მთავარი,სიახლეები

ბათუმში ფეისბუქზე პოსტის გამო მოქალაქე დააკავეს – „ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება“

16.07.2022
ბათუმში ფეისბუქზე პოსტის გამო მოქალაქე დააკავეს – „ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება“

ფეისბუქზე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბათუმში, ადმინისტრაციული წესით, მოქალაქე ხვიჩა შაქარიშვილი დააკავეს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 16 ივლისს საქმის განხილვა გადადო, რადგან დაცვის მხარე საქმის მასალებს არ გასცნობია.

ხვიჩა შაქარიშვილი ამ დროისთვის თავისუფალია, ის 48 საათით იყო დაკავებული. საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სამართალდარღვევა დადგინდება, მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, რა იქნება მისი სანქცია, შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციული პატიმრობაც.

„ეს საშიში ტენდენციაა, ასეთი ამბავი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება, ეს არის პოლიციური სახელმწიფოს ნიშანი, როცა ასე იჭრებიან გამოხატვის თავისუფლებაში,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის სასამართლოში ხვიჩა შაქარიშვილის ინტერესებს დაიცავს.

ხვიჩა შაქარიშვილმა ფეისბუქში პოსტი 6 ივლისს დაწერა. დაკავების ოქმიდან ირკვევა, რომ მან პოსტით პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა არაა განმარტებული, რატომ მიიჩნიეს პოლიციელებმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობა სამართალდარღვევად.

ადმინისტრაციული დაკავების ოქმში ვკითხულობთ:

„ხვიჩა შაქარიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოლიციის თანამშრომლის გამიზნულად , უხეშად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვები, შეურაცხყოფები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 14 ივლისს ხვიჩა შაქარიშვილი დაკავებულ იქნა…“, – აღნიშნულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.

ჩანაწერი ხვიჩა შაქარიშვილის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში

„რა ფორმითაც არ უნდა დაეწერა მას პოსტი, ეს იყო მისი გამოხატვის თავისუფლება,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე და იმის დასტურად, რომ დაკავება უკანონოა, არგუმენტად მოჰყავს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:

„პოლიციამ მოქალაქე დაკავა „ფაქტის აღკვეთის მიზნით“, მაგრამ პოსტი 6 ივლისსაა გამოქვეყნებული და დააკავეს 14 ივლისს. რანაირად გამოდის გადაუდებელი აუცილებლობა?  თანაც, დააკავეს 48 საათით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა და შშმ პირია.

„ომის ვეტერანი ვარ, საბავშვო ბაღის დაცვის სამსახურში ვმუშაობ, იქ მომივარდნენ და დამაკავეს, ვერ გავიგე ჩემგან რა უნდათ… პოსტში კონკრეტულ პოლიციელების შესახებ ვწერდი, რომლებმაც პოსტის დაწერამდე უკანონოდ დამაკავეს,“ – უთხრა ხვიჩა შაქარიშვილმა „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: