მთავარი,სიახლეები

მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ

23.06.2022 • 1302
მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ

„ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს,“ – ეს ასოციაცია აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს ადევნებს თვალს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უფრო აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

რა რესურსი რჩება იმისთვის, რომ  პოლარიზების მაჩვენებელი საქართველოში შემცირდეს და პოლიტიკური პარტიები „მიშელის შეთანხმებას“ მიუბრუნდნენ? – ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულება, ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, იმაზე იქნება დამოკიდებული, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს თუ არა ევროპის და, შესაბამისად, საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნების გათვალისწინებას, თუ ის პირდაპირ ბელორუსიზაციის გზას დაადგება.

„ამ ეტაპზე მესიჯბოქსი არეულია, ბურთი კი, „ოცნების“ მოედანზეა“ , – გვიყვება ზაალ ანდრონიკაშვილი. მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია პოლარიზაციის შემცირება – ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის პირველის შესრულება.

  • ბატონო ზაალ, რამდენად ხედავთ იმის რესურსს, რომ პოლიტიკური პოლარიზების მასშტაბი შემცირდეს, რაც არის ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი? რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ღარიბაშვილის ანგარიშმა პარლამენტში? 

ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი არის უარი პირობების, რეკომენდაციების შესრულებაზე… პოლარიზების შემცირება, ცხადია, არის ორივე მხარის მიერ გადასადგმელი ნაბიჯი, თუმცა, პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. დეპოლარიზებისთვის საჭიროა, შეწყდეს ოპოზიციის დევნა. ამ თვალსაზრისით საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობების შექმნა, ასევე გვარამიას გათავისუფლება, რის გაკეთება პრეზიდენტსაც შეუძლია.

პოლარიზაცია საქართველოში უმთავრესად ეს არის რიტორიკა. ჩვენ მოვისმინეთ სამგორის გამგებლის განცხადება „სირები არიანო“, შემდეგ სულხან-საბას განმარტების მოშველიებით. ეს აჩვენებს, რომ პოლიტიკური კულტურა არ არსებობს საერთოდ, როცა უკვე ოპონენტის ამომრჩევლის მიმართ იყენებ ამგვარ ლექსიკას. პოლარიზების დამთავრება შესაძლებელი იქნება, როცა შეიცვლება პოლიტიკური ენა. ამის უნარი აქვს თუ არა ვინმეს, რთული სათქმელია. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს.

ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს მძაფრი რიტორიკისგან – აჩვენონ, რომ მზად არიან იმუშაონ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციებშია ხაზგასმული. როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, მაშინაც არ ვიყავი ამის მომხრე, რაც არ უნდა დეკორატიული იყოს პარლამენტი და არ შეეძლოს საქმის კეთება. პრინციპში, მიშელის შეთანხმების სულისკვეთების დაცვა გულისხმობს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს პოლიტიკურ სივრცეში.

  • რამდენად იმუშავებს ისევ სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი გზავნილი „მიშა მოვა“, როცა უკვე „მტრების“ სია გაფართოვდა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დასავლელი აქტორებიც, აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას? 

ეს გზავნილი – „მიშა მოვა“ აღარ არის აქტუალური. ახლა ყველას აინტერესებს, შევა თუ არა საქართველო ევროკავშირში და თუ ვერ შევა, ვინ არის დამნაშავე. ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მთავრობამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ერთმნიშვნელოვნად მთავრობა იქნება დამნაშავე. „ოცნებას“ მოუწევს ეს აუხსნას საკუთარი პარტიის იმ ამომრჩეველსაც, რომელსაც ევროპა სურს.

ვხედავთ, რომ ნაწილობრივ შეიცვალა კიდეც ეს რიტორიკა, მაგალითად, „ოცნებიდან“ გვესმის, რომ დეოლიგარქიზაცია მათი პრიორიტეტია, მაგრამ თურმე ოლიგარქები ყოფილან კეზერაშვილი, ჯაფარიძე, ხაზარაძე და სააკაშვილი. ამის ვის სჯერა არ ვიცი, მაგრამ „ოცნება“ აჩვენებს, რომ ევროპაში გვინდა და პირობა უნდა შევასრულოთო. ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ფარდას ავხდით ევროპას და ასე შემდეგ, არაფერი არ მოჰყოლია.

ფაქტია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებმა მთავრობა ჩააყენა რთულ სიტუაციაში. მთავრობა პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეს ევროპას და თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან უნდა თქვას, რომ ყველაფერს გააკეთებს და მართლაც მოუწევს რაღაცის გაკეთება.

  • რეკომენდაციებამდე ღარიბაშვილი ღიად დაპირისპირებას არ მოერიდა ევროკავშირთანაც: ფარდას ავხდით სიმართლესო, ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს სასწაულს ვკარგავთო…

მაგრამ გადაიქცევა სასწაულად, როცა ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვიდრე ეს იყო 20 ივნისს. 20 ივნისის აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ხელისუფლებისთვის, თუ რას შეიძლება ელოდონ ისინი. მინიმალურია იმის შანსი ისე შემოატრიალონ სიტუაცია, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა თითქოს „ოცნების“ ხელისუფლების ბრალი არ იყოს. „ოცნებას“ მოუწევს მოუსმინოს გამკაცრებული ტონით ევროპას, შესაძლო სანქციების ჩათვლით. მეორე მხრივ კი, უნდა გაუმკლავდეს ამომრჩევლის მზარდ უკმაყოფილებას, რაც გამოჩნდა 20 ივნისის აქციაზე. აქციაზე გამოჩნდა, რომ უკმაყოფილო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ არის. ამიტომაც, აირია „ოცნების“ მესიჯბოქსი.

  • რას აჩვენებს გზავნილების არევა: მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, მეტნი ვართ, ვისაც ევროპაც გვინდა და ივანიშვილის დაცვაცო, დავითულიანმა კი აღნიშნა, რომ აქციაზე „ოცნების“ ამომრჩეველიც იყო. 

ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ეტაპზე ვერ პოულობენ ფორმულას, როგორ იმოქმედონ. ამ დღეებში გამოჩნდება, რა გზას აირჩევს „ოცნება“. თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მათ შესაძლოა საკუთარი პარტიის ამომრჩეველიც დაუპირისპირდეს.

  • ეს არ არის იმის პირობა, რომ „ოცნებამ“ რიტორიკა შეცვალოს და, შესაბამისად, პოლარიზებაც შემცირდეს? 

არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. ჩემი აზრით, სამი შესაძლებლობაა: პირველ შემთხვევაში, „ოცნება“ დათანხმდება რეკომენდაციების შესრულებას, მეორე სცენარია ის, რომ რეკომენდაციებს „ოცნება“ შეასრულებს მასობრივი გამოსვლების შემდეგ და იძულებით მოუწევს მას ამ ნაბიჯების გადადგმა. მესამე სცენარი კი, არის ბელორუსიზაცია, რაც გულისხმობს ძალადობის გზას, პროტესტების ჩახშობას და მკაცრ რეპრესიებს. რამდენად არიან ამის გამკეთებლები და ექნებათ თუ არა ამის საშუალება, ძნელი სათქმელია. თუმცა ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება ხელისუფლება წავიდეს.

თუ გავითვალისწინებთ ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, უფრო დარჩა ორი ვარიანტი: ან შიდა და გარე წნეხი აიძულებს „ოცნებას“ დათმობებზე წასვლას, ან დაიწყება რეპრესიები. ისინი 2024 წლამდე მიჩანჩალებას შეეცდებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ ანტიდასავლური პროპაგანდაც გააძლიეროს? 

არაა გამორიცხული, ასეც მოხდეს. ჩვენ ვნახეთ, შათირიშვილები როგორ გამოიყვანეს და ათქმევინეს, რომ ამერიკა აიძულებს ევროკავშირს, საქართველო ჩაითრიონ ომშიო. შესაძლოა, მსგავსი გზავნილები არ გაახმოვანოს უშუალოდ ხელისუფლებამ, მაგრამ გამოიყვანონ იდეოლოგები და ალაპარაკონ. ეს შესაძლებელია, როცა ტელეკომპანია „იმედი“ ხელში გაქვს.

  • მაგრამ ირაკლი კობახიძემაც ხაზი გაუსვა გუშინდელ ბრიფინგზე, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 85 პროცენტს ევროინტეგრაცია სურს. 

ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც, ერთია რას გააკეთებ და მეორე – რა გამოვა. ჩემი აზრით, სამივე გზიდან, რაც არ უნდა აარჩიოს „ოცნებამ“, არცერთი მისთვის მომგებიანი არ არის, ნებისმიერი სვლა მისთვის წამგებიანია. მათ შეუძლიათ უბრალოდ არჩევანი გააკეთონ ზარალის მინიმალიზაციაზე. თუ ნაკლებად გონიერები არიან, შესაძლოა წავიდნენ ვა-ბანკზე და ბევრად მძიმე სცენარი ვიხილოთ ყველამ ერთად. პირველ რიგში კი, „ოცნებამ“.

ზარალის მინიმალიზაციის შემთხვევაში, „ოცნებას“ შეეძლება პოლიტიკური არსებობა მოკლე ვადით მაინც.

  • ოპოზიცია რამდენად შეძლებს, პოლარიზების შემცირებას? – „ოცნების“ ლიდერებმა უკვე თქვეს, რომ ოპოზიციას EU-ს რეკომენდაციებიდან მხოლოდ პოლარიზაციის შემცირება შეუძლია და ამასაც არ აკეთებს.

ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს მკაცრი რიტორიკისგან, თუმცა არ მესმის, რატომ არის აგრესიული რიტორიკა ის, რასაც მაგალითად, პრეზიდენტის მისამართით ოპოზიცია ამბობს. მეც მგონია, რომ ის ივანიშვილის მანიპულაციით „არჩეული“ პრეზიდენტია და ეს არ არის პოლარიზაციული რიტორიკა.

შეურაცხმყოფელი ფრაზები იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ? გაჩნდა მოსაზრება, რომ ზურაბიშვილს რომც სურდეს გვარამიას შეწყალება, მას ისე იხსენიებდა ოპოზიცია, ამის საშუალება აღარ დაუტოვესო. 

რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი ფრაზები არ არის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი… როცა საუბრობ სალავიოვის და სიმონიანის ენით, თავად უნდა გესმოდეს, რომ არ ხარ იმ ადგილას, სადაც გინდა, რომ იყო. დღეს ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია და არ მესმის, რატომ არ უნდა შეცვალოს ეს რიტორიკა. ახლა ბურთი „ოცნების“ მოედანზეა და მან უნდა გააკეთოს რამე. „ოცნება“ მუდმივად იცილებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო, პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას.

დღეს ამბობდა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, რომ 24 ივნისის აქციაზე, რომელიც „სირცხვილიამ“ დააანონსა, შესაძლოა თვითონაც მივიდეს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

„ოცნება“ ჯერჯერობით არ ირჩევს კონფრონტაციის გზას. საუბარი იყო გეოპოლიტიკაზეც, რომ აი, გეოგრაფიის გამო არ მიგვიღეს, თუმცა ეს სისულელეც არ იყო კონფრონტაციული რიტორიკა. კონფრონტაციული რიტორიკა დასავლეთთან წამოიწყო ღარიბაშვილმა, როცა მან თქვა, რომ ფარდას ახდის, შემდეგ იყო აქცენტი ღირსების დაცვაზე, როცა ხუნდაძეები და ვიღაცები გამოყარეს და ეს ათქმევინეს. „ოცნებამ“ ასე დატესტა, როგორ მუშაობს ევროპასთან კონფრონტაციული რიტორიკა. ნახეს, რომ ეს არ მუშაობს.

ირაკლი კობახიძის განაცხადი, რომ „ბაკურიანის გეგმას“ ასრულებს ვიღაც და ასე შემდეგ, არ არის კონფრონტაციული რიტორიკა. ასეთ სისულელეებს სულ ამბობდნენ და ისევ ილაპარაკებენ. ძველი ფირფიტაც დაუკრავს და ახალიც. ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: