მთავარი,სიახლეები

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

19.07.2022 • 5067
რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.

ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო.

საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობს იმას, რომ ოზთურქს შესაძლოა ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი ბრალიც წარუდგინონ.

საქმე იმაშია, რომ “ოზთურქის საქმეზე” თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით კი, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რადგან წინასასამართლო სხდომა გადაიდო, მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა – ოზთურქი წინასწარ პატიმრობაშია, თუმცა კანონით სავალდებულოა მაქსიმუმ 2 თვეში გადაისინჯოს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის საკითხი (წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა).

„მოწმეები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან“, – თავის სიტყვაში ამას გაუსვა ხაზი პროკურორმა ლევან მურვანიძემ და სირთულეზე, რომ პროკურატურა ამ საქმეზე, ანუ ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაწყებულ საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

პროკურორის თქმით, ოზთურქი ისევ პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან „გამოძიება მომდინარეობს ფინანსური დანაშაულის მიმართულებით“ და „მან შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვების პროცესს“.

პროკურორმა ასევე ხაზი გაუსვა ოზთურქის „ფინანსურ შესაძლებლობებს“ და მიმალვის საფრთხეს, თუკი მას გაათავისუფლებენ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – ეს ადვოკატების მთავარი აქცენტი იყო. მათივე თქმით, ამას ერთ-ერთი, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

დაცვის მხარემ 1 მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა ოზთურქის გათავისუფლება.

ადვოკატების შეფასებით, უკანონოა პროკურორის მოთხოვნა, ოზთურქის პატიმრობაში დატოვებაზე, რადგან არ შეიძლება ბრალდებული პატიმრობაში დატოვო იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მას ბრალი წარდგენილი არ აქვს, ნარკოდანაშაულზე კი, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

„ფინანსური ხასიათის ქმედებებზე შესაძლოა ბრალი საერთოდ არ იქნას წარდგენილი“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ბრალის წარდგენის პერსპექტივით“ უკანონოა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.

„რამდენი გალიფ ოზთურქია ბათუმში, ვისაც შეუძლოა 15 ათასი ადამიანის დასაქმება და 250 მილიონი ლარის გადასახადებში გადახდა?… პროკურატურას ის მაინც არ შეუძლია, დროულად დაასრულოს გამოძიება?“ – აღნიშნა გალიფ ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა.

შემდეგ მოსამართლეს მიმართა გალიფ ოზთურქმა და „სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერას“ გაუსვა ხაზი თავის ბიზნესში.

„…ჩემი მიზანია დავეხმარო ქართველ ხალხს და გავაკეთო უკეთესი საქმეები, სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერით გავაგრძელო ქველმოქმედება და ბიზნესსაქმიანობაც… საქართველოში დავაბანდე 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია… რატომ ხდება ეს, გაურკვეველია: მე ვარ დაპატიმრებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მე არ ჩამიდენია…

არავისზე გაბრაზებული არ ვარ, არავის ცუდი თვალით არ ვუყურებ“, – აღნიშნა ოზთურქმა. შემდეგ კი, მილიონერი დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ აპირებდა ბრინჯის მოყვანას საქართველოში.

„ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი, ჭაობიანი ადგილებიც შევიძინე ამისთვის, შევისწავლეთ მიწის მონაცემები… იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდებოდა და ადგილობრივებიც დასაქმდებოდნენ… დღეს ამ ტერიტორიებსაც ყადაღა ადევს, პროკურატურას ვთხოვ, გადახედოს ამ საკითხს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

მინდა ოჯახთან და საქმესთან დამაბრუნოთ, არსად დამალვას და გაქცევას არ ვაპირებ“, – დაასრულა ოზთურქმა.

„ჩვენ ვმსჯელობთ აღკვეთი ღონისძიების საკითხზე და არა ბრინჯსა და სოციალურ საკითხებზე“, – გაბრაზდა პროკურორი ლევან მურვანიძე. მას დაცვის მხარემ სთხოვა განემარტა: რატომ უნდა დარჩეს პატიმრობაში ოზთურქი, თუკი მოწმეები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე?

„7 მოწმე მოვიყვანეთ მაგისტრ მოსამართლესთან და შვიდივემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე“, – თქვა პროკურორმა და არგუმენტის გამყარება ისევ „ფინანსურ დანაშაულზე“ აქცენტით სცადა.

„გუშინ მივმართეთ თურქეთის ოფიციალურ ორგანოებს შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ… სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი ფინანსური ზარალის მიყენებაზეა საუბარი“, – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. მან დისკუსიაში დაადასტურა ის, რომ „ოზთურქის საქმეზე“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები „სხვა დანაშაულს შეესწრნენ“, ანუ ნარკოდანაშაულს, თუმცა ვერ თქვა: რატომ ვერ დასრულდა ფინანსურ დანაშაულებზე გამოძიება, ან რატომ შეიძლება ამართლებდეს პროკურატურა პირის პატიმრობაში დატოვებას საქმეზე, რაზეც ბრალი ოზთურქისთვის არ წარუდგენიათ?

„ქურდობაზე თუ ვიწყებ გამოძიებას და სხვა დანაშაულსაც შევესწარი გზაში, რა უნდა ვქნა?“ – ისევ აუწია ხმას პროკურორმა.

რა აქვს პროკურატურას დაგეგმილი ნარკოდანაშაულის გამოძიების კუთხით, რაზეც საპროცესო მოქმედებებს შესაძლოა ოზთურქს ხელშეშლა და რა მუხლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი? – ესეც ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორს.

პროკურორ ლევან მურვანიძის თქმით, რადგან „ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან“, ვერ დადგინდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობა.

„მოხდა მთელი შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, ეს ჩანაწერები ხანგრძლივია, საჭიროა მათი დეტალური შესწავლა“, – აღნიშნა პროკურორმა.

„ოზთურქის თავისუფლება რაში შეგიშლით ხელს?“ – იკითხეს ადვოკატებმა.

„იმაში, რომ არ ვიცით წინასწარ რა მტკიცებულება აღმოჩნდება ამ ჩანაწერებში და რა გავლენა აქვს ამ მტკიცებულებაზე ბრალდებულს,” – ადვოკატებს გახედა პროკურორმა.

„ისევ არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – თქვა მოსამართლემ, ვიდრე სარეზოლუციო გადაწყვეტილებას წაუკითხავდა ოზთურქს.

——–‐———-‐———–

ოზთურქი

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ამ თემაზე:

რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: