მთავარი,სიახლეები

ანტონოვსკის ხიდი ხერსონისთვის ბრძოლაში რუსეთის სუსტი წერტილია – ბრიტანეთის დაზვერვა

20.07.2022
ანტონოვსკის ხიდი ხერსონისთვის ბრძოლაში რუსეთის სუსტი წერტილია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, მდინარე დნეპრის გადასასვლელების კონტროლი ხერსონისთვის ბრძოლის მთავარი ფაქტორი გახდება.

„19 ივლისს, ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ანტონოვსკის ხიდს დაარტყა. სოციალური მედიის პოსტებში ჩანდა დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე,“ –  წერს ბრიტანეთის დაზვერვა 20 ივლისის რელიზში და დასძენს, რომ ხიდი, სავარაუდოდ, კვლავაც მოქმედია, თუმცა ის „რუსეთის ძალების მთავარი სუსტი წერტილია.“

უწყება აღნიშნავს, რომ დნეპრის დინების სიგანე ამ მონაკვეთზე დაახლოებით 1000 მეტრია, რაც მდინარის გადასახალად ბუნებრივ ბარიერს ქმნის. ანტონოვსკის ხიდი კი დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.

„ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქ ხერსონსაც, რომელიც პოლიტიკურად და სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის“, – მიუთითებს დაზვერვა.

უწყების ცნობით, რუსეთი დონბასში კვლავ უმნიშვნელო წარმატებებს აღწევს, უკრაინის ძალები კი თავდაცვის ხაზს იცავენ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმიის საბრძოლო ტემპი და შეტევების დინამიკა მნიშვნელოვნად შენელდა.

მთავარი ფოტო: დაზიანებული ანტონოვსკის ხიდი/ფოტო: focus.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: