მთავარი,სიახლეები

წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“

18.07.2022
წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“

სოფელ წაბლანაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დამეწყრილ ცენტრალურ გზაზე საფეხმავლო ბილიკი საკუთარი ძალებით მოაწყო.

წაბლანელ ნოდარ დავითაძის თქმით, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილ მეწყრულ მასაში ხშირად საქონელი ეფლობა.

„ფეხით გადასასვლელ ბილიკს ვაკეთებთ, რადგან პირუტყვი ვერ დადის, ამ ბილიკთან იკეტება და შემდეგ წრეს ვარტყამთ 12 კილომეტრზე. ჩვენი ძალით ბილიკი გუშინ გავაკეთეთ ისე, რომ ფეხით უკვე ადამიანიც გაივლის.

ეს გზა ორ სოფელს – წაბლანასა და წაბლიანს აკავშირებს. ცენტრალური გზაა, მაგრამ ახლა შემოვლითი გზით დავდივართ. საფრთხეში ვართ. ტექნიკას ამ გზაზე ფიზიკურად ვერ გავატარებთ.

გზა გასული წლის ოქტომბერში ჩამოიშალა. აქამდე ბილიკიც არ იყო პირუტყვის გადასაადგილებლად. უსაფრთხოებიდან გამომდინარე გავაკეთეთ [ბილიკი], რომ პირუტყვი მაინც გავატაროთ. გუშინწინ ჩაგვიცვივდა პირუტყვი და გაგვიჭირდა ამოყვანა,“ – ამბობს გენადი ჭაღალიძე.

წაბლანელებს გზის გაკეთების მოთხოვნით მთავრობისთვის არ მიუმართავთ, რადგან იციან, რომ გეოლოგიური სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, აქ მძიმე ტექნიკის მუშაობა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

„ახლაც, ბილიკის კეთებისას მოსახლეობა ერთმანეთს ვიცავდით, რომ რაიმე არ წამოსულიყო ზემოდან. აქ წამიერად თუ გაივლის პირუტყვი.

შემოვლითი გზიდან 12 კილომეტრი, აქედან კი ნახევარი კილომეტრია ცენტრამდე“, – ამბობს გენადი ჭაღალიძე.

მისი თქმით, წაბლანის მოსახლეობა დღეს, 18 ივლისს, ხულოს მერიაში იყო, რათა გაერკვიათ, შენდება თუ არა სოფელში ახალი სკოლა. გენადი ჭაღალიძის თქმით, სკოლის მშენებლობა სოფელში მეწყრის გააქტიურებამდე იყო დაგეგმილი.

„მეწყრის გააქტიურებამდე იყო ახალი სკოლის პროექტი გამოტანილი. ახლა სკოლის მშენებლობა ძველი სკოლის ადგილზე ფიზიკურად აღარ შეიძლება [სკოლის ადგილას მეწყერი განვითარდა], ამიტომ, სოფელში სხვა, ალტერნატიული მიწა გამოვნახეთ, კერძო პიროვნების, რომ სკოლა იქ აშენდეს. ამის შეთანხმება გვინდა მერიასთან.

ახლა მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში, მეორე ცვლაში დადიან. ჩვენთან დიდი ზამთარია. დაბალი კლასების მოსწავლეებს გაუჭირდებათ იქ სწავლა. ხმები დადიოდა, აღარ კეთდებაო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ გაკეთდება თუ არა, გვაინტერესებდა მერის პასუხი“, – ამბობს ის.

ჭაღალიძის თქმით, ხულოს მერიაში წაბლანის მოსახლეობას უთხრეს, რომ სოფელში ახალი სკოლა მალე აშენდება.

„ბათუმელები“ სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, რაულ მახარაძეს დაუკავშირდა. სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი წაბლანა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები და გზა მეწყერმა წაიღო. ეს ტერიტორია შესწავლილია გეოლოგებისა და სამხარაულის ექსპერტიზის მიერ. დასკვნის მიხედვით, სატრანსპორტო გზის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ჯერ ისევ მიმდინარეობს მეწყრული პროცესები.

მოსახლეობამ ბილიკი აქ გაზაფხულზეც გაიყვანა თავისი ძალებით, მაგრამ, რადგან [მეწყრული] პროცესები აქტიურია, ჩამოიშალა და წაიღო. როგორც გავიგე, გუშინ მოსახლეობა ისევ თავისი ძალებით შეეცადა საფეხმავლო ბილიკის გაკეთებას. სოფლის ცხოვრება ხომ იცით, პირუტყვი ჰყავთ, მოსახლეობა თავისი ძალებით ცდილობს პირუტყვის შემოსასვლელი გზის შენარჩუნებას“, – გვითხრა რაულ მახარაძემ.

ამავე თემაზე: 

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: