განათლება,მთავარი,სიახლეები

17 წლის ქეთი – ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული

19.07.2022 • 2803
17 წლის ქეთი – ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩინეთში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 17 წლის ქეთი პერანიძემ პირველი ვერცხლის მედალი აიღო. საქართველო ამ ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ვერცხლი წელს პირველად შეგვხვდა. ოლიმპიადაში 84 ქვეყანა მონაწილეობდა.

ქეთი პერანიძე თბილისში, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ის „ბათუმელებთან“ ოლიმპიადაზე, ქიმიაზე და თავის ინტერესებზე საუბრობს.

  • ქეთი, რამდენად რთულია ოლიმპიადაში მონაწილეობა, გამარჯვება და რა აქტივობებს მოიცავს დავალებები?

ოლიმპიადა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე ექსპერიმენტულ ნაწილს, მაგრამ წელს რადგან პანდემიის გამო ისევ ონლაინ ჩატარდა, ექსპერიმენტული ნაწილი ამოღებული იყო.

ვწერეთ მხოლოდ თეორიული წერა და აქაც ძალიან დიდი მასალაა მოცემული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხები იყო, მაგალითად, 75 ფურცელი დაგვირიგეს ჯამში, 9 ამოცანა უნდა გაგვეკეთებინა 5 საათში.

როგორც ვიცით, ქიმია ოთხ დარგად იყოფა – ორგანული, არაორგანული, ფიზიკური და ანალიზური ქიმია. ოთხივე დარგიდან იყო საკითხები, უფრო მეტი კი არაორგანული ქიმიიდან.

  • მაღალია კონკურენცია?

რა თქმა უნდა. ყველა ქვეყნიდან 4 საუკეთესო მოსწავლეა წარმოდგენილი და ყველა ძალიან ძლიერია.

  • როგორ შეიყვარე ქიმია, საიდან დაიწყო ეს, სკოლიდან თუ სხვა გარემოშიც გქონდათ შეხება?

მე გამიმართლა, რადგან კარგი მასწავლებელი მყავს და მეშვიდე კლასიდანვე, როცა დავიწყეთ ეს საგანი, ძალიან საინტერესოდ გვასწავლიდა ყველაფერს. მერვე კლასშივე დავიწყეთ საოლიმპიადო ქიმიის შესწავლა. უშუალოდ ამ ოლიმპიადისთვის კი სექტემბრიდან ვემზადებოდით. საქართველოდან 4 ვიყავით და ოთხივე ჩართული ვიყავით ამ პროცესში.

  • რას ექცევა ყველაზე მეტი ყურადღება ამ დავალებების შესრულებისას. რაიმე ახალ მიგნებებს ელოდებიან მოსწავლეებისგან თუ საკითხის სიღრმისეული ცოდნა მოწმდება?

ბევრ თემას მოიცავს. ქიმიის ყველა სფერო უნდა გაგეგებოდეს, რომ ეს ამოცანები ამოხსნა. ნაერთთა კლასები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ფაქტობრივად იმ საკითხებს გავდივართ, რასაც სტუდენტები. ერთი სიტყვით, უნივერსიტეტის წიგნები უნდა გვქონდეს ჩახურული, რომ ამ ოლიმპიადაზე წარმატებას მივაღწიო. სკოლის მასალების დონეზე ამ ოლიმპიადას ვერ მოიგებ.

  • სკოლაში ხშირად აკეთებთ ექსპერიმენტებს?

კი, მაგრამ ჩვენ პანდემიის პერიოდი დაგვემთხვა და ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება გვქონდა. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ადრე დავიწყეთ მომზადება და რადგან გავიგეთ, რომ ექსპერიმენტული ნაწილი ამოღებული იყო, ამაზე დიდი ყურადღება აღარ მიგვიქცევია. თუმცა, რომც ყოფილიყო, ვფიქრობ არ გაგვიჭირდებოდა – პრაქტიკულ ნაწილში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებს.

  • ვერცხლის ან ოქროს აღებისთვის რა დონის დავალებებია გასაკეთებელი?

9 ამოცანის შესრულებისთვის ხომ არის 5-საათიანი დრო გამოყოფილი. შემდეგ, თითოეული ამოცანა ცალ-ცალკე ჯამდება ქულებით. უმაღლესი ქულა არის 100, მე კი 87 ქულა ავიღე და ვერცხლის მედალზე გავედი.

  • ჩვენი მეზობელი ქვეყნები მონაწილეობდნენ, რა შედეგი აქვთ?

როგორც ვიცი კი, მაგრამ ოქრო არ აუღიათ. როგორც ვიცი, ჩინეთმა და პოლონეთმა აიღო, სხვა ქვეყნები აღარ მახსენდება.

ზოგადად, მონაწილეების 10 % იღებს ოქროს, 20 ვერცხლს და 30 ბრინჯაოს. ოლიმპიადაში დაახლოებით 300 ბავშვი მონაწილეობდა, ანუ სადღაც 30-მა ბავშვმა აიღო ოქრო.

საქართველოს გუნდი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

  • ქიმია რადგან გიყვარს, ალბათ პროფესიადაც აირჩევ?

სხვა მეცნიერებებიც მაინტერესებს, მაგალითად, ფიზიკა. ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნიერებებშიც მინდა გამოვცადო თავი და საბოლოოდ, ამ ყველაფერს რომ ვისწავლი, შევჯერდები რამე პროფესიაზე.

კარგი იქნება თუკი ბავშვობიდანვე დავაინტერესებთ ბავშვებს მეცნიერებით და ჩავრთავთ ექსპერიმენტებში. ასე უფრო ადვილად იგებენ ბავშვები თემებს და უფრო საინტერესოც არის სწავლის პროცესი.

  • თქვენ რა გაიგეთ ქიმიით, როგორი იყო ეს გზა?

მაგალითად, ორგანული ქიმიის შესწავლის შემდეგ, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ვხედავ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ქიმიაა. როცა ბიოქიმიის საკითხებს ვსწავლობდი, გავიგე როგორ ამუშავებს ადამიანის ორგანიზმი მაგალითად გლუკოზას და ამით როგორ ვიღებთ ენერგიის მარაგს. ორგანიზმში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რადგან ისეა მოწყობილი, რომ ერთი ნივთიერება მეორისთვის არის საჭირო, მეორე, მესამისთვის და ასე შემდეგ. როცა ამ ყველაფერს იაზრებ, ძალიან საინტერესოდ გეჩვენება.

ფიზიკური ქიმიის სწავლისას თერმოდინამიკას როცა ვსწავლობდით, ჩვენს ლექსიკაში შემოვიდა ინტროპიას ცნება, რომელსაც ქაოსის საზომს ვეძახით. ცოტა უცნაურია და თან ბევრ რამეს ხსნის.

მაგალითად იმას,  რატომ აღარ გამრთელდება გატეხილი ჭიქა. რატომ არის უფრო მეტი შანსი, რომ გატეხილი იყოს და არა გამრთელებული.

ოლიმპიადისთვის მზადება ისედაც ბევრ დროს მოითხოვს, თუმცა სხვა კონკურსებშიც ვცდილობ მონაწილეობას. მაგალითად მილენიუმის პროექტში ვმონაწილეობ და ჩემი გუნდი უკვე ფინალშიც გადავიდა.

  • ამ კონკურსში რა გააკეთეთ?

ინოვაციების კონკურსია, რამე ისეთი უნდა გამოიგონო, რაც საზოგადოებას გამოადგება. ჩვენმა გუნდმა მოვიფიქრეთ ტექნოლოგია, რომელიც ბალახს ქაღალდად გარდაქმნის. ანუ უნდა ავაწყოთ აპარატი, სადაც ჩაიყრება ბალახი და გადამუშავდება ქაღალდად.

  • როგორ ფიქრობთ, გამოგივათ?

უკვე აწყობილი გვაქვს რაღაც ნაწილები. ვნახოთ.

და კიდევ, ყველაზე მეტად ქიმიკოსთა ასოციაციასთან მუშაობას ვაფასებ. ეს არის მასწავლებლების ჯგუფი, რომლებიც ბავშვებს უსასყიდლოდ უტარებენ ქიმიის გაკვეთილებს. ჩამოაყალიბეს სასწავლო ცენტრი „ზურგჩანთა“ და ონლაინაც ასწავლიან ბავშვებს. ელიზბარ ელიზბარაშვილი, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია და ვახტანგ კურცხალია არიან ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მენტორები იყვნენ ამ ოლიმპიადაზე.

თითქმის ორი წელია, რაც ეს ხალხი გვამეცადინებს და ძალიან კარგია, რომ ასეთი პედაგოგები არსებობენ, რადგან ქიმიის მარტო სწავლა რთულია. ბევრი კითხვა გიჩნდება, სკოლა კი ყველაზე კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს, რადგან არ შეესაბამება სასკოლო მასალებს.

ჩვენთვის მოტივაციაა ისიც, რომ ჯილდოს ვიღებთ. ვერცხლის მედლის გარდა სახელმწიფომ 2 ათასი ლარი გადმომცა, თუმცა არ მომეწონა, როცა 20 პროცენტი საშემოსავლო დაგვიკავეს. თუ ჯილდოა, მაშინ არ უნდა გვართმევდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: