ათენთან ტყის ძლიერ ხანძარია

საბერძნეთში, ათენის გარეუბნის მახლობლად ტყის ძლიერი ხანძარია. ბერძნული მედიის ცნობით, თითქმის 500 მეხანძრე ებრძვის ხანძარს, ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ბერძნული გამოცემა ekathimerini-ის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის პრობლემებით და მცირე დამწვრობებით, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე სახლი დაიწვა პენტელის მთის მიდამოებში, საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში.

მეხანძრეები ცეცხლს უკვე მეორე დღეა ებრძვიან, სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს.

 

______________

ფოტოზე: ტყის ხანძარი ათენთან ახლოს. ფოტო: EPA-EFE/YANNIS KOLESIDIS

რუს მოჭადრაკეებს ქვეყნის სახელით არ შეუძლიათ მონაწილეობა ბათუმში ჩემპიონატზე – ფედერაცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება 15-28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი მოჭადრაკეებიც.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, რომ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ.

„ბათუმში 15-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიოს კადეტთა (8;10;12 წწ) ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE -ს ეგიდით ტარდება, სადაც რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები FIDE – International Chess Federation-ს დროშით იასპარეზებენ.

საერთაშორისო წესების თანახმად რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ შეუძლიათ მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის სახელით.

ასევე არ შეუძლიათ მონაწილეობა გუნდურ ჩემპიონატებში, მხოლოდ პირად ასპარეზობებზე საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით. ორგანიზატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მონაწილის უსაფრთხოება“ – წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

17 ივლისს რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია აპირებს, საქართველოში მოჭადრაკეები გაგზავნოს ბათუმში დაგეგმილ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

მას შედეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, საერთაშორისო სპორტული საზოგადოება ძირითადად არ უშვებს რუს და ბელარუსს სპორტსმენებს საერთაშორისო ჩემპიონატებზე.

​​მსოფლიო რაგბიმ რუსეთი და ბელარუსი ტურნირებიდან მოხსნა. ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან. ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოხსნა. ევროლიგამ ტურნირში რუსული საკალათბურთო კლუბების მონაწილეობა შეაჩერა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გაუგზავნა რეკომენდაცია, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს.

ლუგანსკში ლიკვიდირებულია „ვაგნერის“ დანაყოფი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს.

გაიდაის ინფორმაციით, „ვაგნერის“ დანაყოფი, რომელიც 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციების დაკავებას ცდილობდა, მთლიანად ლიკვიდირებულია.

„ამ დღეებში, მათ 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციებს შეუტიეს. ეს ბრიგადა უკვე წლებია ლუგანსკის ოლქს იცავს. სუ 25-ის ერთ-ერთი პილოტი, რომელიც „ვაგნერს“ ჰყავს დაქირავებული, რამდენიმე დღე ზედიზედ ურტყამდა ჩვენს ბიჭებს უმართავი რაკეტებით“.

გაიდაი წერს, რომ სწორედ „ვაგნერელები“ იბრძოდნენ პოპასნაიას მიმართულებაზე, „მათ მაშინ რთავდნენ ბრძოლებში, როდესაც რუსეთის ძალები კვირაობით იდგნენ ერთ ადგილას და პატარა ქალაქის აღებასაც კი ვერ ახერხებდნენ“.

„გუშინ მათი სისხლიანი ბიზნესი ჩაწვა“, – დასძენს გაიდაი და მოკლული სამხედროების ფოტოებთან ერთად, ტელეგრამზე „ვაგნერელების“ შევრონების ფოტოსაც აქვეყნებს. ერთ-ერთ მათგანს აწერია „სიკვდილი ჩვენი ბიზნესია და ბიზნესი კარგად მიდის.“

ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამარხიდან

ლუგანსკის ოლქის ბრძოლებში რომ კრემლი აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“, ამაზე რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც წერდა. უწყება აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერს“ ლუგანსკის ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს.

ხარკოვში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის მოზარდი

დღეს, 20 ივლისს, დილას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში სალტოვსკის რაიონი დაბომბეს.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

სინეგუბოვი წერს, რომ ოკუპანტებმა ღამით დაბომბეს ჩუგუივისა და ბოგოდუჰივის რაიონები:

„მტერმა დაბომბა ხარკოვის, ლოზივისა და იზიუმის დასახლებული პუნქტები. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, შენობები, სასწავლო დაწესებულება, კომერციული ობიექტები. ხორბლის ყანები დაიწვა.

იზიუმის რაიონში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე“.

_________________

ფოტო: ოლეგ სინეგუბოვი/Facebook

10 წელი მიუსაჯეს კაცს ბათუმის ნარკოლოგიურის ცენტრის ეზოში მომხდარი მკვლელობისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს განზრახ მკვლელობისთვის.

საუბარია 2021 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასაც ედავებოდა პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ანტონოვსკის ხიდი ხერსონისთვის ბრძოლაში რუსეთის სუსტი წერტილია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, მდინარე დნეპრის გადასასვლელების კონტროლი ხერსონისთვის ბრძოლის მთავარი ფაქტორი გახდება.

„19 ივლისს, ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ანტონოვსკის ხიდს დაარტყა. სოციალური მედიის პოსტებში ჩანდა დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე,“ –  წერს ბრიტანეთის დაზვერვა 20 ივლისის რელიზში და დასძენს, რომ ხიდი, სავარაუდოდ, კვლავაც მოქმედია, თუმცა ის „რუსეთის ძალების მთავარი სუსტი წერტილია.“

უწყება აღნიშნავს, რომ დნეპრის დინების სიგანე ამ მონაკვეთზე დაახლოებით 1000 მეტრია, რაც მდინარის გადასახალად ბუნებრივ ბარიერს ქმნის. ანტონოვსკის ხიდი კი დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.

„ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქ ხერსონსაც, რომელიც პოლიტიკურად და სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის“, – მიუთითებს დაზვერვა.

უწყების ცნობით, რუსეთი დონბასში კვლავ უმნიშვნელო წარმატებებს აღწევს, უკრაინის ძალები კი თავდაცვის ხაზს იცავენ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმიის საბრძოლო ტემპი და შეტევების დინამიკა მნიშვნელოვნად შენელდა.

მთავარი ფოტო: დაზიანებული ანტონოვსკის ხიდი/ფოტო: focus.ua

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 700 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 905 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 856 ერთეული [+5]
  • MLRS – 250 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 221 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 703 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 775 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 70 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 259 თვითმფრინავი
  • 143 ვერტმფრენი
  • 1 572 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 356 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 760 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 166 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 410 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი თავის ძალებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ

„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის.

ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, ვინც მას ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდა.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა. 20 წლის ვიყავი, ომში რომ წავედი, საავიაციო დაბომბვებშიც მოვყევი და შშმ სტატუსით დავბრუნდი შინო, გვიყვება ის.

6 ივლისს გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტისთვის ხვიჩა შაქარიშვილი 14 ივლისს დააკავეს. დაკავების ოქმის გრაფაში „დაკავების მოტივი“ ვკითხულობთ: „ხვიჩა შაქარიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოლიციის თანამშრომლის გამიზნულად, უხეშად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფებები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 14 ივლისს ხვიჩა შაქარიშვილი დაკავებულ იქნა…“ – აღნიშნულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.

დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც კანონის და გამოხატვის თავისუფლების დამცველი უნდა იყოს, არ განუმარტავს: რატომ ჩათვალა შსს-მ ფეისბუქპოსტი სამართალდარღვევად? შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს, დაიწყო თუ არა მოკვლევა ამ საქმეზე. უპასუხოდ დატოვეს კითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, სადაც სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს უნდა იძიებდნენ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გენინსპექციასაც ხვიჩა შაქარიშვილმა უკვე მიმართა.

ხვიჩა შაქარიშვილი გვიყვება, რომ ფეისბუქპოსტამდე, სადაც მან პოლიციელებს აგინა, რამდენჯერმე ჰქონდა კონფლიქტი პოლიციელებთან.

„პოლიციელებმა სტადიონიდან ჩემი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცეს და სცემეს“ 

„მაშინვე მივედი პოლიციაში და მოვითხოვე უფროსთან შეხვედრა, როცა ვნახე, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო,“ – ხვიჩა შაქარიშვილი დაახლოებით 2 თვის წინანდელ შემთხვევას გვიყვება, როცა, მისი თქმით, მისი შვილი – 16 წლის საბა პოლიციელებმა სცემეს.

„ფეხბურთის საყურებლად იყო სტადიონზე და იქიდან გაიტაცეს პოლიციელებმა, გატაცება ჰქვია ამას და არა დაკავება, როცა არაფერს გიმარტავენ, მშობლებს არაფერს ეუბნები, ბავშვს ძალით მანქანაში სვამ და განყოფილებაშიც არ გადაგყავს…

ჩემმა შვილმა თქვა, რომ სადღაც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე წაიყვანეს მანქანით, ხელბორკილები დაადეს… მცემდნენ, მირტყამდნენ, მაფურთხებდნენ, ხომ გითხარით, სტადიონზე არ უნდა შესულიყავიო…  მერე მანქანიდან ფეხი ჰკრეს და გადმოაგდეს.

სამი, თუ ოთხი საათის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს შემახვედრეს მთავარ სამმართველოში [ბათუმის პოლიციის უფროსი]. მან მითხრა, რომ მე თვითონ ვიყავი იქ, სტადიონზე, თქვენი შვილი არავის უცემია, უბილეთოდ იყო შეპარული, განვარიდეთ და მერე ისევ შეპარულაო.

ექსპერტიზა ჩატარდა, გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობაზე, მაგრამ არაფერი არ გამოუძიებიათ ამ დრომდე…“ – ხელს იქნევს უიმედობას ნიშნად ომის ახალგაზრდა ვეტერანი.

ხვიჩა შაქარიშვილის თქმით, მის არასრულწლოვან შვილს დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა

ხვიჩა შაქარიშვილის თქმით, საბა სკოლაში მეორე წელია აღარ დადის და მოზარდს რამდენიმე საქმეზე აქვს კონფლიქტი საგამოძიებო ორგანოებთან. ომის ვეტერანი საყვედურობს სკოლასაც, რომელმაც მისი შვილი სკოლის მიღმა დატოვა.

„ეს ის სკოლაა, რომლის ეზოშიც მარიხუანა იპოვეს დარგული და მოშენებული, გემახსოვრებათ…“ – დასძინა ხვიჩა შაქარიშვილმა.

  • „არასრულწლოვანის მშობელი ვარ-მეთქი და განერიდეთ აქაურობასო“ 

აგვისტოს ომის ვეტერანი სადარბაზოდან გვაჩვენებს, რომ მისი, ანუ ეკომიგრანტების და ომის ვეტერანების საცხოვრებელ კორპუსის მეზობლადაა პოლიციის მე-5 განყოფილება. იგი გვიყვება, რომ „სტადიონის საქმიდან“ რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციელებისგან ქუჩაში ითხოვდა განმარტებას, რატომ აკავებდნენ მის არასრულწლოვან შვილს.

„ვადასტურებ, რომ პოლიციელებს მივმართე უხეში სიტყვებით, რადგან გამოვედი მწყობრიდან. ვეუბნებოდი, რომ ვიცავდი ჩემს არასრულწლოვან შვილს, დამასწარით-მეთქი და განერიდეთ აქაურობასო… ომში წასვლამდე იურიდიულზე ვსწავლობდი, მართალია, სწავლის დასრულება ვერ მოვასწარი, მაგრამ ვერ მასწავლიან ესენი მე კანონს. გამოდის, რომ ჩემი შვილის დაცვისთვის მსჯიან…

პოლიციის თანამშრომელია ვინმე ლაბაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენა, საბოლოოდ დამაკავეს,“ – გვიყვება ხვიჩა შაქარიშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვიჩა შაქარიშვილს პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინდა და ის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ კი, ხვიჩა შაქარიშვილს ჯარიმა სიტყვიერი შენიშვნით შეუცვალა.

  • 14 ივლისს ფეისბუქპოსტის გამო საბავშვო ბაღში დამაკავეს, სადაც ვმუშაობ“ 

ხვიჩა შაქარიშვილი პოლიციელებმა 14 ივლისს ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში დააკავეს. ომის ვეტერანი ბაღის დაცვის თანამშრომელია.

„პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსმა მითხრა, ცენტრალური კრიმინალურ დეპარტამენტში როცა გადამიყვანეს, შენ ჩაჯ..ლი ვეტერანი ხარ, დედა მოტ..ლი ხარო, თურმანიძე მემუქრებოდა კიდეც, მე ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას და გაიღადავეს, ამას ბიძინასთან ხომ არ დავარეკინოთ პირდაპირო,“ – გვიყვება ხვიჩა შაქარიშვილი.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ვახტანგ თურმანიძეს ადანაშაულებენ მოქალაქისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მუქარაში: „ბათუმელები“ 2021 წლის ნოემბერში წერდა ალექსანდრე მეკეიძის შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში დაემუქრა ვახტანგ თურმანიძე.

„მეც მომიტაცეს, როგორც ჩემი შვილი, ასე გამოდის, არც უფლებები განმიმარტეს, არც სატელეფონო ზარის უფლება მომცეს, დაკავების ოქმიც, საია რომ ჩაერთო და 48 საათის მერე გამათავისუფლეს, მერე გადმომცეს. ეს არის პირდაპირ დევნა კრიტიკული აზრის გამო, რასაც ხშირად ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში.

ხვიჩა შაქარიშვილის დაკავების ოქმი, სადაც პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ მოქალაქე ფეისბუქპოსტის გამო დააკავეს

„როგორც მე ვიცავდი ჩემს სამშობლოს, მინდა ჩემმა სამშობლომაც დამიცვას… არ ვიცი, რას გააკეთებენ, არ მოგვივარდეს ვინმე, ვთხოვ ჩემს სახელმწიფოს ჩვენს უსაფრთხოებას,“ – გვითხრა ხვიჩა შაქარიშვილმა.

ხვიჩა შაქარიშვილი ბათუმში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახელმწიფო მას თვეში 450 ლარს უხდის, როგორც ომის ვეტერანს და „მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს“.

„საკონტაქტოზე ვიყავი დაახლოებით სამი თვე, როცა ომი დაიწყო და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, მაშინ 20 წლის ვხდებოდი,“ – საუბრის ბოლოს აგვისტოს ომის გახსენებაც ვთხოვეთ ომის ვეტერანს, – „წავედი ბრძოლის ველზე, უკან არ დამიხევია.

ცხინვალის მისადგომებთან ვიყავით, როცა საავიაციო დაბომბვა დაიწყო. მე მივიღე მწვავე კონტუზია, თავის ტვინის ბაროტრამვა, გორის ჰოსპიტალში ჩამიწერეს ასე,“ – დაასრულა ხვიჩა შაქარიშვილმა.

  • საია: „გენისპექცია აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას“

„გენინსპექცია აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს იცავს. მას ვკითხეთ, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქპოსტის შემდეგ გაკავებენ და გენინსპექცია მოკვლევასაც არ იწყებს?

პაატა დიასამიძის აზრით, გენინსპექციამ უნდა დაადგინოს პოლიციელთა „სამსახურებრივი დარღვევები“, რაც ამ საქმეში ცალსახად იკვეთება, რადგან შეუძლებელია, მაგალითად, ახსნა, როგორ აღკვეთეს სამართალდარღვევა [ფეისბუქპოსტი სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო], როცა ის დაკავებამდე ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა?

„სამწუხაროდ, დღეს სასამართლო არ განიხილავს, რამდენად კანონიერი იყო დაკავება. სასამართლომ მხოლოდ ის უნდა შეაფასოს, იყო თუ არა სამართალდარღვევა ხვიჩა შაქარიშვილის ფეისბუქპოსტი,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ ხვიჩა შაქარიშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ომის ვეტერანს შეეძლება დაკავება უკანონოდ მიიჩნიოს და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს შსს-ს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ზიანის ანაზღაურება ითხოვა სასამართლოში თამარ კურატიშვილმა 2022 წლის აპრილში, იგი მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და სუს-ის წინ აქციაზე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ვიდეოს იღებდა. თამარ კურატიშვილი სასამართლომ გაამართლა, თუმცა საქმე ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 თვით გადაუდია თემურ გორგაძის სარჩელის განხილვაც, ის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და ისიც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ უკანონოდ დააკავეს. თემურ გორგაძეც სუს-ის წინ დააკავეს საპროტესტო აქციაზე.

2022 წლის 16 მარტის განჩინების მიხედვით, მოსამართლე კობა გოცირიძემ თემურ გორგაძის სარჩელი დასაშვებად ცნო, თუმცა იქვე აღნიშნა: „საქმის განხილვის ვადა გაგრძელდეს 5 თვემდე“.

„ეს აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რომელიც დაჩქარებული წესით უნდა განიხილებოდეს… ჩანს, როგორი მიდგომაა ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

„ბათუმელებმა“ დაკავშირება სცადა ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილების ხელმძღვანელთან. ვახტანგ თურმანიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„რუსები თარჯიმანს სასამართლოშიც აღარ იყენებენ“ – ბათუმელი ადვოკატი

„თარჯიმნებსაც აღარ იყენებენ… მალე რუსულად დავიწყებთ პროცესის წარმართვასაც სასამართლოში, ეგ დრო მოსულა,“ – წერს ადვოკატი ლელი ბჟალავა „ფეისბუქში“. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს რუსულენოვან მოქალაქეს, რომელსაც სასამართლოსგან კონკრეტული დოკუმენტაციის ჩაბარება სურდა, სასამართლოს თანამშრომელი რუსულ ენაზე ესაუბრა.

ადვოკატის თქმით, რუსულენოვანმა მოქალაქემ სასამართლოდან ინფორმაციის ჩაბარების დოკუმენტსაც რუსულ ენაზე დააწერა „ჩავიბარე“.

„ეს მოხდა სასამართლოს ფოიეში, სადაც დოკუმენტაციას გვაბარებენ სასამართლოს თანამშრომლები,“ – უყვება „ბათუმელებს“ ადვოკატი ლელი ბჟალავა,“ – „ჩემი ყურადღება მიიქცია რუსულ ენაზე საუბარმა და იმან, რომ მოსამართლის თანაშემწე-სტაჟიორი რუსულ ენაზე ცდილობდა რაღაც აეხსნა რუსულენოვანი მოქალაქისთვის. რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა აგრესია და იყო დამცინავი. ამბობდა, რომ რუსულ ენაზე დაუწერდა „ჩავიბარეს“ და ისე მოუწერდა ხელს.

მე ხმამაღლა ვთქვი, რომ რუსეთში ვართ, თუ რა ხდება-მეთქი. მერე ვუთხარი სასამართლოს თანამშრომელს, რატომ არ სთხოვთ თარჯიმნის მოყვანას, რატომ ესაუბრებით რუსულად, რა ხდება-მეთქი? სასამართლოს თანამშრომელმა მითხრა, რომ ის სტაჟიორია. სხვა რამე მას, ან იმ ქალს, ვისაც სასამართლოში რუსულ ენაზე მოემსახურნენ, არაფერი უთქვამს,“ – გვითხრა ლელი ბჟალავამ.

რატომ მოემსახურა რუსულენოვან მოქალაქეს რუსულ ენაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო? – სასამართლოს ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იციან და ამბავს ხვალ მოიკითხავენ.

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან რუსებისთვის კომფორტულია – ყველგან ელაპარაკებიან რუსულად და აგერ, სასამართლოშიც რუსულ ენაზე ესაუბრნენ. ეს დაუშვებელია და შეურაცხმყოფელი,“ – დასძინა ადვოკატმა ლელი ბჟალავამ.

შენიშვნა: დღეს, 20 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ საპროცესო დოკუმენტაციის ჩაბარების დროს უცხოენოვან მოქალაქეს თარჯიმნის ჩართვას არ სთხოვენ და მოქალაქე მისთვის გასაგებ ენაზე ადასტურებს იმას, რომ დოკუმენტი ჩაიბარა. სასამართლოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსულენოვან მოქალაქეს არ ჰქონია დამატებითი კითხვები და ასეთ შემთხვევაში, მას წარმომადგენლის ჩართვას მოსთხოვნდნენ.

____

ამ თემაზე:

რუსებს აქვთ განწყობა, რომ აქ ყველა რუსულად დაველაპარაკებით – რას ამბობენ ბათუმში

ვიტალი კიმი 100 დოლარს ჰპირდება ყველას, ვინც მოღალატეს გამოავლენს

ნიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმი, ოლქზე მორიგი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მოუწოდებს მოღალატეების გამოვლენაში მიიღონ მონაწილეობა.

„რუსები ტელეგრამ არხების დახმარებით ფულს უხდიან და ანონიმურობას ჰპირდებიან უკრაინელებს, რომლებიც დათანხმდებიან ცეცხლის კორექტირებაში დახმარებას, „ნავოდჩიკობას“. კაპიკებს უხდიან. ათას თუ ათას ხუთას გრივნას. ანონიმურობასაც ჰპირდებიან, მაგრამ არანაირი ანონიმურობა არ არსებობს. სისტემა მუშაობს და ჩვენ მათ მაინც ვიჭერთ,“ – ამბობს ვიტალი კიმი.

„ნავოდჩიკი“ – ცეცხლის მაკორექტირებელი, ადამიანი, რომელიც ჯარების სხვადასხვა სახეობას გასანადგურებლად აწვდის მოწინააღმდეგის პოზიციის კოორდინატებს და სამიზნის განსაზღვრაში ეხმარება.

ვიტალი კიმი აცხადებს, რომ ის 100 დოლარს გადაუხდის ყველას, ვინც ასეთ დაქირავებულ ცეცხლის მაკორექტირებლებს მიასწავლის.

„გამოვავლინოთ ის ადამიანები, რომლებიც მტერს ემსახურებიან… ეს ეხება ნიკოლაევის ოლქს. ეძებეთ ისინი მეგობრებო,“ – დასძენს გუბერნატორი.

ნიკოლაევში დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოლაევზე თავდასხმა გუშინაც განახორციელეს, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი ფოტო: ვიტალი კიმი/ფოტო: Суспільне

17 წლის ქეთი – ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩინეთში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 17 წლის ქეთი პერანიძემ პირველი ვერცხლის მედალი აიღო. საქართველო ამ ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ვერცხლი წელს პირველად შეგვხვდა. ოლიმპიადაში 84 ქვეყანა მონაწილეობდა.

ქეთი პერანიძე თბილისში, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ის „ბათუმელებთან“ ოლიმპიადაზე, ქიმიაზე და თავის ინტერესებზე საუბრობს.

  • ქეთი, რამდენად რთულია ოლიმპიადაში მონაწილეობა, გამარჯვება და რა აქტივობებს მოიცავს დავალებები?

ოლიმპიადა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე ექსპერიმენტულ ნაწილს, მაგრამ წელს რადგან პანდემიის გამო ისევ ონლაინ ჩატარდა, ექსპერიმენტული ნაწილი ამოღებული იყო.

ვწერეთ მხოლოდ თეორიული წერა და აქაც ძალიან დიდი მასალაა მოცემული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხები იყო, მაგალითად, 75 ფურცელი დაგვირიგეს ჯამში, 9 ამოცანა უნდა გაგვეკეთებინა 5 საათში.

როგორც ვიცით, ქიმია ოთხ დარგად იყოფა – ორგანული, არაორგანული, ფიზიკური და ანალიზური ქიმია. ოთხივე დარგიდან იყო საკითხები, უფრო მეტი კი არაორგანული ქიმიიდან.

  • მაღალია კონკურენცია?

რა თქმა უნდა. ყველა ქვეყნიდან 4 საუკეთესო მოსწავლეა წარმოდგენილი და ყველა ძალიან ძლიერია.

  • როგორ შეიყვარე ქიმია, საიდან დაიწყო ეს, სკოლიდან თუ სხვა გარემოშიც გქონდათ შეხება?

მე გამიმართლა, რადგან კარგი მასწავლებელი მყავს და მეშვიდე კლასიდანვე, როცა დავიწყეთ ეს საგანი, ძალიან საინტერესოდ გვასწავლიდა ყველაფერს. მერვე კლასშივე დავიწყეთ საოლიმპიადო ქიმიის შესწავლა. უშუალოდ ამ ოლიმპიადისთვის კი სექტემბრიდან ვემზადებოდით. საქართველოდან 4 ვიყავით და ოთხივე ჩართული ვიყავით ამ პროცესში.

  • რას ექცევა ყველაზე მეტი ყურადღება ამ დავალებების შესრულებისას. რაიმე ახალ მიგნებებს ელოდებიან მოსწავლეებისგან თუ საკითხის სიღრმისეული ცოდნა მოწმდება?

ბევრ თემას მოიცავს. ქიმიის ყველა სფერო უნდა გაგეგებოდეს, რომ ეს ამოცანები ამოხსნა. ნაერთთა კლასები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ფაქტობრივად იმ საკითხებს გავდივართ, რასაც სტუდენტები. ერთი სიტყვით, უნივერსიტეტის წიგნები უნდა გვქონდეს ჩახურული, რომ ამ ოლიმპიადაზე წარმატებას მივაღწიო. სკოლის მასალების დონეზე ამ ოლიმპიადას ვერ მოიგებ.

  • სკოლაში ხშირად აკეთებთ ექსპერიმენტებს?

კი, მაგრამ ჩვენ პანდემიის პერიოდი დაგვემთხვა და ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება გვქონდა. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ადრე დავიწყეთ მომზადება და რადგან გავიგეთ, რომ ექსპერიმენტული ნაწილი ამოღებული იყო, ამაზე დიდი ყურადღება აღარ მიგვიქცევია. თუმცა, რომც ყოფილიყო, ვფიქრობ არ გაგვიჭირდებოდა – პრაქტიკულ ნაწილში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებს.

  • ვერცხლის ან ოქროს აღებისთვის რა დონის დავალებებია გასაკეთებელი?

9 ამოცანის შესრულებისთვის ხომ არის 5-საათიანი დრო გამოყოფილი. შემდეგ, თითოეული ამოცანა ცალ-ცალკე ჯამდება ქულებით. უმაღლესი ქულა არის 100, მე კი 87 ქულა ავიღე და ვერცხლის მედალზე გავედი.

  • ჩვენი მეზობელი ქვეყნები მონაწილეობდნენ, რა შედეგი აქვთ?

როგორც ვიცი კი, მაგრამ ოქრო არ აუღიათ. როგორც ვიცი, ჩინეთმა და პოლონეთმა აიღო, სხვა ქვეყნები აღარ მახსენდება.

ზოგადად, მონაწილეების 10 % იღებს ოქროს, 20 ვერცხლს და 30 ბრინჯაოს. ოლიმპიადაში დაახლოებით 300 ბავშვი მონაწილეობდა, ანუ სადღაც 30-მა ბავშვმა აიღო ოქრო.

საქართველოს გუნდი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
  • ქიმია რადგან გიყვარს, ალბათ პროფესიადაც აირჩევ?

სხვა მეცნიერებებიც მაინტერესებს, მაგალითად, ფიზიკა. ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნიერებებშიც მინდა გამოვცადო თავი და საბოლოოდ, ამ ყველაფერს რომ ვისწავლი, შევჯერდები რამე პროფესიაზე.

კარგი იქნება თუკი ბავშვობიდანვე დავაინტერესებთ ბავშვებს მეცნიერებით და ჩავრთავთ ექსპერიმენტებში. ასე უფრო ადვილად იგებენ ბავშვები თემებს და უფრო საინტერესოც არის სწავლის პროცესი.

  • თქვენ რა გაიგეთ ქიმიით, როგორი იყო ეს გზა?

მაგალითად, ორგანული ქიმიის შესწავლის შემდეგ, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ვხედავ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ქიმიაა. როცა ბიოქიმიის საკითხებს ვსწავლობდი, გავიგე როგორ ამუშავებს ადამიანის ორგანიზმი მაგალითად გლუკოზას და ამით როგორ ვიღებთ ენერგიის მარაგს. ორგანიზმში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რადგან ისეა მოწყობილი, რომ ერთი ნივთიერება მეორისთვის არის საჭირო, მეორე, მესამისთვის და ასე შემდეგ. როცა ამ ყველაფერს იაზრებ, ძალიან საინტერესოდ გეჩვენება.

ფიზიკური ქიმიის სწავლისას თერმოდინამიკას როცა ვსწავლობდით, ჩვენს ლექსიკაში შემოვიდა ინტროპიას ცნება, რომელსაც ქაოსის საზომს ვეძახით. ცოტა უცნაურია და თან ბევრ რამეს ხსნის.

მაგალითად იმას,  რატომ აღარ გამრთელდება გატეხილი ჭიქა. რატომ არის უფრო მეტი შანსი, რომ გატეხილი იყოს და არა გამრთელებული.

ოლიმპიადისთვის მზადება ისედაც ბევრ დროს მოითხოვს, თუმცა სხვა კონკურსებშიც ვცდილობ მონაწილეობას. მაგალითად მილენიუმის პროექტში ვმონაწილეობ და ჩემი გუნდი უკვე ფინალშიც გადავიდა.

  • ამ კონკურსში რა გააკეთეთ?

ინოვაციების კონკურსია, რამე ისეთი უნდა გამოიგონო, რაც საზოგადოებას გამოადგება. ჩვენმა გუნდმა მოვიფიქრეთ ტექნოლოგია, რომელიც ბალახს ქაღალდად გარდაქმნის. ანუ უნდა ავაწყოთ აპარატი, სადაც ჩაიყრება ბალახი და გადამუშავდება ქაღალდად.

  • როგორ ფიქრობთ, გამოგივათ?

უკვე აწყობილი გვაქვს რაღაც ნაწილები. ვნახოთ.

და კიდევ, ყველაზე მეტად ქიმიკოსთა ასოციაციასთან მუშაობას ვაფასებ. ეს არის მასწავლებლების ჯგუფი, რომლებიც ბავშვებს უსასყიდლოდ უტარებენ ქიმიის გაკვეთილებს. ჩამოაყალიბეს სასწავლო ცენტრი „ზურგჩანთა“ და ონლაინაც ასწავლიან ბავშვებს. ელიზბარ ელიზბარაშვილი, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია და ვახტანგ კურცხალია არიან ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მენტორები იყვნენ ამ ოლიმპიადაზე.

თითქმის ორი წელია, რაც ეს ხალხი გვამეცადინებს და ძალიან კარგია, რომ ასეთი პედაგოგები არსებობენ, რადგან ქიმიის მარტო სწავლა რთულია. ბევრი კითხვა გიჩნდება, სკოლა კი ყველაზე კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს, რადგან არ შეესაბამება სასკოლო მასალებს.

ჩვენთვის მოტივაციაა ისიც, რომ ჯილდოს ვიღებთ. ვერცხლის მედლის გარდა სახელმწიფომ 2 ათასი ლარი გადმომცა, თუმცა არ მომეწონა, როცა 20 პროცენტი საშემოსავლო დაგვიკავეს. თუ ჯილდოა, მაშინ არ უნდა გვართმევდნენ.

ბიოლოგიური ცდებით უკრაინელი სამხედროები სასტიკ ურჩხულებად გადააქციეს – დუმას გამოძიება

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შექმნილი სპეციალური კომისიის თანათავმჯდომარეების თქმით, უკრაინელი სამხედროების სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მათზე ამერიკამ „საიდუმლო ექსპერიმენტები“ ჩაატარა, რის შედეგადაც ისინი „ყველაზე სასტიკ და მომაკვდინებელ ურჩხულებად გადაიქცნენ“. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა მედია საშუალებებთან ერთად რუსული „კომერსანტიც“ ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერებმა, კონსტანტინ კოსაჩევმა და ირინა იაროვაიამ ჟურნალისტებს უამბეს იმ საპარლამენტო კომისიის „მუშაობის შედეგებზე“, რომელიც „უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობას“ იძიებდა. კოსაჩევი და იაროვაია ამ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.

კოსაჩევის თქმით, ტყვე უკრაინელი სამხედროების სისხლის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა „მთელი რიგი დაავადებებისა, მათ შორის ისეთები, რომლებიც ატიპურია უკრაინის ტერიტორიისთვის. შესაბამისი ნივთიერებების მოცულობა ბევრად აღემატებოდა დაშვებულ ნორმებს“. ეს ნიშნავს, რომ „მათზე ატარებდნენ ცდებს და უკრაინის ტერიტორიაზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, რომლებიც კონკრეტული ვითარებაში შეიძლებოდა, საომარი მიზნებისთვის გაევრცელებინათ.“

ირინა იაროვაიამ დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროების სისხლში ასევე აღმოჩნდა „ნარკოტიკების კვალი“, „ძალიან მაღალი ტიტრი ჰეპატიტ A-ზე“ და „დასავლეთ ნილოსის ცხელება“.

„რასაც ჩვენ ვხედავთ: ის სისასტიკე და დაუნდობლობა, როგორც უკრაინელი სამხედროები იქცევიან; ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი სჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ის საშინელი დანაშაულები, რომლებსაც ისინი სამხედროების წინააღმდეგ სჩადიან, ადასტურებს, რომ ეს არის სიკვდილის საშინელი მანქანის შექმნისა და მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელდა,“ – აცხადება ირინა იაროვა. – „და ასევე დასტურდება, რომ მათ დღემდე აძლევენ დოპინგებს, რათა  ბოლომდე წაშალონ ადამიანური ცნობიერების უკანასკნელი კვალი და აქციონ ისინი დაუნდობელ ურჩხულებად.“

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენეტიკოსი კირილ ვოლკოვი ამბობს, რომ სამხედროებში გამოვლენილ დაავადებებს „უკრაინისთვის ატიპურად არ მიიჩნევს“. მისი თქმით, სუბტროპიკული დაავადებები, მათ შორის დასავლეთ ნილოსის ცხელება, რუსეთის სამხრეთ ოლქებშიც ფიქსირდება, ჰეპატიტი A კი სრულიად ტიპური დაავადებაა.

ვოლკოვი დასძენს, რომ ნამდვილად არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ცნობიერების შეცვლა და აგრესიის გამოწვევა შეუძლია, თუმცა რუსი პარლამენტარების გამონათქვამებს „ბიოლოგიური თავდასხმის“ შესახებ ჰიპერტროფირებულს უწოდებს.

Настоящее Время წერს, რომ მარტის შუა რიცხვებში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირისას განაცხადა, რომ უკრაინაში „პენტაგონის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამა, ექსპერიმენტები კორონავირუსის, ციმბირის წყლულის, ქოლერის, ღორის აფრიკული ჭირისა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების ნიმუშებით“.

უკრაინელი ჯარისკაცების „არაადამიანურ“ ბრძოლაზე აქამდეც საუბრობდა რუსული პროპაგანდისტული მედია – მათ თავგანწირვას კი ზებუნებრივ ძალებს თუ სხვა მედიკამენტებს მიაწერდნენ.

___

მთავარი ფოტო: კონსტანტინ კოსაჩევი და ირინა იაროვაია

ქუთაისის სკოლის ბუღალტერს თანხის მითვისებისთვის ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბუღალტერს, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა.

„საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების  მითვისების ფაქტს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა“, – აცხადებს პროკურატურა.

ამავე წყაროს ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყოფილ ბუღალტერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებას გულისხმობს.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.

ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო.

საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობს იმას, რომ ოზთურქს შესაძლოა ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი ბრალიც წარუდგინონ.

საქმე იმაშია, რომ “ოზთურქის საქმეზე” თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით კი, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რადგან წინასასამართლო სხდომა გადაიდო, მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა – ოზთურქი წინასწარ პატიმრობაშია, თუმცა კანონით სავალდებულოა მაქსიმუმ 2 თვეში გადაისინჯოს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის საკითხი (წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა).

„მოწმეები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან“, – თავის სიტყვაში ამას გაუსვა ხაზი პროკურორმა ლევან მურვანიძემ და სირთულეზე, რომ პროკურატურა ამ საქმეზე, ანუ ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაწყებულ საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

პროკურორის თქმით, ოზთურქი ისევ პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან „გამოძიება მომდინარეობს ფინანსური დანაშაულის მიმართულებით“ და „მან შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვების პროცესს“.

პროკურორმა ასევე ხაზი გაუსვა ოზთურქის „ფინანსურ შესაძლებლობებს“ და მიმალვის საფრთხეს, თუკი მას გაათავისუფლებენ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – ეს ადვოკატების მთავარი აქცენტი იყო. მათივე თქმით, ამას ერთ-ერთი, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

დაცვის მხარემ 1 მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა ოზთურქის გათავისუფლება.

ადვოკატების შეფასებით, უკანონოა პროკურორის მოთხოვნა, ოზთურქის პატიმრობაში დატოვებაზე, რადგან არ შეიძლება ბრალდებული პატიმრობაში დატოვო იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მას ბრალი წარდგენილი არ აქვს, ნარკოდანაშაულზე კი, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

„ფინანსური ხასიათის ქმედებებზე შესაძლოა ბრალი საერთოდ არ იქნას წარდგენილი“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ბრალის წარდგენის პერსპექტივით“ უკანონოა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.

„რამდენი გალიფ ოზთურქია ბათუმში, ვისაც შეუძლოა 15 ათასი ადამიანის დასაქმება და 250 მილიონი ლარის გადასახადებში გადახდა?… პროკურატურას ის მაინც არ შეუძლია, დროულად დაასრულოს გამოძიება?“ – აღნიშნა გალიფ ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა.

შემდეგ მოსამართლეს მიმართა გალიფ ოზთურქმა და „სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერას“ გაუსვა ხაზი თავის ბიზნესში.

„…ჩემი მიზანია დავეხმარო ქართველ ხალხს და გავაკეთო უკეთესი საქმეები, სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერით გავაგრძელო ქველმოქმედება და ბიზნესსაქმიანობაც… საქართველოში დავაბანდე 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია… რატომ ხდება ეს, გაურკვეველია: მე ვარ დაპატიმრებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მე არ ჩამიდენია…

არავისზე გაბრაზებული არ ვარ, არავის ცუდი თვალით არ ვუყურებ“, – აღნიშნა ოზთურქმა. შემდეგ კი, მილიონერი დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ აპირებდა ბრინჯის მოყვანას საქართველოში.

„ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი, ჭაობიანი ადგილებიც შევიძინე ამისთვის, შევისწავლეთ მიწის მონაცემები… იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდებოდა და ადგილობრივებიც დასაქმდებოდნენ… დღეს ამ ტერიტორიებსაც ყადაღა ადევს, პროკურატურას ვთხოვ, გადახედოს ამ საკითხს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

მინდა ოჯახთან და საქმესთან დამაბრუნოთ, არსად დამალვას და გაქცევას არ ვაპირებ“, – დაასრულა ოზთურქმა.

„ჩვენ ვმსჯელობთ აღკვეთი ღონისძიების საკითხზე და არა ბრინჯსა და სოციალურ საკითხებზე“, – გაბრაზდა პროკურორი ლევან მურვანიძე. მას დაცვის მხარემ სთხოვა განემარტა: რატომ უნდა დარჩეს პატიმრობაში ოზთურქი, თუკი მოწმეები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე?

„7 მოწმე მოვიყვანეთ მაგისტრ მოსამართლესთან და შვიდივემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე“, – თქვა პროკურორმა და არგუმენტის გამყარება ისევ „ფინანსურ დანაშაულზე“ აქცენტით სცადა.

„გუშინ მივმართეთ თურქეთის ოფიციალურ ორგანოებს შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ… სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი ფინანსური ზარალის მიყენებაზეა საუბარი“, – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. მან დისკუსიაში დაადასტურა ის, რომ „ოზთურქის საქმეზე“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები „სხვა დანაშაულს შეესწრნენ“, ანუ ნარკოდანაშაულს, თუმცა ვერ თქვა: რატომ ვერ დასრულდა ფინანსურ დანაშაულებზე გამოძიება, ან რატომ შეიძლება ამართლებდეს პროკურატურა პირის პატიმრობაში დატოვებას საქმეზე, რაზეც ბრალი ოზთურქისთვის არ წარუდგენიათ?

„ქურდობაზე თუ ვიწყებ გამოძიებას და სხვა დანაშაულსაც შევესწარი გზაში, რა უნდა ვქნა?“ – ისევ აუწია ხმას პროკურორმა.

რა აქვს პროკურატურას დაგეგმილი ნარკოდანაშაულის გამოძიების კუთხით, რაზეც საპროცესო მოქმედებებს შესაძლოა ოზთურქს ხელშეშლა და რა მუხლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი? – ესეც ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორს.

პროკურორ ლევან მურვანიძის თქმით, რადგან „ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან“, ვერ დადგინდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობა.

„მოხდა მთელი შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, ეს ჩანაწერები ხანგრძლივია, საჭიროა მათი დეტალური შესწავლა“, – აღნიშნა პროკურორმა.

„ოზთურქის თავისუფლება რაში შეგიშლით ხელს?“ – იკითხეს ადვოკატებმა.

„იმაში, რომ არ ვიცით წინასწარ რა მტკიცებულება აღმოჩნდება ამ ჩანაწერებში და რა გავლენა აქვს ამ მტკიცებულებაზე ბრალდებულს,” – ადვოკატებს გახედა პროკურორმა.

„ისევ არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – თქვა მოსამართლემ, ვიდრე სარეზოლუციო გადაწყვეტილებას წაუკითხავდა ოზთურქს.

——–‐———-‐———–

ოზთურქი

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ამ თემაზე:

რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

კრამატორსკი რაკეტებით დაბომბეს, მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, ქალაქ კრამატორსკში ძლიერი აფეთქებაა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო რაკეტებით.

ამის შესახებ კირილენკო ტელეგრამზე წერს და ვიდეოს ავრცელებს.

„ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ.

ხანძარი საცხოვრებელ სართულებში გაჩნდა, რომლებიც დარტყმის ეპიცენტრში იყვნენ. შემთხვევის ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები ხანძარს აქრობენ და მოსახლეობას დახმარებას უწევენ“ – წერს კირილენკო.

უკრაინული წყაროების ცნობით, ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთი თავის ძალებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ომის მიმდინარე ეტაპზე, რუსეთი სლოვიანსკზე მეტად პრიორიტეტს სივერსკისა და ბახმუტის დაკავებას მიანიჭებს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამგვარი გეგმის არსებობას ადასტურებს სერგეი შოიგუს შეხვედრა „აღმოსავლეთის“ სარდლობის მეთაურთან, გენერალ ლეიტენანტ რუსტამ მურადოვთან.

შეხვედრა გუშინ 18 ივლისს შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ რუსტამ მურადოვს უკრაინის შორსმოქმედი სისტემების განადგურება დაავალა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად ახსენა „აღმოსავლეთის“ სარდლობა. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ცენტრალური და სამხედრო სარდლობის შესახებ, რომლებსაც გენერალ პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი და გენერალი სერგეი სუროვიკინი მეთაურობენ.

„მურადოვს, რომელიც იზიუმის მიმართულებას ხელმძღვანელობს, უფრო დაბალი რანგი აქვს, ვიდრე ლაპინსა და სუროვიკინს. ეს მიანიშნებს, რომ კრემლი იზიუმ-სლოვიანსკის რაიონს ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე დონბასის სხვა ტერიტორიებს,“ – მიუთითებს ომის კვლევის ინსტიტუტი და დასძენს, რომ სავარაუდოდ, კრემლი სამხედრო რესურსებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს.

რუსეთის არმიის გააქტიურებაზე სივერსკისა და ბახმუტის მიმართულებით, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც წერდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სივერსკის შემდეგ, რუსების სამიზნე ბახმუტი გახდება.

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ბათუმში 20 ივლისს

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 20 ივლისს, ბათუმში გაზმომარაგება შეწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე.

კერძოდ:

  • 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზი შეუწყდებათ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15 აბონენტებს.
  • 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი გაზი გაეთიშებათ ვაჟა-ფშაველას #53-ში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი” და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ნორვეგიაში ფულს აგროვებენ უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად

ნორვეგიაში უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს.

„აჩუქე ბაირაქტარი უკრაინელ ხალხს ნორვეგიელებისგან“ – მოუწოდებენ კამპანიის ავტორები ნორვეგიელებს. კამპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვამ სამ დღეში შეაგროვა „ბაირაქტარისთვის“ საჭირო თანხა, პოლონეთში კი 3 „ბაირაქტარის“ თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, ასევე – უკრაინაში.

„ჩვენ გვჭირდება 10 კრონზე ნაკლები თითოეული ნორვეგიელისგან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის [19 ივლისი], 290 260 ნორვეგიული კრონი [29 ათას აშშ დოლარზე მეტი] შეგროვდა კამპანიის ფარგლებში.

„ბაირაქტარ TB2-ს“, თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატს, უკრაინის „იმედის იარაღსაც“ უწოდებენ. დრონი 2015 წლიდან გამოიყენება, მას ჰაერში დაახლოებით 24 საათი გაჩერება და 7 კილომეტრის სიმაღლიდან 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე მართვადი საბრძოლო მასალის მიზანში სროლა შეუძლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ეფექტურად იყენებს „ბაირაქტარის“ დრონებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან თავდასაცავად, სწორედ ამიტომ პოლონეთსა და ლიეტუვაში საგანგებოდ შეაგროვეს თანხა უკრაინისთვის ამ დრონების შესაძენად.

აჭარაში კოვიდის 882 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 72 073 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

7- დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10.84% პროცენტი.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 4 978  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 882 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 624 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გრაფიკაზე ასახულია ბოლო 30 დღის მაჩვენებლები. გრაფიკა აჩვენებს, როგორ იზრდება საქართველოში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობა

როგორ გაჩნდა ფრაზა – „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“

ომის პირველი დღეებიდან უკრაინის საომარ ჰიმნად არაერთი სიმღერა იქცა, მათ შორის უკრაინული დუეტის, ProBass-ისა და HARDI-ს ჰიტი „Доброго вечора, ми з України“ – „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“.

განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფრაზა, რომელსაც დღეს თითქმის ყველა უკრაინელი იყენებს. ხშირად ამ ფრაზით ესალმებიან საზოგადოებას პოლიტიკოსებიც – მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.

„დილა მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“, ან „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“ სწორედ ასე იწყებს თავის ვიდეომიმართვებს ვიტალი კიმი.

როგორ გაჩნდა “საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ” უკრაინული დუეტის ჰიტში, რომელიც ომის სიმბოლოდ იქცა – DJ ProBass-ი სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ ფრაზას კლიპში ჯგუფ „დახაბრახას“ სოლისტი მარკო გალანევიჩი ამბობს.

„როდესაც ტრეკზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი მასალა მოვისმინეთ – მათ შორის ეთნო მუსიკა, სხვადასხვა ჯგუფი, YouTube-ზეც ვეძებდით. ამ დროს ვნახეთ ფოლკ-ჯგუფის „დახაბრახას“ ინტერვიუ ერთ-ერთ უცხოურ რადიოსთან. „საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ“, – ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც მათ უკრაინულად თქვეს. და ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა. სხვათა შორის, „დახაბრახამ“ მოისმინა ჩვენი სიმღერა და ძალიან მოეწონათ,“ – ჰყვება DJ ProBass-ი.

YouTube video player

“საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ”- უკრაინული დუეტის ProBass-ისა და HARDI-ს სიმღერაა, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და პოპულარული გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ტრეკი უკრაინულ Apple music -ის ჩარტებში 2022 წლის მარტში უკვე მერვე ადგილს იკავებდა. მას აქტიურად იყენებენ უკრაინელები ფრონტის ხაზზე გადაღებული საბრძოლო ვიდეოების ფონად.

მთავარი ფოტო: ჰიტის ავტორები/instagram.com/djprobass

უახლოეს დღეებში ბათუმში დროდადრო ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილას – ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 19 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

მერი სათათბირო საბჭოს მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ქმნის – არასამთავრობოები არ ეთანხმებიან

დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საკრებულო „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის შემდეგაც ქალაქის მერს K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება ენიჭება. მერი აპირებს, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით შექმნას ე.წ. სათათბირო საბჭოც, რომელიც მთლიანად თანამდებობის პირებისგან დაკომპლექტდება.

ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გუშინ საკრებულოს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ. ორგანიზაციების განცხადებით.

  • პროცესი არ მიმდინარეობდა მონაწილეობითად, არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და თუნდაც გენგეგმის ჯგუფი
  • არ არის განსაზღვრული საბჭოს საქმიანობის დეტალური წესი
  • საბჭო კომპლექტდება სრულად მერის მიერ თანამდებობის პირებისგან, რაც ნიშნავს, რომ დაცლილი იქნება პროფესიული და დამოუკიდებელი პირებისგან
  • საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანაა – ინვესტიციების მოზიდვა, რაც აჩენს საფრთხეს, რომ აღნიშნულის უკან უფრო დიდი ინტერესია
  • დადგენილება არეგულირებს უფრო ფართო წრეს ვიდრე ავარიული სახლებია, მაგალითად დაუმთავრებელი მშენებლობები, რაც ცდება კანონის ფარგლებს.

„ბათუმის საკრებულომ ადგილობრივ დონეზე უნდა მიიღოს სამართლებრივი აქტი, დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერს ექნება მშენებლობის სიმაღლის გაზრდის კოეფიციენტის შესაძლებლობა და ასევე ავარიული სახლების ნაწილში, სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს გადაწყვეტილებებს.

სათათბირო საბჭოს აკომპლექტებს თავად მერი და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ნაწილში დავინახეთ რისკები, რადგან  დადგენილების პროექტში წერია, რომ სათათბირო საბჭოს წევრები უნდა იყვნენ თანამდებობის პირები და ამ სათათბიროს ხელმძღვანელიც უნდა იყოს თანამდებობის პირი. ჩვენ გვინდოდა და მანამდეც ვაცხადებდით, რომ სათათბირო საბჭო მაქსიმალურად უნდა დაცლილიყო საჯარო მოხელეებისგან, რადგან გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება იგივე ზონალურ საბჭოსთან მიმართებაში, ამიტომ ეს სათათბირო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სპეციალისტებისგან და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს ეს“, – ამბობს თეონა დიასამიძე, „დემოკრატიული ჩართულობის ქსელის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რაც მერიასა და საკრებულოში ჯერ არ გაითვალისწინეს.

„შესაბამისად, ახლაც ვითხოვთ, რომ ეს სათათბირო საბჭო მაქსიმალურად დაცლილი იყოს საჯარო მოხელეებისგან, დაკონკრეტებული იყოს სათათბიროს საქმიანობის წესი, გადაწყვეტილებების მიღების დრო, დასაბუთებული და არგუმენტირებული იყოს  საბჭოს თითოეული გადაწყვეტილება, მაქსიმალურად დააკომპლექტონ სპეციალისტებით და ეს ვალდებულება ნამდვილად უნდა აიღოს მერმა“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

არასამთავრობოების განცხადებით, მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალობისა და ჩართულობის მიღმა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დღეს ეს საკითხი არ განიხილოს საკრებულომ, არ მიიღოს ეს დადგენილება და დაიწყოს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა სექტორთან. მხოლოდ ამის შემდეგ, როცა მოხდება დაკონკრეტება სათათბიროს საქმიანობის წესის და სათათბირო საბჭოში შემავალი პირების სპეციალობების, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს კომისიამ და მიიღოს შესაბამისი დადგენილება“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

მისი თქმით, თუ მერიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობოების მოთხოვნა, ეს იქნება კიდევ ერთი ილუსტრაცია იმის, თუ რამდენად არ სურს მას სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და გამჭვირვალე პროცესები ადგილობრივ დონეზე.

„თვითმმართველობა ვალდებულია, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი პროცესები არ დაიწყოს“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

განცხადებას უერთდებიან – საია, „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და სხვა ორგანიზაციები თუ პირები, ვისაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება აწუხებს.

ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა NATO-ს სტანდარტის შეიარაღებაზე გადადის, კონკრეტულ პოზიციებზე კი უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიასთან პარიტეტს მიაღწიეს – ამის შესახებ ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ისეთი ჭურვების მიღება, რომლებიც უფრო შორს სწვდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ შემოვა იმ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, როგორიც ჩვენ გვჭირდება,“ – უპასუხა დანილოვმა შეკითხვას,  შესაძლებელია თუ არა, უკრაინამ კიდევ უფრო შორსმოქმედი შეიარაღება მიიღოს.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კალიბრის ჭურვები, რომლებიც ომში მანამდე გამოიყენებოდა, ევროპაში უკვე ამოიწურა.

„არის საბჭოთა ჭურვები, ე.წ. 152 ან 122 კალიბრის. იმის გათვალისწინებით, რომ ომი უკვე საკმაოდ დიდ ხანია გრძელდება, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჭურვი გამოიყენება, 152 და 122 კალიბრის ჭურვები უკვე თითქმის აღარაა ევროპაში.“

ოლექსი დანილოვის თქმით, დასავლური შეიარაღების დახმარებით, უკრაინამ კონკრეტულ პოზიციებზე რუსეთის არმიასთან გარკვეულ პარიტეტს მიაღწია.

„დღეისთვის ნამდვილად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ. ახლა, იმის წყალობით, რომ ჩვენ გარკვეული რაოდენობით შეიარაღებას ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, კონკრეტულ პოზიციებზე პარიტეტს მივაღწიეთ“, – ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ შეიარაღება უპირატესობის მოსაპოვებლად და ომის მალე დასასრულებლად საკმარისი არაა, ამიტომაც უკრაინა დიდ იმედებს ამყარებს „რამშტეინ 4-ის“ შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება და რომელზეც უკრაინისთვის შეიარაღების გაზრდის საკითხი განიხილება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვითარება შეცვლილია, მარტთან ან აპრილთან შედარებით, მაისთან შედარებითაც კი… მთავარია, არ გაჩერდნენ ის თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღე მოფრინავენ ჩვენს საზღვართან ახლოს მდებარე NATO-ს წევრ ქვეყანაში. იქ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი ამ პროცესს არ წყვეტენ“.

26 აპრილს „რამშტეინის“ ავიაბაზაზე, გერმანიაში, 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, ერთობლივი ძალებით, უკრაინის არმიის თანამედროვე შეიარაღებით მომარაგება.

15 ივნისს შედგა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კონტაქტური ჯგუფის შეხვედრა (ე.წ. „რამშტეინი-3), რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა. ცნობილი გახდა, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემდნენ, სლოვაკეთი – ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი – არტილერიას.

კონტაქტური ჯგუფის მომდევნო შეხვედრა („რამშტეინ 4“) 20 ივლისს იმართება.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/president.com.ua

10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები

განათლების სპეციალისტი, მარიანა კარაპეტიანი ამბობს, რომ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სომხური სკოლების მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან მას ხშირად შესჩივიან. მისი თქმით, მასწავლებლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ნათარგმნ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებში.

„ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაგება რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი.

ჩემი აზრით, ამ წიგნების ბეჭდვა უბრალოდ ფულის უაზრო ხარჯვაა სახელმწიფოს მხრიდან, ბავშვებისთვის კი არაფრის მიმცემია.

გასაგებია, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ითარგმნება სახელმძღვანელოები, მაგრამ თარგმანი ხარისხიანი უნდა იყოს. მე რომ 10, 11 წლის წინ გამოცემული სახელმძღვანელოთი მასწავლიდნენ სკოლაში, იმავე სახელმძღვანელოთი ასწავლიან ისევ სომხურ სკოლებში ზოგ საგანს“,   – ამბობს მარიანა კარაპეტიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიას სომხურენოვანი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, გოჰარ ესოიანი ადასტურებს, რომ მისი საგნის – გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ხარვეზები და თარგმანის პრობლემა ნამდვილად არის.

„2008 წლიდან 2012-მდე რაც იყო გრიფირებული, იმ სახელმძღვანელოებით გავდივართ გეოგრაფიას ახლაც, ანუ 14 წლის წინანდელი ბილინგვური სახელმძღვანელოთი ვსწავლობთ აქამდე.

მხოლოდ შარშან მივიღეთ ახალი სახელმძღვანელო მეშვიდე კლასის გეოგრაფიაში და ჩემს საგანში სხვა კლასებს ისევ ძველი სახელმძღვანელოებით უნდა ვასწავლო.

ვიცით, რომ უკვე დაიწყო ჩვენთვისაც ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოების გადათარგმნა სომხურად, მაგრამ ის სახელმძღვანელოები, რომლებიც უკვე არის სკოლებში და რის საფუძველზეც დგება ეროვნული სასწავლო გეგმა, ჩვენამდე ჯერჯერობით ვერ მოაღწევს“, – ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი.

გოჰარ ესოიანი გეოგრაფიას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში ასწავლის – მეშვიდედან მეთერთმეტე კლასამდე.

მისი შეფასებით გეოგრაფიის ძველი სახელმძღვანელოები, რითაც წლებია სკოლაში ასწავლის, სიტყვასიტყვითაა ქართულიდან სომხურად ნათარგმნი.

„ბავშვებიც ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ვერ გაიგეს, მაგალითად, რა წერია დავალებაში, ვერ იგებენ ხშირად დავალების არსს და გაკვეთილის ტექსტს.

მე შემიძლია ბავშვებს ავუხსნა სომხურ ენაზე გაუგებარი აბზაცები, რახან სომხური ტექსტის გვერდით ქართული ანალოგიცაა  და სახელმწიფო ენაც კარგად ვიცი – ეს არ მიჭირს, მაგრამ სხვა მასწავლებლებისთვის, ვინც არ იცის ქართული, სახელმძღვანელოების ენა დიდი პრობლემაა“, – ამბობს გოჰარ ესოიანი.

გეოგრაფიის მეშვიდე, მეცხრე და მეათე კლასის ბილინგვური სახელმძღვანელოები სომხურენოვანი სკოლებისთვის

გეოგრაფიის ის ძველი სახლემძღვანელოები, რაზეც გეოგრაფიის მასწავლებელი საუბრობს, გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ გამოცემულია.

გამომცემლობის რედაქტორი ლაშა ბერაია ამბობს, რომ გეოგრაფიის ეს წიგნები ნამდვილად ძველია, თუმცა შედგენილია პროფესიონალ მთარგმნელებთან თანამშრომლობით:

„ბილინგვური სახელმძღვანელოები ასე გამოიცემა: ჩვენ გამოვცემთ ჯერ ქართულ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გრიფი ენიჭება განათლების სამინისტროს მიერ და ექსპერტებისგან გრიფირებული სახელმძღვანელოები მერე ითარგმნება სომხურ ენაზე.

ვერ დავდებდი ბრალს უზუსტობაში ჩვენს მთარგმნელებს, რადგან საუკეთესო პროფესიონალებთან ვთანამშრომლობთ. იქნებ, სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე.

სამცხე-ჯავახეთში სომხური ენის დიალექტზე საუბრობენ, რაც ძალიან განსხვავდება ლიტერატურული სომხურისგან. ეს სახელმძღვანელოები ქართულიდან ლიტერატურულ სომხურ ენაზეა ნათარგმნი.

უპირობოდ ვერ ვირწმუნებთ მასწავლებლების ნათქვამს, კონკრეტული შენიშვნები უნდა იყოს გამყარებული მაგალითებით.

იქნებ ლიტერატურული სომხურით ნათარგმნი ეს სახელმძღვანელოები დიალექტზე მოსაუბრეებისთვისაა გაუგებარი.

იქნებ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე და არა იმ პრობლემასთან, რომ თარგმანია ცუდი“, – ამბობს „ლოგოს პრესის“ რედაქტორი.

ლაშა ბერაია მიიჩნევს, რომ კიდევ მესამე მხარეა საჭირო, კომპეტენტური  სომეხი ფილოლოგი ან ექსპერტი, რომელიც გაარკვევს, ვინ რას რატომ ამბობს.

ქიმიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოების პრობლემურობაზე საუბრობს მელინა ტამასიანიც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის სოფლის ფიზიკა-ქიმიის მასწავლებელი. მისი თქმით, მეშვიდე კლასს უკვე აქვს ფიზიკისა და ქიმიის ახალი ბილინგვური სახელმძღვანელოები, თუმცა დანარჩენ კლასებს ძველი სახელმძღვანელოებით ასწავლის.

მელინა თამასიანსაც იგივე პრეტენზიები აქვს ფიზიკა-ქიმიის ძველ სახელმძღვანელოებზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც გაუმართავია თარგმანი და ბევრი ხარვეზია.

ფიზიკა-ქიმიის მასწავლებელი ასევე აღნიშნავს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, რამდენიმე სხვადასხვა სახელმძღვანელოს შორის გააკეთოს არჩევანი, როგორც ეს ქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ, რადგან სომხურ სკოლებში გრიფირებული ბილინგვური სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთი ვარიანტი მიდის:

„ქიმიასა და ფიზიკაში, მოგეხსენებათ, ბევრი ფორმულაა. ფიზიკის სახელმძღვანელოებში, გარდა იმისა, რომ ეს სახელმძღვანელოები მოძველებულია,  ბევრი შეცდომაა ფორმულებშიც, გრამატიკული შეცდომაც ბევრია და უზუსტობებიც თარგმანში.

ასეთი სახელმძღვანელოებით წინ ვერ წავალთ.

პრობლემურია მერვე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოც. ველოდებით ახალ წიგნებს და ვიმედოვნებთ, რომ თარგმანი და ხარისხი უკეთესი იქნება.

ქიმიის სახელმძღვანელოში ხშირად ვერ ვიგებთ რას გვთხოვენ სავარჯიშოებში და ეს თარგმანის პრობლემაა. ძირითადად 10, 11 წლის წინანდელი წიგნებით ვასწავლი ქიმიას და ფიზიკას“, – ამბობს მელინა ტამასიანი.

მელინა ტამასიანის მიერ დასახელებული ფიზიკისა და ქიმიის სახელმძღვანელოები გამომცემლობა „ინტელექტმა“ მოამზადა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

გამომცემლობაში გვითხრეს, რომ მასწავლებლებისგან მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმძღვანელოებზე პრეტენზია არ სმენიათ.

„ინტელექტის“ წარმომადგენელმა, გამომცემელმა ეთერ ბაიდოშვილმა გვითხრა, რომ მელინა ტამასიანის მიერ დასახელებული, მათ მიერ გამოცემული მეათე, მეთერთმეტე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოები ნამდვილად ძველია; 14, 15 წლის წინაა ასევე გამოცემული ქიმის სახელმძღვანელოებიც:

„როცა გრიფირებულ ქართულ სახელმძღვანელოებს ვთარგმნით სამინისტროს ექსპერტ-კორექტორები, რედაქტორები ამას ამოწმებენ, მხოლოდ მთარგმნელის ნდობაზე არ ვართ დამოკიდებული.

რამდენჯერმე ასწორებენ სახელმძღვანელოებს სამინისტროს ექსპერტები, ამოწმებენ მათ შორის თარგმანის ხარისხს.

ცხადია, გამომცემლობას ჰყავს თავისი მთარგმნელები, ამ მხრივ თავისუფალი არჩევანი გვაქვს.

სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიას ვიღებთ სამინისტროს ექსპერტებთან და სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობის, სახელმძღვანელოს მრავალჯერ შესწორების შემდეგ.

ყველა გამომცემლობა სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოს თარგმნის ქართულიდან სომხურ ენაზე და ძველი წიგნები ნელ-ნელა ჩანაცვლდება ახლით“, – ამბობს გამომცემელი ეთერ ბაიდოშვილი.

მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლებისთვის მომავალ წელს მეათე კლასის სახელმძღვანელოები უნდა ითარგმნოს.

ამჯერად გამომცემლობა „ინტელექტი“ ქართულიდან სომხურ ენაზე მათემატიკის სახელმძღვანელოებს თარგმნის. გამომცემლობამ უკვე მოამზადა მეცხრე კლასის ახალი ბილინგვური სახელმძღვანელო და ეტაპობრივად მომზადდება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების სახელმძღვანელოებიც.

რუსეთის არმიის წინსვლა და საბრძოლო ტემპი შენელდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის მთავარი აქცენტი დონბასში მყოფი რუსეთის არმიის ნაწილების შემადგენლობა, ბრძოლისუნარიანობა და სტრატეგიაა. უწყების ინფორმაციით, რუსეთს დონბასის შეტევებში ნომინალურად ჰყავს ჩართული ექვსი ცალკეული არმია.

ეს ფორმირებები, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, დაახლოებით 150 000 სამხედროსგან შეიქმნა, თუმცა ბოლო კვირებში, ნებისმიერ სექტორში შეტევისას, რუსეთი ძირითადად ასეულის ზომის დაჯგუფებებით მოქმედებდა. 

„სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთი მთელი ძალით ცდილობს, შეინარჩუნოს ეფექტიანი საბრძოლო შეტევის ძალა. ეს პრობლემა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მწვავდება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ პირადი შემადგენლობის სერიოზულ დეფიციტთან ერთად, რუსეთის სარდლობა სხვა დილემის წინაშეც დგას  – გადაისროლოს რეზერვები დონბასში თუ უკრაინის კონტრშეტევებისგან თავის დასაცავად ხერსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში გააძლიეროს თავისი დანაყოფები.

„რუსეთის უახლესი და გამოცხადებული მიზანი დონეცკის ოლქის სრულად დაკავებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეიძლება კვლავაც მიაღწიოს გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებებს, მისი არმიის საბრძოლო ტემპი და წინსვლის დინამიკა ძალიან შენელდება  გადაჯგუფებისა და გადაიარაღებისთვის აუცილებელი ოპერატიული პაუზების გარეშე,“ – მიუთითებს დაზვერვა.

გუშინდელ რელიზში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა წერდა, როგორ იყენებს რუსეთი დონბასში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“, რომელმაც დაზვერვის ინფორმაციით, ლუგანსკის ბრძოლებში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 691 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 892 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 851 ერთეული [+2]
  • MLRS – 248 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 220 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 693 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 767 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 70 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 257 თვითმფრინავი
  • 143 ვერტმფრენი
  • 1 568 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 356 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 106 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 759 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 160 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 392 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პირადი შემადგენლობის სერიოზულ დეფიციტთან ერთად, რუსეთის სარდლობა სხვა დილემის წინაშეც დგას – გადაისროლოს რეზერვები დონბასში თუ უკრაინის კონტრშეტევებისგან თავის დასაცავად ხერსონის მიმართულებით გააძლიეროს დანაყოფები.

ამავე თემაზე:

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი ლალი მარგიანი. სკოლაში ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. ლალი წელს ეროვნული ჯილდოს ათეულშია და ინტერვიუში თავის პირად ტრაგედიაზე, განცდებსა და მოსწავლეებზე გვიყვება.

  • ქალბატონო ლალი, რა გზა გაიარეთ სანამ მარნეულში, ხოჯორნის სკოლაში აღმოჩნდებოდით?

მასწავლებლობა ჯერ კიდევ 1987 წელს დავიწყე, როცა მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი მქონდა. როცა მესტიაში სტიქიური უბედურება დატრიალდა და დაიცალა სვანეთის სოფლები, სკოლებში კადრების ნაკლებობა იყო და იმ პერიოდში, წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს ატესტატითაც უშვებდნენ ხოლმე სკოლებში სამუშაოდ. მეც წავედი სამუშაოდ სოფელ კალაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

ბოლოს სოფელ ფარის საშუალო სკოლაში ვიყავი, თუმცა როცა ოჯახი შევქმენი, პედაგოგიური საქმიანობა შევწყვიტე.

  • რატომ?

რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და ყოველთვის მიჭირს ხოლმე ამაზე საუბარი. 15-წლიანი პაუზა მქონდა, შემდეგ კი მეგობრების დაჟინებით მაინც ჩავაბარე უნივერსიტეტში, რომ საერთოდ არ დავრჩენილიყავი განათლების გარეშე. 90-იანი წლები იყო, საკმაოდ მძიმე პერიოდი და ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია.

შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, 24 წლის ძმა მომიკლეს, ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი 11 თვის გოგონა გარდაიცვალა და ძალიან დიდი დარტყმა მივიღე. შემდეგ ჩემი მეუღლე წავიდა სამუშაოდ უკრაინაში და აღარ დაბრუნდა. ასე დავრჩი მარტო ჩემს 15 წლის ბიჭთან ერთად.

ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია თუ ოდესმე შევძლებდი სკოლაში დაბრუნებას. თუმცა 2012 წელს, ისევ და ისევ მეგობრების დაჟინებით გადავწყვიტე მეცადა ბედი.

პირველად წავედი სოფელ ლახამულაში, სადაც ვიმუშავე ხუთი წელი და ეს იყო ძალიან კარგი წლები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ფენიქსივით აღვდექი. ეს სოფელი ჩემთვის ძალიან მშობლიური გახდა.

  • რა ემოცია გქონდათ, როცა 15 წლის შემდეგ, ისევ შეხვედით გაკვეთილზე?

ბუნებრივია მქონდა განცდები, მაგრამ დავინახე თუ არა ბავშვების ანთებული თვალები, ყველაფერი დამავიწყდა და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, რომ წყვეტა მქონდა ჩემს საქმიანობაში.

ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა, რადგან მათთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები, დამოკიდებულებები, მე ეს ძალიან მშველის. დღესაც კი, როცა შაბათ-კვირას საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რაღაცნაირად ნაღველი მიპყრობს. სკოლა მეხმარება ჩემი პირადი ტკივილების დავიწყებაში. სკოლამ ამოაყირავა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, რაც სიკეთისკენ და მზისკენ მიბიძგებს.

  • თქვენი აზრით, ვინ არის ბავშვების ცხოვრებაში მასწავლებელი, რას უნდა ასწავლიდეს მათ, რა არის მთავარი სწავლაში?

მასწავლებელი ბავშვს, პირველ რიგში, ადამიანობას უნდა ასწავლიდეს, სრულფასოვანი მოქალაქე უნდა გაზარდოს, რომელსაც შეეძლება კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, რომელიც შეძლებს შექმნას უკეთესი მომავალი. რაც მთავარია, მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიკეთე და სიყვარული, რადგან გამოსავალი ყოველთვის ამათშია. ჩვენი მწერლის არ იყოს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს.

  • როცა ამბობთ, რომ ადამიანობაა მნიშვნელოვანი, როგორ უხსნით, რა არის ადამიანობა?

უამრავი ფილმი, უამრავი ნაწარმოები გვაქვს წაკითხული, ნანახი. პირველი ფილმი რომელიც ვაჩვენე იყო „გადაუხადე სხვას“, სადაც ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ რა არის სიკეთე და სხვა როგორ უნდა გადავუხადოთ სიკეთით, როგორ მოვქსოვოთ ეს ჯაჭვი და როგორ გავავრცელოთ.

ამის ძალიან კარგი მაგალითია ფილმებში, რომელიც მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობას შეეხება. პირადი მაგალითებიდან ბავშვები კარგად სწავლობენ ხოლმე, კარგად მსჯელობენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვებს კი არა, მშობლებსაც უნდა ვასწავლოთ ჩვენ ბევრი რამ.

ერთი ამბავი მახსენდება, მე და ჩემი უფროსკლასელი მოსწავლე ერთად ვმგზავრობდით, რომელსაც ბებია ახლდა თან. ეს ბავშვი ავტობუსის მძღოლს ტვირთის ჩამოღებაში როცა ეხმარებოდა, ბებიას არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოხატა. ორი თვე გავიდა ამ ამბიდან და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი ბავშვია იმის ფონზე, რაც მე გავიგონე და მოვისმინე.

სხვა დროსაც წავწყდომივარ ხოლმე ასეთ დამოკიდებულებას, როცა ვინმესთვის რამე მითხოვია ან დამივალებია, რომ „უფასოდ?“ და მინდა მივაჩვიო ბავშვები იმას, რომ ყველაფერში ფულის აღება არ არის კარგი, რადგან სიკეთე უანგაროდ კეთება.

  • თუმცა არის მეორე უკიდურესობაც, როცა ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ მათი შრომა უნდა დაფასდეს ანუ ანაზღაურდეს…

კი, მესმის, მაგრამ ყველაფრის ფულზე გაცვლა არ შეიძლება. როცა სკოლაში რაიმე ღონისძიებაა, რესურსებისთვის ყოველთვის მე ვხარჯავ ჩემს ფულს, თუ სადმე მიმყავს ბავშვები, ვუმასპინძლდები, მაგრამ ვეუბნები, რომ ახლა მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ როცა არ მექნება, თქვენ გადაიხდით თქვენსას. ვფიქრობ, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რადგან არ მინდა იფიქრონ, რომ რადგან მასწავლებელი ვარ და ხელფასი მაქვს, ვალდებული ვარ.

  • ზოგჯერ არის მომენტი, როცა ყველაზე მეტი აგრესია სწორედ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ყველაზე მეტს საუბრობს სიკეთეზე, რწმენაზე, პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

კი, ასეც ხდება. მე ისევ და ისევ ფილმებს, ნაწარმოებებს ვიშველიებ ხოლმე, მწერლებს და პოეტებს მივმართავ, რომ სწორი ღირებულებები ჩავუნერგო ბავშვებს. პრეზენტაციას რომ ვამზადებდით, მწერდნენ ხოლმე – „თქვენ სიყვარული გვასწავლეთ“. რატომღაც ეჩვენებათ, რომ ყველაზე კეთილი ვარ, რომ ჩხუბი არ ვიცოდი, რომ აგრესიული არ ვიყავი, თუმცა მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ძალიან გავბრაზდი, ვერ ვმართე ჩემი ბრაზი და ეს ბავშვებთან გამოვავლინე. შემდეგ, რა თქმა უნდა, ვისაუბრე ამაზე ბავშვებთან – მათ ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, რომ მე შეიძლება მართალი ვიყავი დღეს, მაგრამ არ ვიყავი მართალი, როცა ჩემი ბრაზი გამოვავლინე-მეთქი. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, „მეც ასეთი ხასიათი მაქვს“. ვუთხარი – „მოდი მაშინ ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ხასიათზე“-მეთქი.

ძალიან ხშირად მათაც დაუსვამთ კითხვა, „აი, მასწავლებელო ის ამბობს, რომ კეთილია, მაგრამ ამას აკეთებს“, – პარალელი გაუვლიათ და ამასაც განვიხილავთ ხოლმე.

მე ბავშვებს ვუხსნი, რომ არც მე ვყოფილვარ ყოველთვის ასეთი მოღიმარი, რომ ოდესღაც ჩემზეც ძალადობდნენ და მეც ვძალადობდი სხვაზე. დღემდე ვნანობ იმ დღეებს, დღემდე ვუხდი ჩემს შვილსაც ბოდიშებს. მაგრამ ვინ იცის, მის გულში რა ტრიალებს.

  • თქვენ ახლა ხართ მარნეულში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, რას გვეტყვით თქვენს სკოლაზე, რაზე წუხან ყველაზე მეტად?

დირექტორი გვყავს ეთნიკურად სომეხი. სომხურ სექტორზე დაახლოებით 60-მდე მოსწავლეა, აზერბაიჯანულზე – 12 მოსწავლე.

პირველ რიგში გული სტკივათ იმაზე, რომ სახელმწიფო ენა არ იციან. ამბობენ, რომ ჩვენთან ქართველს რომ ეცხოვრა ან უფრო ადრე რომ გვყოლოდა ქართულის მასწავლებლები, უკეთ გვეცოდინებოდა ენაო.

გული სწყდებათ იმაზე, რომ სოფლებში ცუდი ინფრასტრუქტურაა და ჰგონიათ, რომ ეს იმიტომაა ასე, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ აქ, ქართულ სოფლებში კი ყველაფერი აქვთ ადამიანებს.

მე ვეუბნები, რომ ასე არ არის და რომ, მაგალითად, სვანეთის სოფლებშიც არ არის ასფალტირებული გზა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც იქ მოძრაობს სოფლებიდან რაიონამდე. სომხებს ჰგონიათ, რომ აზერბაიჯანელებს უკეთეს პირობებში ვამყოფებთ, აზერბაიჯანელებს კი პირიქით ჰგონიათ. თუმცა ეს დამოკიდებულება უფრო საზოგადოების იმ ნაწილშია, რომელიც ძირითადად სახლშია და ნაკლებად გადიან საჯარო სივრცეებში.

ბევრმა არ იცის ქართული, არც რუსული. თუმცა ჩემმა კოლეგებმა ძალიან მოინდომეს და რამდენიმე მასწავლებელი უკვე პირველ დონესაც დაეუფლა – გამოცდებიც ჩააბარეს.

ხუთი წელია ამ სკოლაში ვარ და აქამდე ქართველი მასწავლებელი არავინ ჰყოლიათ. პირველ დღეს ტკბილეულით ხელში, გაღიმებული შევედი სამასწავლებლოში, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა.

  • რატომ?

თურმე ფიქრობდნენ, რომ სამინისტროსგან ვიყავი მიგზავნილი და შეშინებული, შეშფოთებულები იყვნენ. გავიდა რაღაც პერიოდი და მიხვდნენ, რომ ასე არ იყო.

მაშინვე რაღაც კონკურსებში ჩავაბი სკოლა და გავედით ხოჯორნის გარეთ. თბილისში წავიყვანე მოსწავლეები დაჯილდოებაზე, სულ სხვანაირები დავბრუნდით ხოჯორნიში, მეტი ნდობა გაჩნდა.

შემდეგ გავაკეთე პროექტი „გაიცანი საქართველო“, სადაც მეზობელი სოფლის კონსულტანტი მასწავლებლები და მისი დირექტორი მოვიწვიე, მყავდა სხვა სტუმრებიც და მიხვდნენ, რომ არ ვიყავი ბუა. ბოლოს ერთმა მითხრა, „გაკვირდებით და თქვენ მართლა კარგი ადამიანი ხართო“.

შემდეგ სვანეთში წავიყვანე ბავშვები, მესტიაში ჩემმა მეგობრებმა უმასპინძლეს და საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ვფიქრობ, მეტად უნდა გავიყვანოთ სოფლიდან ბავშვები, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ამ ქვეყნის მოქალაქეები რომ არიან, რა ხდება მათ გარშემო და ასე შემდეგ. მე ცოტა გული მტკიცა კიდეც, როცა მეუბნებიან – „ჩემი სამშობლო სომხეთიაო“.

მე რომ მეცხოვრა სხვა ქვეყანაში, ალბათ მეც ვიტყოდი, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ ის, რომ აქ დაიბადნენ, აქ ცხოვრობენ და აქ იზრდებიან, მაგრამ არაფერი იციან საკუთარ ქვეყანაზე, არ იციან რა ხდება ხოჯორნის იქეთ, ეს უკვე მტკივნეულია.

დეპუტატი იქნება თუ სოფლის რწმუნებული, ვფიქრობ უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული ამ ადამიანების ინტეგრაციაში, ეს ადამიანები უნდა იყვნენ გზამკვლევი სოფლის, მაგრამ მარტო იმაში კი არა, რომ ვიღაცას სახურავი ჩამოენგრა და განცხადება დააწერინოს, ან სოციალურ სერვისებში ჩართოს, ეს არ არის ქვეყანაში ცხოვრება. სოფლის მაცხოვრებლები, მშობლები, ყველა ყველაფერში უნდა ჰყავდეთ ჩართული და მონაწილეობდნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ პროცესში.

  • ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, როგორ ცდილობს რუსეთი ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას. რამდენად უმკლავდებიან ეთნიკური უმცირესობები ამ პროპაგანდას, რას ფიქრობენ მაგალითად ევროინტეგრაციაზე?

მე მქონდა გაკვეთილები ევროპულ ღირებულებებზე, ჩესტერფილდის და მიხეილ ჯავახიშვილის წერილები წავაკითხე ბავშვებს. შემდეგ გავარჩიეთ, ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინასადმი წავაკითხე და აქედან ვისაუბრეთ ევროპულ ღირებულებებზე.

იმ ნაკადმა, ვისთანაც მე გაკვეთილი ჩავატარე, ძალიან კარგად გაიგო და კარგი უკუკავშირი გააკეთა ამ თემაზე.

ჩვენი მასწავლებლებიც ტრენინგდებიან და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამ ადამიანების ცნობიერების ცვლილებაც: რუსული პროპაგანდა აქაც მუშაობს, ეს ადამიანები სამუშაოდ მიდიან რუსეთში, ბევრი არის რუსეთის მოქალაქე და ეს გავლენას ახდენს ადამიანებზე. მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო ამ გავლენების შესამცირებლად.

მე, როგორც მასწავლებელი, არ ვთვლი, რომ ევროპა მრყვნის, როგორც ამას პროპაგანდისტები იძახიან, რადგან ევროპაში ტრადიციებსაც და ღირებულებებსაც უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე ისინი, ვინც გაჰკივის, რომ ევროპა გვაკარგვინებს ყველაფერს.

  • როგორც ვიცით, ტექნოლოგიების გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სწავლების დროს, რობოტიც გააკეთეს თქვენმა მოსწავლეებმა სკოლაში, მოგვიყევით რა პირობები გაქვთ ამისთვის?

მე მყავს მეგობარი ეკა წულუკიძე, რომელიც ფარის საჯარო სკოლაში ასწავლის – ასე ვთქვათ, რევოლუციონერი მასწავლებელია სვანეთში. მას აქვს სოფელში რობოტექნიკის ინოვაციური ცენტრი და საინტერესო პროექტებს სთავაზობს სკოლებს.

ვცდილობ, ჩემი ბავშვები ჩავრთო მის პროექტებში და ასე მოვხვდით ეკას პროექტში „სტემ სამყარო“. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ვებინსტრუმენტებით, tinkercad-ის საბაზისო კურსიც გაიარეს და შემდეგ ონლაინპლატფორმების გამოყენებით, ქართულ ენაში ვიქტორინაც გააკეთეს, ტესტებიც თვითონ მოამზადეს, საკლასო ოთახიც თვითონ მოაწყეს და ძალიან კარგად გამოუვიდათ.

  • სკოლა ტექნიკურად აღჭურვილია?

სკოლაში არ გვქონდა კომპიუტერი, ერთი ლეპტოპი იდგა დირექტორის კაბინეტში და მთელი სკოლა იმას იყენებდა, ბუღალტერიც კი ამაზე მუშაობდა, ისეთი იყო, სულს ღაფავდა. ერთმა მეგობარმა მათხოვა კომპიუტერი, ერთ ბავშვსაც ჩემი ვათხოვე და აი ასე ვიყავით ამ პროექტში ჩართულები.

ბავშვებმა კი არა მასწავლებლებმა word-ში მუშაობაც კი არ იცოდნენ, ფოსტიდან წერილის გაგზავნა. რა თქმა უნდა, ბავშვები ახლა ასწავლიან მასწავლებლებს ამ რესურსების გამოყენებას. ვერც ბუკებს იყენებდნენ ბავშვები, რადგან მასწავლებლებმა არც მათი გამოყენება იცოდნენ, ამიტომ მასწავლებლებსაც ბავშვები ატრენინგებდნენ.

ამ პროექტის მერე სხვა საგრანტო კონკურსებიც მოვიგეთ, ძალიან მინდოდა ქართული ენის კაბინეტის გაკეთება, მაგრამ გადავდე გვერდზე და ტექნოლოგიების მიმართულებით დავწერე პროექტი, დამიფინანსეს და ამით შევიძინე ლეპტოპი. ერთი პროექტორი იყო სკოლაში, თუმცა ამასაც იშვიათად იყენებდნენ, მე და ჩემი ბავშვები კი მაქსიმალურად ვიყენებთ.

  • როგორც ვიცი, მულტიფუნქციური ოთახის მოწყობაც გინდათ, ეს რა პროექტია?

ამ ოთახის მოწყობა მინდა ცალკე, ისევ ჩემი ლახამულელი მეგობრები დამეხმარნენ – ერთ-ერთი მეგობრის შვილმა 1800 ლარი გადმომირიცხა. ყველა მასალა შეძენილი მაქვს და ველოდები მშობლებს, რომ ოთახის გარემონტებაში დამეხმარონ. ყველაფერი ამ ოთახში მოექცევა, მათ შორის ბიბლიოთეკაც და გვექნება კარგი სივრცე, რომ დავსხდეთ და ვიმუშაოთ.

ვფიქრობ, მთავარი მაინც გარემოა, კლასში არ უნდა იყოს გაძვალტყავებული, გახუნებული და ჩაშავებული კედლები, რომ მასწავლებელსაც უხაროდეს კლასში შესვლა და მოსწავლესაც. რა თქმა უნდა, მოსწავლის საჭიროებაზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული.

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ ბურიატიიდან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და უკრაინა დატოვა. ასეთი მონაცემები აქვს ფონდს, „თავისუფალი ბურიატია“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ამბობს, რომ სწორედ ამდენ სამხედროს გაუწიეს იურიდიული დახმარება, როგორ გაეუქმებინათ ხელშეკრულებები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან.

„ჩვენ არ ვეცოდებით, ბურიატებს, ყალმუხებს, დაღესტნელებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. ბურიატიაში ერთი ოჯახიც კი აღარ დარჩა, რომელსაც ეს ომი არ შეხებია. გვწერენ, რომ მე კლასელი დამეღუპა, მე – მეგობარი, მე – ძმა, მე – ქმარი და ასე შემდეგ. საშინელებაა. თითქოს მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ვცხოვრობთ,“ – ეუბნება ვიქტორია მალადაევა, ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, Настоящее Время-ს.

ვიქტორია მალადაევა ჰყვება, რომ ბურიატები, როგორც უმცირესების წარმომადგენლები, რუსეთში მუდმივად დისკრიმინაციისა და რასიზმის მსხვერპლნი არიან.

„თავისთავად უკრაინის დენაციფიკაციის იდეა გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენ მუდმივად ვაწყდებოდით რასიზმსა და დისკრიმინაციას რუსეთში: „წვრილთვალება“, „წადი შენს ჩინეთში“ და მსგავსი რამეები. ამიტომაც დავიწყეთ ანტირუსული კამპანია  – „დენაციფიკაცია სჭირდება რუსეთს“. ამ გზავნილით გვინდოდა, ხმა მიგვეწვდინა ჩვენი თანამემამულეებისთვის, გვეთქვა, რომ არ უნდა წავიდნენ უკრაინაში. იქ არ არიან ნაცისტები. ამ კამპანიის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა. გვწერდნენ, ნათესავები და ოჯახის წევრებიც, დავხმარებოდით წამოსვლაში. არავის უნდა, იყოს ოკუპანტი. ბურიატებს საერთოდ არ ესმით, რა დაჰკარგვიათ უკრაინაში. ეს ომი ჩვენ არ გვჭირდება. ეს სრულიად ქსენოფობიური ომია,“ – ამბობს ვიქტორია მალადაევა.

ვიქტორია მალადაევა/ფოტო: ფონდის საიტიდან

ჯერ კიდევ მაისში, გამოცემა „პროექტის” მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ უკრაინის ომში მიჰყავთ ჯარისკაცები რუსეთის უღარიბესი რეგიონებიდან. მათი გასამრჯელო შეიძლება რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალი იყოს, თუმცა თვეში 50 ათას რუბლს არ აღემატება. მათ შორის არიან ჯარისკაცები დაღესტნიდან და ბურიატიიდან.

ივნისში კი „მედიაზონამ” გამოაქვეყნა მოკვლევა, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა უკრაინაში დაღუპული 3 798 იმ რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა შეძლეს. მათგან ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დაღესტანში (207 ჯარისკაცი) და შემდეგ ბურიატიაში (164). სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინაში 5 დან 10 ათასამდე ბურიატი იბრძვის.

„ჩემთვის, როგორც ბურიატისთვის, რთულია იმის გაცნობიერება, რომ კრემლი იყენებს ბურიატ ახალგაზრდებს თავისი დანაშაულებრივი მიზნებისთვის – ახალი ტერიტორიების დასაპყრობად და იმპერიის გასაფართოებლად. ომი – ეს ერთადერთი რამაა, რისი შეთავაზებაც მოსკოვს ბურიატიის სოფლებისთვის შეუძლია – საზარბაზნე ხორცად აქციოს ჩვენი ახალგაზრდები მორიგ დამპყრობლურ ომში,“ – ამბობს კიდევ ერთი ბურიატელი აქტივისტი რაჯანა დუგარ-დეპონტე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

„თავისუფალი ერების ლიგამ“, რომელიც „მოსკოვის მიერ დამონებულ ხალხებს“ აერთიანებს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა. აქტივისტები ამერიკის პრეზიდენტს სთხოვენ, მათ ხალხებს თვითგამორკვევაში დაეხმაროს.

Idel. Реалии-ის ცნობით, ბაიდენისთვის ღია წერილის გაგზავნა აქტივისტებმა დაამთხვიეს დამონებული ხალხების ყოველწლიურ კვირეულს, რომელიც შეერთებულ შტატებში 1959 წლიდან იმართება. რაჯანა დუგარ-დეპონტემ, ბურიატიის, ირშატ ხაბიმ თათრეთის და ვიტალი რომაშკინმა, ფინო-უგრელი ხალხის სახელით, ვაშინგტონში აქცია გამართეს.

„ჩვენ ჩვენი ხალხების მომავალს ვეღარ ვხედავთ რუსეთის შემადგენლობაში და არ გვინდა პასუხს ვაგებდეთ კრემლის სამხედრო დანაშაულის გამო“ – დასძინა რომაშკინმა.

„დღეს ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა ან ლატვია 40 წლის წლის წინ. ჩვენ ვიბრძოლებთ დეკოლონიზაციისთვის“ – ამბობს ირშატ ხაბი.

აქცია ვაშინგტონში

„თავისუფალი ერების ლიგა“ – ეს არის ბაშკირების, ბურიატების, ინგერმანლანდიელების, კაზაკების, ყალმუხების, თათრებისა და ერზიელების ნაციონალური მოძრაობების კავშირი, რომელიც თავის მიზნად ღიად აცხადებს ახალი ეროვნული სახელმწიფოების შექმნას და რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლას.

1992 წელს დამოუკიდებლობას ითხოვდა შორეული აღმოსავლეთი. 1992 წელს რუსეთის შემადგენლობიდან გასვლა უნდოდათ სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებსაც, რომლებიც ურალის რესპუბლიკის შექმნა სურდათ. 1993 წელს იმავე მოთხოვნით გამოდიოდა ციმბირი. სუვერენიტეტის აღიარებას სხვადასხვა დროს ითხოვდნენ კარელია, დაღესტანი, თათრეთი და ჩეჩნეთი – იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთთან ორი ომი გადაიტანა და კრემლმა საბოლოოდ მაინც თავის კონტროლქვეშ მოაქცია.

დაგვეხმარეთ, რუსულენოვან მოსახლეობას გავაგებინოთ სიმართლე – Dron.media

საერთაშორისო ჟურნალისტების გამოცდილმა გუნდმა უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი, რუსულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი – Dron.media შექმნა.

მოსკოვის აგიტატორები მარტივად სწვდებიან ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ და თესავენ განხეთქილებას

როგორც დამფუძნებლები წერენ, ახალი გამოცემის მთავარი ფოკუსი ის ქვეყნებია, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ შორისაა საქართველო და კავკასიის რეგიონიც, ისევე როგორც ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა.

Dron.media-ს დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ამ ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობას მათთვის საინტერესო და რელევანტურ საკითხებზე ინფორმაციას ადგილობრივი რეპორტიორები მიაწვდიან.

„რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, გაუპატიურებასა და დასახიჩრებას. ბუჩის ომის საფლავების, მარიუპოლის დაბომბვის თავშესაფრებისა და ხერსონის წამების კამერების შესახებ ხმა მთელ მსოფლიოს სწვდება, მაგრამ არა თავად რუსეთს, – რატომ?

იმიტომ, რომ რუსების უმრავლესობა წვეთწვეთობითაა ნაკვები კრემლის პროპაგანდით. იგი ჩახლართული და შემპარავია; და მისი სამიზნე არ არის მხოლოდ რუსეთის მოსახლეობა, მოსკოვის აგიტატორებს თავიანთი გზავნილის მთელ მსოფლიოში გავრცელებისთვის აქვთ რესურსები. ისინი მარტივად სწვდებიან ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ. ისინი თესავენ განხეთქილებას ყველგან, სადაც კრემლს შეუძლია იპოვოს საწვავი თავისი მედიამანქანისთვის.

სამწუხაროდ, ეს მიდგომა მუშაობს. ის რუსულენოვანი ადამიანებიც კი, რომლებიც „არ ყიდულობენ“ პუტინის ნარატივს გამოგონილ „უკრაინელ ნაცისტებზე“, მომზადებულები გეტყვიან, რომ „რაღაცები არასდროსაა ცალსახად აშკარა“. სწორედ ეს სურს პროპაგანდას, რომ მათი დაიჯეროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც Dron.media ბრიტანული ფონდების მოძიების პლატფორმა gofundme-ზე ავრცელებს.

დამფუძნებლებმა საკუთარი სახსრებით მოახერხეს ვებგვერდის შექმნა და რამდენიმე ჟურნალისტის დაქირავება, თუმცა მათი გეგმები უფრო მასშტაბურია, რადგან სურთ სხვადასხვა ქვეყნის მოცვა. ისინი დახმარებას სთხოვენ ყველას, ვისაც თუნდაც ერთი ევროს გაღება შეუძლია და მიიჩნევს, რომ კრემლის პროპაგანდას პოსტსაბჭოთა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მოწამვლის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

ახალი რუსულენოვანი გამოცემის თანადამფუძნებელი, გაიგისიზ გელდიევი ამბობს, რომ რუსულენოვანი სატელევიზიო ახალი ამბები თითქმის მთლიანად უკავია რუსეთის პროპაგანდას. გარდა ამისა, რუსულენოვან ონლაინმედიაშიც სწორედ რუსეთთან დაკავშირებული მედიაგამოცემები დომინირებენ, რაც, მისი თქმით, ადგილობრივ კონტექსტს კარგავს:

„ამ მედიების ალტერნატივად ძალიან ცოტა დამოუკიდებელი მედიაა. მათი უმრავლესობაც – „მედუზა“, „მედიაზონა“, „ნოვაია გაზეტა“ – რუსეთიდანაა და სამწუხაროდ, ისინი მხედველობიდან ტოვებენ ლოკალურ კონტექსტს, როდესაც მეზობელი ქვეყნების მოვლენებს აშუქებენ.

რუსულენოვან ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სადაც ყველას შეუძლია გაიგოს რა ხდება სინამდვილეში. Dron Media-ს მისიაა, იქცეს ასეთ წყაროდ – გააშუქოს მოვლენები ადგილობრივი ჟურნალისტების მეშვეობით, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან კონტექსტი, რათა მოყვნენ ამბებს ყველაზე დახვეწილი მეთოდით და ახალი ამბები ადამიანებამდე მიიტანონ მაქსიმალურად შესაფერისი გზებით“, – განმარტავს გაიგისიზ გელდიევი.

ვინ არიან Dron.media-ის დამფუძნებლები

 

გაიგისიზ გელდიევი – გამომცემელი 

გაიგისიზმა ბოლო 9 წელი განვითარებად დემოკრატიებში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას მიუძღვნა.

 

 

 

დინა მასლოვა – მთავარი რედაქტორი 

დინა გამოცდილი მედიამენეჯერია. მისი სარედაქტორო კარიერა 18-ზე მეტ წელს მოიცავს. მან ყირგიზეთში შექმნა ფართოდ ცნობილი ვებსაიტები, მათ შორის, Kaktus.media, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ლიდერია.

 

არტიომ ლისი – მრჩეველთა საბჭოს წევრი 

არტიომი 5 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო მედიაში მუშაობს რედაქტორად; ის ხელმძღვანელობდა BBC-ის ევროპის რეგიონს და ახლა მსოფლიოს გარშემო მედიის განვითარების ორგანიზაციების მრჩეველია.

 

 

სევგილ მუსაიევამრჩეველთა საბჭოს წევრი

სევგილი უკრაინაში წამყვანი ონლაინმედიაგამოცემა  „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორია. ის ჟურნალ Time-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა.

 

სხვა კოლეგები, რომელთა სახელების გასაჯაროებაც უსაფრთხოების მიზეზების გამო არ შეიძლება.

 

ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიუახლოვდა – პაპანაქება ევროპაში

ევროპაში სიცხე მატულობს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ბიურომ დღეს,  18 ივლისს, პირველად ისტორიაში, განსაკუთრებული სიცხის გამო გაერთიანებული სამეფოსთვის გაფრთხილების წითელი დონე გამოაცხადა – დიდი ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურის +40°C-მდე აწევას პროგნოზირებენ.

ამავე დროს, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 46 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა. მომდევნო კვირაში ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი სიცხისთვის ემზადებიან.

სიცხის გამო საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია საცხოვრებელი ადგილიდან.

ესპანეთში გასულ კვირას, ანომალიური სიცხის გამო 360 ადამიანი დაიღუპა.

მოსალოდნელია, რომ ძალიან ცხელი ამინდი გაერთიანებულ სამეფოში ამ კვირის დასაწყისში იქნება, ზოგან ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსამდეც ავიდეს. „ექსტრემალური სიცხის” ეროვნული გაფრთხილება 18 და 19 ივლისს ეხება.

„ღამეები, სავარაუდოდ, ასევე თბილი იქნება, განსაკუთრებით ქალაქებში. მნიშვნელოვანია ადამიანები მოემზადონ სიცხისთვის და განიხილონ თავიანთი რუტინის შეცვლა. სიცხის ამ დონეს შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები“ – ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ოფისის უფროსი მეტეოროლოგი პოლ გუნდერსენმი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ განსაკუთრებული სიცხის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

„სიცხე, რომელიც დღეს ევროპაშია, ძლიერდება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის რეკორდული სიცხის შესახებ საფრანგეთში, World Weather Attribution-ის მეცნიერთა მიერ.

_____________________

ფოტოზე: გვალვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ესპანეთში. ფოტო: EPA-EFE/MARIAM A. MONTESINOS

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს.

საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი“ თითქმის ერთი წელია აწარმოებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ ხიდს, რომელიც აბუსერიძისა და შარტავას კვეთაში, არკაში გაივლის, „საბა კონსტრაქშენი“ ააშენებს, ხოლო დარჩენილი ორი ხიდის მშენებლობაზე ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

მუნიციპალური განვითარების ფონდს საფეხმავლო ხიდების მშენებლობაზე ტენდერი პრეისკურანტით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2022 წლის 22 ივლისს დაიწყება და სამ დღეში, 25 ივლისს დასრულდება.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 679 193 ლარია. რამდენი ლარი დაიხარჯება ხიდების მშენებლობაზე, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ბათუმის გმირთა ხეივნის არდაგანის ტბასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების დეტალური პროექტის მომზადებას და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

პირობის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75  დღე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის [ასევე სამუშაოების სრული გეგმა-გრაფიკის] მოსამზადებლად, ხოლო შემდეგი 7 თვე – უშუალოდ მშენებლობისთვის.

ტენდერში გამარჯვებულმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა არსებული ესკიზის/კონცეფციის შესაბამისად უნდა შეადგინოს.

„ესკიზის დამუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბათუმის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და პროექტში ასახვა, არქიტექტურის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

გამარჯვებულმა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში არსებული ესკიზის სრულყოფილი საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინოს, სადაც ვალდებულია გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

ხიდების კონსტრუქცია საავტომობილო გზიდან (კვეთის არეალში) უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე;
ხიდებზე გმირთა ხეივნიდან უნდა მოეწყოს პანდუსი არანაკლებ 8% ქანობით, ადაპტირებული;
ხიდის სავალი ნაწილის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 3,5 მეტრი;
პანდუსის ქვედა სივრცეში გათვალისწინებული იქნეს კომერციული სივრცეები და საერთო სარგებლობის სანკვანძები (ქალები, კაცები, შშმ პირები);
გათვალისწინებული იქნეს გმირთა ხეივნის ხიდების შრის არსებული სივრცის კეთილმოწყობა/მოწესრიგება;
არდაგანის ტბის მხარეს გათვალისწინებული იქნეს გარე გამოყენების შშმპ კიბე-ლიფტის მოწყობა, სამხრეთ დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს;
ხიდების კონფიგურაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი ხეივანში არსებულ ქანდაკებებს, მონუმენტებს და ასე შემდეგ;
ხიდები უნდა დაპროექტდეს გმირთა ხეივნის ჟიული შარტავას საავტომობილო გზების მხარეს, რომლებმაც უნდა გადაკვეთოს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სრულად ან ნაწილობრივ, და გაიმეოროს გმირთა მემორიალის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფორმა;
გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა;
ხიდის მოპირკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული სიტუაცია და კლიმატური პირობები“.

ესკიზებზე, რომლებიც აღნიშნულ ტენდერს ახლავს, დატანილია სამი ხიდი – ერთი აბუსერიძის ქუჩაზე გადადის [რკინის თაღს ქვემოთ] ხოლო ორი ხიდი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბამდე].

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა [მონაწილეობა არავინ მიიღო]. ფონდმა ხელახალი ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 15 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია – 679 193 ლარი. 

საფეხმავლო ხიდები გმირთა ხეივანში / რენდერი, ესკიზი ტენდერიდან [ხეივნის ზოგადი ესკიზები გასულ წელსაც გამოქვეყნდა]. არსებული ესკიზების მიხედვით საფეხმავლო ხიდი არ იქნება შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში.
აბუსერიძის და შარტავას კვეთა / საფეხმავლო ხიდი / რენდერი ტენდერიდან

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

ჟიული შარტავს გამზირზე მდებარე ხეივნის [გმირთა ხეივნის და მისი გაგრძელების – ფიროსმანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

 

 

 

გავანადგურეთ დივერსიული ჯგუფი და შევიპყარით მათი მეთაური – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, ეროვნულ გვარდიასა და ტერიტორიული დაცვის ძალებთან ერთად, ხარკოვში, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო დივერსიული ჯგუფი გაანადგურა და ტყვედ მისი ერთ-ერთი მეთაური აიყვანა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯგუფმა სპეცოპერაცია ჩაატარა სოფელ დემენტიევკაში, ხარკოვის ოლქში. აღმოვაჩინეთ ოკუპანტების დიდი დანაყოფი, რომელიც დანგრეულ შენობებში იყო გადანაწილებული. განადგურებულია 36 ოკუპანტი. ბევრი რუსი სამხედრო დაჭრილია,“ – წერს თავდაცვის უწყება.

უწყების აღნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა აიძულეს მტერი, უკან დაეხია, რის შემდეგაც, დაზვერვის თანამშრომლებმა შეიპყრეს რუსული დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ის 1989 წელს ზაპოროჟიეს ოლქში დაბადებული სტანისლავ ტრუტნევია. ტრუტნევი წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან ბრძოლის სპეცდანიშნულების დანაყოფის სამხედროა, რომელიც მანამდე სირიაშიც იბრძოდა. თავდაცვის ცნობით, ის ამჟამად უკრაინის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

მთავარი ფოტო: სტანისლავ ტრუტნევი/სქრინი უკრაინის თავდაცვის ვიდეოდან

რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან ერთმანეთში მოკავშირეებს დაინახავენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მოტივით, ეს ძალა აიძულებს ხელისუფლებას, ევროპული კურსი ჰქონდეს.

„მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელიც საქართველოს ქალაქებში ხვდება ადამიანებს და მათ „ევროპული ფორუმის“ იდეას აცნობს. ფორუმი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის ინიციატივაა. „ევროპული ფორუმი“ არაა ორგანიზაცია, ის სამოქალაქო მოძრაობაა და მასში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ევროპულ ფორუმს“ უკვე 198 სამოქალაქო ორგანიზაცია და ფიზიკური პირი აწერს ხელს.

რატომ შეიძლება მოუნდეთ ადამიანებს „ევროპულ ფორუმში“ მონაწილეობა? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს ფორუმის ბათუმელ მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ლევან ცუცქირიძე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, რა არის „ევროპული ფორუმი“ და რატომ შეიძლება ფორუმში ჩართვის სურვილი გაუჩნდეს მოქალაქეს? 

ეს ფორუმი არის მოქალაქეების კონსოლიდაციისთვის შექმნილი ღია პლატფორმა, ვისაც სჯერა, რომ საქართველოში უნდა იყოს დემოკრატია და ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროევროპული საგარეო კურსი. მოქალაქეების ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვდგავართ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე: ჩვენ ან გვექნება თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დგას თანასწორობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე, ან გვექნება ავტორიტარიზმის და ქაოსის გაუგებარი ჰიბრიდი. ჩვენ მოვხდებით მსოფლიოს ნაცრისფერ ზონაში.

ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს, უსამართლობას. ვისაც ეს არ უნდა, ფორუმი არის შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პროცესში, როგორც მას ეს შეუძლია. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მოგვწეროს ინტერნეტგვერდზე და ჩვენ დავეკონტაქტებით.

ფორუმი არაა ორგანიზაცია და მას არ გააჩნია რაღაც სტრუქტურული დანაყოფები. ფორუმის ფარგლებში მოქალაქეები როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ გამართავენ შეხვედრებს და დაგეგმავენ აქტივობებს. ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერით იქნება დაკავებული ამ პროცესში, რომ რესურსები მივაწოდოთ ფორუმის მონაწილეებს, მაგალითად, შეხვედრის ორგანიზება ან ექსპერტული ცოდნა სამოქალაქო აქტივობის შესაძლებლობებზე. მოკლედ, რა ტემპითაც წავა ადგილობრივი საზოგადოება, ჩვენც იმ ტემპით გავყვებით, რომ ხელი შევუწყოთ, გავაძლიეროთ ეს პროცესი.

  • რა  არის თქვენთვის ყველაზე მკაფიო ნიშანი იმის, რომ ხელისუფლება არ აპირებს EU-ს რეკომენდაციების შესრულებას? 

ერთი თვე უკვე გავიდა და რა გაკეთდა? მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რაც არ იდგმება. გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია ძალიან მალე. არსებობს „მიშელის შეთანხმება“, ევროკავშირის რეკომენდაციები, კონკრეტული კანონპროექტები, რაც მალე გაკეთებადია.

  • მოქალაქეების ერთმანეთთან დაკავშირება რას შეცვლის? 

სხვა ძალა არ არსებობს, მოქალაქეების კავშირი თუ მოხერხდება საერთო  მიზნებისთვის, ხელისუფლება გააკეთებს იმას, რასაც მას ეფექტურად აიძულებენ მოქალაქეები. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო კონსოლიდაცია. ფორუმმა სწორედ ამას უნდა შეუწყოს ხელი.

ფორუმისთვის ამოსავალია ორი პრინციპი: ინკლუზიურობა და სტრატეგიულობა. ინკლუზიურობა გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო მოძრაობაში, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის საჭიროა მონაწილეობდნენ არამხოლოდ ვიწრო ჯგუფები, არამედ ფართო საზოგადოება, სტრატეგიულობა კი, გულისხმობს საერთო ხედვის შემუშავებას.

  • ბათუმის შეხვედრაზეც იყო კონკრეტიკაზე მოთხოვნა – რის გაკეთებას შეძლებს ფორუმი კონკრეტულად? 

სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები მრავალფეროვანია, ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია ქუჩის დემონსტრაცია. ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვინდა მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმა შევთავაზოთ ჩართულობის: ვიღაცას შესაძლოა აქციის ორგანიზება გამოსდის კარგად, ვიღაცას შეუძლია წერილი დაწეროს ან კომპიუტერული პროგრამა შექმნას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია, რომ ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

ჩვენი აზრით, ეს საერთო ხედვა ვიღაცამ ან ექსპერტებმა კი არ უნდა შექმნას, არამედ უნდა შევქმნათ თავად ჩვენ, მოქალაქეებმა, ლოკალურ დონეზე. ჩვენ გვინდა მოქალაქეების მოსაზრებებზე ავაგოთ სამოქმედო გეგმები და არა ექსპერტთა შეხედულებებზე.

  • რა იქნება ამ აქტივობის სამიზნე? 

მიზანია გავლენა პოლიტიკაზე.

ფორუმის მიზანი არაა რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის შეცვლა, ფორუმის მიზანია პოლიტიკის ცვლილება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის მიმართულებით პოლიტიკის ცვლილება, საგარეო პოლიტიკის გაძლიერება. ზოგჯერ ეს ყველაფერი გადის არა პოლიტიკაზე, არამედ კონკრეტულ პიროვნებებსა და მთავრობაზე და მათი შეცვლის გარეშე შეუძლებელი ხდება ცვლილებები, მაგრამ ფორუმის მიზანია პოლიტიკის ცვლილება.

  • მაგალითად, მოგწერათ მოქალაქემ, რომ უნდა გააქტიურდეს ფორუმზე. რა ფორმატში სთავაზობთ მას თანამშრომლობას? 

აქ შეუძლია მას, პირველ რიგში, მიიღოს ინფორმაცია, ასევე გაიცნოს ახალი და მისთვის საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღოს სტრატეგიულ დაგეგმვაში, მაგალითად, ქალაქის განვითარების გეგმაში და ასე შემდეგ.

  • მაგალითად, ბათუმში გასული არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, მაგრამ საკრებულოში უმრავლესობა „ოცნებას“ ჰყავს. თუ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ ის არჩევანსაც კი ვერ იცავს, როგორც ფუნდამენტურ უფლებას, რამდენად შეიძლება ირწმუნოს ფორუმის ძალით ცვლილებების მიღწევა? 

ამიტომაც უნდა გაძლიერდეს აუცილებლად კრიტიკული საზოგადოება, უნდა გაძლიერდეს იმდენად, რომ მას მარტივად ვერ გადაუგრიხონ ხელები, თორემ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ყველა ხელისუფლება ეცდება მოქალაქეების არჩევნების იგნორირებას, მათი აზრის შეცვლას და ამას გააკეთებს, თუ საშუალებას მისცემს საზოგადოება. ფორუმის მთავარი ღერძი ეს უნდა იყოს: როგორ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ფართო გაგებით ისე, რომ არ გამოუვიდეს ხელისუფლებას კურსის ცვლილება.

ევროპული ფორუმის შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“

სოფელ წაბლანაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დამეწყრილ ცენტრალურ გზაზე საფეხმავლო ბილიკი საკუთარი ძალებით მოაწყო.

წაბლანელ ნოდარ დავითაძის თქმით, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილ მეწყრულ მასაში ხშირად საქონელი ეფლობა.

„ფეხით გადასასვლელ ბილიკს ვაკეთებთ, რადგან პირუტყვი ვერ დადის, ამ ბილიკთან იკეტება და შემდეგ წრეს ვარტყამთ 12 კილომეტრზე. ჩვენი ძალით ბილიკი გუშინ გავაკეთეთ ისე, რომ ფეხით უკვე ადამიანიც გაივლის.

ეს გზა ორ სოფელს – წაბლანასა და წაბლიანს აკავშირებს. ცენტრალური გზაა, მაგრამ ახლა შემოვლითი გზით დავდივართ. საფრთხეში ვართ. ტექნიკას ამ გზაზე ფიზიკურად ვერ გავატარებთ.

გზა გასული წლის ოქტომბერში ჩამოიშალა. აქამდე ბილიკიც არ იყო პირუტყვის გადასაადგილებლად. უსაფრთხოებიდან გამომდინარე გავაკეთეთ [ბილიკი], რომ პირუტყვი მაინც გავატაროთ. გუშინწინ ჩაგვიცვივდა პირუტყვი და გაგვიჭირდა ამოყვანა,“ – ამბობს გენადი ჭაღალიძე.

წაბლანელებს გზის გაკეთების მოთხოვნით მთავრობისთვის არ მიუმართავთ, რადგან იციან, რომ გეოლოგიური სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, აქ მძიმე ტექნიკის მუშაობა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

„ახლაც, ბილიკის კეთებისას მოსახლეობა ერთმანეთს ვიცავდით, რომ რაიმე არ წამოსულიყო ზემოდან. აქ წამიერად თუ გაივლის პირუტყვი.

შემოვლითი გზიდან 12 კილომეტრი, აქედან კი ნახევარი კილომეტრია ცენტრამდე“, – ამბობს გენადი ჭაღალიძე.

მისი თქმით, წაბლანის მოსახლეობა დღეს, 18 ივლისს, ხულოს მერიაში იყო, რათა გაერკვიათ, შენდება თუ არა სოფელში ახალი სკოლა. გენადი ჭაღალიძის თქმით, სკოლის მშენებლობა სოფელში მეწყრის გააქტიურებამდე იყო დაგეგმილი.

„მეწყრის გააქტიურებამდე იყო ახალი სკოლის პროექტი გამოტანილი. ახლა სკოლის მშენებლობა ძველი სკოლის ადგილზე ფიზიკურად აღარ შეიძლება [სკოლის ადგილას მეწყერი განვითარდა], ამიტომ, სოფელში სხვა, ალტერნატიული მიწა გამოვნახეთ, კერძო პიროვნების, რომ სკოლა იქ აშენდეს. ამის შეთანხმება გვინდა მერიასთან.

ახლა მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში, მეორე ცვლაში დადიან. ჩვენთან დიდი ზამთარია. დაბალი კლასების მოსწავლეებს გაუჭირდებათ იქ სწავლა. ხმები დადიოდა, აღარ კეთდებაო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ გაკეთდება თუ არა, გვაინტერესებდა მერის პასუხი“, – ამბობს ის.

ჭაღალიძის თქმით, ხულოს მერიაში წაბლანის მოსახლეობას უთხრეს, რომ სოფელში ახალი სკოლა მალე აშენდება.

„ბათუმელები“ სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, რაულ მახარაძეს დაუკავშირდა. სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი წაბლანა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები და გზა მეწყერმა წაიღო. ეს ტერიტორია შესწავლილია გეოლოგებისა და სამხარაულის ექსპერტიზის მიერ. დასკვნის მიხედვით, სატრანსპორტო გზის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ჯერ ისევ მიმდინარეობს მეწყრული პროცესები.

მოსახლეობამ ბილიკი აქ გაზაფხულზეც გაიყვანა თავისი ძალებით, მაგრამ, რადგან [მეწყრული] პროცესები აქტიურია, ჩამოიშალა და წაიღო. როგორც გავიგე, გუშინ მოსახლეობა ისევ თავისი ძალებით შეეცადა საფეხმავლო ბილიკის გაკეთებას. სოფლის ცხოვრება ხომ იცით, პირუტყვი ჰყავთ, მოსახლეობა თავისი ძალებით ცდილობს პირუტყვის შემოსასვლელი გზის შენარჩუნებას“, – გვითხრა რაულ მახარაძემ.

ამავე თემაზე: 

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

 

პესკოვმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უარყო

ვინიცის ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთის არმია უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

„ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა, არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ძალიან მკაფიო ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან – თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამიტომაც, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუშაობენ ძალიან ზუსტად, იყენებენ ზუსტი მიზნის მქონე შეიარაღებას და გამორიცხავენ რაიმე დარტყმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით უკრაინულ მხარეზე, განსაკუთრებით ნაციონალისტურ ბატალიონებსა და დანაყოფებზე, რომლებიც უკან არაფერზე იხევენ,“ – უთხრა პესკოვმა ირანის სახელმწიფო არხს და დასძინა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყველა მიზანი მიღწეული იქნება.

პესკოვის თქმით, „ოპერაციას“ კონკრეტული ვადები არ აქვს, მთავარი მისი შესრულების ეფექტიანობაა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კრემლი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ანალოგიური განცხადება გააკეთა პირველ ივლისსაც, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

პირველი ივლისის ღამით რუსეთმა Х-22 რაკეტებით დაარტყა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ორ დასასვენებელ კომპლექსს სერგეევკაში, ოდესის ოლქში. კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი.

14 ივლისს ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების აფეთქების შედეგად, ბოლო ცნობებით, 24 ადამიანი დაიღუპა, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათგან 23 – აფეთქების ადგილზე, ერთი კი, 16 ივლისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, არაერთი თავდასხმა მოხდა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის იყო კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი და კრამატორსკის რკინიგზის სადგური.

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს რუსულმა არმიამ 27 ივნისს, 16 საათზე დაარტყა, სადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა – იმ დროს ცენტრში ასობით სტუმარი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

8 აპრილს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე – დაიღუპა 30 და დაშავდა 100-მდე ადამიანი.

სერგეი შოიგუმ უკრაინის „ჰაიმარსებზე“ ნადირობა გამოაცხადა

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავის სამხედროებს „ჰაიმარსის“ სარაკეტო საარტილერიო სისტემების განადგურება დაავალა – ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ გასცა.

თავდაცვის უწყების მიერ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერგეი შოიგუმ „აღმოსავლეთის“ სარდლობის ინსპექცია ჩაატარა და მის უშუალო მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ რუსტამ მურადოვს დაავალა, „გაანადგუროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შორსმოქმედი სისტემები“.

რუსტამ მურადოვი 2018 წლიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალებს მეთაურობდა, 2020-2021 წლებში კი – რუს „მშვიდობისმყოფელებს“ მთიან ყარაბაღში. მურადოვი მანამდე სირიაში რუსეთის სამხედრო მრჩეველი იყო.

ის ახლა უკრაინაში „აღმოსავლეთის“ მიმართულებას ხელმძღვანელობს და იმ რუსი მაღალჩინოსნების სიაშია, ვისაც  ევროკავშირის პერსონალური სანქციები შეეხება.

ბოლო კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ამერიკული შორსმოქმედი სისტემები მიიღო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირდა რუსული საბრძოლო საწყობების აფეთქება.

გუშინ ოკუპირებულ ალჩევსკში (ლუგანსკის ოლქი) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰაიმარსის“ დახმარებით გაანადგურეს რუსების საბრძოლო მასალების საწყობი, ტროლეიბუსების დეპოს ტერიტორიაზე.

14 ივლისს კი, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საწყობებს ნიკოლაევსა და ხარკოვში დაარტყეს.

Exit mobile version