მთავარი,სიახლეები

„ვაგნერს“ ლუგანსკში დიდი დანაკარგი აქვს, ის აქ რუსეთის დასაყრდენია – ბრიტანეთის დაზვერვა

18.07.2022 • 7508
„ვაგნერს“ ლუგანსკში დიდი დანაკარგი აქვს, ის აქ რუსეთის დასაყრდენია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი უკრაინის ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში.

დაზვერვის 18 ივლისის რელიზის თანახმად, „ვაგნერს“ ამ ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს.

„რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გამოიყენა, რათა გაეძლიერებინა ფრონტის წინა ხაზი, შეევსო პირადი შემადგენლობის ნაკლებობით გამოწვეული დეფიციტი და ამავე დროს, შეემცირებინა საკუთარი დანაკარგები,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, „ვაგნერმა“ სტანდარტები დაწია და საკუთარ რიგებში მებრძოლების მიღება გაამარტივა – კომპანია ქირაობს ყოფილ პატიმრებს, წარსულში შავ სიაში მყოფ სამხედროებს და ამავე დროს, „ახალწვეულებს“ აღარც ძველებურად წვრთნის.

დაზვერვის ვარაუდით, ეს ფაქტორი გავლენას მოახდენს დაჯგუფების საბრძოლო ეფექტიანობაზე და მის, როგორც რუსული ჯარის დასაყრდენის, მნიშვნელობასაც შეამცირებს.

„ცოტა ხნის წინ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიიღო. იმ ფონზე, როდესაც არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური შეიცვალა, ამ ფაქტმა, შესაძლოა, გააღრმაოს უკმაყოფილება სამხედროებსა და „ვაგნერს“ შორის და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს რუსული ჯარის საბრძოლო განწყობაზე,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ბოლო პერიოდში არაერთხელ მიუთითებდა რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე და ვარაუდობდა, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს.

„ეს გულისხმობს პირადი შემადგენლობის გამოყვანას რუსეთის ციხეებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“, – წერდა უწყება 12 ივლისის რელიზში.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში. აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში BBC-ი აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე დაახლოებით 10 ათას ადამიანს მაინც ჰქონდა ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

ჯერ კიდევ 2018 წელს სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სირიაში თავისი დაქირავებული მებრძოლების გადასაყვანად საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა. როსტოვიდან მიმავალი თვითმფრინავი სირიაში ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ხვდებოდა.

მთავარი ფოტო: pravda.com.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: