აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა. იმისთვის რომ ეს ცვლილება მომხდარიყო პარტიული სიიდან 8 დეპუტატობის კანდიდატი ამოიღეს.
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) მიმართა და პარტიული სიით წარდგენილი 8 კანდიდატისათვის, 19 ნომრიდან 26 ნომრის ჩათვლით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
უსკომ პარტიას მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა.
ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე შეეყვანა.
პარტიული სიით, რომელშიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობაა მოცემული დეპუტატობა მე-19 ნომერს, ასლან ლორთქიფანიძეს უწევდა.
შემდეგ რიგითობა ასე მოდიოდა – რაულ ბოლქვაძე, დურსუნ ბერიძე, თეა ფხაკაძე, მამუკა კაკაბაძე, ოთარ ფედიჩკინი, ლია გოგიტიძე და ელიზბარ ზოიძე.
მინურ პაქსაძე, რომელიც უახლოეს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდება, პარტიულ სიაში 27-ე ნომრად იყო შეყვანილი.
მინურ პაქსაძე უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად შევა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტის შესახებ დღეს, 21 მაისს, იმსჯელეს.
დავით გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ ცვლილებას პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდეს.
ცოტნე ანანიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ორი თვის წინ დანიშნეს, ამბობს, რომ ცვლილებაზე პარტიაში იმსჯელეს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიმართა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს პირველ რიგში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესი. მინურ პაქსაძე იქნება მომავალი წევრი და აგრეთვე დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტის,“ – თქვა ცოტნე ანანიძემ.
მინურ პაქსაძეს უმაღლესი საბჭოს წევრად უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.
ამავე თემაზე:
დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება






