მთავარი,სიახლეები

„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

22.06.2022 • 1774
„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

„მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“ – ასე აფასებს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს და დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს.

ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას ბათუმისთვის გენგეგმის შექმნის ხელოვნურად შეფერხებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრობლემის განხილვისთვის ყველაზე კრიზისული დრო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბათუმის საკრებულოს შვიდთვიან ბოიკოტში დახარჯეს, ახლა კი, დროის სიმწირის გამო, პარლამენტისგან კანონპროექტის სასწრაფო წესით დამტკიცებას ითხოვენ.

„ძალიან დიდი ხანია ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა დგას მოქალაქეების დღის წესრიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში დადგა ძალიან დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც უაღრესად ტრაგიკული მოვლენების მომსწრენი გავხდით ყველანი.

ბათუმის საკრებულო, სადაც მინიმუმ ამ თემებზე უფრო ადრეული და უფრო ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა უნდა დამდგარიყო, სადაც ოპოზიცია ამ საკითხებს აუცილებლად დასვამდა და ბოლომდე მიიყვანდა სწორად, 7 თვის განმავლობაში იყო ბოიკოტირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან.

აი, ეს შვიდი თვე, როცა სინამდვილეში ამ ძალიან საჭირბოროტო საკითხზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა საკრებულოს დონეზე და თუ საჭიროდ ჩაითვლებოდა შემდგომ ეს საკითხი წამოსულიყო პარლამენტში, თქვენ ამ ხალხს წაართვით.

ამ შვიდი თვის განმავლობაში არ გიფიქრიათ ამ ავარიულ სახლებში ეს ადამიანები რომ იღვიძებდნენ და იძინებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს? ახლა ჩვენ რომ საათებს გვითვლით აქ და ფაქტობრივად, იძახით, რომ მეტი დრო არა გვაქვს და სასწრაფოდ დაუჭირეთ მხარი კანონს, რომელიც პირდაპირ არის მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“. 

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალაქის მერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეცვალოს კოეფიციენტი, პრობლემურია, რადგან რისკი იმისა, რომ ლობისტების ინტერესების მიხედვით გაგრძელდეს ქალაქის ჩაბეტონება, კვლავ დღის წესრიგში რჩება.

„ამ კანონპროექტში წერია, რომ მერს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება შეცვალოს კოეფიციენტი, რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ თუ რამე დარჩა გასაფუჭებელი ბათუმში, სივრცე დარჩა ასათვისებელი, დასამახინჯებელი თუ დარჩა რამე, იმის გაფუჭების უფლებასაც აძლევთ ამ კანონპროექტით და თან როდემდე, 2027 წლამდე. ამდენი ხანი რატომ არის საჭირო, რომ გენგეგმა ეღირსოს ბათუმს? რაც დარჩა ხელუხლებელი, ის მაინც გადარჩეს.

რატომ აძლევს პარლამენტი ამდენ დროს გენგეგმის შესამუშავებლად საკრებულოს? და მერს, რომ მოამზადოს ეს პროექტი და წარადგინოს? იმიტომ ხომ არა, რომ სინამდვილეში გეგმის დაწერა კი არ არის პრობლემა, ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ძალიან დიდ ფულს აკეთებენ გენგეგმის არარსებობის პირობებში, ბლოკავენ გენგეგმის მიღებას. აი, ეს არის სიმართლე, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: