18 წლის ნიკოლოზ ალაფიშვილი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მომზადების პარალელურად იგი ბარმენად მუშაობს ბათუმში, გამომუშავებული თანხით მეცადინეობის ხარჯებს ფარავს და თან ფულს აგროვებს სტუდენტური ცხოვრებისთვის.
ნიკოლოზს ვთხოვეთ ეამბო, როდის და რატომ გადაწყვიტა მუშაობა და როგორია, იყო აბიტურიენტი და პარალელურად მუშაობდე კიდეც.
„მუშაობა 15 წლისამ გადავწყვიტე. ჩემს ოჯახს ამ პერიოდში ფინანსურად უჭირდა და მინდოდა, რომ რაღაცით დავხმარებოდი, მცირე წვლილი მაინც შემეტანა. თან თუ სამსახურს დავიწყებდი, შევძლებდი ჯიბის ფული მქონოდა და დამეფარა ჩემი მეცადინეობის საფასური, შესაბამისად, ოჯახს ხარჯიც შეუმცირდებოდა.
ძალიან ბევრს დავდიოდი და ვეძებდი შესაფერის სამსახურს, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველას პასუხი ერთი იყო – „გამოცდილება არ გაქვს და ვერ აგიყვანთ“. მაგრამ თუ არ მასწავლე და პრაქტიკაზე მაინც არ ამიყვანე, როგორ მექნება გამოცდილება?!
მერე ისე მოხდა, რომ დედაჩემის მეგობარი მუშაობდა „პიაცაზე“ და მითხრა, რომ მომეკითხა იქაც, რადგან პერსონალი სჭირდებოდათ. აღმოჩნდა, რომ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. მენეჯერმა ამიყვანა პრაქტიკანტად და ერთი კვირის შემდეგ ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. თავიდან მიმტანი ვიყავი. თვეში თუ ვმუშაობდი 25 დღე, დარჩენილი 5 დასვენების დღე ბარში ვიდექი და ვსწავლობდი ყველაფერს. შემდეგ ნელ-ნელა რაღაცების კეთება ვისწავლე და უკვე ერთი წელია ბარმენად ვმუშაობ.
მშობლებს ძალიან დადებითი რეაქცია ჰქონდათ, მამხნევებდნენ და მხარში მედგნენ. ერთადერთი, მამაჩემი რასაც მეუბნებოდა, ის იყო, რომ კარგი იყო სამსახურს თუ დავიწყებდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მესწავლა. თან მესაუბრებოდა სამუშაო გამოცდილებაზე, რომ გავიცნობდი ახალ ადამიანებს, გავიჩენდი ახალ მეგობრებს და ვისწავლიდი ურთიერთობებს.
ვმუშაობ ყოველ დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე და შემდეგ მეცადინეობებზე მივდივარ, შაბათ-კვირას კი – შუადღის 2 საათიდან ღამის პირველ საათამდე. ჩემი მოვალეობაა მისვლისთანავე ბარის დალაგება, აღწერა, რომელი სასმელიც მაკლია, იმის საწყობიდან გამოტანა და შევსება, მომსახურება, თუ მენეჯერი არ არის თანხის მიწოდება სტუმრისთვის და ანგარიშის აღება.
ანაზღაურებას რაც შეეხება, ბარის მთლიანი ნავაჭრის 4%-ია გათვალისწინებული. სულ 4 ბარმენი ვართ და ყველას თითო პროცენტი გამოგვდის გადანაწილებით.
მუშაობის პარალელურად ვმეცადინეობ და ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. თავიდან დროის სწორი გადანაწილება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე. სამსახურს რომ ვასრულებ, პირდაპირ მასწავლებლებთან მივდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, 1 საათი ვისვენებ და შემდეგ ვიწყებ მეცადინეობას და დაახლოებით ღამის პირველ ან 2 საათზე ვამთავრებ მეცადინეობას. ასეა ყოველ დღეს.
გრაფიკი საკმაოდ დატვირთული მაქვს. მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ სახლიდან გასვლისას ყველას ეძინა და ისეთ დროს დავბრუნებულვარ, რომ ისევ დაძინებული დამხვედრია ყველა.
თავიდან სწავლა და მუშაობა ერთად ძალიან გამიჭირდა. ვიღლებოდი. იმაზეც ვფიქრობდი, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან, მაგრამ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მყავს ძალიან კარგი თანამშრომლები და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ და მამხნევებდნენ. მუშაობის მერე სახლში გათიშული მივდიოდი. ეს ემოციური ჩავარდნაც, მუშაობისთვის თავის დანებებასთან დაკავშირებით, მაგ პერიოდში მქონდა. ყოველ დღე ერთი და იგივე, ძალიან დამღლელი რუტინა და ამას დამატებული ზღვა მასალა სასწავლად.
მაგრამ ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან ჩემმა მიზანმა გამომიყვანა და იმაზე ფიქრმა, რომ ახლა თუ არ ვიბრძოლებდი და არ გავაკეთებდი მაქსიმუმს, ვერ შევძლებდი ახალი გვერდის გადაშლას და ჩემი მიზნებისა და სურვილების ახდენას.
საკუთარი თავიც დავაჯერე იმაში, რომ უკვე ბავშვობიდან გამოვედი, ვიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს და სამსახური აუცილებელია.
გამომუშავებული თანხით ვიხდი რეპეტიტორების თანხას, ცოტას ჩემს პატარა ძმას ვაძლევ, თანხას ვაგროვებ იმ შემთხვევისთვისაც, თუ თბილისში ჩავაბარებ, რომ საცხოვრებლის ხარჯები დავფარო და სწავლის საფასურის გადახდა შევძლო.
ჩემი მთავარი მიზანი ბავშვობიდან არის სამხედრო სამსახური, მინდა სამხედრო ვიყო.
ბიძაჩემი სამხედროა, ბავშვობიდან ვხედავდი მას და მეც სულ ეს მინდოდა.
ვფიქრობდი სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაზე, მაგრამ ამ პროფესიაში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნება, მომიწევს ვიმუშაო დაცვის სამსახურში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო საერთაშორისო სამართალზე. ამ ფაკულტეტს რომ დავასრულებ, ვაპირებ ჯარში წასვლას. შანსები და პერსპექტივები უფრო მეტი მექნება, იმიტომ, რომ უმაღლესი განათლებაც მექნება და თან მოგვიანებით, თუ რაიმე პრობლემა შემექმნება, შევძლებ ჩემი პროფესიით მუშაობასაც.
ვაბარებ საერთაშორისო სამართალზე. ამ პროფესიის არჩევას თავისი მიზეზები აქვს. საერთაშორისო სამართალს მრავალი განხრა აქვს, მე მინდა საზღვაო სამართლის განხრით მუშაობა. მყავს ძალიან ბევრი მეზღვაური ახლობელი, რომელთა მხრიდანაც მსმენია, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მეზღვაურს მძიმე დაზიანება ჰქონია, მაგალითად, ერთ მეზღვაურს ბეჭი ამოვარდნია ვენესუელაში ყოფნისას და იმის ნაცვლად, რომ იქ ვინმეს მისი უფლებები დაეცვა და ადგილზე ემკურნალათ, ბეჭამოვარდნილი საქართველოში სამკურნალოდ გამოუშვეს. ამხელა გზა დიდი ტკივილით გამოიარა საქართველომდე. საერთაშორისო სამართალზე ჩაბარებით კი შევძლებ მეზღვაურების დახმარებას.
აბიტურიენტობა და მუშაობა ერთად მართლა საკმაოდ რთულია. მთავარია, მონდომება. თუ გინდა და სურვილი გაქვს სწავლის, არ იტყვი უარს არაფრის ფასად. თუ უბრალოდ ზიხარ და იმაზე ფიქრობ, რომ თუ ვიმუშავებ, ვეღარ ვისწავლი და დავიღლები, არაფერი გამოვა. ყველაფერი ცდასთან, სურვილთან და მონდომებასთან არის დაკავშირებული. მთავარია, დაისახო მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთო“.