მთავარი,სიახლეები

გაცვლა თუ ტრიბუნალი – რა ელით „აზოვსტალის“ დამცველებს

14.06.2022 • 3736
გაცვლა თუ ტრიბუნალი – რა ელით „აზოვსტალის“ დამცველებს

წყარო: Hromadske.ua

„აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები და საზღვაო ქვეითები 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამჟამად ტყვეობაში დაახლოებით 2500 უკრაინელი სამხედროა.

ევაკუაციის პირველ დღეებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიდნენ. რუსული მხარე თავიდანვე მიანიშნებდა, რომ გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელები კი უკრაინელი სამხედროებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობასა და მათ სიკვდილით დასჯაზე ლაპარაკობდნენ.

Hromadske მოგითხრობთ, თუ რა არის ცნობილი „აზოვსტალის“ მებრძოლების 25-დღიან ტყვეობაზე და სად არიან ისინი ახლა.

„ძმასთან კავშირი საერთოდ არ გვაქვს“

გატანჯული, თუმცა ღიმილიანი სახით. ხელზე მეტალის კონსტრუქციით. ასეთია საზღვაო ქვეითის, მიხაილის 10 მაისს გამოქვეყნებული ფოტო, რომლის ავტორიც „აზოველი“ დმიტრო კოზაცკია. სწორედ ამ ფოტოდან შეიტყო ალიონამ, რომ მისი ძმა ცოცხალი იყო. ცოტა მოგვიანებით, მაისის დასასრულს, მან ნახა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ მიხაილი „აზოვსტალიდან“.

საზღვაო ქვეითი მიხაილი „აზოვსტალიდან“/ფოტო: დმიტრო კოზაცკი

„იმ მოკლე ვიდეოში ის მაინც დავინახეთ, რომ საკუთარი ფეხით მიდიოდნენ. ხელზე მეტალის აპარატი ჰქონდა. ის მძიმედ დაჭრილ ტყვედ მიიჩნევა. აი, სულ ესაა მთელი ინფორმაცია, რაც ძმაზე ვიცი. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, მხოლოდ „ვოლინას“ დას ველაპარაკები ხოლმე. მანაც ჩემსავით არაფერი იცის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე უნდა იყოს,“ – ამბობს ალიონა.

მსგავსი პრობლემა აქვს „აზოვსტალის“ დამცველების ახლობელთა უმრავლესობას. მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს ოჯახის წევრის ხმის გაგონება. ევგენი სუხარნიკოვს, „აზოვის“ მებრძოლის მამას, დიდი ხანია, შვილზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღია – მან რუსების გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოებშიც კი ვერ მოახერხა, თვალი მოეკრა შვილისთვის.

„წითელი ჯვრის წარმომადგენელმა დაურეკა ჩემს რძალს, თუმცა ფაქტობრივად, არაფერი უთქვამთ. მხოლოდ ის, რომ საკონტაქტო ინფორმაციას ამოწმებდნენ. სულ ეს იყო. მედიიდანაც მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენების გათავისუფლების საკითხებზე უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს,“ – გვეუბნება ევგენი.

ანასტასია, კიდევ ერთი „აზოველი“ ოფიცრის საცოლეა. საქმროზე მანაც არაფერი იცის. ჯერ კიდევ ტყვეობამდე გაიგო, რომ ფეხში იყო დაჭრილი და პირველი ოპერაცია „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში ჩაუტარეს.

„ასეთი ტრავმითაც კი აგრძელებდა მუშაობას. ყავარჯნებით დადიოდა, ფეხს ვერ ადგამდა. კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო. ჰოსპიტალი დამომბეს, მედიკამენტები აღარ დარჩათ.“

“წამლები, ტანსაცმელი და კბილის ჯაგრისებიც კი არ ჰყოფნით“

„აზოვსტალიდან“ გამოსული დაჭრილები ნოვოაზოვსკის (დონეცკის დროებით ოკუპირებულ ქალაქში) კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი დროებით ოკუპირებულ ელენოვკაში – №120 კოლონიაში.

„აზოვის“ მებრძოლს, ალექსანდრ კალაშნიკს, მისი მეგობარი გოგო უკანასკნელად 18 მაისს ესაუბრა, იმ დღეს, როდესაც ალექსანდრი ქარხნიდან გაიყვანეს.

„როგორც ყოველთვის, მაშინაც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადა იყო. მას შემდეგ, მასზე არაფერი ვიცი. ზოგიერთ ნათესავს დაურეკეს ჩვენმა სამხედროებმა, ყველანი ამბობდნენ, რომ ელენოვკაში არიან. საკვები და წყალი არასაკმარისია. მინიმალური ჰიგიენაც კი არაა, რადგან საკანში ძალიან ბევრი ადამიანია. წამლები, ტანსაცმელი, კბილის ჯაგრისებიც კი არ ჰყოფნით,“ – ჰყვება თამარა პროცენკო.

მარიუპოლის დამცველთა ოჯახის წევრები ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ წითელ ჯვარსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათ კოლონიაში წამლების, ტანსაცმლისა და ჰიგიენის ნივთების შეტანა შეძლონ.

„აზოვსტალის“ მებრძოლების მდგომარეობაზე, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ისაუბრა „აზოვის“ მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლმა, ეკატერინა პროკოპენკომ: „ჯერჯერობით არ ვიცი, არის თუ არ იქ მესამე მხარე. ჩვენ არანაირი ანგარიში, ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება არ გვაქვს. რეალურად არ ვიცით, რა პირობებია. ჩვენ მხოლოდ ის ფოტოები და ვიდეოები გვაქვს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ. ამ ვიდეოებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ მხოლოდ რუსული მხარეა. არადა, ჩვენ გვჭირდება მესამე, დამოუკიდებელი მხარე, რომელიც რეალურ სურათს გვიჩვენებს.“

„მორიგეობით სძინავთ“

ტატიანა კატრიჩენკო, უფლებადამცველი ორგანიზაციის კოორდინატორია. გვიყვება, რომ იმ ადამიანები მონათხრობით, ვინც ელენოვკაში ყოფილა, იზოლატორი გადავსებულია.

„ჩვენი ინფორმაციით, კოლონია ელენოვკაში ჯერ კიდევ შარშან გამოათავისუფლეს. იქიდან ყველა სხვა კოლონიებში გადაიყვანეს. ეს იზოლატორი დაახლოებით ათას ადგილზეა გათვლილი, თუმცა თუ იმ სამხედროებისა და მოქალაქეების მონათხრობს დავეყრდნობით, რომლებიც „აზოვსტალის“ ევაკუაციამდე დააკავეს, ორკაციან საკნებში 12-17 ადამიანი ჰყავთ. იძულებულები არიან, მორიგეობით დაიძინონ. დაჯდომა შეუძლებელია“.

შეუძლებელია იმის თქმა, „აზოვსტალიდან“ გაყვანილი ყველა სამხედრო ელენოვკაშია თუ არა. რუსული მედია წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების ნაწილი ტაგანროკში და დონის როსტოვში გადაიყვანეს.

დაჭრილი მებრძოლი, აზოვსტალი/ფოტო: დმიტრო კოზაცკი

„საზღვაო ქვეითები, რომლებიც აპრილიდან ტყვეობაში არიან, თავიდან ელენოვკის იზოლატორში ჰყავდათ, თუმცა შემდეგ ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ნაწილი კი – ყირიმში.

„აზოვსტალის“ ზოგიერთი სამხედრო შეიძლება ელენოვკაში იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე ან ყირიმში გადაიყვანეს, რადგან რუსებს ეს ადრეც გაუკეთებიათ. ჩვენი სამხედროები ბრუნდებოდნენ ტყვეობიდან რუსეთის ტერიტორიებიდან: ბელგოროდიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, როსტოვიდან.

იმ ჩვენებების თანახმად, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ კოლონიებში გაუსაძლისი პირობებია: ობი, სინესტე, უშუქობა, სიცივე და ბაღლინჯოები საკნებში.

ჩვენ ასევე ველაპარაკეთ მოქალაქეს, რომელიც ჯერ დონეცკის იზოლატორში იყო, შემდეგ კი ელენოვკაში. მან გვითხრა, რომ იქ სამხედროებს გაცილებით ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე მოქალაქეებს. მათ ელექტროშოკებით აწამებდნენ.

ტყვეობიდან გათავისუფლებული არაერთი სამხედრო ჰყვება, რომ მასზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ, თუმცა გაუსაძლის პირობებში და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ,“ – გვიხსნის ტატიანა კატრიჩენკო.

„დონეცკში სიკვდილით დასჯა აქვთ“

საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ გამოსულ და რუსეთის მძევლად მყოფ მებრძოლებს სამხედრო ტყვის სტატუსი აქვთ.

„თუ ერთი მხარის შეიარაღებული ძალები მეორე მხარის კონტროლქვეშ იმყოფებიან, ჟენევის კონვენციით, ისინი სამხედრო ტყვეები არიან“, – გვიხსნის ანდრეი იაკოვლევი, ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის ადვოკატი.

ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა ჰყავდეთ ისეთივე პირობებში, როგორც რუსი ტყვეები უკრაინაში. რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკები ქვეყანაში მარტიდან გაჩნდა. ერთი რუსი ტყვის შენახვაზე სახელმწიფო თვეში 3 ათას გრივნამდე ხარჯავს. იმ სამხედროებისთვის, რომელთა გაცვლაც უახლოეს მომავალში არ იგეგმება, საგანგებო ბანაკი უკრაინის დასავლეთ ნაწილში მოეწყო.

უკრაინელი სამხედრო ტყვეების დონეცკის ტერიტორიაზე ყოფნა, შესაძლოა, მათთვის საშიში იყოს – აღნიშნავს ევგენი კრაპივინი, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმების ცენტრის ექსპერტი.

„საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ სამხედრო ტყვეები მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონას და საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეთ. დონეცკის ტერიტორიაზე კი ახლა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ხოლო როდესაც უკრაინელთა კონტრშეტევა დაიწყება, ვითარება კიდევ უფრო გართულდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის კანონმდებლობით, დაშვებულია სიკვდილით დასჯა. გაბედავენ თუ არა ამ სასჯელის გამოყენებას – ამის პროგნოზი სრულიად შეუძლებელია“.

„უკანონოა ჩვენი სამხედროების გასამართლება იმისთვის, რომ თავს იცავდნენ“

25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი სასამართლოს გამართვას და „აზოვსტალი“ მცველი უკრაინელი სამხედროებისთვის განაჩენის გამოტანას გეგმავს.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხედრო ტყვის სტატუსი მასზე ნებისმიერ ძალადობას და შურისძიებას გამორიცხავს. თუ სამხედრო იბრძოდა, მაგრამ ომის დანაშაული არ ჩაუდენია – არ დაურღვევია ომის კანონები და წესები – მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამას ეწოდება კომბატანტის იმუნიტეტი, პრივილეგია. მათი დაკითხვა არ შეიძლება, შეიძლება მათი დაკავება მხოლოდ გაცვლამდე, ომის დასრულებამდე და შემდგომ რეპატრიაციამდე,“ – განმარტავს ევგენი კრაპივინი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს 9 ივნისს დონეცკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

თუ სამხედრო არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, ომის კანონებსა და წესებს – მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი სასამართლოსა და ომის დანაშაულებზე.

„შიშიმარინი გაასამართლეს არა იმიტომ, რომ ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ იმიტომ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – ეს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაა. ჩვენი სამხედროების გასამართლება იმის გამო, რომ ისინი თავს იცავდნენ – უკანონოა,“ – ამბობს ანდრეი იაკოვლევი.

თუმცა რუსებმა დიდი ხანია დაიწყეს „აზოველთა“ წინააღმდეგ „მტკიცებულებათა ბაზის“ მზადება. ისინი დაკითხვებს უწყობენ უკრაინელებს, რომლებიც გადიან ფილტრაციას ან ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. მათ ეკითხებიან, იცნობენ თუ არა „აზოველებს“, უნახავთ თუ არა როგორ „სჩადიოდნენ ისინი დანაშაულს“ მათ ქალაქში. ხშირად ზეწოლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები იძულებული იყვნენ, ხელი მოეწერათ სრულიად ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტებისთვის.

რა იქნება შემდეგ, არავინ იცის“

26 მაისს რუსეთის უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი აკრძალვის საქმე. განხილვა 29 ივნისისთვის გადაიდო.

„საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო ტყვეების სტატუსის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევენ, რომ ჩვენი სამხედროები – ნეონაცისტები არიან და მათ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ამ ისტორიის მაქსიმალური საჯაროობა სურს. ცდილობენ, „აზოველები“ ომის დამნაშავეებს გაუთანაბრონ და ამასთან ერთად, არ თქვან კონკრეტულად რა დანაშაულები ჩაიდინეს და რით მტკიცდება ეს,“ – ამბობს ევგენი კრაპივინი.

„როგორც კი „აზოვს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანენ, აღარ დასჭირდებათ იმის მტკიცება, თუ რა ჩაიდინა კონკრეტულმა მებრძოლმა. ისიც საკმარისი იქნება, რომ ის პოლკის წევრი იყო.“

როგორ განვითარდება მოვლენები და რას იზამს რუსეთი, ევგენი კრაპავინის აზრით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია:

„არავინ იცის, რა იქნება: იქნება დაკითხვები და შემდეგ გაცვლის პროცესი, დაკითხვები, სასამართლო და სასჯელის მოხდა, თუ იქნება საჩვენებელი ტრიბუნალი დონეცკში. ბევრი ვარიანტია.“

თარგმნა: თამარ რუხაძე

მთავარი ფოტო: დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი ნოვოაზოვსკის კლინიკაში, 18 მაისი, 2022/ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: