მთავარი,სიახლეები

პესკოვმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უარყო

18.07.2022
პესკოვმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უარყო

ვინიცის ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთის არმია უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

„ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა, არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ძალიან მკაფიო ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან – თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამიტომაც, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუშაობენ ძალიან ზუსტად, იყენებენ ზუსტი მიზნის მქონე შეიარაღებას და გამორიცხავენ რაიმე დარტყმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით უკრაინულ მხარეზე, განსაკუთრებით ნაციონალისტურ ბატალიონებსა და დანაყოფებზე, რომლებიც უკან არაფერზე იხევენ,“ – უთხრა პესკოვმა ირანის სახელმწიფო არხს და დასძინა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყველა მიზანი მიღწეული იქნება.

პესკოვის თქმით, „ოპერაციას“ კონკრეტული ვადები არ აქვს, მთავარი მისი შესრულების ეფექტიანობაა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კრემლი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ანალოგიური განცხადება გააკეთა პირველ ივლისსაც, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

პირველი ივლისის ღამით რუსეთმა Х-22 რაკეტებით დაარტყა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ორ დასასვენებელ კომპლექსს სერგეევკაში, ოდესის ოლქში. კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი.

14 ივლისს ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების აფეთქების შედეგად, ბოლო ცნობებით, 24 ადამიანი დაიღუპა, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათგან 23 – აფეთქების ადგილზე, ერთი კი, 16 ივლისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, არაერთი თავდასხმა მოხდა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის იყო კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი და კრამატორსკის რკინიგზის სადგური.

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს რუსულმა არმიამ 27 ივნისს, 16 საათზე დაარტყა, სადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა – იმ დროს ცენტრში ასობით სტუმარი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

8 აპრილს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე – დაიღუპა 30 და დაშავდა 100-მდე ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: