მთავარი,სიახლეები

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

13.05.2022 • 4709
წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მოსახლეობას გააქტიურებული მეწყრული პროცესი აშინებს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გააქტიურდა და ბევრი ოჯახისთვისაა საფრთხის შემცველი.

სოფელ წაბლანის მკვიდრი, 48 წლის ნანი შაინიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად მთელი სოფელი პარალიზებულია, რადგან მეწყერმა ხულოს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი სოფლის გზის ნაწილიც წაიღო და მოსახლეობა იძულებულია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რომელიც შორია.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

  • „როცა წვიმს, შიშისგან არ გვძინავს“

ნანი გვიყვება, რომ ზამთრის დადგომამდე ტერიტორია აჭარის გეოლოგიურმა სამსახურმა შეისწავლა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, 5 ოჯახის საკუთარ სახლებში ცხოვრება არ იყო უსაფრთხო და მათ სხვაგან გადაყვანა სჭირდებოდათ.  მუნიციპალიტეტმა ეს ოჯახები უსაფრთხო ადგილზე, წაბლანაში იმ დროისთვის ცარიელ სახლებში გადაიყვანა, თუმცა დროებით.

ნანი ამბობს, რომ 4 თვე უსაფრთხოდ გაატარეს, შემდეგ ისევ მოუწიათ დაბრუნება საკუთარ სახლებში, მეწყერი კი, მისი შეფასებით, ახლა გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს ქმნის.

„როცა ჩვენს სახლებში დავბრუნდით, მეწყერს ერთი იმდენი ჰქონდა დამატებული, რაც ჩვენ გადასვლამდე იყო. დამეწყრილი ტერიტორია გაცილებით გაზრდილია, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. მას შემდეგ, რაც ჩვენს საცხოვრებელ სახლებში დავბრუნდით, არავინ მოსულა.

გვეუბნებოდნენ, სამხარაულიდან უნდა მოვიდნენო, მაგრამ აქამდე არავინ ჩანს… ნეტა, თქვენი თვალით ნახავდეთ, როგორ მდგომარეობაში ვართ. ზემოდან დავყურებთ მეწყერს. ჩვენი სახლიდან მეწყრის სათავემდე 100 მეტრის დაშორებაც არ იქნება“, – ამბობს ნანი.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

ნანის ოჯახში 7 ადამიანი ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ ძალიან გაუჭირდათ ჯერ სხვა სახლში დაეწყოთ ცხოვრება და შემდეგ უკან წამოსულიყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან გაზაფხულზე სოფელში დაბრუნდნენ იმ სახლების მეპატრონეები, სადაც მეწყერს გარიდებული ოჯახები დროებით ცხოვრობდნენ.

“როცა წვიმს, შიშისგან არ გვძინავს. ახლახან უამინდობა იყო, წვიმდა და მთელი ღამე ვდარაჯობდით, არაფერი მომხდარიყო. გვინდა, რომ ზამთრამდე ვიპოვოთ საცხოვრებელი, რამდენიმე დღით სადმე ნამდვილად ვეღარ გადავალთ“, – ამბობს ნანი.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

წაბლანას კიდევ ერთი მკვიდრი, 55 წლის რამინ შაინიძე ამბობს, რომ უკვე მესამე თვეა სპეციალისტებს ელიან.

„გეოლოგები მარტში უნდა მოსულიყვნენ. მარტში არ მოვიდნენ, აპრილში არ მოვიდნენ, მაისის შუა რიცხვებია და არავინ მოსულა ჯერ კიდევ. მეწყრული პროცესები წაბლანაში 2 ოქტომბერს გააქტიურდა და ახლაც გრძელდება“, – ამბობს რამინ შაინიძე.

მისი თქმით, სოფელში მიწის დიდი ნაწილია დამსკდარი და მეწყრული მასა ყოველ გაწვიმებაზე ჩამოდის. რამინი გვიყვება, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მეწყრის სათავის ადგილიდან 30 მეტრის დაშორებითაა.

რამინის ოჯახიც იმ ოჯახებს შორისაა, რომლებიც მერიამ დროებით გადაიყვანა, ქირით.

„მერიამ თავიდანვე გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვით გადაგვიყვანდნენ. მეტი საშუალება აღარ ჰქონდა ალბათ, ქირა რომ გადაეხადათ“, – ამბობს რამინი.

მისი თქმით, საფრთხე მას და მის ოჯახს ახლაც ემუქრება. ისინი წვიმის დროს 2-3 ღამით მეზობლებთან რჩებიან:

„წვიმისას მეშინია ჩემს სახლში გაჩერება. თითქმის ყოველ გაწვიმებაზე იძულებულები ვართ, მეზობელთან დავრჩეთ“.

რამინი გვიყვება, რომ მისი საკარმიდამო ნაკვეთი მეწყერმა სულ წაიღო და წელს ვერ შეძლეს მიწით ესარგებლათ.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

  • რატომ არ მიდიან წაბლანელები საცხოვრებლად ბათუმში, სადაც ბინები აქვთ 

წაბლანა აჭარაში მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. 1989 წელს აქ მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. წაბლანელებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა მთავრობა ალტერნატიულ საცხოვრებელს, თუმცა წაბლანელებმა ბინები ბათუმში მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიიღეს. დაპირება ბოლომდე არ შესრულდა, ბინები გაურემონტებელი იყო და წაბლანელებმა ბინის გარემონტების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს ბათუმში, ხოლო 2020 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

2021 წლის ივლისში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერადად 5000-5000 ლარი გამოუყვეს. ეს თანხა რემონტისთვის იყო გათვალისწინებული.

წაბლანელ ნანი შაინიძეს ხულოს მერიაში შეახსენეს, რომ მას ბათუმში აქვს ბინა, თუმცა, როგორც ნანი ამბობს, 60 კვადრატულ მეტრ ბინაში 7-სულიანი ოჯახის ცხოვრება შეუძლებელია.

„მიწები გვაქვს დასამუშავებელი. მოვა ზამთარი ისევ და ხომ უნდა გვქონდეს რაღაც, რომ ვჭამოთ,“ – ამბობს ნანი.

წაბლანელმა რამინ შაინიძემაც იგივე პასუხი მიიღო მერისგან, რაც ნანი შაინიძემ:

„მერიაში მითხრეს, რომ ქალაქში გაქვს ბინა და იქ წადიო. მერმა ეს პირადად მითხრა საუბარშიც“.

„ბინაში, რომელიც გვაქვს, ჩემი უფროსი შვილი ცხოვრობს, ცოლთან და შვილებთან ერთად. საშუალება არ იქნება, იმ ერთ გრამ ბინაში ვიცხოვროთ შვიდმა ადამიანმა“, – გვითხრა მზია შაინიძემ, რამინის მეუღლემ.

  • „ამ ოჯახებს ალტერნატიული ფართობი აქვთ“ – ხულოს მერია 

„ბათუმელები“ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, ჯამბულატ მელაძეს ესაუბრა. აქ გვითხრეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

„ჩვენ აჭარის გეოლოგიური სამსახურის 22 დეკემბერს გაკეთებული დასკვნით ვხელმძღვანელობთ. მათი დასკვნიდან გამომდინარე შემდეგი ეტაპია სამხარაულის დასკვნა გაკეთდეს, მაგრამ ზამთრის პერიოდში სამხარაული ვერ ჩაატარებდა კვლევას. მივწერეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2 მარტს და ჩამოვალთო, მაგრამ როდის, არ ვიცით“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.

ჯამბულატ მელაძის თქმით, მოსახლეობაც დროებით ქირით აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ 22 დეკემბერს გაკეთებული დასკვნის მიხედვით გაიყვანეს:

„5 ოჯახი იყო, ვისაც ემუქრებოდა საშიშროება. ისინი ზამთრის პერიოდში ქირით ცხოვრობდნენ. კომისიამ იმსჯელა და ახლა ამ ოჯახებისთვის ქირის გადახდა შეწყვეტილია.

თავიდან ქირა 3 თვით იყო გათვალისწინებული და 1 თვე დავამატეთ, რადგან სამხარაული არ ჩამოსულა. თუ ძალიან გადადებენ გამოკვლევას, ალბათ მერიაში მოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ისევ გაუგრძელონ ქირა.

მე ვერ გეტყვით, შეწყვეტილია თუ არა მეწყრის საშიშროება. მეწყერი შესაძლოა ამაღამაც განვითარდეს.

ამ ოჯახებს ალტერნატიული ფართობი აქვთ. წაბლანის ტრაგედიასთან დაკავშირებით წაბლანის 219 ოჯახს გადაეცა ბინა და ამ ფართობს ვგულისხმობ.

მერიამ, რადგან ეს 5 ოჯახი მუდმივად სოფელში ცხოვრობდა, ამ და სხვა მიზეზების გამო გადაიყვანა დროებით ქირით უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.

  • რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 

„ბათუმელები“ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც დაუკავშირდა. ექსპერტიზის ბიუროს ვკითხეთ, რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე, როდის იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა და რა დრო დასჭირდება დასკვნის მომზადებას.

„2022 წლის 4 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ წაბლანაში მეწყერსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა.

განხორციელდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი  მოცულობითი დოკუმენტაციის შესწავლა.  მიმდინარე თვეში დაგეგმილია სოფელ წაბლანაში, ადგილზე, საინჟინრო ექსპერტიზის კვლევის ჩატარება. ექსპერტიზა დასრულდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს”, – წერილობით გვიპასუხეს სამხარაულის ბიუროდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: