მთავარი,სიახლეები

უკრაინელი ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს – RSF-ის გამოძიება

22.06.2022 • 1213
უკრაინელი ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს – RSF-ის გამოძიება

უკრაინელი ფოტოგრაფი მაკს ლევინი და მისი მეგობარი, ოლექსი ჩერნიშოვი, რომელიც ასევე მისი დაცვა იყო, 13 მარტს კიევთან ახლოს მდებარე ტყეში რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს, შესაძლოა მას შემდეგ, რაც დაკითხეს და აწამეს კიდევაც – ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [RSF] აქვეყნებს.

მაკს ლევინის და მისი დაცვის ცხედრები პირველ აპრილს კიევის ოლქის სოფელ მოშჩუნთან მდებარე ტყეში იპოვეს. ისინი მანამდე გაუჩინარებულად მიიჩნეოდნენ.

„ადრე იგი ძალიან სწრაფად ატარებდა ავტომობილს ორმოებიან გზაზე – ფრონტის გასწვრივ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს. იგი ჩქარობდა სიმართლის, ომის პირველი მსხვერპლის საპოვნელად“, – პატრიკ შაველი, ფრანგი ომის ფოტორეპორტიორი და გამოძიების თანაავტორი

RSF-ის გამოძიების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 მაისიდან 3 ივნისამდე იმყოფებოდნენ უკრაინაში ლევინის სიკვდილის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად. გამოძიებაზე მუშაობდნენ RSF-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი, არნო ფროჟერი და პატრიკ შაველი, ფრანგი ფოტორეპორტიორი, რომელიც თებერვლის ბოლოს ლევინთან ერთად მუშაობდა დონბასში.

გამომძიებელმა რეპორტიორებმა დაასკვნეს, რომ ლევინი და ჩერნიშოვი ცივსისხლიანად დახვრიტეს. როგორც RSF-ი იუწყება, რუსი სამხედროების წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება შეგროვდა.

დღესვე გამოქვეყნდა მტკიცებულებების შესახებ დეტალური ანგარიში სახელწოდებით „როგორ დახვრიტეს რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი მაკს ლევინი“.

ტყვია ნაპოვნი იქნა მიწაში იმ ადგილზე, სადაც მანამდე მაკს ლევინის ცხედარი იყო. ტყვია და გარსაცმები აღმოაჩინეს 2022 წლის 30 მაისს RSF-ის მიერ დაწყებული ჩხრეკის დროს ჰუტა-მეჟიჰირსკას მახლობლად მდებარე ტყეში, კიევის ჩრდილოეთით, უკრაინაში. ფოტო: პატრიკ შაუველი / RSF

RSF-ის ცნობით, ფროჟერისა და შაველის მიერ შეგროვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა მომხდარის რეკონსტრუირება.

10 მარტს, როდესაც ლევინი ცდილობდა გადაეღო რუსი სამხედროების შეჭრის ამსახველი კადრები, მან მოშჩუნთან ახლოს მდებარე ტყეში დაკარგა დრონი. სამი დღის შემდეგ, როდესაც ლევინი ამ ტყეში დაბრუნდა, რუსებს ტყის ნაწილი უკვე ოკუპირებული ჰქონდათ. მიმდებარე ტერიტორია სახიფათო იყო, თუმცა ლევინმა გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაებრუნებინა დრონი, რადგან მიიჩნევდა, რომ ბოლოს გადაღებული ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ეს ვერ შეძლო.

„მიუხედავად რისკებისა, მაკსი წავიდა ამ ტყეში, რათა ეცადა დაებრუნებინა თავისი დრონი, დაებრუნებინა მტკიცებულება სურათების სახით. რუსი ჯარისკაცების მიერ მისი დახვრეტა იყო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მაკს, ეს სიმართლე არ დაიმალება და RSF-ის გამოძიება დადგება თქვენი ღირებულებების სამსახურში. მე გპირდები ამას“, – პატრიკ შაველი, ფრანგი ომის ფოტორეპორტიორი და გამოძიების თანაავტორი

24 მაისს, როდესაც RSF-ი უკრაინაში გამოძიების დასაწყებად ჩავიდა, რუსებს უკვე რამდენიმე კვირის დატოვებული ჰქონდათ რეგიონი. თუმცა არეალი ჯერ კიდევ სახიფათო იყო. რუსებმა დატოვეს ხაფანგები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

უსაფრთხოების ძალების თანხლებით, RSF-მა მოახერხა დანაშაულის ადგილის დადგენა. ლევინის დანახშირებული „ფორ მავერიკი“ ჯერ კიდევ იქ იდგა. RSF-მა დანაშაულის ადგილზე იპოვა რამდენიმე ტყვია და ლევინთან ერთად მყოფი ჯარისკაცის, ჩერნიშოვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ისევე როგორც 14 ნატყვიარი ავტომანქანაზე. ასევე, აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ნივთი შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც ადასტურებს რუსი ჯარისკაცების ძალიან ახლოს ყოფნას ლევინისა და ჩერნიშოვის მკვლელობის ადგილთან. ზოგიერთი ნივთი წამოღებულია RSF-ის მიერ.

ძიების ბოლო ფაზაზე მეტალის დეტექტორებმა იპოვეს ტყვია, რომელიც სავარაუდოდ ლევინს მოხვდა.

RSF-ი ადგენს უკრაინელი ჟურნალისტის მაკს ლევინის მკვლელობის დანაშაულის ადგილს და დამწვარ ავტომანქანას. მაკს ლევინი მოკლეს 2022 წლის 13 მარტს კიევის ჩრდილოეთით ტყეში. ფოტო: 2022 წლის 28 მაისი. პატრიკ შაველი / RSF

RSF-ის ანგარიშის წინასწარ დასკვნებში აღწერილია ინფორმაცია, ფოტოები, ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობისას იქნა აღმოჩენილი. როგორც RSF-ი წერს, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, თუმცა შეგროვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემუშავდა ორი ჰიპოთეზა, რომლებიც გვთავაზობს ორ სცენარს, თუ როგორ შეიძლება მომხდარი ფაქტებისა და გარემოებების რეკონსტრუირება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. „ვიმედოვნებთ, რომ ისინი ერთ დღესაც მიგვიყვანს ამ ორმაგი მკვლელობის ჩამდენების იდენტიფიცირებამდე“, – ვკითხულობთ RSF-ის ანგარიშის პრესრელიზში.

„დანაშაულის ადგილის ფოტოების ანალიზი, ადგილზე ჩატარებული დაკვირვებები და მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები ნათლად მიუთითებს დახვრეტაზე, რასაც შესაძლოა წინ უძღოდა დაკითხვა ან წამებაც კი. მაკს ლევინმა და მისმა მეგობარმა სიცოცხლე გადაიხადეს სანდო ინფორმაციისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და საპოვნელად, ვინც ისინი დახვრიტა,“ – კრისტოფ დელოარი, RSF-ის გენერალური მდივანი.

რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული საკვების შეფუთვა და პლასტმასის დანა-ჩანგალი, რომლებიც RSF-მა იპოვა 2022 წლის 28 მაისს იმ ადგილის მახლობლად არსებულ თხილთან, სადაც 13 მარტს ჟურნალისტ მაკს ლევინის ავტომანქანამ გაიარა. ფოტო: პატრიკ შაველი / RSF

გადაბეჭდვის წესი


ასევე: