მთავარი,სიახლეები

ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე

23.05.2022 • 4580
ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე

„პროექტმა“, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე საჯარისო დანაყოფები და სამხედრო მეთაურები შეისწავლა. გამოცემამ რუსული არმიის 150-ზე მეტი დანაყოფისა და 166 მეთაურის იდენტიფიცირება მოახერხა. გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსული არმიის მდგომარეობა და ოფიცრებისა თუ პოლკოვნიკების ისტორია პასუხობს შეკითხვებს, რატომ მიდის ომი ისე, როგორც მიდის და რატომ გამოირჩევა რუსეთის არმია ასეთი სისასტიკით.

ვინ იბრძვის უკრაინაში

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან რუსეთის ხელისუფლება მას „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა – სწორედ ასეთი ფორმულირება გამოიყენა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 24 თებერვლის დილით, როდესაც შეჭრის გადაწყვეტილება წაიკითხა.

ჩრდილოკავკასიისა და სირიის სამხედრო ოპერაციების ანალოგიით, პუტინის ნათქვამი აღიქმებოდა, როგორც შედეგიანი და შეძლებისდაგვარად, მოკლევადიანი შეტევა, რომელსაც პროფესიონალი, კარგად მომზადებული დანაყოფებისგან შემდგარი კონტინგენტი შეასრულებდა.

„თუმცა ის, რომ ეს არა ოპერაცია, არამედ სრულმასშტაბიანი ომია, ამაზე თავად რუსეთის მიერ მასში ჩართული ჯარების რაოდენობა და ხარისხიც მიუთითებს“, – აღნიშნავს გამოცემა.

„პროექტის“ მონაცემებით „ოპერაციაში“ მონაწილეობს ყველა ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, იმ ძალების გამოკლებით, რომლებიც რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან რეზერვში რჩებიან.

რომელი ძალები მონაწილეობს ომში:

  • რუსეთის 12 არმიის (11 საერთო-საჯარისო და 1 სატანკო) მოტორიზებული, საარტილერიო და საზენიტო ნაწილები და ცალკეული სატანკო დივიზია.
  • საჰაერო-სადესანტო ძალები სრულად – 5 სადესანტო-მოიერიშე დანაყოფი, 2 საჰაერო-სადესანტო დივიზია და 1 სპეცრაზმის ბრიგადა.
  • გენშტაბის 6 სადაზვერვო ბრიგადა (ГРУ-ს ყოფილი სპეცრაზმი.)
  • ბალტიის, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანისა და შავის ზღვის ფლოტების საზღვაო ქვეითები და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ხომალდები.
  • რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენი, მოიერიშე და გამანადგურებელი პოლკები და ფლოტის ავიაცია.
  • პოლიციისა და როსგვარდიის ძალები.

გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიის რაოდენობა დაახლოებით 900 ათასი ადამიანია. უკრაინაში შეჭრის წინ, ქვეყნის საზღვრებთან რუსეთმა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20 % გადაისროლა. რუსეთის თავდაცვა არ ამხელს უკრაინაში ომში მონაწილე დანაყოფებისა და სამხედროების რაოდენობას. უკრაინის თავდაცვა კი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 149 ათას სამხედრო განალაგა. სამხედრო ექსპერტი იური ფედოროვი „პროექტთან“ დაახლოებით 200 ათას სამხედროზე საუბრობს.

„პროექტის“ ინფორმაციით, უკრაინაში საომრად გაუშვეს რუსეთის ის ერთადერთი სამშვიდობო ბატალიონიც, რომელსაც გაეროს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში იყენებდნენ.

„რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე დანაყოფებს, სავარაუდოდ, სერიოზული სამხედრო გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ისინი იბრძოდნენ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში, შეიერთეს ყირიმი 2014 წელს და ეხმარებოდნენ სეპარატისტებს დონბასში. თუმცა სამხედრო ნაწილების პროფესიონალიზმი არა ისტორიაზე, არამედ პირადი შემადგენლობის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. აქ კი ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არაა – თვითმხილველების მონაყოლით, უკრაინაში იბრძვიან ახალწვეულები, ან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც საკონტრაქტო სამსახური ახლახან დაასრულეს. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ ომის პირველივე დღეებში რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა“, – წერს გამოცემა.

რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინაში:

  • რუსეთის თავდაცვის 2022 წლის 25 მარტის მონაცემებით, სულ დაიღუპა ან დაიჭრა 5 176 სამხედრო.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 30 მარტის ცნობით, 10 000-ზე მეტი.
  • უკრაინის გენშტაბის 17 მაისის მონაცემებით კი, რუსეთის დანაკარგი 29 200 სამხედროა.

ვინ ხელმძღვანელობს რუსულ სამხედრო აგრესიას

გამოცემა მიუთითებს, რომ მაროდიორობის მასშტაბი რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ძალიან მაღალია – ტელეგრამ არხებში გამოქვეყნებულია ათობით ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ განადგურებულ რუსულ სამხედრო ტექნიკაში პოულობენ ნივთებს, რომლებსაც სამხედრო ამუნიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უკან დახევისას, ჯარისკაცებს თან მიაქვთ არამხოლოდ მოპარული ძვირფასეულობა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არამედ გამონაცვალი ფეხსაცმელი, სათამაშოები, გამოყენებული უნიტაზები. ნადავლს ჯარისკაცები შინ რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიის გავლით გზავნიან.

„პროექტის“ ვარაუდით, ეს ფენომენი შეიძლება სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორით აიხსნას – ომში მონაწილეობენ ჯარისკაცები რუსეთის უღარიბესი რეგიონებიდან. მათი გასამრჯელო შეიძლება რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალი იყოს, თუმცა თვეში 50 ათას რუბლს არ აღემატება.

დაღუპული სამხედროები 5 მაისის მონაცემებით და საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იმავე რეგიონში „როსსტატის“ 2021 წლის სტატისტიკით:

  • დაღესტანი – 135 [23 600 RUB]
  • ბურიატია – 98 [22 500 RUB]
  • ვოლგოგრადის ოლქი – 80 [22 600 RUB]
  • ორენბურგის ოლქი – 66 [21 200 RUB]
  • კრასნოდარის მხარე – 65 [31 500 RUB]
  • სტავროპოლის მხარე – 61 [21 200 RUB]

როგორც ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, ოფიცრებს ჯარისკაცებზე მეტს უხდიან, თუმცა არმიებისა და ფლოტების, ასევე დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურები მაინც ბევრად უფრო მოკრძალებულად ცხოვრებენ, ვიდრე ის ხალხი, ვინც ისინი ომში გააგზავნა.

სახმელეთო არმიაში ოფიცრის საშუალო თვიური ხელფასი 2019 წელს დაახლოებით 270 ათასი რუბლი იყო. შედარებისთვის, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილეები ოფიციალურად, იმავე პერიოდში, თვეში საშუალოდ 1,2 მლნ რუბლს იღებდნენ, გენშატბის ოფიცრები კი  – 300 ათასს.

რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე შეიარაღებული ძალების მეთაური ოფიცრების საშუალო ხელფასები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის დეკლარაციების მიხედვით.

  • სერგეი შოიგუ და მისი მოადგილეები – 1,2 მლნ RUB
  • სამხედრო ოლქების მეთაურები – 900 ათასი RUB
  • გენშტაბის ოფიცრები – 300 ათასი RUB
  • სახმელეთო ჯარები მეთაურები – 270 ათასი RUB
  • დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურები – 160 ათასი RUB

„პროექტის“ გამოძიებამ დაადგინა, რომ 12 სახმელეთო არმიის 3 გენერალი არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს – ისინი სამსახურებრივ ბინებში ცხოვრობენ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მწირია დივიზიების მეთაურთა უძრავი ქონებაც და მათი ცოლების შემოსავლებიც.

დივიზიებსა და ბრიგადებს რუსეთის არმიაში პოლკოვნიკები მეთაურობენ. გამოცემა მიუთითებს, რომ მაგალითად, გერმანიაში ანალოგიური წოდების მქონე ოფიცრის შემოსავალი სამჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში.

უცხოელი ოფიცრების შემოსავლები ანალოგიური წოდების პოლკოვნიკის, OF-5 რანგი საერთაშორისო კლასიფიკაციით:

  • დიდი ბრიტანეთი – 8 719 €
  • გერმანია  – 7 478 €
  • საფრანგეთი – 4 531 €
  • ესპანეთი – 3 542 €
  • რუსეთი – 2 358 €

წყარო: Stiftung Wissenschaft und Politik, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების გერმანული ინსტიტუტი, 2019 წელი, თავდაცვის სამინისტროს დეკლარაციები.

რუსეთის არმიის ყოველ მესამე უმაღლეს მეთაურს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, „პროექტმა“ აღმოუჩინა მუნიციპალური და საქალაქო მომსახურებისა და ალიმენტის ვალები. გამოცემის მიერ შესწავლილი სამხედრო ჩინოსნების სიიდან, ყოველ მეხუთეს ავტოინსპექციის ჯარიმები აქვს, ყოველი მეექვსე კი ამ ჯარიმებს დროულად არ იხდის. ოფიცრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მართვის მოწმობა არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარების ან საავარიო სიტუაციის შექმნის გამო ჩამოართვეს.

მეთაურების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს. მათ 40 პროცენტს გავლილი აქვს სპეციალური სწავლებაც.

სისასტიკე რუსეთის არმიაში

მარტის დასასრულს, 5 კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აეღოთ უკრაინის დედაქალაქი, რუსეთის ძალებმა კიევის ოლქიდან გასვლა დაიწყეს. ყველგან, სადაც რუსეთის ჯარმა გაიარა, ანგარიშსწორების საშინელი კვალი დატოვა – დანგრეული სახლები, დამწვარი მანქანები, პირდაპირ ქუჩაში დახვრეტილი ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, გაუპატიურებული ქალები და არასრულწლოვანები.

„ეს სისასტიკე უპრეცედენტოდ გამოიყურება. კრემლის პროპაგანდა ხომ წლების განმავლობაში ქმნიდა რუსეთის არმიის, როგორც „ზრდილობიანი ჯარისკაცის“ იმიჯს,  მაგრამ თუკი ოფიცრების ბიოგრაფიებს და იმ ნაწილების ისტორიას შევისწავლით, რომლებიც მათ აბარიათ, ცხადი გახდება – ვისგან სწავლობენ ჯარისკაცები“, – აღნიშნავს გამოცემა.

რუსეთის სისასტიკის მაგალითად კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა იქცა – იქ სხვა დანაყოფებთან ერთად, 35-ე საერთო საჯარისო არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა იდგა.

„პროექტის“ ინფორმაციით, ამ ბრიგადის დისლოცირების ადგილი ხაბაროვსკის მხარეშია, მას ადგილობრივმა მოსახლეობამ „მლეჩნიკი“ (რძემჟავა სოკო) შეარქვა.

„მლეჩნიკს“ ახალწვეულების ჯოჯოხეთად მიიჩნევენ. 64-ე ბრიგადაში, 2017-2019 წლებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მშობლები ჰყვებიან, რომ ნაწილში ჯარისკაცებს ძალიან ცუდად კვებავენ, ყაზარმებში სიცივეა, სამხედრო ფორმები კი ძველი და არასათანადო ზომებისაა.

„ზოგჯერ, როდესაც ნაწილში შემოწმება მიდის, ჯარისკაცებს რატომღაც აბაზანებში, ტყეში ან სადმე მალავენ. შესაძლოა, არ უნდათ, რომ სტუმრები ჯარისკაცების შესახედაობით შეაშინონ, რადგან ფორმები და მათი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა“, – ჰყვება ერთ-ერთი ახალწვეულის დედა.

საველე სწავლებები წელიწადში ორჯერ იმართება პოლიგონზე, სადაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არაა. ჯარისკაცები ზამთარ-ზაფხულ კარვებში ცხოვრობენ, ბანაობენ მიწაში ამოთხრილ ორმოში, საცვლებსაც იქვე ირეცხავენ. ახალწვეულები ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა ბრიგადას სამედიცინო პუნქტი არ აქვს. ჯარისკაცებს სან-ინსტრუქტორი მკურნალობს – პარაცეტამოლის მსგავსი ყველაზე პრიმიტიული პრეპარატებით.

„მლეჩნიკში“ ყველაზე საშინელი მაინც ცემისა და გამოძალვის პრაქტიკაა. ამით დაკავებულები არიან როგორც თვითონ ახალწვეულები, ისე ოფიცრები. სამხედრო მოსამსახურეები ბანდებად იკვრებიან: თანაბრიგადელებს ართმევენ ფულს, საბანკო ბარათებს, მობილურ ტელეფონებს.

„პროექტი“ ხაზს უსვამს, რომ წოდებით უფროსები არათუ ხელს არ უშლიან ამ ყველაფერს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ბულინგში.

იმის გამო, რომ ახალწვეულები ვერავის შესჩივლებენ ჩაგვრის შესახებ, ისინი ხშირად ნაწილიდან გაქცევას ცდილობენ. ზოგიერთი კი ცდილობს, როგორმე მოახერხოს და ჯანმრთელობის მიზეზით გაითავისუფლოს თავი სამხედრო სამსახურიდან – „სვამენ მათეთრებელ საშუალებას, ყლაპავენ ნემსებს“.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ზოგჯერ ჯარისკაცები უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ. 2014 წელს თავი მოიკლა რიგითმა ალექსეი სნაკინმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას მაიორი ცოცხის ტარით სცემდა და აიძულებდა საათობით ევლო ჯავშანჟილეტითა და აირწინაღით.

„მლეჩნიკის“ სამხედრო მოსამსახურეები სასტიკად ეპყრობიან ადგილობრივ მოსახლეობასაც. გამოცემა იხსენებს 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც „მლეჩნიკის“ სამხედროებმა სასიკვდილოდ სცემეს გამვლელს. კაცი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

ხაბაროვსკის მხარე, არმიაში მომხდარ დანაშაულებზე დამდგარი განაჩენების მიხედვით, რუსეთში მესამე ადგილზეა. მეორეზეა პრიმორსკის მხარე, სადაც, სერგეევკის დასახლებაში, მე-5 საერთო-საჯარისო არმიის 127-ე მოტომსროლელი დივიზიაა დისლოცირებული. ეს დივიზიაც კიევთან იბრძოდა.

2018 წელს სერგეევკის სამხედრო ნაწილიდან 20 წლის რომან საპეგინი გაიქცა. საპეგინი საუბრობდა ბულინგზე, დევნაზე, გამოძალვაზე. უკანასკნელი წვეთი კი აღმოჩნდა ეპიზოდი, როდესაც სერჟანტმა ის აიძულა, უნიტაზი შიშველი ხელებით გაეხეხა, წინააღმდეგობის გამო კი სასტიკად სცემა.

„შარშან ყარაულმა მოიკლა თავი, კიდევ ორ ახალწვეულს „ურალმა“ გადაუარა პირდაპირ პოლიგონზე, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო“, – თქვა საპეგინმა.

ზოგჯერ დასახლებაში უცნაური ამბები ხდება. 2018 წლის სექტემბერში, სერგეევკაში, ნაწილთან ახლოს სამხედრო ფორმაში ჩაცმული უთავო ცხედარი იპოვეს. მანამდე, ერთი წლით ადრე, მეზობელ დასახლება უსურიისკში, სადაც ასევე 127-ე დივიზიის ნაწილების არიან, ასევე თავმოჭრილი ცხედარი აღმოაჩინეს – ის არტილერისტი, მაიორი ანდრეი გოლობლიოვი აღმოჩნდა.

რუსეთის სამხედრო მეთაურები/proekt.media

ხაბაროვსკი, სერგეევკა და უსურიისკი – ის ადგილებია, საიდანაც ყველაზე ხშირად გარბიან ახალწვეულები და კონტრაქტით მომუშავე სამხედროები, თუმცა პირველ ადგილზე მაინც მოსკოვის ოლქია, სადაც სხვა დანაყოფებთან ერთად დგას პირველი გვარდიის სატანკო არმია. არმიის ნაწილებში მუდმივად ადგილი აქვს ცემას, გამოძალვას და არამოტივირებულ სისასტიკეს.

„ამ ნაწილებში იხოცებიან ჯარისკაცები – მშვიდობიან დროს, მეთაურების ბრძანების შესრულებისას“, – წერს „პროექტი“ და 2017 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს. პირველი სატანკო არმიის მე-4 სატანკო დივიზიის ახალწვეულმა ილია გორბუნოვმა მიიღო ბრძანება, ტანკოდრომზე გადაეყვანა ტანკი, რომელსაც მუხლუხო და მუხრუჭი ჰქონდა დაზიანებული. ვიწრო ხიდზე გადასვლისას, ტანკი გადაყირავდა, მდინარეში გადავარდა და ჩაიძირა. ჯარისკაცი, რომელსაც მის მართვაზე წვდომა არ ჰქონდა, დაიღუპა. ილია გარბუნოვის სიკვდილზე პასუხისმგებელ უშუალო მეთაურს შესაბამისი სასჯელი არ მიუღია.

ეს დივიზიაც დონბასში იბრძოდა.

2016-2020 წლებში რუსეთის სასამართლოებმა სამხედრო ნაწილებში კანონდარღვევის 1 268 საქმე მიიღეს. ამ საქმეების მესამედი შეწყდა – სასამართლომ დანაშაული მსუბუქად მიიჩნია და ჯარიმებით შემოიფარგლა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ის საქმეებია, რომლებმაც სასამართლომდე მიაღწია, ხოლო არმიაში მომხდარი დანაშაულების უდიდესი ნაწილი მიჩქმალულია.

„2015 წელს პოლკოვნიკი ევგენი დოროშენკო გაასამართლეს იმისთვის, რომ ცუდად მყოფ სამხედროს არ დაეხმარა. სერჟანტი დათვრა და შეუძლოდ გახდა, თუმცა მეთაურმა, დისციპლინარული სასჯელის შიშით, სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა. სერჟანტი გარდაიცვალა. დოროშენკოს თავიდან 4 წელი მიუსაჯეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა.

ევგენი დოროშენკო ახლა მეთაურობს პირველი სატანკო არმიის 47-ე გვარდიის დივიზიას, რომელიც ხარკოვში იბრძოდა.

უკრაინასთან დაკავშირებული სამხედროები

„ჩვენს სიაში ყოველი მერვე ოფიცერი უკრაინასთანაა დაკავშირებული“, – წერს „პროექტი“ და რამდენიმე მათგანს ასახელებს.

სამხედრო საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-4 არმიის მეთაური ნიკოლაი გოსტევი სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ახლა მისი თვითმფრინავები უკრაინას ბომბავენ.

სამხედრო საჰაერო ძალების მე-6 არმიის მეთაური ოლეგ მაკოვეცკიც უკრაინაში დაიბადა, ქალაქ ჩუგუევში ხარკოვის ოლქში. უკრაინის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხარკოვის დაბომბვის ბრძანება სწორედ მან გასცა.

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო მეთაურობს 58-ე საერთო-საჯარისო არმიას, რომელიც ყირიმიდან უტევს მიკოლაევს. ის ვოლინის ოლქში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, უკრაინელებთან ომი კი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო დონბასში. ზუსკოს უკრაინაში ომის დამნაშავედ მიიჩნევენ, სხვა ოფიცრებთან ერთად, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ყირიმის დაპყრობის ოპერაციაში ან დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ზუსკოზე და კიდევ 9 სამხედრო მაღალჩინოსანზე უკრაინას ტერორიზმის დაფინანსებისა და სამხედრო აგრესიის გაჩაღების ბრალდებით ძებნა აქვს გამოცხადებული.

პოლკოვნიკი ვადიმ პანკოვი ბელარუსში დაიბადა, თუმცა უკრაინაში სწავლობდა, ფრუნზეს სახელების სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ, 1992 წელს, უკრაინული არმიის ერთ-ერთი დანაყოფს მეთაურობდა და სამხედრო ფიცი აქვს უკრაინელი ხალხისთვის მიცემული. „ოფიცერმა პანკოვმა ფიცი გატეხა – გახდა სპეცრაზმის 45-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, რომელიც უკრაინაში უკრაინელთა წინააღმდეგ იბრძვის“.

„პროექტი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე 20 სამხედრო მეთაური, მაისის შუა რიცხვებში, უკვე მკვდარი იყო – ოთხმა მათგანმა კი საკუთარი სიცოცხლე დაასრულა იქ, სადაც დაიბადა – უკრაინაში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: ბუჩა დეოკუპაციის შემდეგ. 7 აპრილი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

გადაბეჭდვის წესი


ასევე: