მთავარი,სიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტი დაწყევლა

23.06.2022
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტი დაწყევლა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტზე ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტის ავტორი თვითონ არის.

„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე, შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები, არ გიცნობდე მაინც,“ – ეს კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან წუხელ გამოქვეყნდა ქარდზე, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ხარაგაულის საკრებულოს ეს ფეისბუქკომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.

„ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო, სიტყვის თავისუფლებაა, მე ხომ მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება? ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და მაშინვე გამოსწორდა,“ – გვიპასუხა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ. მან არ განმარტა, რა იყო კონკრეტული ტექნიკური ხარვეზი.

„თქვენ ქართული არ გესმით ხო?“ – სხვა კითხვებს მანანა ბარბაქაძემ აღარ უპასუხა და ტელეფონი გამორთო.

მანანა ბარბაქაძე 1978 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხცვა პოზიციაზე მუშაობდა, ის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მოსკოვის პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული.

—————-

არასამსახურებრივ პერიოდში საკუთარი პოზიცია ყველას შეუძლია გამოხატოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, როცა მას ჰკითხეს სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ, ევროპისკენ“ მონაწილეების გინებაზე.

გამოხატვის თავისუფლებაა“ – თქვა იმავე შემთხვევაზე კახი კალაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: