ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.
მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც“ – აცხადებს საგამოძიებო.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დააკავეს ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი.
„ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.
ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას.
ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია“.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.






