთ. ის ბოლო ამოსუნთქვამდე თავისი ფიცის ერთგული დარჩა,“ – გვეუბნება ალექსანდრ ჩერნოვი.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

„თითოეული მებრძოლის ცხოვრების გზა ვარკვლავის გამონათებას ჰგავს,“ – ამბობს მღვდელი და იმ ადამიანების გრძელ სიას კითხულობს, ვისაც მიცვალებული ემშვიდობება – მათ შორის არიან უმამოდ დარჩენილი ვლადისლავი, დანილოს მეუღლე და მისი და.

* * *

„გადაეცით ყველას, რომ მარიუპოლის ციხესიმაგრე დგას და რომ მარიუპოლი უკრაინაა,“ – 19 აპრილს დანილო საფონოვმა „ჰრომადსკეს“ სთხოვა, მისი ეს სიტყვები მკითხველამდე მიეტანა.

დაე, როდისმე, უკრაინულ მარიუპოლში იყოს ქუჩა, რომელსაც დანილო საფონოვის სახელი ერქმევა.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: