მთავარი,სიახლეები

თურქეთი უკრაინული მარცვლეულის უკანონო გაყიდვის წინააღმდეგია – ჩავუშოღლუ

23.06.2022 • 1192
თურქეთი უკრაინული მარცვლეულის უკანონო გაყიდვის წინააღმდეგია – ჩავუშოღლუ

„თურქეთი ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის ან სხვა პროდუქტების უკანონო გაყიდვას ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მიერ. თურქეთი ასეთ საქონელს არ მიიღებს“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრუსთან შეხვედრის დროს.

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას, რაც ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით.

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ამ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შეიქმნება მონიტორინგის ცენტრი, ასევე „უსაფრთხოების ზონა“ პირდაპირ უკრაინის წყლების გარეთ“, – განაცხადა მან.

მარცვლეულის კრიზისი უკავშირდება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მიმდინარე ომს, რის გამოც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიმდინარე ბრძოლები.

კრიზისის ფონზე უკრაინა რუსეთს მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს. უკრაინის უმაღლესი რადას 16 მაისის ინფორმაციით, რუსეთმა უკვე ძარცვით გაიტანა უკრაინიდან 100 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 500 ათასი ტონა მარცვლეული.

ამავე განცხადების მიხედვით უკანონოდ იქნა ექსპორტირებული ათიათასობით ტონა მზესუმზირის ზეთი, უკრაინელ ფერმერებს კი ოკუპანტებმა მიტაცებულ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოჰპარეს ან გაუნადგურეს.

მაისში „ასოშიეიტედ პრესმა“ გაავრცელა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემი, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიის პორტში შევიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: