ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.






