მთავარი,სიახლეები

ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი

23.06.2022 • 2422
ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელიც „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში“ ტყვეთა „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გათავისუფლების იმედი აქვს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბუდანოვმა ტელემარათონის დროს ისაუბრა.

„ჩვენ ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია. ვმუშაობთ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ბევრს ეყოლება საკუთარი ახლობელი უკვე სახლში… უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ტყვეების მნიშვნელოვან რაოდენობას გავათავისუფლებთ. ამის შესახებ საზოგადოება დაუყოვნებლივ შეიტყობს მედიის საშუალებით,“ – განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

დაზვერვის უფროსი დასძენს, რომ გაცვლის კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი ნაადრევია. მისი ინფორმაციით, ლაპარაკი არ არის ერთ მსხვილ გაცვლაზე, არამედ „ეტაპობრივ პროცესზე. ეს არ იქნება ერთი გაცვლა. იქნება რამდენიმე ეტაპი“.

კირილო ბუდანოვის თქმით, ყველაზე რთული „აზოვსტალის“ დამცველთა მეთაურების გაცვლის საკითხია: „რიგით შემადგენლობასთან დაკავშირებით, შედარებით მარტივადაა საკითხი. როდესაც თემა ეხება ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ცხადია, იქ საქმე რთულდება“.

კირილო ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საერთო რაოდენობა, ისევე, როგორც უკრაინაში მყოფი რუსი ტყვეების რაოდენობა, თუმცა მან ეს მონაცემები ეთერში არ დაასახელა.

მარიუპოლის უკრაინელი დამცველები, რომლებმაც „აზოვსტალი“ მაისში დატოვეს, დონეცკის ოლქში, კოლონიაში იმყოფებიან. „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, ოლენოვკაში 2 449 უკრაინელი სამხედროა.

მარიუპოლის დამცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16-20 მაისის დღეებში გადაიყვანეს. რუსული მხარის მტკიცებით, „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფრებიდან 2 439 მებრძოლი გამოვიდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებდნენ, რომ მარიუპოლის გარნიზონმა თავისი სამხედრო მისია შეასრულა და მეთაურებმა მიიღეს ბრძანება, ჩაჰბარებოდნენ და პირადი შემადგენლობის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. უკრაინის თავდაცვა განმარტავდა, რომ „აზოვსტალიდან“ მარიუპოლის დამცველთა გამოყვანისა და გადარჩენის სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.

რუსეთის ხელისუფლებისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის თანამდებობის პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები, რომ „აზოვსტალის“ დამცველები სამხედრო დამნაშავეები არიან და ისინი უნდა გასამართლდნენ.

კრემლის მედიის ცნობით, პოლკ „აზოვის“ მეთაურები და 1000-მდე მებრძოლი „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში გადაიყვანეს.

მარიუპოლს ახლა მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, თუმცა ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ადგილი იყო ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: