მთავარი,სიახლეები

„რუსები თარჯიმანს სასამართლოშიც აღარ იყენებენ“ – ბათუმელი ადვოკატი

19.07.2022 • 8416
„რუსები თარჯიმანს სასამართლოშიც აღარ იყენებენ“ – ბათუმელი ადვოკატი

„თარჯიმნებსაც აღარ იყენებენ… მალე რუსულად დავიწყებთ პროცესის წარმართვასაც სასამართლოში, ეგ დრო მოსულა,“ – წერს ადვოკატი ლელი ბჟალავა „ფეისბუქში“. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს რუსულენოვან მოქალაქეს, რომელსაც სასამართლოსგან კონკრეტული დოკუმენტაციის ჩაბარება სურდა, სასამართლოს თანამშრომელი რუსულ ენაზე ესაუბრა.

ადვოკატის თქმით, რუსულენოვანმა მოქალაქემ სასამართლოდან ინფორმაციის ჩაბარების დოკუმენტსაც რუსულ ენაზე დააწერა „ჩავიბარე“.

„ეს მოხდა სასამართლოს ფოიეში, სადაც დოკუმენტაციას გვაბარებენ სასამართლოს თანამშრომლები,“ – უყვება „ბათუმელებს“ ადვოკატი ლელი ბჟალავა,“ – „ჩემი ყურადღება მიიქცია რუსულ ენაზე საუბარმა და იმან, რომ მოსამართლის თანაშემწე-სტაჟიორი რუსულ ენაზე ცდილობდა რაღაც აეხსნა რუსულენოვანი მოქალაქისთვის. რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა აგრესია და იყო დამცინავი. ამბობდა, რომ რუსულ ენაზე დაუწერდა „ჩავიბარეს“ და ისე მოუწერდა ხელს.

მე ხმამაღლა ვთქვი, რომ რუსეთში ვართ, თუ რა ხდება-მეთქი. მერე ვუთხარი სასამართლოს თანამშრომელს, რატომ არ სთხოვთ თარჯიმნის მოყვანას, რატომ ესაუბრებით რუსულად, რა ხდება-მეთქი? სასამართლოს თანამშრომელმა მითხრა, რომ ის სტაჟიორია. სხვა რამე მას, ან იმ ქალს, ვისაც სასამართლოში რუსულ ენაზე მოემსახურნენ, არაფერი უთქვამს,“ – გვითხრა ლელი ბჟალავამ.

რატომ მოემსახურა რუსულენოვან მოქალაქეს რუსულ ენაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო? – სასამართლოს ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იციან და ამბავს ხვალ მოიკითხავენ.

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან რუსებისთვის კომფორტულია – ყველგან ელაპარაკებიან რუსულად და აგერ, სასამართლოშიც რუსულ ენაზე ესაუბრნენ. ეს დაუშვებელია და შეურაცხმყოფელი,“ – დასძინა ადვოკატმა ლელი ბჟალავამ.

შენიშვნა: დღეს, 20 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ საპროცესო დოკუმენტაციის ჩაბარების დროს უცხოენოვან მოქალაქეს თარჯიმნის ჩართვას არ სთხოვენ და მოქალაქე მისთვის გასაგებ ენაზე ადასტურებს იმას, რომ დოკუმენტი ჩაიბარა. სასამართლოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსულენოვან მოქალაქეს არ ჰქონია დამატებითი კითხვები და ასეთ შემთხვევაში, მას წარმომადგენლის ჩართვას მოსთხოვნდნენ.

____

ამ თემაზე:

რუსებს აქვთ განწყობა, რომ აქ ყველა რუსულად დაველაპარაკებით – რას ამბობენ ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: