მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა – განვითარებული სოფლებისთვის ქედაში

22.06.2022
„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა – განვითარებული სოფლებისთვის ქედაში

ქედის მერია, სოფლის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის მექანიზმში ჩართვის მიზნით, თითქმის ორი წელია ახორციელებს სპეციალურ პროგრამას „მონაწილეობითი ბიუჯეტი“. პროგრამა ადგილობრივებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც სოფელსა და მოსახლეობას სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მერიას წერილობით წარუდგინოს იდეა. საპროექტო იდეის დაწერის უფლება კი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 14 წლის ასაკიდან.

14 წლის, მეცხრეკლასელი თეონა ზოიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეს სოფელი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით ორი, ხოლო მუნიციპალური ცენტრიდან ცხრა კილომეტრითაა დაშორებული. მას შემდეგ რაც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელება დაიწყო, თეონამ გადაწყვიტა, სოფლის განვითარების შესაბამისი იდეა დაეწერა და სოფელში, ამ პროგრამით გაწერილი ბიუჯეტით, ყველა ასაკის ადამიანს ესარგებლა. ამბობს, რომ სპეციალურმა პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, მას როგორც აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდას, ჩართულიყო ადგილობრივ თვითმმართველობაში და სოფლად არსებული ინფრასტრუქტურა სოფლის მოსახლეობის საკეთილდღეოდ შეეცვალა.

თეონა ზოიძე

თეონა ზოიძე

თეონა ზოიძე: „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამამ შესაძლებლობა მომცა გამეუმჯობესებინა სოფლის ვითარება, დამეწერა საპროექტო იდეა, რაც მოსახლეობის ყველა ფენაზე იქნებოდა მორგებული და ამავდროულად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობას უკეთეს პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. ჩემი პროექტი გასართობ-გამაჯანსაღებელი ადგილის (პარკის) მოწყობას ითვალისწინებს, სადაც  ტრენაჟორები და პატარებისთვის სასრიალო მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს. ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება განიტვირთოს, გაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.

ვერ ვიტყვი, სოფლად ცხოვრება რთულია, უბრალოდ გვჭირდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ჩვენს ყოფას შეამსუბუქებს, ამავდროულად განტვირთვისა თუ გართობის შესაძლებლობას მოგვცემს. ორი კილომეტრის გავლა არ მოგვიწევს იმისთვის, რომ ცენტრში დასასვენებლად ჩავიდეთ“

თეონა ახლა მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ სოფელში მცხოვრები ამომრჩეველთა უმრავლესობა მის იდეას დაუჭერს მხარს, პროექტს დააფინანსებენ და ქედის მერია გასართობ-გამაჯანსაღებელ ცენტრს მოაწყობს.

„თავდაპირველად, როდესაც იდეის დაწერა გადავწყვიტე, თანატოლებსა და მეზობლებს გავაცანი ჩემი გეგმა. როდესაც მათგან მოწონება წამოვიდა, უფრო მეტი სტიმული მომეცა გეგმას ბოლომდე გავყოლოდი და სოფლისთვის კარგი საქმე გამეკეთებინა, რის შესაძლებლობაც მქონდა. ინფორმაციას ყოველდღიურად ვავრცელებ, რაშიც თანატოლები მეხმარებიან. მჯერა, ერთობლივად გავიმარჯვებთ და თუ ჩვენი არჩევანი დაფინანსდება, ეს იქნება არა ჩემი, ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, აქტიურობას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს,“ – ამბობს თეონა.

მონაწილეობითი ბიუჯეტისპროგრამის განსახორციელებლად ქედის მერიამ წელს 1 500 000 ლარი გამოყო, აქედან 1 000 000 ლარი იდეების განხორციელებას მოხმარდება. ვიდრე კონკრეტული იდეა დაფინანსებას მოიპოვებს, მან რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი ეტაპი იდეების რეგისტრაციას, მეორეიდეების გადარჩევას, ხოლო ბოლო, დასკვნითი ეტაპი კენჭისყრას ითვალისწინებს, რამაც საბოლოოდ გამარჯვებული იდეა უნდა გამოავლინოს. შესაბამისად, მოსახლეობის აქტიურობასა და არჩევანზეა დამოკიდებული, რომელი პროექტი მიიღებს დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტით.

მერიის აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სამუშაო პროცესში სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღაა“ ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში კარდაკარ კამპანია განახორციელა, შემდეგ კი სოფლებიდან მოსახლეობის იდეები დაარეგისტრირა და ახლა კენჭისყრის სამზადისშია.

ილონა შავლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაგანვითარების ტალღისდირექტორი:

„ მოქალაქეებს იდეების პროექტად ქცევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ დაეხმარა. ადგილობრივებს ძირითადად სურდათ, გარე განათების ქსელის გაფართოება, სასოფლო თუ საუბნო გზებზე ბეტონის დაგება, გასართობი ატრაქციონებისა თუ სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა. მოსახლეობისგან  წამოვიდა მოთხოვნა სხვადასხვა ინვენტარის შეძენაზე სოფლის სახლებისთვის. განსაკუთრებით მოთხოვნადია მაგიდის ჩოგბურთის და ბილიარდის შეძენა. აქტუალურია ინტერნეტის პრობლემის მოგვარება სოფლად,  პარკებისა თუ სხვადასხვა დასასვენებელი სივრცის მოწყობა. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს პროექტი ქედაში მცხოვრებ მოსახლეობას უდიდეს შესაძლებლობას აძლევს“

„განვითარების ტალღის“ კონსულტანტები კარდაკარ კამპანიის დროს

„განვითარების ტალღის“ კონსულტანტები კარდაკარ კამპანიის დროს

იდეების არჩევნები იმ უბნებზე გაიმართება, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის არჩევნებს ატარებს. არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება კი აღნიშნულ უბნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.

იდეების არჩევნები 24, 25 და 26 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე,  31 უბანზე ჩატარდება და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 64 სოფელში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს. კენჭისყრაში მოსახლეობის აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან იდეების არჩევნებში მონაწილეობა, პროგრამულად გაწერილი მოთხოვნებით, კონკრეტულ სოფელში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20 % – მა უნდა დააფიქსიროს.

სოფელი ზედა მახუნცეთი

სოფელი ზედა მახუნცეთი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: