მთავარი,სიახლეები

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

21.06.2022
რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000-ები უკვე უკრაინის ფრონტზეა – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა.

„უკრაინის საარტილერიო ოჯახს შეუერთდნენ გერმანული Panzerhaubitze 2000-ები, რომლებსაც სპეციალურად გადამზადებული უკრაინული ეკიპაჟი ჰყავთ“, –  რეზნიკოვის თქმით, ეს არის 155 მმ-იანი არტილერიის უკვე მეექვსე სახეობაა, რომელიც უკრაინის თავდაცვას აძლიერებს.

„ჩვენი მეომრები უკვე ებრძვიან მტერს M 777, FH 70, M 109, AHS Krab-ებისა და Caesar-ების დახმარებით. დღეიდან ამ „საუკეთესოთა კლუბს“ Pzh 2000 შეემატა“, – წერს რეზნიკოვი და დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი შეიარაღებას წარმატებულ გამოყენებას მოუძებნის.

„დიდი მადლობა ჩვენს არტილერისტებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის ლეგენდებად იქცნენ. მადლობა მხარდაჭერისთვის გერმანელ პარტნიორებს, რომლის იმედიც მომავალშიც გვაქვს. ძალიან ვაფასებ ჩემი კოლეგის, კრისტინ ლამბრეხტის ძალისხმევას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში, გერმანულ მედიაში გაჩნდა, რამდენიმე დღეში კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინა მართლაც მიიღებდა 7 ერთეულ ტექნიკას გერმანიისგან. 5-ს კი ნიდერლანდებისგან.

PzH 2000/ფოტო: ოლექსი რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების PzH 2000, რომელიც ბუნდესვერმა 1998 წელს მიიღო, ბოლო 24 წლის განმავლობაში, ამ ტიპის შეიარაღებაში ეტალონად მიიჩნევა.

ის NATO-ს სტანდარტებით, 155 მმ კალიბრისაა და გრძელ 55-კალიბრიან ლულას იყენებს. PzH 2000-ის სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ია, რეაქტიული ჭურვებით ეს მანძილი 40-47 კილომეტრს აღწევს, აქტიურ-რეაქტიული ჭურვით კი – 67 კილომეტრს.

რუსეთის შეიარაღებასთან შედარებისთვის: უახლესო 152 მმ-იანი MSTA-S-ის სროლის მანძილი, ჩვეულებრივი ჭურვით 25 კილომეტრია, აქტიურ-რეაქტიულით კი – 30 კმ.

PzH 2000 განსაკუთრებული სწრაფი სროლითაც გამოირჩევა – წუთში 10-12 ჭურვი. ეს კი იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჰაუბიცა ავტომატური დამტენით იტენება.

სწრაფმსროლელი და შორსმოქმედი გერმანული ჰაუბიცები ძალიან ეფექტურად ასრულებს საარტილერიო „ილეთს“, რომლის დროსაც ერთი დანადგარი აკეთებს გასროლის სერიას ისე, რომ ყველა ჭურვი ერთსა და იმავე სამიზნეს ერთდროულად ხვდება. ამ დროს, ყოველი ჭურვი სხვადასხვა ტრაექტორიითა და სიჩქარით გაისროლება – პირველი ყველაზე შორს მიფრინავს, უკანასკნელი კი ყველაზე სწრაფად.

PzH 2000-ის გადაადგილების სიჩქარე 67კმ/საათია, მისი ფასი კი დაახლოებით 3,4 მლნ. ევრო.

PzH 2000/Bundeswehr

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მაისში, უკრაინელი სამხედროები გერმანიაში იმყოფებოდნენ, რათა PzH 2000-ების გამოყენება აეთვისებინათ.

გერმანიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ის უკრაინას დაპირებულზე ნაკლებ შეიარაღებას აწვდის.

15 ივნისს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსაც ეკისრება პასუხისმგებლობა დაღუპული უკრაინელების გამო, რადგან გერმანია უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევს.

არსტოვიჩის კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია იმაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა. თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიიდან უკრაინამ მხოლოდ დაპირებული შეიარაღების მესამედი მიიღო.

16 ივნისს, კიევში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, გერმანიამ თავისი სახელმწიფო ტრადიცია დაარღვია და „ამას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება“.

„ჩვენ ასევე დავპირდით უკრაინას, რომ მივაწვდით IRIS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისგან დაიცავენ მის ქალაქებს. ასევე, შევთანხმდით აშშ-ისთან და დიდ ბრიტანეთთან, რომ უკრაინას გადავცემთ ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებსაც“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდა. ეს ევროპელი ლიდერების პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

მთავარი ფოტო: PzH 2000/ფოტო: ოლექსი რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: