მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

18.07.2022 • 22660
ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს.

საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი“ თითქმის ერთი წელია აწარმოებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ ხიდს, რომელიც აბუსერიძისა და შარტავას კვეთაში, არკაში გაივლის, „საბა კონსტრაქშენი“ ააშენებს, ხოლო დარჩენილი ორი ხიდის მშენებლობაზე ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

მუნიციპალური განვითარების ფონდს საფეხმავლო ხიდების მშენებლობაზე ტენდერი პრეისკურანტით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2022 წლის 22 ივლისს დაიწყება და სამ დღეში, 25 ივლისს დასრულდება.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 679 193 ლარია. რამდენი ლარი დაიხარჯება ხიდების მშენებლობაზე, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ბათუმის გმირთა ხეივნის არდაგანის ტბასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების დეტალური პროექტის მომზადებას და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

პირობის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75  დღე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის [ასევე სამუშაოების სრული გეგმა-გრაფიკის] მოსამზადებლად, ხოლო შემდეგი 7 თვე – უშუალოდ მშენებლობისთვის.

ტენდერში გამარჯვებულმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა არსებული ესკიზის/კონცეფციის შესაბამისად უნდა შეადგინოს.

„ესკიზის დამუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბათუმის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და პროექტში ასახვა, არქიტექტურის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

გამარჯვებულმა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში არსებული ესკიზის სრულყოფილი საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინოს, სადაც ვალდებულია გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

ხიდების კონსტრუქცია საავტომობილო გზიდან (კვეთის არეალში) უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე;
ხიდებზე გმირთა ხეივნიდან უნდა მოეწყოს პანდუსი არანაკლებ 8% ქანობით, ადაპტირებული;
ხიდის სავალი ნაწილის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 3,5 მეტრი;
პანდუსის ქვედა სივრცეში გათვალისწინებული იქნეს კომერციული სივრცეები და საერთო სარგებლობის სანკვანძები (ქალები, კაცები, შშმ პირები);
გათვალისწინებული იქნეს გმირთა ხეივნის ხიდების შრის არსებული სივრცის კეთილმოწყობა/მოწესრიგება;
არდაგანის ტბის მხარეს გათვალისწინებული იქნეს გარე გამოყენების შშმპ კიბე-ლიფტის მოწყობა, სამხრეთ დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს;
ხიდების კონფიგურაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი ხეივანში არსებულ ქანდაკებებს, მონუმენტებს და ასე შემდეგ;
ხიდები უნდა დაპროექტდეს გმირთა ხეივნის ჟიული შარტავას საავტომობილო გზების მხარეს, რომლებმაც უნდა გადაკვეთოს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სრულად ან ნაწილობრივ, და გაიმეოროს გმირთა მემორიალის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფორმა;
გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა;
ხიდის მოპირკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული სიტუაცია და კლიმატური პირობები“.

ესკიზებზე, რომლებიც აღნიშნულ ტენდერს ახლავს, დატანილია სამი ხიდი – ერთი აბუსერიძის ქუჩაზე გადადის [რკინის თაღს ქვემოთ] ხოლო ორი ხიდი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბამდე].

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა [მონაწილეობა არავინ მიიღო]. ფონდმა ხელახალი ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 15 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია – 679 193 ლარი. 

საფეხმავლო ხიდები გმირთა ხეივანში / რენდერი, ესკიზი ტენდერიდან [ხეივნის ზოგადი ესკიზები გასულ წელსაც გამოქვეყნდა]. არსებული ესკიზების მიხედვით საფეხმავლო ხიდი არ იქნება შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში.

აბუსერიძის და შარტავას კვეთა / საფეხმავლო ხიდი / რენდერი ტენდერიდან

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

ჟიული შარტავს გამზირზე მდებარე ხეივნის [გმირთა ხეივნის და მისი გაგრძელების – ფიროსმანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/387803/

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: