კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

21.06.2022 • 7482
ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს  შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს. დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს [k2 – შენობის სიმაღლე].

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის წერილი პარლამენტში, ცვლილების დაჩქარებული წესით დამტკიცების მოთხოვნით, 2022 წლის 15 ივნისს შევიდა.

ამ წერილში ბაჩიაშვილი პარლამენტს განუმარტავს, რომ პროექტში ცვლილება ბათუმის მერს „ბათუმში არსებული ურთულესი გამოწვევის დასაძლევად“ სჭირდება, კერძოდ კი პროგრამის განხორციელებისთვის – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

წერილში ნათქვამია ასევე, რომ პროგრამა ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავდებობას საფინანსო ორგანიზაციებთან, პროგრამაში ჩართული დეველოპერების სასარგებლოდ.

საპარლამენტო მდივნის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული დღეს მოქმედი რეგულაციები არ იძლევა მიზნობრივი პროგრამის სრულყოფილად განხორციელების საშუალებას.

წერილში ნათქვამია ისიც, რომ საკითხის ინიციირება მთავრობას ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა სთხოვა.

ცვლილების პროექტის მიხედვით,  ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა შეჩერდეს სამშენებლო კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში.

„ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება გადამეტებულ იქნეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“

მერის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიცვალოს ასევე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა…

ცვლილება არ შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით დაცულ შენობებსა და ზონებს.

პროექტში ასევე წერია:

ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.

პროექტის მიხედვით, ცვლილება მისი დამტკიცების შემდეგ ძალაში იქნება 2027 წლის პირველ იანვრამდე, რაც გაუგებარია, რადგან, ერთი მხრივ, განმარტებულია, რომ ცვლილება ძალაშია განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე. რას ნიშნავს ეს? –  ამ და სხვა დეტალებს პროექტის შესახებ, განმარტების მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

როგორ აფასებენ ინიციატივას ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ურბანისტები და არქიტექტორები, რა რისკები შეიძლება ახლდეს ამ გადაწყვეტილებას, თუ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მუშაობს და შეფასებებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: