მთავარი,სიახლეები

მუნიციპალური ინსპექცია ისევ წვალობს მანქანის გასაჩერებელი ადგილის საპოვნელად | ფოტოამბავი

05.06.2025
მუნიციპალური ინსპექცია ისევ წვალობს მანქანის გასაჩერებელი ადგილის საპოვნელად | ფოტოამბავი

„რა ვქნათ, ადგილი ვერ ვიპოვეთ“ – გვითხრა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, როცა პარკინგის წესების დარღვევაზე ვკითხეთ – მან მანქანა ტროტუარზე ჩააყენა.

ამ ამბიდან ორი წელი გავიდა.  ინსპექციის თანამშრომლები კი როგორც ჩანს, ისევ წვალობენ მანქანის დასაყენებელი ადგილის საპოვნელად, თუმცა, ხშირად – უშედეგოდ.

„ადგილი არ არის“ – ამ ლოგიკით თავად მაკონტროლებელი აჩერებს მანქანას შუა ქუჩაში, ყველა წესის დარღვევით.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, არასწორად გაჩერებული მუნიციპალური ინსპექციის მანქანა

აქ ალბათ ისიც დაგაინტერესებთ, რატომ დგას 2 ურნა ზებრაზე. ეს უკვე სხვა სამსახურის, შპს „სანდასუფთავების“ კომპეტენციაა. ამ საკითხზე პასუხს ველოდებით და თუ მოგვაწვდიან აქვს გამოვაქვეყნებთ.

2025 წლის პირველი კვარტალი დასრულდა, თუმცა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარკირების წესების დარღვევაზე რეაგირების ახალი სტატისტიკა. უწყებას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ გასული წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახურს 2024 წელს 74511 სამართალდარღვევა გამოუვლენია.

მათ შორის:

  • 50148 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა.
  • 8375 – ტროტუარზე დგომა.
  • 7140 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა.
  • 5135 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა.
  • 1089 – ველობილიკზე არასწორი პარკირება.
  • 299 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა.
  • 2325 – პარკირების წესის სხვა დარღვევა.
  • ევაკუაციით საჯარიმოზე გადაუყვანიათ 3273 ავტომობილი.
ბათუმის მერიის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს საპატრულო ჯარიმებია და არა მუნიციპალური და არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში.

ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: