მთავარი,სიახლეები

პოლიციის განყოფილების უფროსი დამემუქრა, როცა ჩემი საქმე ვიკითხე – მოქალაქე

22.11.2021 • 8063
პოლიციის განყოფილების უფროსი დამემუქრა, როცა ჩემი საქმე ვიკითხე – მოქალაქე

„ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელების თვალწინ მაგინა, უკანონოდ დაკავებას მიპირებდა და ირიბად სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე მეკეიძე, რომელსაც ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს.

მოქალაქის თქმით, პოლიციის განყოფილების უფროსს 19 ნოემბერს შეხვდა და იმ საქმის გამოძიების შედეგით დაინტერესდა, სადაც თვითონ დაზარალებულია. ალექსანდრე მეკეიძე ამბობს, რომ პასუხის მიღების ნაცვლად, პოლიციის განყოფილების უფროსმა მასზე იძალადა.

„მოვიკითხე 12 აგვისტოს ჩემზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევა, რაზეც დაწყებულია გამოძიება,“ – გვიყვება ალექსანდრე მეკეიძე. – „ზაფხულში ტაქსისტად მუშაობა დავიწყე და იმ საღამოს მგზავრებთან შელაპარაკება მომიხდა თანხის გამო, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაზიანებებიც, რაზეც ექსპერტიზა ჩამიტარდა…

იმის მიუხედავად, რომ ეს შემთხვევა ქუჩაში, ვიდეოსათვალთვალო კამერის წინ მოხდა და ე.წ. ოქროს მოწმეც, ერთ-ერთი მგზავრი მე მივიყვანე პოლიციის განყოფილებაში, პოლიციამ არ გამოიძია არაფერი. საქმის გამომძიებელი მალხაზ ცეცხლაძე მუდმივად თავს მარიდებდა, არ მპასუხობდა და ამიტომ ვარჩიე პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მისვლა,“ – გვითხრა ალექსანდრე მეკეიძემ.

მოქალაქის თქმით, პოლიციის ხელმძღვანელის მხრიდან მის მიმართ ძალადობას სხვა პოლიციელებიც შეესწრნენ.

„პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ მითხრა, დაგაკავებო,“ – განაგრძობს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ამბის თხრობას ყოფილი ადვოკატი. – „ვუთხარი, რომელი მუხლით მაკავებ-მეთქი და ადმინისტრაციულის 173-თიო. რას ითვალისწინებს ეს მუხლი, თუ იცით-მეთქი. ეს მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას. ღმერთს მადლობა, ეს შემადგენლობა არ არსებობდა… კიდევ კარგი, პოლიციელებმაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს.

მერე მითხრა, დაკავება კი არა, მოკვლის უფლებაც მაქვს მეო, ანუ ირიბად დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით,“ – აღნიშნა ალექსანდრე მეკეიძემ „ბათუმელებთან“.

პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ალექსანდრე მეკეიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს იძიებს. ამ უწყებიდან ალექსანდრე მეკეიძემ დღეს, 22 ნოემბერს მიიღო პასუხი: „არ გამოიკვეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები“.

იგივე უთხრეს „ბათუმელებსაც“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში ალექსანდრე მეკეიძის საქმეზე. აქ დამატებით აღნიშნეს, რომ ალექსანდრე მეკეიძესთან გასაუბრებისას არ გამოიკვეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ წარმოადგენს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულს, რის გამოც მოწოდებული ინფორმაცია გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში.

„ამასთან, ალექსანდრე მეკეიძე უთითებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე და ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის მიეწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრიდან.

რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა მოქალაქის და შემდეგ უკვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართვას? – შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კითხვით მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

სახალხო დამცველის აპარატმა ამ შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო.

„მეკეიძეს გადაეცით, თუ რამე აინტერსებს, მოგვმართოს წერილობით და პასუხს გავცემთ“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსი ვახტანგ თურმანიძე, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.

პოლიციის განყოფილების უფროსს განვუმარტეთ, რომ არსებობს საზოგადოების ინტერესიც, როცა მოქალაქე ამბობს, რომ მასზე პოლიციელმა იძალადა.

„მსგავსი ფაქტი არ მახსენდება, რაც ახსენეთ,“ – დაგვემშვიდობა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: