მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმოს აპლიკაცია ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს გიჩვენებთ

22.06.2022 • 953
ჯანმოს აპლიკაცია ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს გიჩვენებთ

იცოდით, რომ ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების დონე მოღრუბლულ და წვიმიან ამინდებშიც შესაძლოა მაღალი იყოს? მაგალითად დღეს, 22 ივნისს, ბათუმის ტერიტორიაზე შუადღის 16:20 წუთამდე მზისგან დამცავის ტარებაა რეკომენდებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ახალი აპლიკაციიდან შეიტყობთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამამ (UNEP) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შექმნეს.

მობილური ტელეფონების ახალი აპლიკაცია SunSmart Global UV გაწვდით ლოკალიზებულ ინფორმაციას ულტრაიისფერი გამოსხივების დონის შესახებ.

აპლიკაცია გიჩვენებთ ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ამინდის ხუთდღიან პროგნოზს თქვენს მიერ მონიშნულ ადგილებში. ის ცალკე გამოყოფს დროის მონაკვეთებს, როდესაც საჭიროა მზისგან დაცვა.

ჯანმოს ცნობით, აპლიკაციის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მთელს მსოფლიოში, იცოდნენ, როდის გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, რათა შემცირდეს კანის კიბოს გლობალური ტვირთი და ულტრაიისფერ გამოსხივებასთან დაკავშირებული თვალის დაზიანებები. 

SunSmart Global UV აპლიკაცია ხელმისაწვდომია უფასოდ როგორც Apple App-ზე, ასევე  Google Play-ზე. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს აპლიკაციის პარამეტრები ინდივიდუალურად დააყენოს და მიიღოს ზომები ულტრაიისფერი სხივების გახანგრძლივებული, გადაჭარბებული ზემოქმედების დასაცავად, რაც კანის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. აპლიკაცია ამჟამად ხელმისაწვდომია ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჰოლანდიურ და ესპანურ ენებზე.

დადგენილია, რომ გლობალურად 2020 წელს კანის კიბოს 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. იმავე პერიოდში, მთელ მსოფლიოში 120 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებების გამო. ამ სიმსივნეების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება დედამიწის სტრატოსფერული ოზონის შრის შეთხელებისგან, რაც გამოწვეულია ადამიანის მიერ შექმნილი გარკვეული ქიმიკატების გამოყოფით.

„ეს აპლიკაცია აერთიანებს მეტეოროლოგიურ, გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის ექსპერტიზას, რათა დაეხმაროს ადამიანებს მზისგან დაცვაში, როგორც სამსახურში, ასევე დასვენების დროს. ის უნიკალურია, რადგან იყენებს მონაცემებს ქვეყნის ამინდისა და ულტრაიისფერი სხივების საზომი სადგურებიდან, რათა უზრუნველყოს ულტრაიისფერი ინდექსის ზუსტი და ადგილმდებარეობის სპეციფიკური წაკითხვა“, – თქვა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერ ტაალასმა.

მისივე თქმით, ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ, როგორ ემსახურება მეცნიერება საზოგადოებას.

UV-თან დაკავშირებული დაავადებების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი პრევენციული ზომების საშუალებით:

  • შეზღუდეთ დრო შუადღის მზეზე;
  • ეძებეთ ჩრდილი, როდესაც UV სხივები ყველაზე ინტენსიურია;
  • ატარეთ დამცავი ტანსაცმელი, ქუდები და სათვალე;
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფართო სპექტრის საშუალება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: