მთავარი,სიახლეები

ადამიანები ახლობლების გადასარჩენად ცეცხლში შერბოდნენ – რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრიდან

29.06.2022 • 4313
ადამიანები ახლობლების გადასარჩენად ცეცხლში შერბოდნენ – რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრიდან

27 ივნისს, 16 საათზე, რუსულმა არმიამ უკარინის კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს დაარტყა. ასეთი მასშტაბის ტრაგედია ქალაქს მანამდე არასდროს უნახავს. სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა – იმ დროს ცენტრში ასობით სტუმარი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

სავაჭრო ცენტრის თავზე აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი კვამლი დგას. გარშემო გაუჩერებლად მოძრაობენ სახანძრო და სატვირთო მანქანები.

400-მდე მაშველი მუშაობს, ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. მათ მოქალაქეები და სამხედროებით ეხმარებიან. მათ შორისაა ივანი, რომელიც სამხედროა და ცენტრში აფეთქებიდან 20 წუთში მივიდა. ის და მისი მეგობრები, თავიდან პერიმეტრზე დააყენეს, რომ შეეჩერებინათ ადამიანები, რომლებიც ახლობლების გადასარჩენად პირდაპირ ცეცხლში შერბოდნენ.

„ადამიანები გარბოდნენ, შიშველი ხელებით ცდილობდნენ ამ ჯოჯოხეთიდან ვინმე გამოეყვანათ. აფთიაქის გვერდით ბიჭებმა ქალის სხეული იპოვეს, მისი გამოტანა უნდოდათ და პირდაპირ მათ ხელებში დაიფერფლა. ბევრი სხეული იყო, მაგრამ არა ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც კუბოში ვხედავთ მიცვალებულს.  სხეულის ნაწილების გროვა – გამურული, შავი, მაგრამ ვხვდებოდით, რომ ადამიანები იყვნენ,“ – ჰყვება ივანი.

ცენტრის გვერდით მოხალისეებმა ხსოვნის მემორიალი მოაწყვეს. ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი/ფოტო: Hromadske.ua

„ჩემს ნათესავზე ველოდები ინფორმაციას,“ – გვეუბნება ქალი, შავი სათვალით, რომელიც მემორიალთან დგას და მაშველების მუშაობას ადევნებს თვალს. – „აქ მუშაობდა, გუშინდელი დღიდან ვერ ვუკავშირდებით“.

ყველა საავადმყოფო მოიარა, თუმცა ნათესავი ახალგაზრდა კაცი ვერსად იპოვა.

ქალაქის საავადმყოფოში 59 ადამიანი შეიყვანეს. 25 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

„ერთი დაჭრილი მოყვანიდან ერთ საათში დაიღუპა. არანაირი შესამჩნევი დაზიანება არ ჰქონდა, სავარაუდოდ, სისხლჩაქცევა განვითარდა. კიდევ ხუთი მძიმედ დაჭრილი პაციენტი გვყავდა. ერთ-ერთი უკვე ცოტა უკეთაა, დანარჩენები რეანიმაციაში რჩებიან“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.

ხანძრის შედეგი/ფოტო: hromadske.ua

საავადმყოფოს ეზოში ნამტირალევი ქალი ზის, ლუდმილა. თავის შვილს ეძებს, 22 წლის ტატიანას. ის სავაჭრო ცენტრის მაღაზიაში მუშაობდა.

„ახალი კაბა ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. ისე უხაროდა ცხოვრება“, – ტირილით ჰყვება ლუდმილა.

ტატიანა ბოლოს მისმა მეგობარმა ნახა, ისიც ცენტრში მუშაობდა. როდესაც განგაში და პანიკა ატყდა, გოგოები ერთმანეთს დაშორდნენ. ტანიას მეგობარმა გარეთ გამოსვლა მოახერხა.

ლუდმილამ, ქმართან და ტანიას მეგობარ ბიჭთან ერთად, გოგონა საავადმყოფოშიც ეძება, პროზექტურაშიც, თუმცა შვილზე ჯერ ვერაფერი შეიტყო.

„იქნებ გადარჩეს ჩვენი გოგო, მაგრამ მის გამო და კიდევ ყველა სხვა ბავშვის გამო, თუ ფეხზე ვიდგები, ყველას გავანადგურებ, იარაღით თუ ვერ შევძლებ, კბილებით დავგლეჯ,“ – ამბობს ტატიანას მამა.

და ლუდმილა ამატებს, – „დაე, მათმა დედებმაც იგრძნონ ის, რასაც ახლა მე ვგრძნობ“.

წყარო: Hromadske.ua

___________

რუსეთის არმიამ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი დაბომბა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: