მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

26.03.2016 • 3312
ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში 2011-12 წლიდან დღემდე მუშაობენ სტუდენტები – უჩა აბრამიშვილი და მინური პაქსაძე. სხვადასხვა დროს ორივე იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინური პაქსაძე ამჟამად ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უჩა აბრამიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე. სტუდენტთა ერთი ჯგუფი მათ თანამდებობის პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გამოყენებას ედავება.

21 მარტი, 16:00 საათი. უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან შეთანხმებით საჯარო შეხვედრა დაგეგმა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ.

იგივე კითხვები ბსუ-ს სტუდენტთა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა საჯაროდ პირველად 11 და 14 მარტს, უნივერისტეტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე დასვა. სტუდენტები ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, მინურ პაქსაძისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარის, უჩა აბრამიშვილის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე და მათ მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ.

სტუდენტებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ მინურ პაქსაძე და უჩა აბრამიშვილი მუდმივად იღებენ დაფინანსებას უცხოეთში მოგზაურობისთვის.

უცნობია, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას უჩა აბრამიშვილი, მინურ პაქსაძე და თვითმმართველობის თავმჯდომარე ბექა მაკარაძე, რადგან ისინი ამჯერადაც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში.

უჩა აბრამიშვილი და ბსუ-ს სტუდენტები შუამთობაზე ნაციონალური მოძრაობის მაისურებით [2012 წელი]

უჩა აბრამიშვილი და ბსუ-ს სტუდენტები შუამთობაზე ნაციონალური მოძრაობის მაისურებით [2012 წელი]

– „ახლა მე თვითონ ვარ “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთაში, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, მითუმეტეს სტუდენტურ თვითმმართველობაში პარტიული არ ვყოფილვარ, უჩა კი ეწეოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აქტივობებს, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის პერიოდში სტუდენტებთან მუშაობდა”, – ყვება თორნიკე ხალვაში, რომელმაც გასულ წელს დაასრულა ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით ბაკალავრიატის კურსი. ის და უჩა კურსელები იყვნენ, მაგრამ უჩას სწავლა გაუგრძელდა ერთი წლით. მას მაინორ მიმართულებაში ერთი საგანი „ჩარჩა“, რაზეც თორნიკე ხალვაში ამბობს, რომ ეს შეუძლებელია: „სასაცილოც კია ამის დაშვება, რომ უჩამ ვერ ისწავლა და საგანი გასავლელი დარჩა. ცდილობს უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს. დღემდე ის და მინურ პაქსაძე არიან რეალური ხელმძღვანელები და ბექა მაკარაძე მხოლოდ ფურცელზეა თვითმმართველობის თავმჯდომარე“.

თორნიკე ხალვაში მინურ პაქსაძეს ბრალს სდებს „ქართული ოცნების“ სასარგებლო საქმიანობაში. „თვითმმართველობის კაბინეტში არიგებდა 41-ნომრიან მაისურებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს“, – აცხადებს თორნიკე.

„ბათუმელები” უჩა აბრამიშვილს და მინურ პაქსაძეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქით” დაუკავშირდა. მინურ პაქსაძე ამბობს, რომ არასდროს ყოფილა პარტიული და არც რომელიმე პარტიის სასარგებლო აქტივობით ყოფილა დაკავებული. მის „ფეისბუქზე“ განთავსებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი სესიაშვილსა და გიორგი ერმაკოვთან ერთად არის გადაღებული და ფონად “ქართული ოცნების” ბანერი აქვს, ამბობს: „ამ საჯარო მოხელეებთან მაქვს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა“.

უჩა აბრამიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, უბრალოდ 2008-2011 წლებში გახლდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი 22-ე უბანში. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი იყო ამ პარტიის აქტიური მხარდამჭერი“. უჩა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში საქმიანობის პერიოდში პარტიული მაისური ერთ-ერთ ექსკურსიაზე ეცვა“.

შემდეგ ბრალდებას, რაც თვითმმართველობის არჩევნებს და უჩა აბრამიშვილის გავლენას ეხება თვითმმართველობაში, უჩა ასე პასუხობს: „2015 წელს ჩემს გუნდთან ერთად მივიღე მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში. ეს რომ არ გამხდარიყო სადავო არჩევნები და ვინმეს რომ არ გასჩენოდა ილუზია მისი გაყალბების შესახებ, ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ეს ჩაეტარებინა გამოცდილ ხალხს არასამთავრობოების დაკვირვებით, რამაც შედეგი გამოიღო. ჩვენმა გუნდმა შეძლო სტუდენტობის ნდობა მოეპოვებინა. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ყველანი ერთხმად შევთანხმდით მხარი დაგვეჭირა ბექა მაკარაძისთვის, რომელიც არის მისაბაძი სტუდენტი უნივერსიტეტში. ის, რომ მე მასთან ერთად ვარ, ამას არც უარვყოფ. თუ გადახედავთ ბექას მიერ გაკეთებულ საქმეებს, დარწმუნდებით, მართლა ბევრს ცდილობს, რომ ყველაფერი გამოუვიდეს“.

უჩა აბრამიშვილი და მინურ პაქსაძე, ბექა მაკარაძესთან ერთად, ახლა პოლონეთში იმყოფებიან. 2014 წლის 2-9 აგვისტოს კი, ქალაქ ვენაში  პროექტ – „გაეროს მოდელირება ვენაში“ მონაწილეობდნენ. გამგეობის 2014 წლის პირველი ივლისის სხდომის ოქმით, მინურ პაქსაძეს, უჩა აბრამიშვილსა და ბოჩია ზარანდიას თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თითოეულს გამოეყო 717 ევროს ექვივალენტი ლარში, სულ 5 154 ლარი.

პროექტში „გაეროს მოდელირება ვენაში“ მონაწილეები კონკურსის სახით შეარჩია არასამთავრობო ორგანიზაციამ – “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“. 5 154 ლარის თაობაზე “ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში (#18/105) წერია: „გაცემული თანხის მგზავრობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის რეგისტრაციისთვის და ცხოვრებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი“.

უჩა აბრამიშვილმა წელსაც გაიმარჯვა ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილი გაეროს ანსამბლეის მოდელირებაში და აგვისტოში ის ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: