მთავარი,სიახლეები

სიბინძურე, სუნი და ადმინისტრაციის შიში – რა წერია დასკვნაში წნორის ხანდაზმულთა სახლზე

22.06.2022
სიბინძურე, სუნი და ადმინისტრაციის შიში – რა წერია დასკვნაში წნორის ხანდაზმულთა სახლზე

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

„შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, ხოლო მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს,“ – ვკითხულობთ მონიტორინგის დასკვნაში.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წნორის ხანდაზმულთა სახლი ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“ 17 ივნისს შეამოწმა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს, 2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ორიც – თვითდაფინანსებაზეა. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელია ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

ანგარიშიდან ვიგებთ, რომ დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.

გარდა ამისა, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. 

„ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება – შემაშფოთებელია დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო,” – ვკითხულობთ დასკვნაში.

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს“, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ამ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით ხანდაზმულთა მიმართ ხანგრძლივი მოვლის საკითხი, როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ოჯახში მოვლის თვალსაზრისით, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: