მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

22.06.2022 • 1393
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორების [CGM] მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ კომპლექტი უკვე შეიძინა და ის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ბათუმში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფისი ტაბიძის ქუჩის N2ა-ში მდებარეობს.

საქართველოს მასშტაბით ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან [15 იანვრიდან] გახდნენ.

ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და 5 სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული [თბილისი, ბათუმი, ქუთაისი]. გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპლექტით და შემდეგ ჯერზე სენსორი დამოუკიდებლად დაამაგრონ.

ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება, ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლებათ [სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: