ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება

09.11.2025 •
ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება

2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. პროგრამა პლაჟის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, რაც ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებას და ზღვის სანაპიროზე დაყრას გულისხმობს. ხრეშის ხელოვნურად შეტანის გარეშე ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება.

ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ბოლო გათვლებით, ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი.

2024 წელს პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე 2025 წელს – 2 მილიონია გამოყოფილი, თუმცა სანაპიროზე ხრეშის შეტანა წელს ჯერ არ დაწყებულა.

2-2 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ყოველწლიურად მომდევნო 2027-2029 წლებშიც.

„პროგრამა „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას.

კერძოდ, მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული კარიერიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავიზღვის სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.“ – აღნიშნულია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

პროგრამაში, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს, აღნიშნულია, რომ ხელოვნური კვების შედეგად შენარჩუნებული პლაჟის სიგანე, საშუალოდ 50 მეტრამდე უნდა იყოს.

ხელოვნური კვებით შენარჩუნებული პლაჟი ბათუმის ახალ ბულვართან. ხრეში აქ ყოველწლიურადაა შესატანი.

ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით.
  • გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება;
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.
  • ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხთან ჭარბი მასალა შტორმის დროს ზღვაში დაცურდა – „ბუნებრივად განიტვირთა“

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში ამ დამცავი კედლის მშენებლობაში 57 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ეს ნაგებობა რომ მდგრადი იყოს მის გასწვრივ მინიმუმ 20 მეტრი სიგანის პლაჟი მაინც უნდა იყოს. პლაჟი აქაც ხელოვნური კვებით უნდა მოეწყოს, რაც არ ხდება. მეტიც, ამ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი, ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.

აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: