განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

18.07.2022 • 2199
ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი ლალი მარგიანი. სკოლაში ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. ლალი წელს ეროვნული ჯილდოს ათეულშია და ინტერვიუში თავის პირად ტრაგედიაზე, განცდებსა და მოსწავლეებზე გვიყვება.

  • ქალბატონო ლალი, რა გზა გაიარეთ სანამ მარნეულში, ხოჯორნის სკოლაში აღმოჩნდებოდით?

მასწავლებლობა ჯერ კიდევ 1987 წელს დავიწყე, როცა მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი მქონდა. როცა მესტიაში სტიქიური უბედურება დატრიალდა და დაიცალა სვანეთის სოფლები, სკოლებში კადრების ნაკლებობა იყო და იმ პერიოდში, წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს ატესტატითაც უშვებდნენ ხოლმე სკოლებში სამუშაოდ. მეც წავედი სამუშაოდ სოფელ კალაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

ბოლოს სოფელ ფარის საშუალო სკოლაში ვიყავი, თუმცა როცა ოჯახი შევქმენი, პედაგოგიური საქმიანობა შევწყვიტე.

  • რატომ?

რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და ყოველთვის მიჭირს ხოლმე ამაზე საუბარი. 15-წლიანი პაუზა მქონდა, შემდეგ კი მეგობრების დაჟინებით მაინც ჩავაბარე უნივერსიტეტში, რომ საერთოდ არ დავრჩენილიყავი განათლების გარეშე. 90-იანი წლები იყო, საკმაოდ მძიმე პერიოდი და ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია.

შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, 24 წლის ძმა მომიკლეს, ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი 11 თვის გოგონა გარდაიცვალა და ძალიან დიდი დარტყმა მივიღე. შემდეგ ჩემი მეუღლე წავიდა სამუშაოდ უკრაინაში და აღარ დაბრუნდა. ასე დავრჩი მარტო ჩემს 15 წლის ბიჭთან ერთად.

ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია თუ ოდესმე შევძლებდი სკოლაში დაბრუნებას. თუმცა 2012 წელს, ისევ და ისევ მეგობრების დაჟინებით გადავწყვიტე მეცადა ბედი.

პირველად წავედი სოფელ ლახამულაში, სადაც ვიმუშავე ხუთი წელი და ეს იყო ძალიან კარგი წლები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ფენიქსივით აღვდექი. ეს სოფელი ჩემთვის ძალიან მშობლიური გახდა.

  • რა ემოცია გქონდათ, როცა 15 წლის შემდეგ, ისევ შეხვედით გაკვეთილზე?

ბუნებრივია მქონდა განცდები, მაგრამ დავინახე თუ არა ბავშვების ანთებული თვალები, ყველაფერი დამავიწყდა და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, რომ წყვეტა მქონდა ჩემს საქმიანობაში.

ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა, რადგან მათთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები, დამოკიდებულებები, მე ეს ძალიან მშველის. დღესაც კი, როცა შაბათ-კვირას საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რაღაცნაირად ნაღველი მიპყრობს. სკოლა მეხმარება ჩემი პირადი ტკივილების დავიწყებაში. სკოლამ ამოაყირავა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, რაც სიკეთისკენ და მზისკენ მიბიძგებს.

  • თქვენი აზრით, ვინ არის ბავშვების ცხოვრებაში მასწავლებელი, რას უნდა ასწავლიდეს მათ, რა არის მთავარი სწავლაში?

მასწავლებელი ბავშვს, პირველ რიგში, ადამიანობას უნდა ასწავლიდეს, სრულფასოვანი მოქალაქე უნდა გაზარდოს, რომელსაც შეეძლება კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, რომელიც შეძლებს შექმნას უკეთესი მომავალი. რაც მთავარია, მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიკეთე და სიყვარული, რადგან გამოსავალი ყოველთვის ამათშია. ჩვენი მწერლის არ იყოს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს.

  • როცა ამბობთ, რომ ადამიანობაა მნიშვნელოვანი, როგორ უხსნით, რა არის ადამიანობა?

უამრავი ფილმი, უამრავი ნაწარმოები გვაქვს წაკითხული, ნანახი. პირველი ფილმი რომელიც ვაჩვენე იყო „გადაუხადე სხვას“, სადაც ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ რა არის სიკეთე და სხვა როგორ უნდა გადავუხადოთ სიკეთით, როგორ მოვქსოვოთ ეს ჯაჭვი და როგორ გავავრცელოთ.

ამის ძალიან კარგი მაგალითია ფილმებში, რომელიც მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობას შეეხება. პირადი მაგალითებიდან ბავშვები კარგად სწავლობენ ხოლმე, კარგად მსჯელობენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვებს კი არა, მშობლებსაც უნდა ვასწავლოთ ჩვენ ბევრი რამ.

ერთი ამბავი მახსენდება, მე და ჩემი უფროსკლასელი მოსწავლე ერთად ვმგზავრობდით, რომელსაც ბებია ახლდა თან. ეს ბავშვი ავტობუსის მძღოლს ტვირთის ჩამოღებაში როცა ეხმარებოდა, ბებიას არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოხატა. ორი თვე გავიდა ამ ამბიდან და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი ბავშვია იმის ფონზე, რაც მე გავიგონე და მოვისმინე.

სხვა დროსაც წავწყდომივარ ხოლმე ასეთ დამოკიდებულებას, როცა ვინმესთვის რამე მითხოვია ან დამივალებია, რომ „უფასოდ?“ და მინდა მივაჩვიო ბავშვები იმას, რომ ყველაფერში ფულის აღება არ არის კარგი, რადგან სიკეთე უანგაროდ კეთება.

  • თუმცა არის მეორე უკიდურესობაც, როცა ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ მათი შრომა უნდა დაფასდეს ანუ ანაზღაურდეს…

კი, მესმის, მაგრამ ყველაფრის ფულზე გაცვლა არ შეიძლება. როცა სკოლაში რაიმე ღონისძიებაა, რესურსებისთვის ყოველთვის მე ვხარჯავ ჩემს ფულს, თუ სადმე მიმყავს ბავშვები, ვუმასპინძლდები, მაგრამ ვეუბნები, რომ ახლა მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ როცა არ მექნება, თქვენ გადაიხდით თქვენსას. ვფიქრობ, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რადგან არ მინდა იფიქრონ, რომ რადგან მასწავლებელი ვარ და ხელფასი მაქვს, ვალდებული ვარ.

  • ზოგჯერ არის მომენტი, როცა ყველაზე მეტი აგრესია სწორედ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ყველაზე მეტს საუბრობს სიკეთეზე, რწმენაზე, პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

კი, ასეც ხდება. მე ისევ და ისევ ფილმებს, ნაწარმოებებს ვიშველიებ ხოლმე, მწერლებს და პოეტებს მივმართავ, რომ სწორი ღირებულებები ჩავუნერგო ბავშვებს. პრეზენტაციას რომ ვამზადებდით, მწერდნენ ხოლმე – „თქვენ სიყვარული გვასწავლეთ“. რატომღაც ეჩვენებათ, რომ ყველაზე კეთილი ვარ, რომ ჩხუბი არ ვიცოდი, რომ აგრესიული არ ვიყავი, თუმცა მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ძალიან გავბრაზდი, ვერ ვმართე ჩემი ბრაზი და ეს ბავშვებთან გამოვავლინე. შემდეგ, რა თქმა უნდა, ვისაუბრე ამაზე ბავშვებთან – მათ ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, რომ მე შეიძლება მართალი ვიყავი დღეს, მაგრამ არ ვიყავი მართალი, როცა ჩემი ბრაზი გამოვავლინე-მეთქი. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, „მეც ასეთი ხასიათი მაქვს“. ვუთხარი – „მოდი მაშინ ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ხასიათზე“-მეთქი.

ძალიან ხშირად მათაც დაუსვამთ კითხვა, „აი, მასწავლებელო ის ამბობს, რომ კეთილია, მაგრამ ამას აკეთებს“, – პარალელი გაუვლიათ და ამასაც განვიხილავთ ხოლმე.

მე ბავშვებს ვუხსნი, რომ არც მე ვყოფილვარ ყოველთვის ასეთი მოღიმარი, რომ ოდესღაც ჩემზეც ძალადობდნენ და მეც ვძალადობდი სხვაზე. დღემდე ვნანობ იმ დღეებს, დღემდე ვუხდი ჩემს შვილსაც ბოდიშებს. მაგრამ ვინ იცის, მის გულში რა ტრიალებს.

  • თქვენ ახლა ხართ მარნეულში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, რას გვეტყვით თქვენს სკოლაზე, რაზე წუხან ყველაზე მეტად?

დირექტორი გვყავს ეთნიკურად სომეხი. სომხურ სექტორზე დაახლოებით 60-მდე მოსწავლეა, აზერბაიჯანულზე – 12 მოსწავლე.

პირველ რიგში გული სტკივათ იმაზე, რომ სახელმწიფო ენა არ იციან. ამბობენ, რომ ჩვენთან ქართველს რომ ეცხოვრა ან უფრო ადრე რომ გვყოლოდა ქართულის მასწავლებლები, უკეთ გვეცოდინებოდა ენაო.

გული სწყდებათ იმაზე, რომ სოფლებში ცუდი ინფრასტრუქტურაა და ჰგონიათ, რომ ეს იმიტომაა ასე, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ აქ, ქართულ სოფლებში კი ყველაფერი აქვთ ადამიანებს.

მე ვეუბნები, რომ ასე არ არის და რომ, მაგალითად, სვანეთის სოფლებშიც არ არის ასფალტირებული გზა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც იქ მოძრაობს სოფლებიდან რაიონამდე. სომხებს ჰგონიათ, რომ აზერბაიჯანელებს უკეთეს პირობებში ვამყოფებთ, აზერბაიჯანელებს კი პირიქით ჰგონიათ. თუმცა ეს დამოკიდებულება უფრო საზოგადოების იმ ნაწილშია, რომელიც ძირითადად სახლშია და ნაკლებად გადიან საჯარო სივრცეებში.

ბევრმა არ იცის ქართული, არც რუსული. თუმცა ჩემმა კოლეგებმა ძალიან მოინდომეს და რამდენიმე მასწავლებელი უკვე პირველ დონესაც დაეუფლა – გამოცდებიც ჩააბარეს.

ხუთი წელია ამ სკოლაში ვარ და აქამდე ქართველი მასწავლებელი არავინ ჰყოლიათ. პირველ დღეს ტკბილეულით ხელში, გაღიმებული შევედი სამასწავლებლოში, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა.

  • რატომ?

თურმე ფიქრობდნენ, რომ სამინისტროსგან ვიყავი მიგზავნილი და შეშინებული, შეშფოთებულები იყვნენ. გავიდა რაღაც პერიოდი და მიხვდნენ, რომ ასე არ იყო.

მაშინვე რაღაც კონკურსებში ჩავაბი სკოლა და გავედით ხოჯორნის გარეთ. თბილისში წავიყვანე მოსწავლეები დაჯილდოებაზე, სულ სხვანაირები დავბრუნდით ხოჯორნიში, მეტი ნდობა გაჩნდა.

შემდეგ გავაკეთე პროექტი „გაიცანი საქართველო“, სადაც მეზობელი სოფლის კონსულტანტი მასწავლებლები და მისი დირექტორი მოვიწვიე, მყავდა სხვა სტუმრებიც და მიხვდნენ, რომ არ ვიყავი ბუა. ბოლოს ერთმა მითხრა, „გაკვირდებით და თქვენ მართლა კარგი ადამიანი ხართო“.

შემდეგ სვანეთში წავიყვანე ბავშვები, მესტიაში ჩემმა მეგობრებმა უმასპინძლეს და საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ვფიქრობ, მეტად უნდა გავიყვანოთ სოფლიდან ბავშვები, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ამ ქვეყნის მოქალაქეები რომ არიან, რა ხდება მათ გარშემო და ასე შემდეგ. მე ცოტა გული მტკიცა კიდეც, როცა მეუბნებიან – „ჩემი სამშობლო სომხეთიაო“.

მე რომ მეცხოვრა სხვა ქვეყანაში, ალბათ მეც ვიტყოდი, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ ის, რომ აქ დაიბადნენ, აქ ცხოვრობენ და აქ იზრდებიან, მაგრამ არაფერი იციან საკუთარ ქვეყანაზე, არ იციან რა ხდება ხოჯორნის იქეთ, ეს უკვე მტკივნეულია.

დეპუტატი იქნება თუ სოფლის რწმუნებული, ვფიქრობ უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული ამ ადამიანების ინტეგრაციაში, ეს ადამიანები უნდა იყვნენ გზამკვლევი სოფლის, მაგრამ მარტო იმაში კი არა, რომ ვიღაცას სახურავი ჩამოენგრა და განცხადება დააწერინოს, ან სოციალურ სერვისებში ჩართოს, ეს არ არის ქვეყანაში ცხოვრება. სოფლის მაცხოვრებლები, მშობლები, ყველა ყველაფერში უნდა ჰყავდეთ ჩართული და მონაწილეობდნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ პროცესში.

  • ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, როგორ ცდილობს რუსეთი ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას. რამდენად უმკლავდებიან ეთნიკური უმცირესობები ამ პროპაგანდას, რას ფიქრობენ მაგალითად ევროინტეგრაციაზე?

მე მქონდა გაკვეთილები ევროპულ ღირებულებებზე, ჩესტერფილდის და მიხეილ ჯავახიშვილის წერილები წავაკითხე ბავშვებს. შემდეგ გავარჩიეთ, ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინასადმი წავაკითხე და აქედან ვისაუბრეთ ევროპულ ღირებულებებზე.

იმ ნაკადმა, ვისთანაც მე გაკვეთილი ჩავატარე, ძალიან კარგად გაიგო და კარგი უკუკავშირი გააკეთა ამ თემაზე.

ჩვენი მასწავლებლებიც ტრენინგდებიან და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამ ადამიანების ცნობიერების ცვლილებაც: რუსული პროპაგანდა აქაც მუშაობს, ეს ადამიანები სამუშაოდ მიდიან რუსეთში, ბევრი არის რუსეთის მოქალაქე და ეს გავლენას ახდენს ადამიანებზე. მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო ამ გავლენების შესამცირებლად.

მე, როგორც მასწავლებელი, არ ვთვლი, რომ ევროპა მრყვნის, როგორც ამას პროპაგანდისტები იძახიან, რადგან ევროპაში ტრადიციებსაც და ღირებულებებსაც უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე ისინი, ვინც გაჰკივის, რომ ევროპა გვაკარგვინებს ყველაფერს.

  • როგორც ვიცით, ტექნოლოგიების გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სწავლების დროს, რობოტიც გააკეთეს თქვენმა მოსწავლეებმა სკოლაში, მოგვიყევით რა პირობები გაქვთ ამისთვის?

მე მყავს მეგობარი ეკა წულუკიძე, რომელიც ფარის საჯარო სკოლაში ასწავლის – ასე ვთქვათ, რევოლუციონერი მასწავლებელია სვანეთში. მას აქვს სოფელში რობოტექნიკის ინოვაციური ცენტრი და საინტერესო პროექტებს სთავაზობს სკოლებს.

ვცდილობ, ჩემი ბავშვები ჩავრთო მის პროექტებში და ასე მოვხვდით ეკას პროექტში „სტემ სამყარო“. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ვებინსტრუმენტებით, tinkercad-ის საბაზისო კურსიც გაიარეს და შემდეგ ონლაინპლატფორმების გამოყენებით, ქართულ ენაში ვიქტორინაც გააკეთეს, ტესტებიც თვითონ მოამზადეს, საკლასო ოთახიც თვითონ მოაწყეს და ძალიან კარგად გამოუვიდათ.

  • სკოლა ტექნიკურად აღჭურვილია?

სკოლაში არ გვქონდა კომპიუტერი, ერთი ლეპტოპი იდგა დირექტორის კაბინეტში და მთელი სკოლა იმას იყენებდა, ბუღალტერიც კი ამაზე მუშაობდა, ისეთი იყო, სულს ღაფავდა. ერთმა მეგობარმა მათხოვა კომპიუტერი, ერთ ბავშვსაც ჩემი ვათხოვე და აი ასე ვიყავით ამ პროექტში ჩართულები.

ბავშვებმა კი არა მასწავლებლებმა word-ში მუშაობაც კი არ იცოდნენ, ფოსტიდან წერილის გაგზავნა. რა თქმა უნდა, ბავშვები ახლა ასწავლიან მასწავლებლებს ამ რესურსების გამოყენებას. ვერც ბუკებს იყენებდნენ ბავშვები, რადგან მასწავლებლებმა არც მათი გამოყენება იცოდნენ, ამიტომ მასწავლებლებსაც ბავშვები ატრენინგებდნენ.

ამ პროექტის მერე სხვა საგრანტო კონკურსებიც მოვიგეთ, ძალიან მინდოდა ქართული ენის კაბინეტის გაკეთება, მაგრამ გადავდე გვერდზე და ტექნოლოგიების მიმართულებით დავწერე პროექტი, დამიფინანსეს და ამით შევიძინე ლეპტოპი. ერთი პროექტორი იყო სკოლაში, თუმცა ამასაც იშვიათად იყენებდნენ, მე და ჩემი ბავშვები კი მაქსიმალურად ვიყენებთ.

  • როგორც ვიცი, მულტიფუნქციური ოთახის მოწყობაც გინდათ, ეს რა პროექტია?

ამ ოთახის მოწყობა მინდა ცალკე, ისევ ჩემი ლახამულელი მეგობრები დამეხმარნენ – ერთ-ერთი მეგობრის შვილმა 1800 ლარი გადმომირიცხა. ყველა მასალა შეძენილი მაქვს და ველოდები მშობლებს, რომ ოთახის გარემონტებაში დამეხმარონ. ყველაფერი ამ ოთახში მოექცევა, მათ შორის ბიბლიოთეკაც და გვექნება კარგი სივრცე, რომ დავსხდეთ და ვიმუშაოთ.

ვფიქრობ, მთავარი მაინც გარემოა, კლასში არ უნდა იყოს გაძვალტყავებული, გახუნებული და ჩაშავებული კედლები, რომ მასწავლებელსაც უხაროდეს კლასში შესვლა და მოსწავლესაც. რა თქმა უნდა, მოსწავლის საჭიროებაზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: