დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი – „გაესაუბრე ილიას“

რა არის დამოუკიდებლობა? – დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში, მაგალითად, ნოე ჟორდანიას შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

„როდესაც 1918 წლის 26 მაისს ვაცხადებდი საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ხალხის ბედისწერის წყვეტის მომენტი,“ – გპასუხობთ ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, – „დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი – ეს არის ხალხის უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ ვთქვით: „პატარა ხალხსაც აქვს უფლება იცხოვროს…“

დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში დამოუკიდებლობასა თუ პატრიოტიზმზე შეკითხვები ასევე სხვა ისტორიულ ფიგურებს შეგიძლიათ დაუსვათ, მაგალითად მარო მაყაშვილს ჰკითხოთ: რა არის პატრიოტიზმი? რისთვის გასწირა თავი?

აქვეა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე…

საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ შექმნა პროექტი „დამოუკიდებლობის მუზეუმი“. პროექტზე სამოქალაქო აქტივისტმა და პოლიტიკოსმა დავით ჯინჭარაძემ იმუშავა.

დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში შეგიძლია გაეცნოთ საქართველოს ისტორიას – ისტორიკოსი რუსუდან კობახიძე მოგიყვებათ დამოუკიდებლობის პირველ წლებს, გასაბჭოების პერიოდს, რა ხდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ…

პლატფორმაზე გაეცნობით ასევე საქართველოს დროშის წარმოშობის ისტორიას. აქვე შეგიძლიათ თქვენი ფანჯრებიდან გადმოფენილი დროშის ფოტო, ან ვიდეო  ატვირთოთ.

„თქვენს მიერ გამოგზავნილი დროშებით 26 მაისს საზეიმო ინსტალაციასაც გავხსნით.

ერთ დღეს ამ მუზეუმს რეალობად ვაქცევთ, დღეს კი, ის ონლაინ არის ხელმისაწვდომი. რეჟიმის პირობებში, თვით დამოუკიდებლობა, მშვიდობა და თავისუფლება კვლავ დასაცავი გვაქვს. ამიტომ, სანამ ფიზიკური მუზეუმი შეიქმნება, ჩვენ დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი შევქმენით, სადაც შეგიძლიათ დამოუკიდებლობის ისტორიას გაეცნოთ და წარსულს გაესაუბროთ კიდეც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით,“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

ამ პლატფორმაზე იპოვით კიდევ ერთ საინტერესო კატეგორიას: „პირველი რესპუბლიკის იუმორი“. აქ ნახავთ, მაგალითად, პირველი რესპუბლიკის დროს არსებული სატირული ჟურნალში „ეშმაკის მათრახში“ [1907-1921] გამოქვეყნებულ სხვადასხვა მასალას, მათ შორის, ამ გამოცემის ბოლო ნომერს, რომელიც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მალევე რუსეთმა ტრადიციულად აღებული პირობები დაარღვია და საქართველოში შემოიჭრა.

ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს. ამის შესახებ „ბათუმის სამშობიარო სახლის“ აქციონერი ექიმები საუბრობენ, რომლებსაც, მათივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ სამშობიარო სახლს აუქციონზე გაასხვისებენ.

„ჩვენ ვართ 110 პარტნიორი, ათწლეულებია შევინახეთ ეს შენობა, ისტორია და სამშობიაროს პროფილი,“ – გვეუბნება „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი, ნანა შერვაშიძე, – „თუ სამშობიარო სახლი აუქციონით გასხვისდება, ნაკლები შანსია, ან საერთოდ არ არსებობს იმის შანსი, რომ სამშობიაროს პროფილი შენარჩუნდეს“.

სამშობიაროს თანამშრომლების თქმით, როგორც მას ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე უთხრა, შენობა მინიმუმ 23 მილიონად გაიყიდება აუქციონზე –  აუდიტის დასკვნით ამ ფასადაა შეფასებული ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პრესტიჟულ უბანში მდებარე 3596 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ისტორიული, ორსართულიანი შენობით.

ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ინვესტორს, რომელიც ამ თანხას გადაიხდის სამშობიაროს შენობაში, ინვესტიციის სხვა მიზანი ექნება:

„შენობა და ტერიტორია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ მრავალპროფილური კლინიკა მოეწყოს და, მათ შორის, იყოს სამეანო განყოფილება. ჩვენ მოვითხოვეთ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემას,“ – დასძენს ნანა შერვაშიძე „ბათუმელებთან“.

ეს უძრავი ქონება აჭარის და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. შენობა სამინისტროს 2013 წლიდან იჯარით აქვს გადაცემული ქონება „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“. ეს კომპანია სამშობიარო სახლის რამდენიმე ძველმა თანამშრომელმა შექმნა. „სამშობიარო სახლი“ სამინისტროს იჯარის თანხას უხდიდა – ყოველთვიურად 20 ათას ლარს.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის პირველ იანვარს გაუვიდა. ახალი იჯარის ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის სამშობიარო სახლთან“ ამ დრომდე არ გაუფორმებია. სამედიცინო პერსონალის თქმით, სამხაურაულის ექსპერტიზამ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის იჯარის საფასური თვეში მინიმუმ 83 ათასი ლარით განსაზღვრა.

„ჩვენ ამ ფასის გადახდაზეც ვიყავით თანახმა, მაგრამ სამინისტროსგან მაინც უარია,“ – ამბობენ ექიმები. 

ჯერ-ჯერობით აუქციონი ბათუმის სამშობიარო სახლზე გამოცხადებული არ არის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. ამ უწყებაში ასევე ვიკითხეთ: თუ სამშობიაროს აუქციონზე გასხვისებას გეგმავს სამინისტრო, იქნება თუ არა აუქციონის პირობა სამშობიაროს პროფილის შენარჩუნება? – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე მხოლოდ საკონსულტაციო და ამბულატორიული განყოფილებები მოქმედებს, სამეანო განყოფილებას მუშაობა 2022 წლიდან შეჩერებული აქვს.

„სამშობიარო სახლის“ აქციონერების თქმით, სამეანო განყოფილების სარემონტო ხარჯები დაახლოებით 2 მილიონი ლარია, რის საშუალებაც არ აქვთ. მათი თქმით, უკვე ნახევარი მილიონი ლარი დახარჯეს საკონსულტაციო და ამბულატორიული განყოფილებების მოსაწესრიგებლად, ასევე 400 ათასი ლარი დასჭირდათ საბანკო გარანტიისთვის.

აქციონერებმა, რომლებიც მართავენ ბათუმის სამშობიაროს და არ არიან უძრავი ქონების მესაკუთრე, 2017 წელს ქვეიჯარის ხელშეკრულებით შემოიყვანეს „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ამ კომპანიას 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო სამშობიარო სახლში. ქვემოიჯარესთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა, თუმცა მას 2024 წელს დაუტოვებია ბათუმის სამშობიარო სახლი. მრავალწლიანი სასამართლო დავა „ბათუმის სამშობიარო სახლს“ და ქვემოიჯარე კომპანიას შორის მორიგებით დასრულებულა.

„მან არ შეასრულა ვალდებულებები… ჩვენ რაღაც დავთმეთ, რომ 2024 წელს გასულიყვნენ, წესით, 2026 წლამდე შეეძლოთ დარჩენა,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე.

ამ თემაზე:

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა.

ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“.

სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“.

ახალი საგამოცდო მარშრუტი N1 ბათუმში: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია-სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – პუშკინის ქუჩა – დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

ახალი[შეცვლილი] საგამოცდო მარშრუტი ბათუმში
ამ დრომდე ეს მარშრუტი იწყებოდა ორბელიანის ქუჩაზე – მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან და გრძელდებოდა შემდეგ ქუჩებზე: სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – პატარა მონაკვეთი შარტავას გამზირის ბოლოში არსებულ წრიულთან] – ჟიული შარტავას გამზირი – პუშკინის ქუჩა – ლუკა ასათიანის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩა – ტბელ აბუსერძის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა] – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა [მომსახურების სააგენტოს ტერიტორია]. ძველი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.]

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა ერთ-ერთი რთული მონაკვეთია ავტომანქანების გადაადგილების კუთხით. ამ ცენტრალურ ქუჩაზე ქალაქის მერიამ მოძრაობა ჯერ ცალმხრივი გახადა და მეორე ზოლში მხოლოდ ბასლაინი დატოვა. შემდეგ კი მოძრაობა ორმხრივი გახადა, თუმცა ბასლაინიც დატოვა.

ბათუმში N1 საგამოცდო მარშრუტის ცვლილების პარალელურად, საქართველოში გამარტივდა მართვის მოწმობის აღებაც. ამის შესახებ 21 მაისს გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება.

ამ თემაზე ვრცლად:

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება გექნებათ – ახალი ცვლილებები

 

 

 

 

რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება

მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება.

სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  • „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.
  • B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
  • მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კი, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

ანუ, ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას [მძიმე შეცდომას] ნიშნავს.

ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.“

სააგენტოს ინფორმაციით, „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ბათუმსა და გორში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“.

ახალი საგამოცდო მარშრუტი N1 ბათუმში: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია-სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის პატარა მონაკვეთი] – ჟიული შარტავას ქუჩა – პუშკინის ქუჩა – დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა] – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია. [ამ დრომდე არსებულ მარშრუტში შედიოდა ილია ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩები და არ იყო თავდადებულის ქუჩა. ძველი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.]

ახალი[შეცვლილი] საგამოცდო მარშრუტი ბათუმში

„მე სამ გზას ვხედავ საქართველოსთვის“ – ინტერვიუ პეტერ ფიშერთან

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტრე ფიშერი მალე თავის მისიას დაასრულებს. ელჩი ამბობს, რომ მისი 40-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს გარდა, არც ერთი ქვეყანაში, სადაც ის მუშაობდა, არ მომხდარა „უკუსვლა“.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა პეტერ ფიშერთან. მას „ოცნების“ რიტორიკაზე, გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე, უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ. ელჩმა ფიშერმა ასევე გვითხრა, რომ საქართველოში გერმანიის შემდეგი ელჩი ქალი იქნება.

  • 2023 წლის დეკემბერს, როცა მზია ამაღლობელთან ერთად შეგხვდით, მაშინ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოგეწონათ საქართველო და რა ნახეთ აქ – აჭარის მთის მონახულებაზე, მაშინდელ მერთან ერთად მოგზაურობაზე და იმაზე, თუ რა კარგი ურთიერთობა გქონდათ ოფიციალურ პირებთან. დღეს ვხედავთ თქვენზე თავდასხმებს, რაც ხშირად შეურაცხმყოფელიც კია. როგორც ვიცი, ეს თქვენი ბოლო მისიაა და პროფესიიდან მიდიხართ. როგორ შეაჯამებდით ამ მისიას – თქვენი აზრით, რა მოხდა და როდის შეიცვალა სიტუაცია?

სიმართლეა, რომ ძალიან ნასიამოვნები ვიყავი საქართველოში ყოფნით და ახლაც მსიამოვნებს აქ ყოფნა.

ჩემი მისიის შესაჯამებლად ვიტყვი, რომ ნამდვილად მოხდა ცვლილება. მე აქ ოთხი წელი დავყავი. პირველი ორი წლის განმავლობაში, როგორც გერმანიის ელჩი – ქვეყნისა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი და მეგობარია – ყველასთვის საუკეთესო მეგობარი ვიყავი, მათ შორის „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წევრებისთვის.

თითქმის ყველას საკმაოდ კარგად ვიცნობ, კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. ბევრ მათგანთან გერმანულადაც კი ვსაუბრობდი. ჩვენ უკან გვქონდა 30-წლიანი ძალიან ღრმა და ფართო პარტნიორობა, ხოლო მანამდე კიდევ უფრო ხანგრძლივი, ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის.

საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე იყო. ეს იყო და დღესაც რჩება ჩემი საქმიანობის მთავარ ჩარჩოდ. ეს იყო ძალიან კარგი გზა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ. გერმანიისთვის არსებითია, ვინ უერთდება ევროკავშირს და ვინ – არა. ასე რომ, ჩვენ ერთად ნათელ მომავალს ვუყურებდით, ვიყავით თანხვედრაში, მეგობრობასა და პარტნიორობაში და ვმუშაობდით საერთო მიზნისთვის.

ამ ყველაფრის კულმინაცია იყო 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე თავისუფლების მოედანზე მთავრობასთან ერთად ვიდექი სცენაზე, ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი, ყველა ზეიმობდა, ყველა ბედნიერი იყო. მახსოვს, „ქართული ოცნების“ ლიდერები მხარზე ხელს მადებდნენ და მეუბნებოდნენ: „არის! კანდიდატის სტატუსი! მნიშვნელოვანი ნაბიჯია!“

2024 წლის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ დავინახეთ მტრული რიტორიკა დასავლეთის, ევროკავშირისა და გერმანიის წინააღმდეგ, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლების, მათ შორის ჩემ წინააღმდეგაც. დაიწყო ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან. ჩვენ ასევე დავინახეთ სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დარღვევები და დაშინების ზოგადი ატმოსფერო.

გარდატეხა 2024 წლის დასაწყისში მოხდა – თუ პირველი ნახევარი ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური იყო, მეორე ნახევარი აღმოჩნდა პრობლემური დღის წესრიგით, ჩვენი ინტერესების თანხვედრის დაკარგვითა და მეგობრული ურთიერთობების დაზიანებით.

პეტერ ფიშერი
  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თავდასხმები და განცხადებები ხშირად პერსონალურად ჟღერს, თითქოს ეს იყოს კონფლიქტი პირადად ბატონ ფიშერსა და საქართველოს, ან ფიშერსა და პაპუაშვილს შორის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ თქვენ მათ ინტერესებს წარმოადგენთ, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ საკითხი ასე წარმოაჩინონ. თქვენი აზრით, წარმატებულია ეს სტრატეგია?

ვფიქრობ, ეს წარუმატებელი სტრატეგიაა. მიკვირს, საერთოდ ვის სჯერა ამის.

ნუთუ ვინმეს სჯერა, გერმანიის ელჩს იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ შეუძლია პირადი დღის წესრიგით იმოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ? ეს დაუჯერებელია და, რა თქმა უნდა, სიცრუეა. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ. მე ვახმოვანებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას.

ამ თავდასხმების ფონზე, გერმანიის მთავრობამ წერილობით არაერთხელ დაადასტურა, რომ მე ჩვენს პოლიტიკას, პოზიციას, აზრსა და წუხილებს გამოვხატავ – როგორც საქართველოს მეგობარი.

საქმე გვაქვს გარკვეულ ნარატივთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ეს არის გამოგონილი ნარატივი „გლობალური ომის პარტიის“, „დიფსთეითის“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ.

ეს სიცრუეა.

მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფსთეითი“ არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფსთეითი“? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან.

ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არ ვუწყობთ ხელს ძალადობას. თუმცა „ქართული ოცნება“ ამ ნარატივს ავითარებს, ერთი ჩემნაირი, „ბებერი დიპლომატი“ კი მათ ამ ნარატივის გასამყარებლად სჭირდებათ. ისინი იყენებენ ყველაფერს, რასაც იპოვიან და ამბობენ, რომ ეს მათი შეთქმულების თეორიის მტკიცებულებაა.

ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ – როგორც ამერიკულ ინგლისურში ამბობენ – „ავტობუსის ქვეშ შემაგდეს“ (გამწირეს), რათა გერმანიის ელჩი მსხვერპლად ექციათ საკუთარი ნარატივისთვის. არ ვთვლი, რომ ეს ჭკვიანური პოლიტიკაა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში შედის გერმანიის ელჩზე ასეთი თავდასხმები და ცილისწამება – ვიმეორებ, გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი.

  • მაგრამ ეს არის ერთგვარი სიგნალი სხვა ელჩებისთვის, რომ მათ ხმამაღლა არ ისაუბრონ, რომ ესა თუ ის ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გზას. არავის უნდა, ყოველკვირეულად ისეთივე თავდასხმების ობიექტი გახდეს, როგორც თქვენ. თქვენ პოპულარული ხართ, ხალხი გიცნობთ, მაგრამ ამას დიდი წნეხიც ახლავს. როგორ ფიქრობთ, მუშაობს ეს „მსუსხავი ეფექტი“? ამჩნევთ, რომ თქვენი კოლეგები ამას გაფრთხილებად აღიქვამენ? და რას უნდა ველოდოთ გერმანიის მომავალი ელჩისგან ამ კონტექსტში?

ამ თავდასხმების მიზანი სწორედ დაშინება და მსუსხავი ეფექტის შექმნაა. თუმცა, დიპლომატები აქ თავისი საქმის გასაკეთებლად და ქვეყნის წარსადგენად არიან.

არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს სხვა დიპლომატებზე, მაგრამ ვიტყვი ასე: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიპლომატების დაშინებაზე ბევრად უარესი ისაა, რასაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვხედავთ.

რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, ის ქალი იქნება და იქნება ისეთივე პროფესიონალი, როგორიც მე ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ყველა მეგობარი მას მხარს დაუჭერს და მის მიმართ იქნებიან კეთილგანწყობილები, მეგობრულები და გულუხვები, ზუსტად ისეთები, როგორიც უამრავი ქართველია ჩემს მიმართ.

ის მხარდაჭერა, რასაც მე ვიღებ, მართლაც უზარმაზარია – უცხოებისგანაც კი, როცა ყოველდღიურად ქუჩაში გავდივარ.

  • ჩვენ მუდმივად გვესმოდა, რომ უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ბლოკავდა სანქციებს. როგორ ფიქრობთ, უნგრეთში ბოლო არჩევნების შემდეგ, გახდა თუ არა ევროკავშირი უფრო მოქნილი იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე?

დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია. ევროკავშირის სანქციებს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება სჭირდება და უნგრეთი იყო ლიდერი იმ წინადადებებზე ვეტოს დადებაში, რომლებიც ევროპულ საბჭოში განიხილებოდა. ასე რომ, ცვლილება შესაძლებელია.

საქართველოში ბევრი მეკითხება: „რატომ არ აწესებთ ამა თუ იმ სანქციას?“ ადამიანის დასანქცირება სხვა ქვეყანაში იქ ჩადენილი ქმედებებისთვის დიდი გამონაკლისია. ჩვენ აქ იურისდიქცია არ გვაქვს. თუმცა, განსაკუთრებულ გარემოებებში არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ევროკავშირს სამი ასეთი საფუძველი აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასასანქცირებლად: პირველი – ადამიანის უფლებების დარღვევა; მეორე – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა; და მესამე – ე.წ. FIMI (უცხოური საინფორმაციო მანიპულირება და ჩარევა). ჩვენ უკვე დავასანქცირეთ ადამიანები, რომლებიც რუსულ აგრესიულ პროპაგანდასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციას ეწეოდნენ.

სამი საფუძველი არსებობს და უნგრეთის ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირს, შესაძლოა, გაეხსნას გზა მათ გამოსაყენებლად.

  • ასევე ბევრი საუბარია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე. რა იცით ამის შესახებ? რადგან „ქართული ოცნება“ ავრცელებს ნარატივს, თითქოს ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას.

ესეც მცდარი ნარატივია. არცერთ ქართველს ჩემთვის არ უთქვამს, რომ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს.

მეორე პუნქტი: ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა იმოგზაურონ გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უვიზოდ. ჩვენ საქართველოს მეგობრად და კანდიდატად მივიჩნევთ. მოგვწონს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სამი თვით ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყნებში ვიზის გარეშე, როგორც სტუმრები და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები.

მაგრამ უვიზო მიმოსვლას თავისი პირობები აქვს. თუ საქართველო არღვევს ამ პირობებს, მაშინ ევროკავშირი ვალდებულია განიხილოს, უნდა დარჩეს თუ არა ძალაში ეს საგამონაკლისო შეღავათი – მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თქვენ უვიზო მიმოსვლა კი არ გაქვთ, არამედ საგამონაკლისო შეღავათი ვიზის ვალდებულებისგან.

დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი. ეს არის მთავარი გზავნილი.

არავინ ლობირებს იმას, რომ ეს შესაძლებლობა წაერთვათ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც ჩვენთან კეთილი მიზნებით ჩამოდიან. ჩვენ გვსურს მათ ეს შესაძლებლობა შეინარჩუნონ.

  • ახლახან ვნახეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ სანქციების ქვეშ მოაქცია, რადგან მან რუსული პროპაგანდით მნიშვნელოვნად დააზიანა ქართული დემოკრატია და ხალხის მობილიზებას ახდენდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ კარგად იყო დასაბუთებული. რამდენად რეალურია, რომ გერმანიამაც გადადგას მსგავსი ნაბიჯი?

ჩვენ მიერ სხვა ქვეყნების, პირების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირის დონის სანქციებია. ცალკეული ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები დიდი გამონაკლისია. როგორც ვთქვი, ევროკავშირში გვაქვს სამართლებრივი საფუძველი სახელწოდებით FIMI (საინფორმაციო მანიპულირება და ჩარევა). ასე რომ, ეს შეიძლება მოხდეს.

ამ ტელეარხებს, რომლებზეც ვსაუბრობთ, არ ვუყურებ, მაგრამ ვამონიტორინგებ. ჩემთვის ესენი პროპაგანდისტული არხები და პოლიტიკური საბრძოლო მანქანებია. ისინი რეალურად ძალიან ცოტა ახალ ამბავს აშუქებენ და რასაც აშუქებენ, ყოველთვის პოლიტიზებული განცხადებებია. არსებობს დიდი თანხვედრა რუსულ ნარატივთან შინაარსობრივადაც და დროშიც.

ეს ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიგერმანული განწყობებია. ასე რომ, შესაძლოა FIMI-ს მექანიზმი ამუშავდეს. არ ვიცი, ეს 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია.

ახლახან „იმედი“ ევროპარლამენტმაც დაასანქცირა ევროპარლამენტში მედიის წესების დარღვევის გამო. რა თქმა უნდა, თუ „იმედი“ გერმანიის პარლამენტში წავა და ეროვნულ წესებს დაარღვევს, ან სხვა რაიმე უკანონობას ჩაიდენს გერმანიაში, ჩვენ მათ წესების დაცვას ვაიძულებთ.

  • მაგრამ არა ისე, როგორც დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. არ ფიქრობთ, რომ ეს მოხდება?

ეს ნაკლებად სავარაუდოა – სანქციები, რომლებიც ეკონომიკური ინსტრუმენტია და ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, ჩვეულებრივ მხოლოდ ევროკავშირის დონეზე მიიღება. ეს არ არის ჩვენი ეროვნული დონის კომპეტენცია.

კიდევ ერთს ვიტყოდი ამ დისკუსიაზე: „იმედი“ და სხვა არხები ახლა ამბობენ, რომ ეს არის „სიტყვის თავისუფლების დასანქცირება“. ამბობენ: „თუ არ გვაძლევთ უფლებას ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, ამით სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიას უთხრით ძირსო“. ეს არის ე.წ. „წითელი ქაშაყი“ (ყურადღების გადამტანი ცრუ არგუმენტი).

სიტყვის თავისუფლება არის ხალხის და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლება სახელმწიფოს წინაშე. ამას ჩვენ „თავისუფლების უფლებებს“ ვუწოდებთ – მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას. მთავრობას სიტყვის თავისუფლების დაცვა არ სჭირდება, ის ისედაც იმას ამბობს, რაც უნდა. ეს არხები კი სამთავრობო პროპაგანდას ავრცელებენ.

ამიტომ, მათი მხრიდან თქმა, რომ „ჩვენი სიტყვის თავისუფლება იზღუდება“, არის სიტყვის თავისუფლების უფლების თავდაყირა დაყენება და ხალხის მოტყუების მცდელობა.

  • „ოცნების“ მოკავშირედ ხშირად გერმანული AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) მოიაზრება. „იმედი“ და სხვა არხები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ოცნებას“ გერმანულ პოლიტიკაში მხარდამჭერები ჰყავს, ხოლო ფიშერი და სხვები მათ მხოლოდ პირადი მიზეზების გამო ეწინააღმდეგებიან. რომ გვითხრათ – როგორი პარტიაა AfD და რას გვეუბნება ეს ურთიერთობა „ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე?

ეს ბევრ რამეს გვეუბნება. საქართველოს მთავრობას ევროკავშირზე ორი არგუმენტი აქვს: პირველი – რომ 2030 წლისთვის ჩვენ („ქართული ოცნება“) ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებულები, ხოლო 2028 წლამდე არ გვინდა ევროკავშირთან საუბარი, რადგან ისინი გვაშანტაჟებენ. ეს არის ფუნდამენტური გაუგებრობა ან საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა.

ევროკავშირში გასაწევრიანებლად თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის კანონმდებლობა. ეს ასეა და მორჩა. თუ არ მოგწონთ ევროკავშირის კანონმდებლობა, გთხოვთ, უარი თქვით ამ პროექტზე და ყველას დრო დაზოგეთ. ეს დიდი პროექტია და მუდმივ მუშაობას მოითხოვს ევროკომისიასთან, რათა კანონმდებლობა თანხვედრაში იყოს. იმის თქმა, რომ „ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ – საგზაო თუ გარემოსდაცვით კანონებს ევროკავშირისკენ ვცვლით“, აზრს მოკლებულია, თუ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კანონებს არ გამოასწორებთ.

ამიტომ, 2030 წლისთვის მზადყოფნაზე საუბარი მცდარია, რადგან ფუნდამენტურ საკითხებში საქართველო ევროკავშირს შორდება. ვინ არის აქ არბიტრი? ევროკომისია. თუ არბიტრს არ აღიარებთ, ევროკავშირზე საუბარი არარეალურია.

მეორე არგუმენტი: „ჩვენ 2030-ში მზად ვიქნებით და ევროკავშირიც მზად იქნება ჩვენთვის“. საქართველოს მთავრობა ამბობს: „იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირი შეიცვლება და ჩვენ დაგვემსგავსებაო“ – იმედი აქვთ, რომ უნგრეთი, AfD და მათი მოკავშირეები დაეხმარებიან გაწევრიანებაში.

აქ ორი მომენტია: პირველი – ეს არ მოხდება 2030 წლისთვის. არ მოხდება. და მეორე – ეს რომც მოხდეს, ეს აღარ იქნება ევროკავშირი. ეს იქნება სულ სხვა გაერთიანება იმ უპირატესობების გარეშე, რაც საქართველოს სჭირდება.

რატომ არ მოხდება? – ჩემს ანალიზს გეტყვით:

2030 წლისთვის და არც შემდეგ, გერმანიის კანცლერი AfD-დან არ იქნება. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა AfD-ს შეხედულებებს არ იზიარებს. ჩვენ შევძლებთ მთავრობის ფორმირებას AfD-ს გარეშე. უნგრეთი კი, ხედავთ, როგორც („ქართული ოცნების“) დიდი მოკავშირე ახლახან გაქრა. AfD ვერ შექმნის გერმანიაში მთავრობას, ხოლო უნგრეთი დაკარგულია – გაწევრიანებისთვის კი ერთსულოვნებაა საჭირო.

არიან მემარჯვენე პოპულისტები ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ბევრ სხვა ქვეყანაში ისინი საერთოდ არ არიან და ეს ქვეყნები არასოდეს დაუშვებენ ევროკავშირის ასეთ ტრანსფორმაციას.

ახლა მეორე არგუმენტი – რომც მოხდეს ეს, როგორია AfD-ს პოლიტიკა გაფართოებაზე? მოდით, დეტალურად ვთქვათ, რადგან ეს აჩვენებს პასუხს თქვენს კითხვაზე, თუ რა დგას იმ პოლიტიკის უკან, როცა აცხადებენ, რომ AfD მათი პარტნიორია.

AfD გაფართოების წინააღმდეგია. ისინი ამბობენ: „არანაირი გაფართოება, არანაირი ახალი წევრები“. როგორ შეიძლება თქვა, AfD დამეხმარება გაწევრიანებაში, როცა ის ამბობს – „არ მინდა, რომ გაწევრიანდე“?

AfD-ს სხვა ევროპა უნდა. ისინი მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას ეწინააღმდეგებიან, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი სიკეთე იქნებოდა. წინააღმდეგი არიან სოფლის მეურნეობის პოლიტიკის – საქართველო ხომ სწორედ ამ სფეროში მიიღებდა დიდ დახმარებას. ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა რთულ სიტუაციაში, მთიანი რეგიონებია და ა.შ.

AfD წინააღმდეგია სტრუქტურული ფონდების, რომლებიც ახალ წევრებს, პერიფერიულ და განვითარებად რეგიონებს ეხმარება: ევროკავშირი ეხმარება ასეთ რეგიონებს უკიდურესი პორტუგალიიდან საბერძნეთამდე, ესპანეთამდე, აღმოსავლეთ ქვეყნებს ევროკავშირის საზღვართან… AfD-ს უნდა „ერასმუსის“ გაუქმება. ათასობით ქართველი სტუდენტი წავიდა ევროპაში ამ პროგრამით.

  • შესაძლოა ზოგიერთი „ოცნების“ ჩინოვნიკიც.

შესაძლოა.

გერმანული სტიპენდიებით კი ნამდვილად ბევრი წასულა, თითქმის ყველას ვიცნობ. AfD ევროს წინააღმდეგია, ზოგიერთს გერმანიის ევროკავშირიდან (“Dexit”) და ნატოდან გამოსვლაც კი უნდა. AfD-ს მთავარი ლოზუნგია „უცხოელები გარეთ“. მათ უცხოელები არ უყვართ.

ზოგიერთი ქართველი ამბობს: „ნუთუ ჩვენ, ქართველებსაც გვგულისხმობენო?“ და მე ვპასუხობ: მათთვის თქვენ ზუსტად ისეთივე უცხოელები ხართ, როგორც ნიგერიელები, სირიელები ან ავღანელები. „გერმანია გერმანელებისთვის“ – ეს მათი მთავარი დევიზია.

AfD-ს, რომ ჰკითხოთ, გეტყვიან: „შეწყვიტეთ ეს ვიზალიბერალიზაციაო“, მით უმეტეს, რომ გვყავს ბევრი ვადის გადამცილებელი და კრიმინალი საქართველოდან. AfD ამბობს – „გაყარეთ ყველა უცხოელი“.

ასე რომ, თუ საქართველო AfD-ზე ამყარებს იმედს ევროკავშირში მოსახვედრად, ეს 100%-იანი წინააღმდეგობაა.

  • თქვენ ახსენეთ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება. დაფინანსდა ინფრასტრუქტურული პროექტები და მრავალი სხვა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ მიახლოებითი თანხა, რაც გერმანიამ საქართველოს განვითარებისთვის დახარჯა ამ წლების განმავლობაში?

ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) ფარგლებში, დამრგვალებული ციფრი რომ ავიღოთ, ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი ევრო. ეს მხოლოდ ოფიციალური განვითარების დახმარება.

ნაწილი არის გრანტი, შეღავათიანი სესხი, ტრენინგი და ა.შ. აშშ-სთან ერთად, ჩვენ საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორი ვიყავით. როცა ჩამოვედი, მაშინდელმა პრემიერმა მითხრა: „თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი დამხმარე ხართ განვითარებაში, მადლობა გერმანიას“.

  • ვინ იყო ის?

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. ჩვენ ვიცით, რა მოუვიდა მას…

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის დიდი ნაწილი გერმანული შეღავათიანი სესხებით დაფინანსდა – ხალხი ხან ამბობს, ეს ხომ სესხიაო, მაგრამ ეს ისეთი სესხია, რასაც ბანკში ვერ აიღებ, – ეს გერმანელი ხალხის საჩუქარია.

წყალმომარაგება – ბათუმის წყალი თითქმის მთლიანად გერმანიის დამსახურებაა.

ეროვნული პარკების სისტემა, ტყის დაცვის პროგრამა – გერმანისგანაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პროფესიული განათლება – ჩვენ უზარმაზარი ინვესტიცია ჩავდეთ ამაში. გერმანიამ დააფინანსა და დაწერა პროფესიული განათლების სახელმძღვანელო ქართველი მეღვინეებისთვის. ეს ხომ ძალიან დიდი ამბავია საქართველოსთვის – ის გერმანულია!

ჩვენ ამას სიამოვნებით, მეგობრობით ვაკეთებდით. კერძო სექტორის განვითარება. არ დაგავიწყდეთ გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც 40 წელია აქ არის. გვაქვს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელიც ასობით სტიპენდიას გასცემს. კიდევ ერთხელ ვამბობ – თქვენი ზოგიერთი წამყვანი პოლიტიკოსი ამ სტიპენდიების ბენეფიციარი იყო.

ჩვენი პოლიტიკური ფონდები ეხმარებოდნენ საქართველოს შრომითი უფლებების, ქალთა და უმცირესობების უფლებების დაცვაში. ეხმარებოდნენ კანონმდებლობაში. ასე რომ უამრავი რამ გაგვიკეთებია, 2 მილიარდი ევრო – ეს მხოლოდ ოფიციალური დახმარებაა, რასაც ემატება კულტურა, სტიპენდიები; რა თქმა უნდა არ ითვლება კერძო ინვესტიციები და ამას ვერც დავთვლით.

ეს ყველაფერი იმაზე იყო აგებული, რომ საქართველო და გერმანია ერთი მიმართულებით მიდიან – ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ახლა დახმარება შემცირდება, რადგან ეს საფუძველი დღეს ძალიან საეჭვო გახდა.

  • თუმცა, პროპაგანდისტები ხშირად სვამენ კითხვას: „რა ინტერესი აქვს გერმანიას, რატომ გვეხმარება, რას ითხოვს სანაცვლოდ?“ რას უპასუხებდით მათ.

რა არის ჩვენი ინტერესი საქართველოში? პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ძველი, ტრადიციული ურთიერთობა.

ყველა ქართველმა იცის, რომ ჩვენ ვიყავით პირველები 1918 წელს, ვინც საქართველო აღიარა და პირველები 1992 წელს, ვინც ელჩის აკრედიტაცია მოახდინა.

რა არის ჩვენი ინტერესი? – ისტორიული მეგობრობის შემდეგ მოვიდა 1990-იანები, გერმანიას ჰქონდა დიდი თანაგრძნობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ და კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლდნენ. არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ქვეყნის ნახევარიც ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ. ჩვენი ქვეყნის ნახევარს კომუნისტური მთავრობა ჰყავდა. ჩვენ ეს თავად გამოვცადეთ – შეიძლება ცოტა განსხვავებულად, რადგან აღმოსავლეთ გერმანია ევროკავშირის ნაწილი არ იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. ამიტომ გვქონდა დიდი სიმპათია საქართველოს მიმართ.

შეიძლება ითქვას სიმბოლური მომენტი იყო, როდესაც ჩვენი მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი, რომელიც გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთი არქიტექტორია, 1992 წელს აქ ჩამოფრინდა თავისი მეგობრის, ედუარდ შევარდნაძის სანახავად. მათ ერთად დაურეკეს გორბაჩოვს და გენშერი და შევარდნაძე იყვნენ გერმანიის გაერთიანების არქიტექტორები.

ეს იყო დასაწყისი და შემდეგ დამოუკიდებლობამოპოვებულმა საქართველომ გვითხრა: „ჩვენ თქვენგან პარტნიორობა გვინდა სამ რამეში: დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში, საბაზრო ეკონომიკის შექმნასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში“.

ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ამ სამი რამის მიღწევა ჩვენც თავად მოგვიწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაშინ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს და წარმატებით მოვახერხეთ ეს, ამიტომ, დიახ – ეს არის ჩვენი პარტნიორობის ჩარჩო.

რაც შეეხება ევროკავშირს – საქართველომ მიმართა ევროკავშირს და არა პირიქით. ჩვენთვის ევროკავშირი არის მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ჩვენ ვთქვით: მოდი, გვერდზე გადავდოთ ყველა ეჭვი გაფართოებაზე და სწრაფად გავფართოვდეთ. ევროპა საფრთხის ქვეშაა და რაც უფრო დიდი იქნება ეს კავშირი, მით უკეთესი ჩვენთვის.

თუ ჩვენი მეზობელი კარგად არის, ეს ჩვენთვისაც კარგია. თუ საქართველო შეუერთდება ევროკავშირს – რაც სრულიად რეალურია ხომ? ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ღიაა და მჯერა მიღწევადია – მაშინ საქართველო იქნება მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის „ღუზა“ შავი ზღვის მეორე მხარეს, სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი ინტერესი.

ეს ნიშნავს შავი ზღვის რეგიონის გარდაქმნას ფრაგმენტირებული და სარისკო სივრციდან სტაბილურობისა და კავშირების ზონად. დიდ ხანს ჩვენი ინტერესები თანხვედრაში იყო. სამწუხაროდ, ახლა ასე აღარ ჩანს. უნდა ვთქვა – ეს გერმანიას ან ევროკავშირს არ გაუკეთებია, საქართველომ აირჩია სხვა გზა.

  • ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სატრანზიტო მდებარეობისა და „დაკავშირებადობის“ გამო. ზოგის აზრით, ევროკავშირი თვალს დახუჭავს ამის გამო ზოგი ქმედებაზე. არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა ტრანზიტის გამო გვერდზე გადადოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დემოკრატიის ეროზია?

ევროკავშირი 27 სახელმწიფოა და ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ. გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველო, შებოჭილი ვართ საერთაშორისო შეთანხმებებით: გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციით, ევროპული კონვენციით. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება, დავიცვათ ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.

გერმანიას ამის ვალდებულება საკუთარი ისტორიიდან გამომდინარეც აქვს – ჩვენ თავად ვიყავით ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევები და ხალხი გერმანიიდან სწორედ თავშესაფრის საძიებლად გარბოდა. ასე რომ, პასუხია – არა. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გაცვალოს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება.

ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება.

  • კიდევ ერთი თემა – გერმანია გახდა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ადგილი თავშესაფრის საძიებლად. ვგულისხმობ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომელიც ახლა ოპოზიციონერი ლიდერია და რომელმაც სწორედ გერმანია აირჩია. მას საქართველოში მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. თქვენი აზრით, რატომ აირჩია მან გერმანია?

ეს მე არ ვიცი.

  • არის გერმანია უსაფრთხო ადგილი „ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკებისთვის – ფიქრობთ, რომ ისინი ასე აღიქვამენ მას?

ბატონმა გახარიამ მოითხოვა თავშესაფარი პოლიტიკური დევნის საფუძველზე. ეს მისი უფლებაა ჩვენი კონსტიტუციით, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ადამიანის. ეს ისევ ჩვენს ისტორიას უკავშირდება: ნაცისტური რეჟიმის დროს ბევრს მოუხდა გერმანიიდან გაქცევა და ზოგს უჭირდა უსაფრთხო ადგილის პოვნა.

მე არ ვიცი მისი საქმის დეტალები, ის განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მე არ ვიტყოდი, რომ გერმანია არის „უსაფრთხო ნავსაყუდელი“ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის. ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი, მაგრამ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნამდვილად იდევნება თუ არა ადამიანი პოლიტიკურად თავის ქვეყანაში და არის თუ არა იქ დაბრუნება მისთვის სახიფათო.

  • ასევე არის ხმები აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელზე, თორნიკე რიჟვაძეზე რომ ისიც, თითქოს ოჯახთან ერთად გერმანიაშია. თუ იცით რაიმე ამის შესახებ?

ნამდვილად არ ვიცი.

როგორც იცით, ნებისმიერ ქართველს შეუძლია გერმანიაში უვიზოდ შესვლა სამი თვით. სამი თვის შემდეგ, ის თუ იქ არის, მოუწევდა სტატუსის შეცვლა. თუ ეს სამედიცინო მკურნალობაა – დიახ, ჩამოდიან სამკურნალოდ და რჩებიან უფრო დიდხანს. ასე რომ, მე ნამდვილად არაფერი ვიცი იმის შესახებ, არის ის გერმანიაში თუ არა.

საელჩო ამას ვერც გაიგებდა, ეს ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაა გერმანიაში.

  • ჩვენ ვახსენეთ გახარია, რიჟვაძე, ღარიბაშვილიც კი. როგორც დასაწყისში ვთქვით, ეს თქვენი ბოლო მისიაა ელჩის რანგში. როდესაც უკან იხედებით თქვენს მრავალფეროვან კარიერაში – იყო თუ არა საქართველო ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეყანა სამუშაოდ? ან არის თუ არა საქართველო ადამიანის უფლებების ყველაზე ცუდი მდგომარეობით იმ ქვეყნებს შორის, სადაც გიმუშავიათ?

საქართველო არ ყოფილა ყველაზე რთული. საქართველოში მუშაობა ადვილია, რადგან ეს ევროპული ცივილიზაციაა. ქართველები ევროპელები არიან – აქ ხალხთან ურთიერთობა და ცხოვრება მარტივი და სასიამოვნოა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მე ვიყავი სინგაპურში, ჩინეთში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აშშ-შიც კი მქონია შეხება ამ საკითხთან. იყო ერთი გერმანელი ვირჯინიის შტატში, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. მახსოვს, ჩემს უფროსთან ერთად გუბერნატორთან მივედით, რათა გვეთხოვა მისი გერმანიაში გადმოყვანა სასჯელის მოსახდელად – ჩვენ სიკვდილით დასჯა არ გვაქვს და მას სასტიკ და არაადამიანურ სასჯელად მივიჩნევთ.

ამ კაცმა აშშ-ის ციხეში 29 წელი გაატარა, შემდეგ კი პირობითად გაათავისუფლეს და გერმანიაში მოახდინეს მისი დეპორტაცია. ასე რომ, აშშ-შიც კი მქონდა შეხება ადამიანის უფლებებთან.

თუმცა, საქართველოსთან ორი მთავარი განსხვავებაა: პირველი – არცერთი ის ქვეყანა, სადაც ვიყავი, არ გადასულა კარგი მდგომარეობიდან ცუდზე, ანუ იქ არ მომხდარა ე.წ. „უკუსვლა“. ჩინეთი არ არის დემოკრატია, არც საამიროებია, სინგაპურს თავისი სისტემა აქვს – ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა, ჩვენ არ ვერევით ქვეყნების თვითმმართველობის ფორმაში, ჩვენ ვაპროტესტებთ უფლებების დარღვევას.

საქართველოში კი, როცა ჩამოვედი, ყველაფერი პოზიტიურად მიდიოდა და მერე დაიწყო გაუარესება. ეს არის პირველი განსხვავება.

მეორე განსხვავება: არცერთი ის ქვეყანა არ ყოფილა ევროკავშირის კანდიდატი. საქართველო არის კანდიდატი. საქართველომ თავად გამოთქვა სურვილი და როგორც წევრი ქვეყნის ელჩს, მე მაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ ვისაუბრო იმ საკითხებზე, სადაც თქვენ აღარ შეესაბამებით ევროკავშირს.

ამიტომ ჩემი მოვალეობაა გავაკრიტიკო ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული უკუსვლა. თუ ამას არ იღებთ, ესე იგი არ გესმით, რას ნიშნავს ევროკავშირი ან არ ხართ სერიოზულად განწყობილი ამ პროცესის მიმართ.

სხვათა შორის, ჩვენ გერმანიაშიც ვიღებთ კრიტიკას, როცა ადამიანის უფლებების ცალკეულ დარღვევაზე მიგვითითებენ.

  • ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ ბევრი რამ საქართველოს შემთხვევაში დამოკიდებულია გლობალურ პოლიტიკაზე, სამეზობლოზე, რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში და ა.შ. როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს მომდევნო ხუთ წელიწადში, ამ ქაოტურ და ცვალებად მსოფლიოში?

პირველ რიგში, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მსოფლიო არეულია, საქართველო კი პატარა ქვეყანაა.

მე, პირადად, სამ ძირითად გზას ვხედავ საქართველოსთვის:

პირველი – გაწევრიანება ევროკავშირში. ამას მე „ოქროს მომავალს“ ვუწოდებ. შეხედეთ სხვა წევრ ქვეყნებს – ყველას ძალიან პოზიტიური განვითარება ჰქონდა. ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ სამყაროში, სადაც „დიდი ძალების“ პოლიტიკა დაბრუნებას ცდილობს და სადაც ზოგი ფიქრობს, რომ ძალისმიერი მეთოდები სჯობს კანონის უზენაესობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ – ყველა ევროპული ქვეყანა პატარაა, სწორედ ამიტომ გვაქვს ევროკავშირი, რომ ერთად უკეთ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

მეორე გზა – შეგიძლიათ დარჩეთ პატარა ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში. ზოგი ამბობს „მეორე დუბაი“ ან „მეორე შვეიცარია“ ვიქნებითო – ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ეს ხალხის არჩევანია, კი ბატონო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში იქნებით ქვეყანა ბაზრის ინტეგრაციის გარეშე. ეს ბიზნესისთვის ცუდია. და პოლიტიკური მოკავშირეების გარეშე – რაც უსაფრთხოებისთვისაა ცუდი.

მესამე გზა – ხართ პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ბაზრისა და მოკავშირეების გარეშე: რჩებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის იმ სტანდარტების ქვემოთ, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუ ქართველი ხალხი ამას აირჩევს, ჩვენ მაინც გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ის იქნება მინიმალური და საქართველო აღარ იქნება ასეთი საინტერესო.

გერმანია უარყოფს ძალისმიერ პოლიტიკას. ჩვენ არ გვინდა სამყარო, სადაც საზღვრებს ძალით ცვლიან. ახლა ჩანს, რომ რუსეთი აგებს. ის აგებს უკრაინაში, აგებს ეკონომიკურად და იდეოლოგიურადაც.

მე, პირადად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირის მოქალაქე ვარ და მჯერა ევროკავშირის მომავლის. ჩემს მოქალაქეობას სხვა არაფერში გავცვლიდი.

არ მჭირდება არც კალიფორნია და არც ავსტრალია.

ევროკავშირი არის ისტორიული გაკვეთილი იმისა, რომ ნაციონალიზმი და მილიტარიზმი ცუდი გამოსავალია. დიახ, ევროკავშირი რთული მექანიზმია, ნელია, ზოგჯერ ბიუროკრატიული, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალია, რაც კი გვიპოვია. ჩვენ ვართ 450 მილიონი ადამიანი, გვაქვს გიგანტური ბაზარი, კულტურული მრავალფეროვნება, თავისუფლება და კეთილდღეობა.

  • ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ როცა ჩამოხვედით, ყველაფერი კარგად იყო, მერე კი მდგომარეობა გაუარესდა. ხედავთ თუ არა გამოსავალს უახლოეს მომავალში? როგორია თქვენი პროგნოზი – გაგრძელდება ვარდნა თუ აქ გაიყინება სიტუაცია?

ვფიქრობ, საქართველოს მომავალი ღიაა. არ მიმაჩნია, რომ კურსი საბოლოოდ განსაზღვრულია. ჩემი შთაბეჭდილებით, ქართველები ოცნებობენ ევროპულ მომავალზე. ბევრმა ქართველმა მითხრა: „რა არის ჩვენთვის ალტერნატივა? ჩვენ არ ვართ რუსები, არც თურქები, ირანელები ან აზერბაიჯანელები. სომხეთთან მეგობრობა კარგია, მაგრამ არის ეს საკმარისი საყრდენიაო?“ ალბათ – არა.

არსებობს ძველი გამონათქვამი, რომელსაც აბრაამ ლინკოლნს მიაწერენ: „შეგიძლია მოატყუო ზოგიერთი ადამიანი გარკვეული დროით, მაგრამ ვერ მოატყუებ ყველა ადამიანს მუდმივად“. ასე რომ, თუ მოსახლეობას მართლა უნდა ევროპა, მჯერა, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ისინი მას მიიღებენ.

ჩვენი შეთავაზება ძალაშია, კანდიდატის სტატუსიც რჩება. მომავალი ღიაა, თუმცა რთული.

  • ეს იმედიანად ჟღერს. ჩვენი ინტერვიუს დასასრულს გვითხარით თქვენს სამომავლო გეგმებზე და იქნება თუ არა მათში ადგილი საქართველოსთვის – რას ეტყოდით ქართველებს?

დიახ, როგორც იცით, პენსიაზე გავდივარ, 66 წლის ვარ. ჩვენთან კანონია, რომ ჩემს წელს დაბადებულები წელს უნდა გადადგნენ. ამას მოუთმენლად ველი. 40 წელზე მეტია დიპლომატი ვარ, ძალიან ვისიამოვნე ამ პროფესიით, მაგრამ 40 წელი საკმარისია, რატომ უნდა გავაგრძელო სამუდამოდ?

ვბრუნდები ბერლინში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. იქ 5 წლიდან ვცხოვრობდი, იქ დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი. გვაქვს ძალიან ლამაზი „ბელ ეპოკის“ პერიოდის ბინა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არაჩვეულებრივ უბანში. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვბრუნდები ევროკავშირში, რომელიც ძალიან მიყვარს.

ეს ჩემი მეშვიდე მისია იყო საზღვარგარეთ. მყავს ოჯახის წევრები აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში. შვიდივე ქვეყანაში შევინარჩუნე კონტაქტები ხალხთან და საქართველოშიც ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანი.

საქართველოდან ბევრ კარგ მეგობარს „წავიყვან“ – ფიზიკურად არა, რა თქმა უნდა, ჩემს გულში მეყოლებიან. დიდ პატივს ვცემ იმ უამრავ ქართველს, რომელიც დღეს დიდ სიმამაცესა და ღირსებას იჩენს დაშინებისა და სირთულეების ფონზე. საქართველო ყოველთვის ჩემს გულთან ახლოს დარჩება.

ვიღაცამ ახლახან თქვა – სულმოუთქმელად ველოდებით მის წასვლას და ამ „ეპიზოდის“ დასრულებასო. ჩემთვის საქართველო მხოლოდ „ეპიზოდი“ არ ყოფილა. მე ვზრუნავ საქართველოს ევროპულ მომავალზე. მჯერა, რომ ის მოვა, ის თქვენს ხელთაა. ამისთვის მუშაობაა საჭირო, მაგრამ მიზანი მიღწევადია.

მე არ მინდა, რომ საქართველომ ეს შანსი გაუშვას. არ მინდა, რომ ევროკავშირმა გაუშვას შანსი საქართველოსთან მიმართებით. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი ვინმემ მოატყუოს და უთხრას – „ევროკავშირში მიგვყავხართო,“ როცა სინამდვილეში ასე არ არის.

პენსიაში ყოფნისას, ჩემი კომფორტული სავარძლიდან, თვალს მივადევნებ საქართველოს. იმედი მაქვს, კიდევ ჩამოვალ აქ და შევხვდები ქართველ მეგობრებს ბერლინშიც და სხვაგანაც.


სრული ვიდეო-ინტერვიუ ინგლისურ ენაზე: 

‘I Don’t Think the Course Against the EU Is Fixed’ — Farewell Interview with the Outgoing German Ambassador [Video]

უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა – „ოცნებამ“ სია შეცვალა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა. იმისთვის რომ ეს ცვლილება მომხდარიყო პარტიული სიიდან 8 დეპუტატობის კანდიდატი ამოიღეს.

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) მიმართა და პარტიული სიით წარდგენილი 8 კანდიდატისათვის, 19 ნომრიდან 26 ნომრის ჩათვლით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

უსკომ პარტიას მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა.

ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე შეეყვანა.

პარტიული სიით, რომელშიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობაა მოცემული დეპუტატობა მე-19 ნომერს, ასლან ლორთქიფანიძეს უწევდა.

შემდეგ რიგითობა ასე მოდიოდა –  რაულ ბოლქვაძე, დურსუნ ბერიძე, თეა ფხაკაძე, მამუკა კაკაბაძე, ოთარ ფედიჩკინი, ლია გოგიტიძე და ელიზბარ ზოიძე.

მინურ პაქსაძე, რომელიც უახლოეს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდება, პარტიულ სიაში 27-ე ნომრად იყო შეყვანილი.

მინურ პაქსაძე უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად შევა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტის შესახებ დღეს, 21 მაისს, იმსჯელეს.

დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ ცვლილებას პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდეს.

ცოტნე ანანიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ორი თვის წინ დანიშნეს, ამბობს, რომ ცვლილებაზე პარტიაში იმსჯელეს.

„ქართულმა ოცნებამ“ მიმართა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს პირველ რიგში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესი. მინურ პაქსაძე იქნება მომავალი წევრი და აგრეთვე დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტის,“ – თქვა ცოტნე ანანიძემ.

მინურ პაქსაძეს უმაღლესი საბჭოს წევრად უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.

ამავე თემაზე:

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

 

მასწავლებელმა სკოლის დირექტორს სასამართლოში დავა მოუგო

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე, რომელიც სკოლის დირექტორმა ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღების მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლომ გაამართლა.

ნატალია თურქაძემ დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 20 მაისს გამოაცხადა.

„ვითხოვდი დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას. სასამართლომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა. დირექტორს დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებაც“- ამბობს ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“.

მას ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არ სკოლის დირექტორი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა როგორც ნატალია თურქაძე ამბობს, ის საკუთარი უფლებების ბოლომდე დაცვას გეგმავს.

მასწავლებელმა გვითხრა, რომ აპირებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრუნდეს სკოლას, სადაც 2015 წლიდან მუშაობდა და ბავშვებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლიდა.

საქმე ეხება გასული წლის შემთხვევას. ნატალია თურქაძის თქმით, 2025 წლის ბოლოს, როდესაც მე-12 კლასელებმა სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე,  სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორმა იმთავითვე იცოდა საჯარო საჩუქრის შესახებ, ფაქტიდან 7 თვის შემდეგ მან ჩათვალა, რომ მასწავლებელმა ამ საგზურის მიღებით შელახა სკოლის იმიჯი და სწორედ ეს გახდა ნატალია თურქაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

სკოლის დისციპლინურმა საბჭომ არ გაიზიარა სკოლის დირექტორის ბრალდება, მაგრამ დირექტორმა მაინც მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც სკოლაში პროტესტი მოჰყვა.

ამ თემაზე:

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

 

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 3 ჰიბრიდულ მანქანას იყიდის – გამოყოფილია 223 200 ლარი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს.

სამი ერთეული ასეთი მანქანის შესასყიდად მუნიციპალურმა ინსპექციამ ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა.

„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან“ – აღნიშნულია ტენდერში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 3 ასეთ ავტომობილს ყიდულობს / ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ტენდერიდან

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ახალი მანქანების შეძენას გეგმავს, მის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის ქალაქში პარკირების ადგილებს ზოგჯერ ვერ პოულობს, თუმცა არასწორი პარკირებისთვის სხვებს აჯარიმებს.

ამ თემაზე: მუნიციპალური ინსპექცია ისევ წვალობს მანქანის გასაჩერებელი ადგილის საპოვნელად | ფოტოამბავი

მუნიციპალური ინსპექცია პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს თავის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად აქვეყნებდა, თუმცა ასეთი სტატისტიკა ამ სამსახურს  2025 წლის ივლისის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია:

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბოლო რამდენიმე თვეა თავის ფეისბუქგვერდზე ძირითადად „უნებართვო“ და „უსახური“ კაფე-ბარების ნგრევის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

ამ თემაზე: რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი.

2026 წელს კი, 7 მაისის მდგომარეობით უკვე ნაყიდი ავტომანქანების ფასები, ასევე კონსოლიდირებული თუ ჩვეულებრივი ტენდერების სავარაუდო ღირებულებები რომ შევაჯამოთ, მსუბუქი და სპეციალიზებული ავტომანქანების შესაძენად 36 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ფეისბუქგვერდიდან

 

ქრთამის აღების ბრალდებით 2 საჯარო მოხელე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.

მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც“ – აცხადებს საგამოძიებო.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, დააკავეს ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი.

„ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას.

ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია“.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დავაკავეთ აფთიაქის ხელმძღვანელი, ექიმი და ფარმაცევტი – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

„სიმართლეში ბრალდებული“- სააგენტო „სუპერმარკეტმა“ D&AD-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო

კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ დიზაინისა და რეკლამის პრესტიჟული ორგანიზაციის, D&AD-ის სპეციალური ჯილდო, „ხის ფანქარი“ მიიღო ნამუშევრისთვის – „მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული“, კატეგორიაში – ჟურნალ-გაზეთების დიზაინი.

„სიმართლეში ბრალდებული“ არის „სუპერმარკეტის“ მიერ მომზადებული გაზეთის სპეცნომერი, რომელიც გამოცემა „ბათუმელების“ ისტორიას წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურების მიხედვით ასახავს და ეხმიანება მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობის საქმეს.

D&AD-ის ვებგერდზე ვკითხულობთ:

„სიმართლეში ბრალდებული“ ​​არის გაზეთის სპეციალური გამოცემა, რომელიც შექმნილია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, „ბათუმელებთან“ და „ნეტგაზეთთან“ ერთად.

გამოცემა ეხმიანება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებას, რომელიც 21 წელზე მეტია კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე წერს.

გამოცემა მთლიანად სათაურებისგან შედგება — 100-ზე მეტი სათაურისგან, რომლებიც ქრონოლოგიურად, სამი მთავრობის მიხედვითაა დალაგებული. მინიმალისტური, მონოქრომული განლაგება მკაფიო კანონზომიერებას ავლენს: მთავრობები იცვლება, რეპორტაჟის სტანდარტი – არა“.

ეს არ არის „სუპერმარკეტის“ პირველი ჯილდო „სიმართლეში ბრალდებულისთვის“.

წელს, 2026 წლის მაისში, სააგენტო „სუპერმარკეტმა“ მიიღო რამდენიმე ჯილდო ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე, Baku Flames-ზე, მათ შორის:

  • ვერცხლის მედალი სოციალური ვიდეორგოლისთვის – „12 მოქალაქე“, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება;
  • ვერცხლის მედალი გამოცემისთვის – „სიმართლეში ბრალდებული“;
  • ბრინჯაოს მედალი გამოცემისთვის – „ივერია — დამოუკიდებლობის საკითხი“;
  • ბრინჯაოს მედალი ინტეგრირებული კამპანიისთვის – „დამოუკიდებლობა: პირველი პირის გამოცდილება“.

ასევე,  „სუპერმარკეტმა“ ნამუშევრისთვის – „მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული“ – Epica Awards-ის ვერცხლის ჯილდო მიიღო  გამოცემის დიზაინის კატეგორიაში.

შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე კი „სუპერმარკეტი“ კატეგორიაში – საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი, გახდა ოქროს მედლის მფლობელი გამოცემისთვის – „სიმართლისთვის ბრალდებული“.

ამავე თემაზე: 

“ბათუმელების” სპეცგამოშვება მზია ამაღლობელზე Epica Awards-ის ვერცხლის მფლობელი გახდა

„შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია“ – ვინ მართავს რეალურად ფოთის ეკონომიკურ სექტორებს

„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის?

ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“კვლევა ჩაატარა, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და სახელმწიფო მონაცემთა ბაზების [საჯარო რეესტრი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და სხვა] ანალიზის საფუძველზეა მომზადებული.

დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები;

საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან;

სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში;

კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები.

ეკონომიკური რესურსების განაწილება ფინანსური და პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით.

„კვლევაში წარმოდგენილი მონაცემები შეგვიძლია დავაჯგუფოთ იმ ძირითადი ფინანსური, პოლიტიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქ ფოთის სტრატეგიულ აქტივებს.

  • ჯგუფი I – დავით წიწილაშვილი, სულხან პაპაშვილი, ხახუბიების ოჯახი და ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული პირები [თევზჭერა და ლოგისტიკა]

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით შავ ზღვაში თევზჭერის სტრატეგიულ ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. ამ კომპანიების მფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შემწირველია და ყველა მათგანს სახელმწიფომ თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიები 2036 წლამდე გაუგრძელა;

თევზჭერის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეწირულობების სახით 1 488 100 ლარი გაიღეს, ყველაზე მეტი – 1 282 000 ლარი მმართველ პარტიას მისცეს.

პოლიტიკურ შემწირველებს შორის ყველაზე მეტი გაიღო წიწილაშვილების ოჯახმა, მამა-შვილის – გურამ და დავით წიწილაშვილების ჯამური პოლიტიკური შეწირულება 410 000 ლარია.

დავით წიწილაშვილი თევზჭერის სექტორის გარდა, ფლობს და მართავს 28 სხვა კომპანიის წილებს [მათ შორის, ისეთ გავლენიან ლოგისტიკურ კომპანიებში, როგორიცაა შპს „ლოჯისტექსი“, შპს „ესპერანსი“, შპს „მეტალ ტრეიდი“, შპს „ფელინ გლობალი“ და სხვა];

შპს „დრომონის“ 67% წილს ფლობს სულხან პაპაშვილი, რომლის ბიზნესპარტნიორია დავით წიწილაშვილი. სულხან პაპაშვილი, ძმასთან ლაშა პაპაშვილთან ერთად Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარ ქართველს შორისაა. იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსია.

ორი ლიცენზიანტი კომპანიის მფლობელებს შორის არის „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ხახუბია და მისი ოჯახის წევრები.

თევზჭერის სექტორის წამყვან ფიგურებს [დავით წიწილაშვილი, ალექსანდრე თავაძე], სხვადასხვა ბიზნესწილების მეშვეობით, უკავშირდება რუსული გავლენებით გამორჩეული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელიც Forbes-ის მდიდარ ქართველთა სიაში მე-9 ადგილს იკავებს. თევზჭერის ლიცენზიის მქონე შპს „გეოფიშ კომპანის“ დამფუძნებელია მასთან დაკავშირებული შპს „გუგოლპლექსი“.

ხვიჩა მაქაცარია დავით წიწილაშვილის ბიზნესპარტნიორიცაა [„აქვამარინი“].

თევზჭერასთან ერთად, ტვირთების გადაზიდვის [შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“] და სატერმინალო სფეროში [შპს „ფოთი ტრანსტერმინალი“] წარმოდგენილია კახაბერ ლატარია, რომელიც ხახუბიების ბიზნესპარტნიორია შპს „აისბერგი 2“-ში.

  • ჯგუფი II – მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ფიგურები

ამ ჯგუფში ერთიანდებიან პარლამენტის წევრები, ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები, რომლებიც ფოთში უმსხვილეს სტრატეგიულ ბიზნესებს ფლობენ.

ა) გოდერძი ჩანქსელიანი („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

გოდერძის ჩანქსელიანი ფლობს შპს „ბევრილი ჯგუფის“ 70% წილს. ეს კომპანია გადაამუშავებს მარცვლეულს, აქვს საწყობები და წისქვილი ფოთში. კომპანიის გენერალური დირექტორი და 29.84%-ის მფლობელია მისი ძმა, ნერუ ჩანქსელიანი. „ბევრილს“ აქვს შვილობილი კომპანიები: „ბევრილი ბეიქერ ჯგუფი“, „ბევრილი რიეთეილ ჯგუფი“ (მინი მარკეტები ფოთში), „ბევრილი თრეიდინგ ჯგუფი“ და „გრუზბელი“.

კორუფციის რისკები: სახელმწიფომ ჩანქსელიანის კომპანიებს („ბევრილი ჯგუფი“ და „გრანდე ჯგუფი“) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე ჯამში 5.4 მილიონი ლარის გადახდა აპატია (შეუმცირა 160 000 ლარამდე).

არსებობს დეპუტატის მხრიდან ინტერესთა შეუთავსებლობის, უკანონო საჩუქრის მიღებისა და ქონების დამალვის ნიშნები. ძმებმა ჩანქსელიანებმა ჯამში 113 230 ლარი შესწირეს „ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს.

ბ) გოჩა ენუქიძე („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი):

შპს „ფოთპეტროლის“ 40%-ს ფლობს „იბერკომპანი ჰოლდინგი“, რომლის მფლობელია დეპუტატი გოჩა ენუქიძე. კომპანია ფლობს ლარნაკას ქუჩაზე მიწას (690 კვ.მ), რომელიც იჯარით აქვს აღებული „გალფს“ („სან პეტროლიუმ ჯორჯია“). გოჩა ენუქიძემ 160 000 ლარი შესწირა „ოცნებას“, 60 000 – სალომე ზურაბიშვილს, 60 000 – „ენმ“-ს.

გ) გიორგი ხახუბია („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

შპს „აისბერგი 2“: თევზის გადამამუშავებელი საწარმო, ფლობს თევზჭერის 1 ლიცენზიას. მფლობელები: კახაბერ ლატარია (25%), ეკატერინე ხურცია (25%), დეპუტატი გიორგი ხახუბია და მაკა ხახუბია (25%), თურქული კომპანია (25%). კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ჯამში 893 100 ლარის შეწირულება გაიღეს (702,000 ლარი – „ქართულ ოცნებას“);

შპს „სათნოს“ 100% წილის მფლობელია ეკატერინე ხურცია (დეპუტატ გიორგი ხახუბიას სიდედრი). იგი მართავს ნავთობბაზებს, საბაჟო საწყობებს და სერვის ობიექტებს.

დ) მამუკა მერკვილაძე (რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი):

შპს „ფოთი ტრანსტერმინალი“: ფლობს 9 ჰექტარ ტერიტორიას (წლიურად 80 ათასი კონტეინერი, $15 მლნ ინვესტიცია). 50%-ს ფლობს ყაზახური „PTC HOLDING“, 35%-ს – მამუკა მერკვილაძე, 10%-ს კახაბერ ლატარია;

შპს „ფოთი ქარ ტრანზიტი“ და „ფოთი ტრანზიტი“: 100% და 95% წილებით მერკვილაძის საკუთრებაა;

შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“: გადაზიდვების მომსახურება. მფლობელები: მ. მერკვილაძე (35%), ყაზახური „PTC HOLDING“ (50%). ფლობს 88 243 კვ.მ მიწას;

მერკვილაძე ასევე ფლობდა 35% წილს ბალდის კანიონის სკანდალურ პროექტში.

ე) ფოთის ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები:

გოჩა კურდღელია (ყოფილი მერი) არის შპს „კავკასიან მეტალს ტერმინალის“ დირექტორი და 15% წილის მფლობელი (რომლის 85%-ს კვიპროსული ოფშორი ფლობს, დაკავშირებული ავსტრიისა და მონაკოს მოქალაქეებთან). ასევე ფლობს 3.5%-ს შპს „მეტალექსში“ (შავი და ფერადი ლითონები). მან ჯამში 120 000 ლარი შეწირა პარტიებს;

ვახტანგ ალანია (ყოფილი მერი) არის შპს „სოფმარში“ (საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები) დირექტორი;

ჯემალ ინაიშვილი (ყოფილი პარლამენტარი, ფოთის პორტის ყოფილი უფროსი): სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შპს „მედლოგ ფოთში“ (რომლის 80%-ს შვეიცარიული „მედლოგ ეს.ეი“ ფლობს).

ფოთის პორტი
  • ჯგუფი III- საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები

კვლევამ აჩვენა, რომ სტრატეგიული დარგების – ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები.

ამ ნაწილში ფიგურირებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ფოთის ყოფილი მერი, გოჩა კურდღელია, რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძე და სხვები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო რესურსებზე წვდომა ხშირად პოლიტიკური გავლენების შედეგია.

ფოთში შექმნილი ახალი საზღვაო ნავსადგურის მფლობელები „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი დონორები არიან. „პეის ჯორჯიას“ დირექტორმა, მფლობელებმა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებმა ჯამში 1 146 340 ლარის შეწირულება გაიღეს. ჯგუფი ფოთში განკარგავს 264 534 კვ.მ ტერიტორიას. ირაკლი კობახიძის განკარგულებით მათ სიმბოლურ ფასად, 49 წლის ვადით გადაეცათ ზღვის ფსკერზე არსებული 5 239 კვ.მ მიწა.

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია  შპს „კ და ქართული სპირტი“, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში.

  • ჯგუფი IV – რუსული კაპიტალი და ოფშორული გავლენები

ფოთის სტრატეგიულ ეკომონომიკურ სექტორებში აღსანიშნავია რუსული კავშირების მქონე პირთა წარმომადგენლობა. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ექვსი პირი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. ამ ჯგუფში შედის ტერმინალები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები არიან.

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველო“: ფლობს ნავთობის ტერმინალებს (აქტივები: 60 მლნ ლარი 2020 წელს). კომპანიის 75%-ს ფლობს გიბრალტარული ოფშორული კომპანია, რომლის საბოლოო ბენეფიციარი იყო დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული „Petrocas Energy International“, რომლის 49%-ს სანქცირებული რუსული „როსნეფტი“ ფლობდა 2022 წლამდე. კომპანია ასევე ფლობს წილს შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში“ ვირჯინიის კუნძულების ოფშორთან ერთად.

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ (PGT): 50%-ს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული TOWER CAPITAL TRADING, რომლის საბოლოო მფლობელები რუსეთის მოქალაქეები ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი არიან.

სს „ფოთი სტორიჯ სოლუშენს“: ტვირთის დასაწყობება/შენახვა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ჯანი მიხაილოვი (იგი ასევე მართავდა სააქციო საზოგადოება „რუსელოისს“, რომლის გაკოტრების საქმე მიმდინარეობს ამჟამად რუსეთში. ეს კომპანია მოიპოვებდა მანგანუმს თერჯოლაშიც. მიხაილოვი ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში).

შპს „ფოთის ლოგისტიკური პარკი“ ეწევა  სატერმინალო მომსახურებას, ფლობს 22 891 კვ.მ მიწას. კომპანიის 49%-ს ფლობს სენ კიტსისა და ნევისის (და სავარაუდოდ, რუსეთის) მოქალაქე ანდრეი ბარანოვი.

შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“: დაარსდა 2008 წელს არაბული RAKIA-ს მიერ. 2017 წელს 75% ჩინურმა CEFC China Energy-მ შეიძინა (ხელმძღვანელი დააკავეს). ამ პერიოდში მმართველ კომპანიაში მრჩევლად მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომპანიის გაკოტრების შემდეგ, 2025 წელს სახელმწიფომ 100%-იანი წილი დაიბრუნა.

  •  ჯგუფი V – მსხვილი ქართული კორპორაციები

„ვისოლ ჯგუფი“ (ძმები ფხაკაძეები):

შპს „მპ დეველოპმენტი“: სამეთვალყურეო საბჭოში არიან Forbes-ის სიაში მყოფი ლევან და სოსო ფხაკაძეები. კომპანია ფოთში ფლობს 2 682 კვ.მ ფართობის მქონე სავაჭრო ცენტრს „ფოთი მოლი“. ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს 207 700 ლარი აქვთ შეწირული.

უჩა მამაცაშვილის პარტნიორები:

შპს „კ და ქართული სპირტი“: მდებარეობს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში. საქართველოში ალკოჰოლის უმსხვილესი მწარმოებელი. 80%-ს ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი (მამაცაშვილის პარტნიორი, უკრაინის მიერ სანქცირებული). კომპანიის დირექტორებმა და კარიჭაშვილის სხვა კომპანიებმა ჯამში 557 000 ლარი შესწირეს „ოცნებას“.

სააქციო საზოგადოება „ნიკორა“:

შპს „კორიდა“: ხორცპროდუქტების მწარმოებელი ფოთში. მიღებული აქვს 224 932 ლარის ტენდერები.

კაჭარავა-ჭიორელის ჯგუფი:

ამ ჯგუფს ფოთში რამდენიმე მსხვილი ბიზნესი გააჩნია:  შპს „აისბერგი ფოთი“ (სასაწყობო-სამაცივრე, 70% ბ&ჯ, 30% ყაზახეთის მოქალაქე იგორ მარტინოვი); შპს „ამერიქენ მონოლით“; შპს „რეალ ტრანსი“ (სატვირთო გადაზიდვები ფოთი-თბილისი-ერევანი-ბაქო); შპს „ვიტამინი 2017“ (ბანანისა და ხილის მსხვილი იმპორტიორი). ლევან კაჭარავასა და ლევან ჭიორელს პოლიტიკური შეწირულებების სახით 290 000 ლარი აქვთ გაღებული.

  • ჯგუფი VI: სამშენებლო სექტორი და სახელმწიფო შესყიდვები

ამ ჯგუფში შემავალი კომპანიები დიდწილად სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულნი.

შპს „პრაიმ ბეტონმა“ 2012 წლიდან მიიღო 72 901 804 ლარის ღირებულების კონტრაქტები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თავდაცვის ძალების ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე.

შპს „გზა მშენებელი 13“-მა მიიღო 36 429 600 ლარის კონტრაქტები. კომპანიის მფლობელები „ქართული  ოცნების“ შემწირველები არიან.

შპს „ტოტალმა“ მიიღო 12 985 565 ლარის ხელშეკრულებები.

  • სისტემური კორუფციის ნიშნები:

სახელმწიფო რესურსებზე წვდომა მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს.

პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა. ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5 396 370 ლარის ოდენობის შეწირულება.

„ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა „ხალხის ძალამ“ და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს 4 671 980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი).

რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: რუსეთის 3  მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს.

სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია  მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები  დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს.

ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები).

თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები  (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ  ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს.

 

„ერთი „თბილისობის“ თანხამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ბავშვები“ – როდის ახსენდება კობახიძეს „ხალხის ფული“

„ჩვენთვის მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა გადასახადების გადამხდელთა მიმართ, რადგან ეს ხალხის ფულია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დიუშენით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვაზე.

რატომ გაახსენდა კობახიძეს ახლა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის ფულია და რა თქვა მან ამით რეალურად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკოს ცოტნე კობერიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ცოტნე, კობახიძემ თქვა, რომ 50 მილიონი ძალიან ბევრია წამლისთვის, ამიტომ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ამ თანხების ხარჯვას, რადგან ბიუჯეტი ხალხის ფულიაო. თქვენ რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

ბიუჯეტი 30 მილიარდია დაახლოებით და მეტიც და მაშინ დანარჩენი თანხების ხარჯვასაც ასეთივე პასუხისმგებლობით და რაციონალურობით უნდა მიუდგნენ. თუ რაციონალურობით მივუდგებით, უამრავი ხარჯია, რომელიც ფიზიკურად გაუმართლებელია და მე რომ მკითხოთ, უამრავი კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებებია, რომელიც რეალურად პარტიული აპარატის დასაქმების და დაფინანსების ნაწილია.

აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტის მოყვანა ძალიან არასწორი და უცნაურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა „რაციონალურობაზეა“ საუბარი.

თუ მედიკამენტი ბავშვს ვნებს, არ აქვს მნიშვნელობა 50 მილიონი ღირს თუ 10 ლარი, სახელმწიფომ არ უნდა შემოიტანოს ასეთი მედიკამენტი, მაგრამ თუ ეს არგუმენტი არ არსებობს და მხოლოდ ის არის არგუმენტი, რომ „50 მილიონი ზედმეტია ბავშვებისთვის“, ეს პოზიცია უკვე ამორალურია.

რამდენი მილიონი იქნებოდა მაშინ გამართლებული? – თუ ამ წამლის ყიდვა შესაძლებელია და გამართლებულია და მაინც შევდივართ კალკულაციაში, სხვა უამრავი 50 მილიონის ხარჯია, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო მეტადაც გაუმართლებელია, ვიდრე წამლის ყიდვა.

  • კობახიძე როცა ამბობს, რომ ხალხის ფულიაო, ჰკითხეს კი ხალხს, მაგალითად, იყვნენ თუ არა თანახმა გასამმაგებულიყო დეპუტატების ხელფასები, ყოველ წელს განახლდეს მთავრობის, პოლიციის და სხვა უწყებების ავტოპარკი, რაზეც ასევე მილიონები იხარჯება ხალხის ბიუჯეტიდან?

ზოგადად, ჩვენთან არ არის იმის კულტურა, რომ იმაზე მიდიოდეს საუბარი ბიუჯეტის ფული ვისი ფულია.

არ მახსენდება შემთხვევა, რომ პრემიერ-მინისტრს ესაუბრა, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკაზე, ამით ამოკრეფილ ფულზე და მერე ხარჯვით ნაწილზე. ეს ფილოსოფია ამათგან არ იგრძნობა.

არანაირი ლიბერტარიანული მთავრობა ჩვენ არ გვყავს, რომ მცირე მთავრობაზე და მცირე ხარჯვით ნაწილზე ილაპარაკონ და ახლა გაახსენდათ ეს ფილოსოფია, ადამიანები წამალს რომ ითხოვენ?

ზუსტად, რომ ხალხის ფულია ბიუჯეტი და ახლა არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ხალხი თვითონ ითხოვს რაღაც კონკრეტული მიმართულებით დაიხარჯოს საბიუჯეტო ფული. ამიტომ ამ ხალხს უპასუხო იმ არგუმენტით [რაც კობახიძემ განაცხადა], ძალიან გაუმართლებელი და ამორალურია.

მაშინ თქვან, რამდენად უღირთ ადამიანის სიცოცხლე. მხოლოდ იმიტომ თუ ამბობ წამლის ყიდვაზე უარს, რომ თანხა გებევრება, რამდენად მორალურია ეს, რომ არ გიღირდეს ამ ფულის დახარჯვა ადამიანის სიცოცხლისთვის?! წარმოუდგენელი ამბავია.

ამერიკის შეერთებული შტატები, ერთი ჯარისკაცი რომ გადარჩეს, მილიონებს ხარჯავს. შეიძლება ეს სხვა ტიპის ამბავია, მაგრამ ჯამში ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ერთი ადამიანის სიცოცხლეს უფრთხილდება და ცდილობს არ დაინანოს ფული.

ჩვენს შემთხვევაში ბავშვებზე ვსაუბრობთ და თუ ფიქრობ, რომ ეს წამალი უშველის, რა კალკულაციაზეა აქ საუბარი.

ჩემთვის გაუმართლებელი ხარჯია, მაგალითად, ვიღაც ხელოვანის ჩამოყვანა ბიუჯეტის ფულით; ასეთი გაუმართლებელი ხარჯია ავტოპარკები, რომელიც ახლდება ხოლმე ყოველ წელიწადს; გაუმართლებელი ხარჯია პარლამენტარების ხელფასის იქეთ კიდევ სხვა უამრავი გაუმართლებელი ხარჯი არსებობს.

ცოტნე კობერიძე/facebook
  • როგორც ვიცით, წელს ახალი უწყებებიც შექმნეს და ასევე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაზეც არის საუბარი. არ მახსენდება, რომ ამაზე საზოგადოების აზრი მოესმინათ. გამოდის, ხალხის სახელით მანიპულირებენ?

ცხადია. ასეთი ტიპის პირდაპირი დემოკრატია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ თბილისის საკრებულოში რომ ვიყავი, იქ შემოიტანეს საკითხი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს რაღაც ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის აუზი და ეს გადაფუთული იყო იმით, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია.

ვიღაცამ აუზში რომ იჭყუმპალაოს, ჯანმრთელობის არგუმენტით, მაგაში უნდა დაიხარჯოს მილიონი და ბავშვს, რომ წამალი სჭირდება, აქ ითხოვენ „არგუმენტებს“.

ათასი დღესასწაულებია: „თბილისობა“, „მცხეთობა“ და ასე შემდეგ, ჭიქები რომ მიუჭახუნონ ვიღაცებმა ერთმანეთს, ამისთვის იხარჯება კოლოსალური თანხები. ეს არის რაციონალური ხარჯვა და ბავშვის წამალი არა?!

ერთი „თბილისობის“ თანხამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ბავშვები.

  • როცა ამბობენ, „ხალხის ფულიო“, ამ ბავშვებს საზოგადოების ნაწილად არ აღიქვამენ ან მათ ოჯახებს, როგორ ფიქრობთ?

ზოგადად, მე რასაც ვუყურებ, ცდილობენ მტრად შერაცხონ და დეჰუმანიზაცია მოახდინონ იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტს ხმამაღლა გამოხატავენ.

თუ მათთან არ ხარ თაყვანისცემის რეჟიმში, იქნები მათი მტერი და ოპოზიციაში გიდგებიან.

სხვა შემთხვევაში, როგორ უნდა თქვა, რომ ბავშვი ადამიანი არ არის?! პირიქით, ბავშვი ისეთი ტიპის მოცემულობაა, როცა სახელმწიფოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მათ წინაშე. ბავშვს ხომ ვერ ეტყვის – „წადი, შენს თავს მიხედე“.

თუ მშობელი არღვევს ბავშვის უფლებებს, აქაც კი სახელმწიფო შემოდის მეურვეობის ნაწილში. ასე მარტივად არ არის აქ საქმე და თუ სახელმწიფოს ისეთი ანარქისტული პოზიცია აქვს, რომ ყველაფრის ნებაყოფლობით დაფინანსებით მოხდეს, მაშინ გვითხრას და მთელი რიგ ხარჯებს ჩამოვუწერთ, რომელიც გასაუქმებელია და ის ხარჯები რომ გაუქმდება და მოქალაქეს მეტი ფული რომ დარჩება, მერე მარტივად შევძლებთ ბავშვებს დავეხმაროთ.

ბიუჯეტი რომ ხალხის ფულია, ამაზე ახლა კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, წლების წინ უნდა გვქონოდა ამაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, უფროსი თაობის საბჭოთა გამოცდილებამაც მიგვაჩვია ამას, რადგან მაშინ ცენტრალიზებული იყო ეს სისტემა და ადამიანები ვერ იაზრებდნენ, რომ ბიუჯეტის ფული მოქალაქეებისგან აკრეფილი ფულია და არაფერი გვჭირს სახვეწარი.

როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ ხმა მომეცი იმიტომ, რომ მე ის გავაკეთე, ეს დავაფინანსე, სულ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ეს ჩვენი ფულია სინამდვილეში და არა იმ პოლიტიკოსის. იმ პოლიტიკოსსაც იმიტომ უხდი ხელფასს, რომ მას ევალება თვალყურის დევნება ამ ფულის ეფექტურ კონტროლზე.

ამ ხელფასების გარდა, ამ პოლიტიკოსებს სხვა, შავი ბიუჯეტიც გააჩნიათ და ვნახეთ როგორ გაათეთრეს ერთ დღეში მილიარდამდე ლარი ერთ ჯიხურში. ის რომ ჩამოვწეროთ, რამდენი მილიონები ნახეს მათი ყოფილი მინისტრების სახლებში, რამდენი ძვირადღირებული საათი უპოვეს და რამდენ მილიონს სთხოვდნენ თორნიკე რიჟვაძეს მისატანად, იმ წამლის ღირებულებაზე ბევრად მეტს ვიპოვით.

  • გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილის საუბარი დევნილებთან, როცა უთხრა, საკმარისია დღეს თქვენ დაგაკმაყოფილოთ, ხვალ ხუთჯერ მეტი მოვა. ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ესეც?

როცა საკუთარი ჯიბის ფულად ხედავ ბიუჯეტს, მერე ეს კომპლექსი გაქვს. ხალხი რომ ხმას აძლევდა თავიდან, ეგონათ, რომ მის მილიარდებს მოიტანდა ხალხის დასახმარებლად და არა იმიტომ, რომ ბიუჯეტის ფულს ისე შეხედავდა, როგორც საკუთარს.

წამალზე თუ არ მიაკითხე სახელმწიფოს, აბა რაზე უნდა მიაკითხო.

თავდაცვაზე იხარჯება ბიუჯეტის 3%-ი და დანარჩენი 90%-ი რედისტრიბუცია ხდება ვიღაც ჯგუფებზე, საზოგადოების ხარჯზე. თუ ვიღაც ფიქრობს, რომ „ერისიონი“ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, მაშინ ჩემთვის ცეკვაზე უფრო მნიშვნელოვანი ბავშვის წამალია.

მშობელს რომ მაგას ეტყვი, რამდენად რაციონალურია შენი შვილის გადარჩენა, მერე სხვების შვილებიც მოვლენო, პირველ რიგში ეს ემპათიის ნაკლებობის ბრალია და არა იმის, ბიუჯეტს როგორ უყურებ. სიცოხლის გადარჩენისთვის ყველა ხარჯი, რა თქმა უნდა, რაციონალურია.

ეს ნიშნავს, რომ ემპათიის უნარი აქვთ დაკარგული და არ შეუძლიათ საკუთარი თავი წარმოიდგინონ სხვა ადამიანების პერსპექტივაში. არ შეუძლიათ იმ მშობლის, იმ ბავშვის თვალით შეხედონ სამყაროს და აღიქვან პერსპექტივა.

თუ ეს უნარი არ გაგაჩნია პოლიტიკოსს, ეს საქმე საშენო არ არის, რადგან პოლიტიკაში გიწევს სხვების მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება და უნდა შეგეძლოს რაღაც სხვების პერსპექტივით აღიქვა. ისეთი კანონის მიღება გიწევს, რომელიც ეხება ქალსაც, კაცსაც, ბავშვსაც, უნდა გქონდეს გამოცდილების დანახვის უნარი.

ამ უნარის დაქვეითება არის პრობლემა პოლიტიკაში, რაც ახლა არსებობს და რასაც ახლა ვუყურებთ.

სხვისი სახელით ის თუ შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა კარგია კონცერტი, იმიტომ რომ ენდორფინს იღებ, ადამიანის ტრაგედიას როგორ ვერ აღიქვამ?! მაგრამ ფიქრობს, რომ კონცერტი ხმებს მოუტანს და ურჩევნია 10 000-ისთვის ფოჩიანი კანფეტები იყიდოს, ვიდრე ერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს.

  • „ოცნების“ ხელისუფლება პრაქტიკულად ბავშვებს ეუბნება უარს წამალზეც და გამოკვებაზეც, რადგან თუ ხალხის ფულზეა საუბარი,ხალხი იმასაც ითხოვს, რომ მათი შვილები გამოკვებოს სახელმწიფომ სკოლაში. კონსტიტუციაში ხომ გვიწერია, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ფუნდამენტური უფლებებია, გამოდის ეს ყველაფერი იგნორირებულია დღეს სახელმწიფოს მხრიდან?

ეგ ყველაფერი იქამდეა დაყვანილი, ხვალ ან ზეგ, თვითონ ხელისუფლება როგორ იხეირებს. ამაში საზოგადოების ბრალიცაა, რადგან ერთ გზას რომ გააკეთებენ ეს უხარიათ და აღარ იმჩნევენ სხვა პრობლემებს.

სანამ საზოგადოება ცხვირში არ მოსცხებს ხელისუფლებას, მანამდე ასე დაუწყებენ საუბარს. როცა უნდათ „ხალხის ფულს“ მოიმიზეზებენ, როცა უნდათ, არა.

მე, პირადად, არცერთი „თბილისობა“ არ მგონია ღირდეს ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად.

  • ნაძვის ხეებიც ხომ გვაქვს მილიონად ნაყიდი ბიუჯეტიდან?

აქაც ხომ ის არგუმენტი აქვთ, რომ საახალწლო სოფელი არის ბავშვებისთვის, სანტა-კლაუსი არის ბავშვებისთვის და არიან ბავშვები, რომლებმა ჯერ ჯანმრთელობის პრობლემა უნდა მოიგვარონ, ნაძვის ხე რომ ნახონ და ამათ იმაზე დაგვიწყეს ლაპარაკი, თითქოს თითო ლარს უფრთხილდებიან. ეს არის არაგულწრფელობა.

  • მოქალაქეებმა პეტიცია გააკეთეს და აპირებენ მიმართონ ხელისუფლებას, რომ დაფინანსდეს ბავშვების წამალი მათი, ანუ ხალხის ბიუჯეტიდან. როგორ ფიქრობთ, მაინც შეძლებს „ოცნება“, რომ ბავშვები დატოვოს წამლის გარეშე?

ხელისუფლება ცდილობს დაგანახოს, რომ პროტესტით რაიმეს მიღწევა აზრი არ აქვს. ჯიბრში ჩაუდგნენ პროტესტს და უნდათ რომ გადატეხონ. შენ უნდა მეხვეწო, – ეს პოზიცია უჭირავთ.

საზოგადოება არ უნდა გატყდეს, ჩვენც უნდა ვანახოთ, რომ სხვის პრობლემას არ ვივიწყებთ, არ გვაქვს მოკლე მეხსიერება. ამას თუ არ ვაჩვენებთ, ხელისუფლება უბრალოდ გათამამდება უფრო მეტადაც.

რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანაში ხანძარია

რუსეთში, სამარის ოლქში, სიზრანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

რუსული არხები ტელეგრამზე წერენ, რომ სამარის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ დაახლოებით დილის 4 საათზე განაცხადა, მოკლე ხანში კი რეგიონში დაიხურა საჰაერო სივრცე ფრენებისთვის.

სამარის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თავის განცხადებაში ის ასევე წერს, რომ ქალაქში, არსებულ ვითარებაში, აკრძალულია ფოტო/ვიდეო გადაღება და მასალის გავრცელება.

ტელეგრამ არხი Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ სიზრანში ძლიერი ხანძარია. გაფრთხილების მიუხედავად, ინტერნეტში ხანძრის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, რომლებზეც კვამლის ღრუბელი და ხანძარი ჩანს ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გახდა.

ეს ქარხანა ყოველწლიურად 7-დან 8,9 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

ამავე დროს, დღეს, 21 მაისს, დილით, „როსავიაცია“ რუსეთში რამდენიმე აეროპორტის დახურვის შესახებ იუწყება, მათ შორის სარატოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, პენზაში, მახაჩკალასა და კალუგაში.

მკვლელობა გურიაში – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 943 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 591 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 42 454 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 797 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 389 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 302 787 ერთეული [+1 715]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 436 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 98 070 ერთეული [+202]
  • სპეცტექნიკა – 4 207 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 632 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანაში ხანძარია

„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„დამიჭირე ახლა, კალაძე, ვთქვი სიმართლე“ - რას ამბობს ხალხი ქუჩაში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს.

„2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა.

მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან.

გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან.

ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ, თუ ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გავა, ვერც საკუთარ თავს იპოვის და მით უფრო, ვერც სიმშვიდესო.

მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე (რადგან მონის დაძახება კანონით აგვიკრძალეს, სახელით მივმართავ) დავით მაკარაძეს, მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის რა შედეგიც მიიღო, მაგრამ არაფერს დავუახლოებივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან ისე, როგორც ამ სივრცემ და გარემომ დამაახლოვა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ.

არაფერი ჩემს თავს ისეთი არ ხდება, რაც ყველა ჩვენს თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან.

სიმართლე გითხრათ? ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა – ხელშეუხებლობის, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს.

რა დამანახა ამ დღეებმა?

სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით, სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში და სწორია, რომ ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ.

ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიურიც, გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით!

ჩემთვის პატივია, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს.

ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს და მათ ბრძოლის ველს წარმოვადგენ.

ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა და უახლოეს მომავალში თუ რამე, კარგის გაკეთებას მოვახერხებ, მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება.

ჩემი ლექტორი, ნოდარ ტაბიძე ამბობდა, პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებსო. ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოსს რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს!

თქვენი ნანუკა,
მცხეთის იზოლატორი,
საკანი N4
მარიამ, საბა, ძალიან მიყვარხართ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია საპროტესტო აქციისას ტროტუარზე დგომის გამო.

გადაწყვეტილება 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება.

რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება.

25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე.

რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

  • 25 მაისი – „ფერისცვალება“
  • 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“
  • 1 ივნისი – „როცა აყვავდა ნუში“
  • 2 ივნისი – „ორომტრიალი“
  • 8 ივნისი – „ერთი ცის ქვეშ“
  • 9 ივნისი – „მე ვხედავ მზეს“
  • 15 ივნისი – „ვალსი პეჩორაზე“
  • 16 ივნისი – „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ 

ფილმებზე დასწრება უფასოა.

მისამართი: „კავეა გრანდ მოლი“, შერიფ ხიმშიაშვილის 29.

რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, გატანით კი ყაზახეთში გავიდა – სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი.

აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე.

საქსტატის მონაცემებით:

2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო.

ამავე პერიოდში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას – სომხეთი, 8.6 პროცენტისას – რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო.

ამასთან, 2026 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

7.6 პროცენტი – ჩინეთი, 7.5 პროცენტი – თურქეთი, 4.4 პროცენტი – ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი – უკრაინა, 1.4 პროცენტი – იტალია, 1.0 პროცენტი – რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას – თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზის საშუალებით:

ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (3.6 პროცენტი);

ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (12.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი).

„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.

ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია და რუსულ არმიას ჩაბარდნენ ტყვედ. აზოვსტალის მცველების ნაწილი ახლაც ტყვეობაშია, ნაწილი – გაათავისუფლეს შეთანხმების საფუძველზე. გათავისუფლებულებს შორისაა სერგეი ვოლინაც. 

„მე ვარ უკანასკნელი უკრაინელი საზღვაო ქვეითი, რომელმაც „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა.

როგორც მეთაური, მე ჩემს ძმებს უკან მივყვებოდი და რიგს ვკეტავდი.

ყველამ, ვინც 2022 წელს მარიუპოლში იმყოფებოდა, საკუთარი თვალით ნახა ჯოჯოხეთი. იქ სიკვდილის, ბეტონის და სისხლის სუნი იდგა.

ჩვენ ვძლებდით არა იმიტომ, რომ შიში არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაცემის უფლება არ გვქონდა.

ტყვედ ჩავბარდით უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით.

რას ვგრძნობდი მაშინ?

სინანულს, რომ ვერ დავიცავით მარიუპოლი მტრისგან.

დანაშაულის გრძნობას, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს ჩვენი ძმების დედებისა და შვილების წინაშე, რომლებიც ხელში იარაღით დაიღუპნენ და მათ წინაშე, ვისი ცხედრებიც ჯერ კიდევ ქალაქის ნანგრევების ქვეშ დევს.

მეთაურის შიშს, ხალხი ტყვეობაში, გაურკვევლობაში წაიყვანოს, როდესაც „ოთხი თვე“ ჟღერდა როგორც მარადისობა, რომელიც შეიძლება არ დასრულდეს…

მახსოვს ჩემი თანამებრძოლების თვალები, როცა აზოვსტალს ვტოვებდით.

მათ კითხვები არ ჰქონდათ.

მხოლოდ დუმილი, ნებისმიერ სიტყვაზე მძიმე.

ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს შიშები რეალობად იქცა.

ჩემი თანამებრძოლები უკვე 4 წელია ტყვეობაში არიან – ნამდვილ ჯოჯოხეთში… უკვე 4 წელია.

მარიუპოლმა და „აზოვსტალმა“ მთავარი მასწავლეს:

სიკვდილი ყველაზე საშინელი არ არის.

ყველაზე საშინელი მიტოვებაა.

არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.

თავისუფლება მარიუპოლის გარნიზონს!“ – წერს ვოლინა.

  • რა ხდება?

მას შემდეგ, რაც რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა თითქმის მთელი მარიუპოლი, „აზოვსტალი“ რჩებოდა ერთადერთ გამაგრებულ ტერიტორიად ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის არმიამ კვირების განმავლობაში ვერ შეძლო. „აზოვსტალში“ გამაგრებულნი იყვნენ აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

საბოლოოდ, „აზოვსტალის“ წინააღმდეგობა 16 მაისიდან შეწყდა. 20 მაისს უკრაინელი სამხედროების ბოლო ჯგუფი ჩაბარდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

რუსეთი ტყვედ აყვანილი სამხედროების, მათ შორის, „აზოვის“ მეთაურების საჩვენებელ გასამართლებას გეგმავდა და სახელმწიფო პროპაგანდაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.

 

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი – თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა.

გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა – ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი ფინანსები გამოგიჩნდება.

საკრედიტო ბარათი არის ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი გამოიყენო იმ მომენტში, როცა გჭირდება და არ თქვა უარი სურვილებსა და საჭიროებებზე. გარდა ამისა, თუ ლიმიტს საშეღავათო პერიოდში დაფარავ, დამატებითი პროცენტი აღარ დაგერიცხება. რაც ნიშნავს, რომ სურვილების ასრულება შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ტვირთის გარეშე. ამ პრინციპზეა აგებული თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათიც – ახლა უფრო მარტივი წესებით, მკაფიო ვადებით და გაუმჯობესებული პირობებით, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როგორ მართავს საკუთარ ხარჯებს და ამავდროულად მაქსიმალურად ისარგებლოს ქეშბექითა და სხვა სარგებლით.

პროდუქტის მთავარი სიახლეები:

  • განახლდა ვიზუალი;
  • ბარათის აღება უფასოა და აღარ გჭირდება წლიური მომსახურების საკომისიოს გადახდა;
  • დარჩა მხოლოდ 2 კატეგორიის ერთგული საკრედიტო ბარათი: Ertguli Visa და Ertguli Visa Platinum კონცეპტ სეგმენტის მომხმარებლებისთვის;
  • Ertguli Visa Platinum-ის მომხმარებლებს ექნებათ წვდომა აეროპორტის ლაუნჯებსა და Fast Track-ზე (უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა);
  • გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი – 30,000 ლარამდე;
  • გაიზარდა სტანდარტული ქეშბექი: Mass ბარათზე 1%, ხოლო Concept ბარათზე 2% (საქართველოში არსებულ ნებისმიერ POS ტერმინალზე გადახდისას);
  • ადრე მოქმედი ორი განსხვავებული პროცენტის ნაცვლად, ახლა მოქმედებს ერთი ტიპის განაკვეთი;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-დან.

მათ, ვინც უკვე სარგებლობს ერთგული საკრედიტო ბარათებით, ჩვეულებრივ გააგრძელებენ სარგებლობას პირობებით, რომელიც ბარათის აღებისას ჰქონდათ, თუმცა ახალი მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ განახლებული ბარათებითა და პირობებით.

ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი.

„სურვილები ახლოვდება“- ეს არის კამპანია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ გადახდებში მეტ სარგებელს ეძებენ და სურთ, ფინანსური გადაწყვეტილებები მათ სურვილებს უფრო აახლოებდეს.

ერთგული საკრედიტო ბარათის რებრენდინგით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულობას- მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას და ყოველდღიურობის გამარტივებას. კომპანია ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ სიახლეს ჰპირდება.

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა.

„სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზ-პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „როიალ ფიშ ბათუმი“ (მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს.

აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე“ – იუწყება სააგენტო.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.

___________

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით

ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა.

გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და ჩაქვში შემდეგ მისამართებზე არსებულ საპირფარეშოებს:

  • ქობულეთში, ფიჭვნარის შემოსასვლელში
  • აღმაშენებლის 520-ის მოპირდაპირედ
  • ძველი საავადმყოფოს მიმდებარედ
  • აღმაშენებლის 644-ის მოპირდაპირედ
  • აღმაშენებლის 325-ის მიმდებარედ
  • დაბა ჩაქვის პარკში
  • ახალ ბულვარში
  • აღმაშენებლის 580-ის მოპირდაპირედ

ტენდერს თან ახლავს სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები.

წინადადებების მიღება კი 2026 წლის 26 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს.

 

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს.

მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“.

აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი“ სამუშაო ჯგუფის მიერ, მათი შემოქმედებითი გამოცდილების, ღონისძიების კონცეფციასთან შესაბამისობისა და ქალაქში არსებული მაღალი პოპულარობის გათვალისწინებით.

შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა მომწოდებელთან ურთიერთშეთანხმებით,“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით დაგეგმილი კონცერტის მონაწილეებზე ჰონორარის თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯგუფი „ურსა“ [წევრები: გიორგი ძოწენიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ლევან ფერაძე, კობა შენგელია, შოთა ქვარცხავა. არანაკლებ 60 წუთიანი კონცერტის ორგანიზება – ჯამში 25 250 ლარი.
  • მორის მელაძე – 2 551 ლარი.

2026 წლის 26 მაისს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა. ბოლო ზარი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან მე-12 კლასელი, უცნობია.

ბოლო ზარი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მომავალ 2027 წელს, სკოლას ერთდროულად დაასრულებენ, როგორც მე-12, ასევე მე-11 კლასელები, რადგან „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში მე-12 კლასი უქმდება და სწავლა 11-წლიანი ხდება.

ბოლო ზარი ბათუმში.
ბოლო ზარი ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში.
ბოლო ზარი/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ბოლო ზარი ბათუმში.

ბოლო ზარი დღეს კერძო სკოლის მოსწავლეებისთვისაც დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, საქართველოს კერძო სკოლებში 4 160 მე-12 კლასელი სწავლობს.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურის მიტოვებული შენობა ბათუმში – ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრება

ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია.

სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, ბანკის გვერდით პროკურატურის ყოფილი შენობა კი 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა კომპანია „სი ვიუ რესორთიმ“, რომლის 20 პროცენტიც კომპანია „რეფერტონ ეს“ – ს ეკუთვნის, რომელიც მაშინ სეიშელის კუნძულებზე იყო დაფუძნებული, 80 პროცენტი კი ესტონეთში დაფუძნებულ საზოგადოება „კომესკა ინვესტს“ ეკუთვნოდა.

ამიტომაც, შენობის გასხვისების დღიდან, დოკუმენტებით რთული იყო იმის დადასტურება, რომ შენობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა.

ასევე უცნობია ქონების გასხვისების დეტალები და ფასი.

2017 წლის მაისში შპს „სი ვიუ რესორთის“ 20 პროცენტი, რომელიც მანამდე სეიშელის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული კომპანიის საკუთრება იყო, დავით ზუბიტაშვილის საკუთრებად ფიქსირდება. ზუბიტაშვილი „სოკარის“ ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია.

შემდეგ წლებში შპს „სი ვიუ რესორთის“ დირექტორად ფიქსირდებოდა ასევე ივანე ბონდარევი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი. 

კომპანიის წილების ოფშორულ კომპანიებზე რამდენჯერმე გადაფორმების შემდეგ „სი ვიუ რესორთი“ საბოლოოდ ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დაარეგისტრირეს – ეს ფონდი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. ეს ფონდი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაშია, რომლის აქციების 100 პროცენტის მესაკუთრე – რეესტრის ბოლო ამონაწერით – უტა ივანიშვილია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „სი ვიუ რესორთის“ საკუთრებაშია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სულ 792 კვ.მეტრი და  პროკურატურის ყოფილი შენობა, რომლის ფართობიც 911.35 კვ.მეტრია. ამ შენობის მისამართია ასევე რუსთაველის 55, თუმცა რეესტრის ამონაწერებში გრიბოედოვის ქუჩის #2-იც ფიქსირდება.

ამ შენობის გაგრძელებაზე ბანკი „ქართუ“ ფლობს შენობას 430 კვადრატული მეტრი ფართობით. ორივე შენობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ბათუმის ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, ახლოს არის ბათუმის ცენტრალური პარკიც.

რას უპირებს კომპანია შენობას ამ კითხვით კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა გელა კობერიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რუკაზე წითელი ფერით მონიშნულია პროკურატურის ყოფილი შენობა, ხოლო მწვანე ფერით – ბანკ „ქართუს“ შენობა

დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება.

დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს  დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე.

მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა.

მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი.

„მომიწევს გაჩერება უმაღლეს საბჭოში“ – ასე უპასუხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადამდგარმა დავით გაბაიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეინარჩუნებდა თუ არა დეპუტატის მანდატს. თუმცა იქვე დააყოლა, რომ შესაძლებელი იყო მოგვიანებით დეპუტატის მანდატიც დაეტოვებინა.

გადადგომისას დავით გაბაიძეს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებდა მუშაობას.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ 15 მაისს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომდავით გაბაიძე  სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე  წარადგინა.

სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალიტეტების და აჭარის მთავრობის მფლობელობაშია.

“აჭარის წყლის ალიანსის” აქციონერთა 30 აპრილის საერთო კრების ოქმის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 14 ათასი ლარით.

ამავე თემაზე:

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 943 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 586 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 42 400 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 795 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 388 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 301 072 ერთეული [+1 873]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 432 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 868 ერთეული [+268]
  • სპეცტექნიკა – 4 206 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 632 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ

„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო გამკაცრებაზე ვესაუბრეთ.

ის, რომ ქვეყანაში შობადობა მკვეთრად შემცირებულია, „ოცნების“ მთავრობა ამას ნაწილობრივ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას უკავშირებს. სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ აბორტის აკრძალვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ბათუმელებმა“ უფლებადამცველ იდა ბახტურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო იდა, აბორტის საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურების შემდეგ ფეისბუქგვერდზე წერდით, რომ დემოგრაფიული კრიზისი გადაჭრა ვისაც სურს, ის ჯერ კითხვებს დასვამს, მაგალითად, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანებს როგორ ეკონომიკურ, სოციალურ და საცხოვრებელ პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ არ ჰყავთ შვილი, ან ერთზე მეტი შვილი. გვითხარით თქვენი პოზიცია: რატომ არ არის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის გზა აბორტის აკრძალვა?

შობადობის მაჩვენებელი საქართველოში მართლაც დაკლებულია. ამ დროს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფიული კრიზისის წინაშე არ დადგეს ქვეყანა. ამაზე ეკლესიას ასევე თავისი წუხილები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც წესი, ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ ტყუილს ავრცელებენ – პრობლემის რეალური გადაჭრის გზების ნაცვლად.

ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან.

  • ირაკლი კობახიძემ აღნიშნა დღეს, რომ შემცირებულია აბორტის მაჩვენებელი 30 %-ით 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

დიახ, ასეა. აბორტების მაღალი სტატისტიკა როცა გვქონდა, მაშინ იყო შობადობა მაღალი.

აბორტების აკრძალვა, როგორც წესი, იწვევს იმას, რომ აბორტები ინაცვლებს სხვა სივრცეში და უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ასეთ ადგილებში გაკეთებული აბორტი ყოველგვარი რეგულაციის და კლინიკური სივრცის გარეშე, ან საერთოდ კლინიკების გარეშე, იწვევს სხვა დამატებით პრობლემებს, მათ შორის, ქალების სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება, ასევე, ბავშვების და ახალშობილების სიკვდილიანობა იზრდება.

ამიტომაც არის ეს განაცხადი პოპულისტური: ყველამ კარგად იცის, რომ აბორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ამით ვერც აბორტების რიცხვს შეცვლიან და ვერც შობადობას გაზრდიან. კაცობრიობის ინსტინქტია ის, რომ გამრავლდეს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მინიმალური სოციალური პირობები არსებობს, დემოგრაფიული პრობლემა არ ჩნდება, ან თუ არსებობს, პროგრამების შეთავაზებით იწყებენ ამ პრობლემის მოგვარებას.

ჩვენთან ჩაატარა ვინმემ კვლევა: რატომ არ უნდათ შვილის გაჩენა? რატომ არ აჩენენ ერთზე მეტ შვილს?

  • მაგალითად, დედა იძულებულია მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდეს. ვისთან ტოვებს ამ დროს პატარას? 

დიახ, ეს არის, მაგალითად, დეკრეტული პოლიტიკის აბსურდული სისტემა. ქალი იძულებული ხდება გამოვიდეს სამსახურში იმიტომ, რომ სახელმწიფო მხოლოდ 2000 ლარს უხდის, ამ დროს, პირიქით, ახალნამშობიარებ ქალს გაზრდილი საჭიროებები აქვს, მინიმუმ ერთი ადამიანი ჰყავს დამატებით სარჩენი და სამსახურში თუ არ გავიდა, ის ხელფასიც აღარ ექნება ყოველთვიურად, რასაც იღებს. ამის ვალდებულება კერძო სექტორში არა აქვთ.

ასეთ საკითხებს არ აგვარებს ხელისუფლება, არ აგვარებ იმას, რომ, მაგალითად, არ გაქვს ბაღების სისტემა ისე გამართული, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, დედას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბაღში დატოვოს ბავშვი ადრეულ ასაკში.

  • არამხოლოდ ჩვილი, 3 წლის ასაკშიც ხშირად ვერ მიჰყავთ ბავშვი საჯარო ბაღში, მაგალითად, ბათუმში, რადგან აქ საკმარისი ადგილი არ არის, კერძო ბაღი კი, თვეში მინიმუმ 500 ლარია. 

ეს პრობლემაც არსებობს. ასევე ზოგ სოფლებში საერთოდ არაა ხელმისაწვდომი ბაღი: ასაკობრივი შეზღუდვაა, ან გეოგრაფიულად არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ტრანსპორტირება პრობლემაა.

ქვეყანაში მშიერია ყოველი მესამე ბავშვი და ამ პირობებში ითხოვ, რომ კიდევ გაჩნდნენ ბავშვები შიმშილისთვის – აი, ეს  არის საკითხები, რომლითაც წესიერი სახელმწიფო დაინტერესდებოდა, თუ ეს არ არის პოპულისტური განაცხადი და ნამდვილად სურთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

ქალთა უფლებადამცველებსაც გვინდა აბორტების რიცხვის შემცირება, მაგრამ არა აბორტის აკრძალვის გზით. აბორტი უნდა იყოს დაშვებული კონკრეტული შემთხვევისთვის.

  • რა ტიპის პრობლემაა აბორტი?

არსებობს უფრო უკეთესი და ნაკლებად პრობლემური გზები კონტრაცეფციის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც სექსუალური განათლება და თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია, აბორტი არ არის პირველადი კონტრაცეფციის საშუალება. აბორტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად აქვთ ადამიანებს კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა – როგორ არ მივიდეს ორსულობამდე საქმე?

თუკი თავიდანვე ქალს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბავშვს არ აჩენს, ორსულობა რატომ უნდა დააყენოს? იქ ორგანიზმი იცვლება, ჰორმონალური ცვლილებებია და ეს, რა თქმა უნდა, არაა სასურველი. ორსულობის შეწყვეტით თავად ქალის ორგანიზმი ბევრ ჰორმონალურ რყევას განიცდის.

ამიტომაც, ჯობია, რომ იმის პრევენცია გააკეთო, ორსულობა არ დადგეს – ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, მინიმუმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამაზე.

მეორეს მხრივ, დაზღვევა არ აფინანსებს კონტრაცეპტივებს, განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველ ქალებს ამის შეძენის შესაძლებლობები არ აქვთ. ასევე, სკოლებში არ არის სექსუალური განათლება, ვიცით, რა სახის დისკუსიები არსებობს ამ თემაზე საზოგადოებაში. ამ დროს ეკლესია წლებია ჩართულია, რომ არ დაინერგოს სკოლებში სქესობრივი განათლების პრაქტიკა. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის, არასასურველი ორსულობის შესახებ.

  • თუმცა ცნობილია, რომ აბორტიც ფასიანია, როგორც კონტრაცეფცია. ესეც სექსუალური განათლების პრობლემას უკავშირდება? 

დიახ, ეს იციან, რომ აბორტს უფასოდ ვერსად გაიკეთებენ, მაგრამ მაინც მიდიან რისკზე: იქნებ არ მოხდეს ორსულობა. კონტრაცეპტივის შემთხვევაში მუდმივად გჭირდება პროცედურის ჩატარება, რომ რაღაც პერიოდი მაინც დაზღვეული იყო. ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. როცა უკვე ეს მოცემულობა დგება – დაორსულება, რაღაცნაირად ახერხებენ იმას, რომ მოაბილიზონ თანხები აბორტისთვის.

ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო – მინიმუმ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას საზოგადოებას. ამ დროს პოპულისტური, მიზანთან არაფერ კავშირში არსებული ინიციატივები ჟღერდება და ეს არის პოპულისტური მიზნებისთვის გამოყენებული.

  • ეს გათვლილია მოკლევადიან შედეგზე, რომ თითქოს „ოცნება“ ცდილობს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას და ამას აკეთებს ისევ ქალების ჩაგვრის გაძლიერების გზით? დღეს კობახიძემ თქვა, რომ მთავრობა მზად არის ეკლესიასთან და კათოლიკოს პატრიარქთან იმსჯელოს აბორტების შესაძლო გამკაცრებაზე?

პასუხისმგებლობა გადააქვთ ისევ ქალზე, მაშინ, როცა სახელმწიფოა პასუხისმგებელია, ასევე პარტნიორი, როდესაც ხდება დაორსულება, ან როდესაც კეთდება აბორტი. ისევ სრულიად ქალის სხეულზე ავრცელებენ მორალისტურ გზავნილებს და მასზე კონტროლს ამყარებენ. თითქოს ქალის სხეული თავისი კი არა, სახელმწიფოს საკუთრებაა და ის გადაწყვეტს, რამდენი შვილი უნდა გააჩინო.

ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების პერსპექტივიდანაც ძალიან პრობლემურია – კონტროლის მცდელობაა ქალის სხეულზე, თითქოს ქალი რაღაც ობიექტია. ქალი და ქალის სხეული აღქმულია იმისთვის, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს.

სინამდვილეში, შობადობის გაზრდა კავშირშია ოჯახების კეთილდღეობის მოწესრიგებასთან. შობადობა იზრდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დაცულია ოჯახის მინიმალური საბაზისო საჭიროებები.

  • სადაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია სოციალური მდგომარეობა და მაინც არსებობს დემოგრაფიული პრობლემები, იქ რა მიდგომა არსებობს? როგორია სხვა ქვეყნების კარგი მაგალითები? 

არსებობს ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა სახელმწიფოს დონეზე. ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკაში იგულისხმება სხვადასხვა რამ, მათ შორის, მაგალითად, ბიზნესს ავალდებულებს სახელმწიფო, რომ ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკები გაატარონ კომპანიებში, მაგალითად, ღირსეული დეკრეტული შვებულება, რომ სათანადო ხანგრძლივობის დეკრეტული მისცე დასაქმებულს და სათანადო ანაზღაურებაც.

ჯანდაცვის სერვისები უნდა შესთავაზო ოჯახებს და მოაწესრიგო მინიმალური საბაზისო ჯანდაცვის სერვისები ორსული ქალის დახმარებისთვის, ასევე ჩვილი ბავშვის ოჯახების დახმარებისთვის. უნდა დაინტერესდე საბინაო პოლიტიკითაც, ვისაც შვილების ყოლა უნდა და ასე შემდეგ.

ძალიან ბევრ ქალს ვიცნობ მე, პირადად, რომელსაც ძალიან უნდა შვილის ყოლა და ეკონომიკური საშუალებების გამო ვერ აჩენს ბავშვს, ან იმიტომ, რომ არ აქვს ბინა, არ აქვს სათანადო შემოსავალი, ან აქვს სამედიცინო დაზღვევა, სჭირდება მკურნალობა, რომელიც ძალიან ძვირია და არ აფინანსებს დაზღვევა.

ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს რომ მისცე საშუალება, დღესვე გააჩენენ ბავშვებს, მაგრამ ისინი არიან მარტო გამოწვევებთან.

როდესაც „ოცნება“ ამბობს, რომ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს და ეს კრიზისი გამოწვეულია თურმე  აბორტების რაოდენობით, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში აბორტების რაოდენობა არც ისე მაღალია ქვეყანაში და პირიქით, კლების ტენდენციაა.

გამოდის, რომ აბორტების აკრძალვით ატყუებ საზოგადოებას, რომ ამ დემოგრაფიულ კრიზისს მოაგვარებ. თუ ჩავუღრმავდებით პრობლემას და მით უმეტეს კვლევას თუ ჩაატარებდა სახელმწიფო, აღმოაჩენდა, რომ იმაზე მეტ ადამიანს უნდა შვილის გაჩენა, ვიდრე წარმოედგინათ და ვერ აჩენს – იმიტომ, რომ ფინანსური შესაძლებლობებია პრობლემა, სამედიცინო გამოწვევებია, დამხმარეც არ ჰყავს და არა ის, რომ თურმე აბორტს იკეთებს.

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი.

დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ, აგებ ამისთვის პასუხს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, პროფესიით იურისტი ანა ნაცვლიშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მორიგ ეტაპზე დემოკრატიის წინააღმდეგ – ამჯერად „ოცნება“ აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალ სამმართველოს ქმნის.

რა ეტაპზე გადადის ივანიშვილი და რა რესურსი რჩება დემოკრატიას საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

  • ქალბატონო ანა, „ოცნება“ ამჯერად ახალ სამმართველოს ქმნის „საჯარო სივრცეში აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის“. რაზე მიანიშნებს ეს ამბავი? 

ეს გაგრძელებაა მანამდე დაწყებული პროცესის და არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. ესაა ლოგიკური გაგრძელებაა იმ ნაბიჯების, იმ გზისა, რომელსაც ღიად დაადგნენ რუსული კანონის ინიციირების მომენტიდან. როდესაც, მაგალითად, ვეწინააღმდეგებოდი რუსულ კანონს და ვიბრძოდით მის წინააღმდეგ პარლამენტში, ზუსტად ამას ვამბობდი მაშინაც, რომ ეს არ იქნება ერთი კანონი, ეს არ იქნება ერთი შეზღუდვა. ეს არის სქემა, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან: როგორ უნდა აიღონ თანდათან მთელი ძალაუფლება ხელში და საზოგადოებას წაართვან ყველა მექანიზმი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება იზღუდება – ეს ფრაზები ვერ გადმოსცემს სრულყოფილად პრობლემის არსს, რაც გვაქვს.

რეალურად რისთვის არის ბრძოლა? ბრძოლა არის იმისთვის, რომ მოქალაქეს, ჩვეულებრივ ადამიანს, აღარაფერი საშუალება აღარ დარჩეს საკუთარი თავის დაცვისთვის. პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულ რეჟიმში ფუნქციონირებს, კანონებს ერთი ადამიანი წერს და დანარჩენები ხელს აწერენ, სასამართლო აღარ არის ადამიანების დასაცავად, პოლიცია-პროკურატურა არ არის ადამიანების დასაცავად, სუსი იქით გვატერორებს…

ერთადერთი, რაც დარჩა აქამდე მოქალაქეს იმისთვის, რომ ამ უზარმაზარი უსამართლობის და უზნეობის წინააღმდეგ განაცხადი გააკეთოს, არის საკუთარი აზრის გამოხატვა – მორალური მხარე მაინც დაიჭიროს და გაემიჯნოს ამ პროცესს თავისი მოსაზრების გამოხატვით. სრულიად მშვიდობიანი ფორმაა, როცა სოციალურ ქსელში მაინც შეგიძლია გაემიჯნო უზნეობას და რეპრესიას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს.

ახლა ეს ბოლო მექანიზმიც უნდათ, რომ გამოგლიჯონ ხელიდან მოქალაქეს და უთხრან: მორალური პოზიციის დაფიქსირებას მაინც თუ გაბედავ და შავს დაარქმევ შავს, ხოლო თეთრს თეთრს, პასუხს აგებ.

  • ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, ფეისბუკში პოსტის დადებას და „ოცნების“ კრიტიკას? 

დიახ. როდის გახსენდებათ, რომ კობახიძეს რაიმეზე ეთქვას: ეს ბიუჯეტის ფულია და რაციონალურად უნდა დავთვალოთო? ეს გვითხრა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. ამაზე როცა იტყვი, რომ ეს გარეწრობაა, მოგადგებიან და გეტყვიან, რომ ეს სამართალდარღვევაა და პასუხი უნდა აგოო. გამოდის, შავს რომ შავს დაარქმევ – შენ გამოხვალ დამნაშავე.

სინამდვილეში, ეს არის თავდაცვის და მორალური პოზიციის დაფიქსირების ბოლო ინსტრუმენტის გამოგლეჯა ხელიდან მოქალაქისთვის სიძულვილის ენის მოტივით.

ვაშლს თუ დაარქმევ პირობითად მსხალს, ამით ვაშლის ბუნება ხომ ვერ შეიცვლება? ამას კანონს რომ დაარქმევენ, მისი უსამართლო და აბსურდული ბუნება ხომ არ შეიცვლება?

ზოგადად, ინტერნეტსივრცის კონტროლი არ არის „ოცნების“ ნოუ-ჰაუ. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ინტერნეტსივრცეს აკონტროლებენ და თუ ჩავხედავთ ამ ქვეყნების სიას, იქ მკაფიოდ გამოხატული და აღიარებული ავტოკრატიებია, მაგალითად, ირანი, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი. აი, ამ სახელმწიფოებში ხდება სიძულვილის ენის საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვა – ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვაზე აქ საუბარი არ არის.

როგორც სამართალმცოდნე გეტყვით, რომ ამ ტიპის კანონები თავისი მასშტაბითა და შინაარსით აუცილებლად იქნება შერჩევითად აღსრულებული – რა თქმა უნდა, გამოარჩევს კონკრეტულ ადამიანებს თავისი იდენტობის გამო. არ შემიძლია არ გავაკეთო ამ თემის სიმბოლიზება მზიას საქმით. მზიას სინამდვილეში ხომ არ სჯიან იმ ქმედების გამო, რომელიც მას მიაწერეს? – თავდასხმა პოლიციელზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. სილის გაწვნის გამოც ხომ არ სჯიან სინამდვილეში მზიას?

მას სჯიან იმის გამო, ვინც არის მზია და რასაც ის აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში. ანუ მას, როგორც პიროვნებას სჯიან, მის ჟურნალისტურ საქმიანობას სჯიან. ამისთვის იქნება ზუსტად ეს კანონები გამოყენებული. ხელისუფლების ლეგიტიმაციას როცა არ აღიარებს ადამიანი, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია, რეპრესიაზე ხმას ამოიღებს, უკანონობებზე ხმას ამოიღებს – აი, ამისთვის დასჯიან და არა ერთი კონკრეტული პოსტისთვის. პოსტი იქნება საბაბი.

ახლა დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ და აგებ ამისთვის პასუხს.

საინტერესოა, რომ სიძულვილის ენის აკრძალვას გვთავაზობს კრიმინალური დაჯგუფება – მე მათ ხელისუფლებას არ დავარქმევ. ამ დაჯგუფებამ მთელი თავისი ძალაუფლება დააფუძნა ქვეყანაში სიძულვილის წარმოებას და საზოგადოების გახლეჩას, კანონები მიიღო – ერთი კი არა, რამდენიმე, რომ ადამიანები გამოეცხადებინა მტრებად, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში დაედანაშაულებინა, გაედევნა და გაერიყა საჯარო სივრციდან.

მიიღეს სიძულვილის კანონები, რომ საზოგადოების თვალში ადამიანები გაეშავებინათ. ეს ხალხი გველაპარაკება დღეს, სიძულვილის ენა უნდა ავკრძალოთო.

ამას ამბობს ის დაჯგუფება, რომელმაც ტროლების და ბოტების ქარხანა შექმნა, სიძულვილი რომ ეწარმოებინა. დაგეშილი სიძულვილის არაერთი მაგალითი გვახსოვს, ხომ? თანამდებობის პირების აგრესია, არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებები, ცემა-ტყეპა, უკანონო პატიმრობები და ასე შემდეგ.

სიძულვილი თავად აქციეს მართვის ინსტრუმენტად – საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად.

წამიკითხავს კიდეც ასეთი აბსურდული საქმის მასალები, მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, თითქოს დანაშაულის ადგილს ათვალიერებ და მკვლელობის ადგილს აღწერ: გვამი აქ იყო, იარაღი იქ იდო, რაღაც კვალი აქ იყო და აღწერ – დაახლოებით ასეთ ოქმს ადგენს შესაბამისი საგამოძიებო უწყება, სადაც აღწერილია, მაგალითად, რომ ამა და ამ პიროვნების კონკრეტული ონლაინ პლატფორმის გვერდზე ნაპოვნია ასეთი და ასეთი პოსტი, ასეთი შინაარსით და საქმე გვაქვს ექსტრემიზმთან…

  • დღეს ირაკლი კობახიძეს მიმართეს ჟურნალისტებმა, სიძულვილის ენა განმარტეო. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია, როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლოო. ქმნის მსგავსი მიდგომები კანონის თვითნებური განმარტების შესაძლებლობას? გვახსოვს, „ოცნებამ“ როგორ დაამატა ადმინისტრაციულ სამართალდაღრღვევათა კოდექსს 2025 წელს „საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის“ ნაწილი, რაზეც ეუთოს ჰქონდა შეფასება, რომ კანონი თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა და ეს დაუშვებელია. 

რა თქმა უნდა, ეს იქნება არამხოლოდ კონკრეტულ პირზე მიმართული, არამედ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიმართ. იმდენად ფართოა ფორმულირება, რასაც განმარტავს „ქართული ოცნება“, რომ როგორც ქართული გამოთქმა ამბობს: ქოთანს საითკენაც გინდა, იქეთ მიაბამ ყურს. მთავარია, დასაჯო ადამიანი, რომელიც შენ არ გეთანხმება და ბოლომდე შეუზღუდო, წაართვა ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს.

კანონი არ არის მხოლოდ სახელი და ფორმა. კანონი, პირველ რიგში, არის შინაარსი და რასაც ესენი განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში იღებენ და არქმევენ კანონს, ვერცერთი ვერ პასუხობს კანონის ლეგიტიმურ შინაარსს.

  • თქვენი დაკვირვებით, „ოცნებაში“ ასე ხედავენ, რომ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ ამას თითქოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ აკეთებენ? მამუკა მდინარაძე ამ თემაზე საუბრის დროს ისევ  „გარე ძალებს“ მიუბრუნდა, მათ მიერ იყო წახალისებული საქართველოში შუღლი და პოლარიზაციაო. 

თავის თავს თუ თვლის გარე ძალად, არ ვიცი. მე ნამდვილად ვთვლი, რომ მამუკა მდინარაძე არის გარე ძალის – რუსეთის წარმომადგენელი. არ მგონია, რომ თვითონ ასე თვლიდეს, თორემ მე ვიტყოდი, რომ კი, ეს გარე ძალა არის რუსეთი ორი საუკუნეზე მეტია და ამ გარე ძალას საქართველოში წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ისინი ნამდვილად აღვივებენ ამ სიძულვილს.

თვითონ ხომ არიან მახინჯი, არალეგიტიმური და უზნეო ძალა. აი, ამის ალტერნატივა ჩანს საზოგადოებაში და ამის ჩახშობას ცდილობენ, იგივე პროპაგანდით, დამოუკიდებელი მედია პლატფორმების შევიწროებით, ადამიანების დაშინებით და ასე შემდეგ.

მაგრამ ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა.  მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს.

მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. ეს არის იმ დევნის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მათ დაიწყეს ამ ე.წ. კანონებით, რომელიც სინამდვილეში არ არის არანაირად და ვერ აკმაყოფილებს ვერც შინაარსს და ვერც მიზანს იმისა, რასაც კანონი ჰქვია.

  • აღნიშნეთ, რომ ეს არის რუსული მოდელის საქართველოში დამკვიდრების ბოლო ეტაპი. თუ ესეც დაუშვა საზოგადოებამ, რომ სოციალურ ქსელებში აგვიკრძალონ პროტესტის გამოხატვა, პრაქტიკულად აღარ დარჩება რესურსი დემოკრატიის ბრძოლისთვის? 

ძალიან რთულია ამ მოცემულობაში რაიმე იმედისმომცემი თქვას ადამიანმა.

ჩემთვის დიდი ხანია ნათელია, რომ ეს არის წინასწარ გაწერილი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმილი სცენარი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან და გასაგებია ამის საბოლოო ამოცანა რაც არის.

თუმცა, ეს არ არის პირველი რეჟიმი, ადამიანების დამორჩილების და განდევნის, რეპრესიის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომელიც იყოს უსასრულო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბოროტებაც დასრულდება. ეს გარდაუვალია. ამ მართლა კარიკატურულ დიქტატურას კი არა, მართლა რომ დიქტატორები იყვნენ, ისინი დასრულდნენ, იმიტომ, რომ ასეთია თავისუფლების ფორმულა – ბოლოს ის იმარჯვებს.

აქ საქმე იმაშია, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს და რა ფასის გადახდა მოგვიწევს თითოეულ ქართველს ამისთვის. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოების მთავარი ამოცანა გახდა ის, როგორ გახადოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი უფრო თავისუფალი, ბედნიერი, როგორ გახადოს მისი ცხოვრება უფრო მშვიდი, უფრო დაბალანსებული, როგორ გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს მეცნიერება, რომ ეს მეცნიერება მერე ისევ ადამიანის ბედნიერების სამსახურში ჩააყენოს.

ცხვირწინ გვიდევს შანსი, რომ  განვითარებულ სამყაროსთვის ფეხი აგვეწყო და არა მხოლოდ ფეხი აგვეწყო, გავმხდარიყავით მისი ორგანული ნაწილი.

ერთ მხარეს არის ეს შანსი და მეორე მხარეს აღვირახსნილი უსამართლობა, რომელიც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“. აქ არის უზარმაზარი უფსკრული: რა შეგვეძლო გავმხდარიყავით და სად ვართ დღეს, თორემ თავისთავად ამათი დასასრული იქნება ძალიან, ძალიან მძიმე. როგორც ამ კანონის უსამართლობა არის ნათელი, ასევე არის ეს ნათელი, რომ ამათი დასასრული ძალიან მძიმე იქნება.

მაგრამ ამ პროცესში ძალიან მძიმე ფასს იხდის საქართველო და ძალიან მძიმე ფასს ვიხდით თითოეული ქართველი. ეს არის აქ ყველაზე უფრო მძიმე ამბავი, რომ ჩვენ ქვეყანას დააკარგვინეს უძვირფასესი დრო. ძალიან დიდია ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ამისთვის და ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ჩვენ არასოდეს არ გაგვიჩნდეს ამბიცია, რომ ვიფრინოთ. სულ მუხლებზე დაჩოქილი უნდა ვყავდეთ.

ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ვიყოთ კარგი სახაჭაპურე და ეს ხაჭაპურიც მაგათ უნდა შეჭამონ. ადამიანებს 21-ე საუკუნეში საკვები და ტკბილეული, ხილი ენატრებათ, ამ დროს რაღაც სიგიჟე კომისიებს ქმნიან, რომელიც მერე თვითონვე ამბობს, მე არაფერი არ შემიძლიაო…

ეს დიქტატურა თავს ვერ დაიჭერს სამუდამოდ, მაგრამ ამასობაში ძალიან ბევრი რამ იწირება. ეს არის მათი მთავარი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ – სად შეგვეძლო უკვე დღეს ვყოფილიყავით და სად ვართ!

კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით  კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 145 810 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“ – წერია მთავრობის 2026 წლის 13 მაისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

სოფელ ხალასთან ასობით ათას კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ აქამდეც მოიპოვებდა.

კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

მთავრობის განკარგულებაში ტრადიციულად აღნიშნულია, რომ ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობისთვის;
  • ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 35 502 ლარი.
კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში კი, სააგენტოსა და დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

ამ თემაზე: 41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ულიცენზიოდ ინერტულ მასალას [ქვიშა-ხრეშს] მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც მოიპოვებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.

სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

ვრცლად: 7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

 

მთავარი ფოტო: მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძულები ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / აპრილი, 2026 წელი

 

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის გამოცხადებაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, ასევე გარკვეული პერიოდია საჭირო უნიფორმების მოსაწოდებლად. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ზაფხულის სეზონზე საპოლიციო დანაყოფები დარჩებიან უნიფორმის გარეშე“.

„უნიფორმის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები შეიცვალა 2026 წლის მარტში. დაიწყო ბაზრის კვლევის პროცედურები, რომლის შედეგების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მთავრობის ადმინისტრაციაში შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიღება და მთავრობის განკარგულების გამოცემა.

წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული რა ვადა დასჭირდებოდა ზემოაღნიშნულ პროცედურებს“ – წერს შსს.

ამასთან, თუ „შსს მოსამსახურეები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი შესაბამისი უნიფორმებით, ამით თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულებას შეეშლება ხელი. აღნიშნული ფაქტი კი უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე“.

„შს სამინისტროს შარვლებისა და ქვედაბოლოების საჭირო მარაგი არ გააჩნია. აღნიშნული უნიფორმების შესყიდვა ხორციელდება ყოველწლიურად, რა დროსაც რეზერვის სახით ხდება მხოლოდ იმ რაოდენობის შესყიდვა, რომელიც საკმარისია პერიოდული როტაციებისთვის და დაზიანებული უნიფორმების ჩასანაცვლებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საუბარია ახალ ფორმაზე, შს სამინისტროს რეზერვი საერთოდ არ გააჩნია“ – წერს შსს.

შსს-ს მიერ უტენდეროდ შესასყიდი უნიფორმა / „რაოდენობა განსაზღვრულია დამტკიცებული ნორმებისა და შს სამინისტროს მოსამსახურეთა რაოდენობის მიხედვით“ – აცხადებს სამინისტრო

რაც შეეხება ტენდერს – სხვადასხვა დანაყოფის ქურთუკების, ჟილეტებისა და საწვიმარი ლაბადების შესყიდვაზე ტენდერი სამინისტრომ 2026 წლის 18 მაისს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 13 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 100 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა საქონლის ნაწილი სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან – 75, ნაწილი კი 90 დღეში უნდა მიაწოდოს.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით შესასყიდი საქონლის დასახელება და რაოდენობა / წყარო: ტენდერი

ამავე თემაზე:

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები სამდღიან წვრთნებს ატარებენ „აგრესიის საფრთხის ქვეშ“ ბირთვული ძალების მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 მაისს. მანევრები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას რუსეთის მასშტაბით საცდელ პოლიგონებზე.

გარდა ამისა, ბელარუსთან ერთად განხილული იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა ბირთვული საბრძოლო წვრთნების დაწყების შესახებ. წვრთნები 18 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდება.

რუსეთმა ბელარუსში ბირთვული იარაღი 2023 წელს განალაგა და განაცხადა, რომ ეს ფორმალურად არ არღვევდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას.

2025 წლის სექტემბერში რუსეთმა და ბელარუსმა უკვე ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები „ზაპად-2025“, რომელიც მოიცავდა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკას. ამ წვრთნების დროს პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი დახურა.

ოფიციალური ცნობებით, წვრთნებში მონაწილეობს თითქმის 65 000 სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი რაკეტმტყორცნი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, მათ შორის – 8 სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავი.

 

საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს

საქართველოში 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია.

მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე საქართველოდან გატანილ საქონელს შორისაც.

მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით 2026 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 925.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 471.3 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 254.1 მილიონი აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ აპრილში საქართველოში შემოტანილი იყო 1 მილიარდ 203 მილიონ 752 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, ხოლო 2026 წლის იგივე პერიოდში კი 925 მილიონ 899 ათასი აშშ დოლარის ავტომობილები.

რაც შეეხება ექსპორტს – საქართველოდან 2026 წლის იანვარ-აპრილში გატანილია 537,4 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 324.1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 225.1 მილიონი აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან გატანილი იყო 753 მილიონ 954 ათასი აშს დოლარის მსუბუქი ავტომობილები, ხოლო 2026 წლის იგივე პერიოდში საქართველოდან გატანილია 537 მილიონ 351 ათასი აშშ დოლარის ავტომობილები.

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი.

ამ თემაზე ვრცლად: „ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

„ოცნების“ მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების საქართველოში შემოტანის აკრძალვაც, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოტანა არ აკრძალეს, თუმცა ამ ასაკის ავტომობილების განბაჟება 5,6-ჯერ გააძვირეს.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა.

ამ თემაზე

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

 

Exit mobile version