მთავარი,სიახლეები

საკანონმდებლო ცვლილება ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას კიდევ უფრო გააუარესებს – არასამთავრობოები

22.06.2022 • 1618
საკანონმდებლო ცვლილება ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას კიდევ უფრო გააუარესებს – არასამთავრობოები

მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს, ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს“ –  საზოგადოება „ბათომი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტენატივა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ სამშენებლო კოდექსსა და ექსპროპრიაციის წესში ცვლილების პროექტს ეხმიანებიან  და მოუწოდებენ პარლამენტს, შეაჩეროს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობით საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში  ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტში. მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ქალაქ ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს,  ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს.  

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობითა და საქართველოს მთავრობის ინიცირებით, სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 15 ივნისს დარეგისტრირდა. 20 ივნისს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო 22 ივნისს კანონპროექტი განიხილა წამყვანმა კომიტეტმა. კანონპროექტის მიღება 24 ივნისამდეა დაგეგმილი. 

პროცესის ამგვარმა დაჩქარებამ გამორიცხა საკითხის სიღრმისეული განხილვა და კანონპროექტიდან მომავალი რისკების ჯეროვანი დაზღვევა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების დაცვა კანონპროექტის პოტენციური უარყოფითი ზეგავლენისგან. დაჩქარებული წესით განხილვის პროცესში დათქმული არაგონივრულად მოკლე ვადები ართმევს შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას, კრიტიკული შენიშვნებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე და მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილების განხილვაში.  

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს ცვლილებას ორ კანონში. კერძოდ, შემოთავაზებული პროექტი, ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხსნის შეზღუდვას განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, გადაამეტოს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრულ მაჩვენებლებს და  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის, განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, დაამტკიცოს ან შეცვალოს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია.   

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მერს ეძლევა შესაძლებლობა კანონისგან განსხვავებულად, მისი შეხედულებისამებრ, მოაწესრიგოს შენობა – ნაგებობათა მაქსიმალურ სიმაღლესთან, ფუნქციურ ზონირებასა და მის რეგლამენტთან, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციებთან, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესებთან, ავტოსადგომების რაოდენობასა და ქალაქგეგმარების სხვა კომპონენტებთან დაკავშირებული საკითხები.  

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად,  აღნიშნული ცვლილებები ხორციელდება  ბათუმში უმწვავესი პრობლემის, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის უკეთ განსახორციელებლად. ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალსართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები.” 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ზემოაღნიშნული ცვლილებებით არ იფარგლება და ასევე მოიცავს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე(ებს) ვერ დაითანხმებენ  მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, მათი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის ერთ-ერთი საფუძველი მაინც გახდება.

ცხადია, რომ  კანონპროექტის ავტორთა შიში იმითაა განპირობებული, რომ კანონპროექტის ავტორები არც ცვლილების დეკლარირებულ ბენეფიციარებს უთანხმებს მათი განსახლების პირობებს და არც მათი რეალური საჭიროებების კვლევის შედეგებს აფუძნებს ამ პროგრამის განხორციელების გზებს, არამედ მოსალოდნელი წინააღმდეგობისგან თავის დაზღვევის მიზნით, განსახლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სათანადო წესით საკუთრების  ჩამორთმევისთვისაა მზად.   

უკიდურესად პრობლემური რეგულაციების პროექტი კიდევ უფრო მწვავედ ჩანს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ავარიული სახლების სრული რაოდენობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის ფონზე. ამ დროისთვის ქალაქში 118 ავარიული შენობაა იდენტიფიცირებული, რომლის რიცხვიც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაიზრდება და პირდაპირ გამოიწვევს, ერთი მხრივ, სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევების/უგულებელყოფის უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციის, თანხების მითვისების პირდაპირ რისკებს. ამასთან, აღნიშნული რეგულაციების ფონზე, მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისას იძულებითი ექსპროპრიაციის შესაძლებლობის გათვალისწინება მთავრობის ხელში საშიშ ბერკეტად გადაქცევის რეალურ რისკებსა და ადამიანებისთვის საცხოვრისის ბლანკეტური ჩამორთმევის საფუძველს ქმნის, მაშინ, როდესაც გამოსახლებული მაცხოვრებლების ბედი სრულიად ბუნდოვანია ახალი საცხოვრისების აშენებამდე. 

სამშენებლო კოეფიციენტების უკონტროლო ზრდა და ცვლილებები წლების განმავლობაში საქართველოს არაერთი ქალაქის ქაოტური განაშენიანების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სწორედ კოეფიციენტების გადამეტების უკონტროლო შესაძლებლობები გახდა მრავალი ექსპერტის, სამოქალაქო ჯგუფის პროტესტის საგანი. კოეფიციენტების ცვლილებების შედეგად, როგორც თბილისმა, ისე ბათუმმა დაკარგა არა ერთი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და საჯარო სივრცე, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქებში. სწორედ ამიტომ,  2019 წელს, თბილისის მერიამ საზეიმო ვითარებაში ამცნო მოსახლეობას სივრცით კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად კოეფიციენტების გადამეტების წესის შეზღუდვის შესახებ. ამ ცვლილების, როგორც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი რეფორმის, ხაზგასმა სისტემატურად ხდება როგორც თბილისის მერიის, ისე საქართველოს მთავრობის მხრიდან. 

შემოთავაზებული კანონპროექტი სრულიად ეწინააღმდეგება აღწერილი რეფორმის იდეას, სულისკვეთებას და დასაშვებს ხდის იმ უმძიმესი შედეგების კიდევ უფრო ღრმად განვითარებას ბათუმში, რის გამოც კოეფიციენტების გადამეტება შეიზღუდა თბილისში. სამშენებლო რეგულაციების კანონით დასაზღვრა მიზნად ისახავს, არ დაუშვას ქაოტური მშენებლობები, რათა ისინი არ გახდეს საჯარო სივრცეების, სარეკრეაციო ზონების განადგურების წყარო, სამშენებლო სივრცეების დაკავების მიზეზი და მძიმე ზეგავლენა არ იქონიოს ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებაზე.  

შემოთავაზებული კანონპროექტი განუზომელ შესაძლებლობას აძლევს ბათუმის მერს, სრულიად დაუსაბუთებლად, მისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც სხვა ქალაქებისთვის უკვე კანონმდებლობით არის განსაზღვრული. განმარტებითი ბარათი არც იმის აღიარებას ერიდება, რომ ეს ცვლილება პირდაპირ ბიზნესის ინტერესის მხარდასაჭერადაა შემოთავაზებული, ხოლო მისი დაჩქარებული წესით განხილვა, ამ ინტერესის განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებების  წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობაზე მიუთითებს.  

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნესის ინტერესის გამო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, მერის  დისკრეციის ფარგლების ამგვარი გაფართოება, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის სტანდარტების დავიწროებით, ქმნის რისკებსა და მოლოდინებს, რომ ბათუმის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ბიზნესის წრეებთან, ჩაკეტილ კარს მიღმა მოლაპარაკების შედეგიც შეიძლება გახდეს.   

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, წლების განმავლობაში, სისტემატურად ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, შეიმუშაოს საქართველოში საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგილებზე, უსახლკარობისა და არასათანადო საცხოვრისის პრობლემის მოგვარებისთვის მრავალდისციპლინარული დოკუმენტი იქნება. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ვალდებულება, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმითაც აიღო (2018-2020წწ). ვალდებულება წლიდან წლამდე არ სრულდება, სამაგიეროდ, უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის პრობლემის მოგვარების საბაბით, სპორადულად, კანონმდებლობაში ინიცირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, გარემოსა და ადამიანებისთვის უმწვავესი ზიანის რისკების შემცველი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა რეალური მიზანი, სამშენებლო ბიზნესისთვის მეტი მოგების მიღებაა. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: 

  • შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა; 
  • გახსნას სივრცე შემოთავაზებული ცვლილებების კრიტიკული განხილვისათვის; 
  • პროცესში ჩართოს, როგორც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაინტერესებული ბენეფიციარები, ისე, საექსპერტო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. 

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

საზოგადოება ბათომი 

მწვანე ალტერნატივა  

ღია საზოგადოების ფონდი  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: