მთავარი,სიახლეები

წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ

16.05.2022 •
წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ

ხულოს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია,  სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში დადიან სასწავლად.

სკოლის შენობაში სწავლის შეჩერების მიზეზი მეწყრის გააქტიურების შიში გახდა. უკვე რამდენიმე თვეა სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და რამდენიმე ოჯახისთვის საფრთხისშემცველია.

„წაბლანის მოსახლეობამ და სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ წაბლანას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა შეჩერებულიყო. მიიჩნიეს, რომ სოფელში გაზაფხულზე დაწყებულ თოვლის დნობას შესაძლოა მეწყრის განმეორება გამოეწვია და საფრთხე წაბლანის საჯარო სკოლასაც დამუქრებოდა.

განათლების სამინისტრომ წაბლანის საჯარო სკოლას სწავლის გაგრძელების 2 ფორმა შესთავაზა –  სწავლა გაეგრძელებინათ ონლაინ ან წაბლანასთან ახლოს მდებარე, სხვა საჯარო სკოლაში. მათ მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლა არჩიეს”, – გვითხრა ხულოს რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი აბაშიძემ.

წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაახლოებით 2 თვეა ყიშლის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაადგილებას წაბლანიდან ყიშლის საჯარო სკოლამდე განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ახლა სამხარაულის დასკვნას ველოდებით. შემდეგი გადაწყვეტილება დასკვნის შესაბამისად იქნება მიღებული. თუ დასკვნაში ნათქვამი იქნება, რომ წაბლანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოა, მოსწავლეებს წაბლანის საჯარო სკოლაში დავაბრუნებთ“, – გვითხრა გენადი აბაშიძემ.

წაბლანის საჯარო სკოლაში ახლა 120 მოსწავლე სწავლობს. როგორც სკოლის დირექტორმა, გულნარა შაინიძემ გვითხრა, ბოლო 15 დღის განმავლობაში სკოლიდან 10 მოსწავლე წავიდა, მისი თქმით, რამდენიმე ოჯახი მეწყრის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი.

წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანუკი შაინიძე გვიყვება, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ყიშლის საჯარო სკოლაში გადასაყვანად თავიდან 3 მიკროავტობუსი იყო გამოყოფილი, ახლა კი ექვსია.

სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა

მიკროავტობუსები მიმაგრებულია სოფლის გარკვეულ უბნებზე, ამიტომაც მხოლოდ მაშინ ბრუნდება წაბლანაში, როცა ყველა მოსწავლე ამთავრებს სწავლას.

ანუკის თქმით, დაბალი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც უფროსკლასელებთან შედარებით ნაკლები გაკვეთილი აქვთ, იძულებულნი არიან გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვებს დაელოდონ: „ბავშვები სახლიდან დღის პირველ საათზე რომ გამოდიან, საღამოს 7 საათამდე სკოლაში არიან. ახლა დათბა, აქამდე სიცივეში იყვნენ, მშივრები“.

ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ მახარაძე ამბობს, რომ ყიშლის საჯარო სკოლა საბაზისოა. ამ სკოლაში სულ 46 მოსწავლეა, ამიტომაც სასკოლო ინვენტარის დამატება გახდა საჭირო:

„დაგვაკლდა მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სკამები, მერხები და წაბლანის საჯარო სკოლიდან გადმოიტანეს“.

ავთო მახარაძე ხულოს საკრებულოს წევრიცაა. მისი თქმით, არ იცის, როდის შეძლებენ წაბლანის საჯარო სკოლაში დაბრუნებას მოსწავლეები.

„ჩვენ ვითხოვთ, გეოლოგებმა საფუძვლიანად შეისწავლონ წაბლანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ცოტას იგვიანებენ“, – ამბობს ავთანდილ მახარაძე.

წაბლანაში უკვე ორ თვეზე მეტია ელიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ  მეწყერსაშიში ზონები.

ამავე თემაზე:

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: