მთავარი,სიახლეები

ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს

09.12.2021 • 3162
ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს

„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება.

თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 12 ნოემბერს დააკავეს. პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ თემურ გორგაძემ დაარღვია კანონის მოთხოვნა – 20-მეტრიანი რადიუსის დაცვა ადმინისტრაციულ შენობებთან, რაც შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაიზიარა.

მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – ეს შეფასება ჰქონდა საიას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიმართ, რომელმაც თემურ გორგაძის გარდა, ამავე აქციაზე დაკავებული, „გირჩის“ ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე 4 დღით დააპატიმრა.

გიორგი ფუტკარაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

თემურ გორგაძეს კი, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გარდა, ედავებოდნენ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა მიიჩნია, რომ თემურ გორგაძე უკანონოდ დააკავეს. მოსამართლის აზრით, თემურ გორგაძის დაკავების სამართლებრივი საფუძველი საერთოდ არ არსებობდა.

„…წარმოდგენილი ვიდეომასალით ირკვევა, რომ პოლიციელთა მოწოდების უგულებელყოფიდან 2 წუთში იწყება საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, ამ დროიდან უკვე სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში. ამ უფლებით სრულფასოვან სარგებლობად ვერ განიხილება ის გარემოება, რომ ევაკუატორის მოსვლამდე და გადაყვანამდე პირი რჩებოდა სასურველ ლოკაციაზე.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თემურ გორგაძის მიერ ავტომანქანის მინებზე გამოკრული პლაკატების შინაარსი არ იყო ძალადობრივი ხასიათის, რასაც შეეძლო გაემართლებინა საპოლიციო და იძულების ღონისძიებების მყისიერი განხორციელება და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავტომანქანის (რომელშიც იჯდა მძღოლი) ავტოსადგომზე გადატანის შემდეგ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი განრიდებული იქნა რა შემთხვევის
ადგილიდან, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ მომხდარიყო პირის დაკავება, აღარ არსებობდა,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში.

მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალურად კანონის ჩანაწერი 20 მეტრი რადიუსის დაცვაზე დარღვეული იყო და თემურ გორგაძემ სუსის შესასვლელთან მართლაც გააჩერა ავტომობილი, თუმცა:

„აღნიშნულ შენობას ამ შესასვლელის გარდა აქვს კიდევ ორი შესასვლელი. შესაბამისად, არ მომხდარა პროტესტის გამოხატვის ფარგლებში უსაფრთხოების შენობის ბლოკირება [როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს]. სასამართლომ აღნიშნულ ფაქტს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, არც სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული ფაქტის შეფასება გაკეთებული,“ – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლემ ამ შემთხვევაში გაიზიარა თემურ გორგაძის არგუმენტი 20-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვაზე იმ კუთხით, რომ სუსის შენობის ირგვლივ ბათუმში საცხოვრებელი შენობები და „20-მეტრიანი დისტანციის დაცვით მის მიერ არჩეული პროტესტის გამოხატვის ფორმა დაკარგავდა თავის არსსა და მნიშვნელობას“.

ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არ მალავს კრიტიკას:

„სასამართლოს კი არც ამ კონკრეტულ გარემოებაზე უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში და ფორმალური ფაქტების ერთობლიობით, საქმის სიღრმისეული შესწავლის გარეშე მიიღო სადავო დადგენილება მაშინ, როცა ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჯდება მოქმედი კანონმდებლობით დაცულ – გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,“ – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა.

თემურ გორგაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. აქ გვითხრეს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მიმართავენ თუ არა სასამართლოს ზიანის ანაზღაურებითვის.

სუსთან დააკავეს თამარ კურატიშვილიც იმ დროს, როცა ის აქციაზე ვიდეოს იღებდა. თამარ კურატიშვილი 48 საათი იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: