მთავარი,სიახლეები

ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

19.07.2022 • 917
ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა NATO-ს სტანდარტის შეიარაღებაზე გადადის, კონკრეტულ პოზიციებზე კი უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიასთან პარიტეტს მიაღწიეს – ამის შესახებ ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ისეთი ჭურვების მიღება, რომლებიც უფრო შორს სწვდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ შემოვა იმ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, როგორიც ჩვენ გვჭირდება,“ – უპასუხა დანილოვმა შეკითხვას,  შესაძლებელია თუ არა, უკრაინამ კიდევ უფრო შორსმოქმედი შეიარაღება მიიღოს.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კალიბრის ჭურვები, რომლებიც ომში მანამდე გამოიყენებოდა, ევროპაში უკვე ამოიწურა.

„არის საბჭოთა ჭურვები, ე.წ. 152 ან 122 კალიბრის. იმის გათვალისწინებით, რომ ომი უკვე საკმაოდ დიდ ხანია გრძელდება, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჭურვი გამოიყენება, 152 და 122 კალიბრის ჭურვები უკვე თითქმის აღარაა ევროპაში.“

ოლექსი დანილოვის თქმით, დასავლური შეიარაღების დახმარებით, უკრაინამ კონკრეტულ პოზიციებზე რუსეთის არმიასთან გარკვეულ პარიტეტს მიაღწია.

„დღეისთვის ნამდვილად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ. ახლა, იმის წყალობით, რომ ჩვენ გარკვეული რაოდენობით შეიარაღებას ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, კონკრეტულ პოზიციებზე პარიტეტს მივაღწიეთ“, – ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ შეიარაღება უპირატესობის მოსაპოვებლად და ომის მალე დასასრულებლად საკმარისი არაა, ამიტომაც უკრაინა დიდ იმედებს ამყარებს „რამშტეინ 4-ის“ შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება და რომელზეც უკრაინისთვის შეიარაღების გაზრდის საკითხი განიხილება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვითარება შეცვლილია, მარტთან ან აპრილთან შედარებით, მაისთან შედარებითაც კი… მთავარია, არ გაჩერდნენ ის თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღე მოფრინავენ ჩვენს საზღვართან ახლოს მდებარე NATO-ს წევრ ქვეყანაში. იქ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი ამ პროცესს არ წყვეტენ“.

26 აპრილს „რამშტეინის“ ავიაბაზაზე, გერმანიაში, 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, ერთობლივი ძალებით, უკრაინის არმიის თანამედროვე შეიარაღებით მომარაგება.

15 ივნისს შედგა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კონტაქტური ჯგუფის შეხვედრა (ე.წ. „რამშტეინი-3), რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა. ცნობილი გახდა, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემდნენ, სლოვაკეთი – ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი – არტილერიას.

კონტაქტური ჯგუფის მომდევნო შეხვედრა („რამშტეინ 4“) 20 ივლისს იმართება.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/president.com.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: