მთავარი,სიახლეები

ბიოლოგიური ცდებით უკრაინელი სამხედროები სასტიკ ურჩხულებად გადააქციეს – დუმას გამოძიება

19.07.2022 • 31848
ბიოლოგიური ცდებით უკრაინელი სამხედროები სასტიკ ურჩხულებად გადააქციეს – დუმას გამოძიება

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შექმნილი სპეციალური კომისიის თანათავმჯდომარეების თქმით, უკრაინელი სამხედროების სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მათზე ამერიკამ „საიდუმლო ექსპერიმენტები“ ჩაატარა, რის შედეგადაც ისინი „ყველაზე სასტიკ და მომაკვდინებელ ურჩხულებად გადაიქცნენ“. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა მედია საშუალებებთან ერთად რუსული „კომერსანტიც“ ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერებმა, კონსტანტინ კოსაჩევმა და ირინა იაროვაიამ ჟურნალისტებს უამბეს იმ საპარლამენტო კომისიის „მუშაობის შედეგებზე“, რომელიც „უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობას“ იძიებდა. კოსაჩევი და იაროვაია ამ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.

კოსაჩევის თქმით, ტყვე უკრაინელი სამხედროების სისხლის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა „მთელი რიგი დაავადებებისა, მათ შორის ისეთები, რომლებიც ატიპურია უკრაინის ტერიტორიისთვის. შესაბამისი ნივთიერებების მოცულობა ბევრად აღემატებოდა დაშვებულ ნორმებს“. ეს ნიშნავს, რომ „მათზე ატარებდნენ ცდებს და უკრაინის ტერიტორიაზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, რომლებიც კონკრეტული ვითარებაში შეიძლებოდა, საომარი მიზნებისთვის გაევრცელებინათ.“

ირინა იაროვაიამ დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროების სისხლში ასევე აღმოჩნდა „ნარკოტიკების კვალი“, „ძალიან მაღალი ტიტრი ჰეპატიტ A-ზე“ და „დასავლეთ ნილოსის ცხელება“.

„რასაც ჩვენ ვხედავთ: ის სისასტიკე და დაუნდობლობა, როგორც უკრაინელი სამხედროები იქცევიან; ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი სჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ის საშინელი დანაშაულები, რომლებსაც ისინი სამხედროების წინააღმდეგ სჩადიან, ადასტურებს, რომ ეს არის სიკვდილის საშინელი მანქანის შექმნისა და მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელდა,“ – აცხადება ირინა იაროვა. – „და ასევე დასტურდება, რომ მათ დღემდე აძლევენ დოპინგებს, რათა  ბოლომდე წაშალონ ადამიანური ცნობიერების უკანასკნელი კვალი და აქციონ ისინი დაუნდობელ ურჩხულებად.“

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენეტიკოსი კირილ ვოლკოვი ამბობს, რომ სამხედროებში გამოვლენილ დაავადებებს „უკრაინისთვის ატიპურად არ მიიჩნევს“. მისი თქმით, სუბტროპიკული დაავადებები, მათ შორის დასავლეთ ნილოსის ცხელება, რუსეთის სამხრეთ ოლქებშიც ფიქსირდება, ჰეპატიტი A კი სრულიად ტიპური დაავადებაა.

ვოლკოვი დასძენს, რომ ნამდვილად არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ცნობიერების შეცვლა და აგრესიის გამოწვევა შეუძლია, თუმცა რუსი პარლამენტარების გამონათქვამებს „ბიოლოგიური თავდასხმის“ შესახებ ჰიპერტროფირებულს უწოდებს.

Настоящее Время წერს, რომ მარტის შუა რიცხვებში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირისას განაცხადა, რომ უკრაინაში „პენტაგონის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამა, ექსპერიმენტები კორონავირუსის, ციმბირის წყლულის, ქოლერის, ღორის აფრიკული ჭირისა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების ნიმუშებით“.

უკრაინელი ჯარისკაცების „არაადამიანურ“ ბრძოლაზე აქამდეც საუბრობდა რუსული პროპაგანდისტული მედია – მათ თავგანწირვას კი ზებუნებრივ ძალებს თუ სხვა მედიკამენტებს მიაწერდნენ.

___

მთავარი ფოტო: კონსტანტინ კოსაჩევი და ირინა იაროვაია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: