მთავარი,სიახლეები

რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

18.07.2022 • 799
რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან ერთმანეთში მოკავშირეებს დაინახავენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მოტივით, ეს ძალა აიძულებს ხელისუფლებას, ევროპული კურსი ჰქონდეს.

„მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელიც საქართველოს ქალაქებში ხვდება ადამიანებს და მათ „ევროპული ფორუმის“ იდეას აცნობს. ფორუმი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის ინიციატივაა. „ევროპული ფორუმი“ არაა ორგანიზაცია, ის სამოქალაქო მოძრაობაა და მასში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ევროპულ ფორუმს“ უკვე 198 სამოქალაქო ორგანიზაცია და ფიზიკური პირი აწერს ხელს.

რატომ შეიძლება მოუნდეთ ადამიანებს „ევროპულ ფორუმში“ მონაწილეობა? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს ფორუმის ბათუმელ მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ლევან ცუცქირიძე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, რა არის „ევროპული ფორუმი“ და რატომ შეიძლება ფორუმში ჩართვის სურვილი გაუჩნდეს მოქალაქეს? 

ეს ფორუმი არის მოქალაქეების კონსოლიდაციისთვის შექმნილი ღია პლატფორმა, ვისაც სჯერა, რომ საქართველოში უნდა იყოს დემოკრატია და ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროევროპული საგარეო კურსი. მოქალაქეების ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვდგავართ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე: ჩვენ ან გვექნება თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დგას თანასწორობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე, ან გვექნება ავტორიტარიზმის და ქაოსის გაუგებარი ჰიბრიდი. ჩვენ მოვხდებით მსოფლიოს ნაცრისფერ ზონაში.

ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს, უსამართლობას. ვისაც ეს არ უნდა, ფორუმი არის შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პროცესში, როგორც მას ეს შეუძლია. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მოგვწეროს ინტერნეტგვერდზე და ჩვენ დავეკონტაქტებით.

ფორუმი არაა ორგანიზაცია და მას არ გააჩნია რაღაც სტრუქტურული დანაყოფები. ფორუმის ფარგლებში მოქალაქეები როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ გამართავენ შეხვედრებს და დაგეგმავენ აქტივობებს. ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერით იქნება დაკავებული ამ პროცესში, რომ რესურსები მივაწოდოთ ფორუმის მონაწილეებს, მაგალითად, შეხვედრის ორგანიზება ან ექსპერტული ცოდნა სამოქალაქო აქტივობის შესაძლებლობებზე. მოკლედ, რა ტემპითაც წავა ადგილობრივი საზოგადოება, ჩვენც იმ ტემპით გავყვებით, რომ ხელი შევუწყოთ, გავაძლიეროთ ეს პროცესი.

  • რა  არის თქვენთვის ყველაზე მკაფიო ნიშანი იმის, რომ ხელისუფლება არ აპირებს EU-ს რეკომენდაციების შესრულებას? 

ერთი თვე უკვე გავიდა და რა გაკეთდა? მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რაც არ იდგმება. გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია ძალიან მალე. არსებობს „მიშელის შეთანხმება“, ევროკავშირის რეკომენდაციები, კონკრეტული კანონპროექტები, რაც მალე გაკეთებადია.

  • მოქალაქეების ერთმანეთთან დაკავშირება რას შეცვლის? 

სხვა ძალა არ არსებობს, მოქალაქეების კავშირი თუ მოხერხდება საერთო  მიზნებისთვის, ხელისუფლება გააკეთებს იმას, რასაც მას ეფექტურად აიძულებენ მოქალაქეები. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო კონსოლიდაცია. ფორუმმა სწორედ ამას უნდა შეუწყოს ხელი.

ფორუმისთვის ამოსავალია ორი პრინციპი: ინკლუზიურობა და სტრატეგიულობა. ინკლუზიურობა გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო მოძრაობაში, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის საჭიროა მონაწილეობდნენ არამხოლოდ ვიწრო ჯგუფები, არამედ ფართო საზოგადოება, სტრატეგიულობა კი, გულისხმობს საერთო ხედვის შემუშავებას.

  • ბათუმის შეხვედრაზეც იყო კონკრეტიკაზე მოთხოვნა – რის გაკეთებას შეძლებს ფორუმი კონკრეტულად? 

სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები მრავალფეროვანია, ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია ქუჩის დემონსტრაცია. ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვინდა მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმა შევთავაზოთ ჩართულობის: ვიღაცას შესაძლოა აქციის ორგანიზება გამოსდის კარგად, ვიღაცას შეუძლია წერილი დაწეროს ან კომპიუტერული პროგრამა შექმნას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია, რომ ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

ჩვენი აზრით, ეს საერთო ხედვა ვიღაცამ ან ექსპერტებმა კი არ უნდა შექმნას, არამედ უნდა შევქმნათ თავად ჩვენ, მოქალაქეებმა, ლოკალურ დონეზე. ჩვენ გვინდა მოქალაქეების მოსაზრებებზე ავაგოთ სამოქმედო გეგმები და არა ექსპერტთა შეხედულებებზე.

  • რა იქნება ამ აქტივობის სამიზნე? 

მიზანია გავლენა პოლიტიკაზე.

ფორუმის მიზანი არაა რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის შეცვლა, ფორუმის მიზანია პოლიტიკის ცვლილება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის მიმართულებით პოლიტიკის ცვლილება, საგარეო პოლიტიკის გაძლიერება. ზოგჯერ ეს ყველაფერი გადის არა პოლიტიკაზე, არამედ კონკრეტულ პიროვნებებსა და მთავრობაზე და მათი შეცვლის გარეშე შეუძლებელი ხდება ცვლილებები, მაგრამ ფორუმის მიზანია პოლიტიკის ცვლილება.

  • მაგალითად, მოგწერათ მოქალაქემ, რომ უნდა გააქტიურდეს ფორუმზე. რა ფორმატში სთავაზობთ მას თანამშრომლობას? 

აქ შეუძლია მას, პირველ რიგში, მიიღოს ინფორმაცია, ასევე გაიცნოს ახალი და მისთვის საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღოს სტრატეგიულ დაგეგმვაში, მაგალითად, ქალაქის განვითარების გეგმაში და ასე შემდეგ.

  • მაგალითად, ბათუმში გასული არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, მაგრამ საკრებულოში უმრავლესობა „ოცნებას“ ჰყავს. თუ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ ის არჩევანსაც კი ვერ იცავს, როგორც ფუნდამენტურ უფლებას, რამდენად შეიძლება ირწმუნოს ფორუმის ძალით ცვლილებების მიღწევა? 

ამიტომაც უნდა გაძლიერდეს აუცილებლად კრიტიკული საზოგადოება, უნდა გაძლიერდეს იმდენად, რომ მას მარტივად ვერ გადაუგრიხონ ხელები, თორემ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ყველა ხელისუფლება ეცდება მოქალაქეების არჩევნების იგნორირებას, მათი აზრის შეცვლას და ამას გააკეთებს, თუ საშუალებას მისცემს საზოგადოება. ფორუმის მთავარი ღერძი ეს უნდა იყოს: როგორ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ფართო გაგებით ისე, რომ არ გამოუვიდეს ხელისუფლებას კურსის ცვლილება.

ევროპული ფორუმის შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: