ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია.
სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, ბანკის გვერდით პროკურატურის ყოფილი შენობა კი 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა კომპანია „სი ვიუ რესორთიმ“, რომლის 20 პროცენტიც კომპანია „რეფერტონ ეს“ – ს ეკუთვნის, რომელიც მაშინ სეიშელის კუნძულებზე იყო დაფუძნებული, 80 პროცენტი კი ესტონეთში დაფუძნებულ საზოგადოება „კომესკა ინვესტს“ ეკუთვნოდა.
ამიტომაც, შენობის გასხვისების დღიდან, დოკუმენტებით რთული იყო იმის დადასტურება, რომ შენობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა.
ასევე უცნობია ქონების გასხვისების დეტალები და ფასი.
2017 წლის მაისში შპს „სი ვიუ რესორთის“ 20 პროცენტი, რომელიც მანამდე სეიშელის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული კომპანიის საკუთრება იყო, დავით ზუბიტაშვილის საკუთრებად ფიქსირდება. ზუბიტაშვილი „სოკარის“ ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია.
შემდეგ წლებში შპს „სი ვიუ რესორთის“ დირექტორად ფიქსირდებოდა ასევე ივანე ბონდარევი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი.
კომპანიის წილების ოფშორულ კომპანიებზე რამდენჯერმე გადაფორმების შემდეგ „სი ვიუ რესორთი“ საბოლოოდ ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დაარეგისტრირეს – ეს ფონდი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. ეს ფონდი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაშია, რომლის აქციების 100 პროცენტის მესაკუთრე – რეესტრის ბოლო ამონაწერით – უტა ივანიშვილია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „სი ვიუ რესორთის“ საკუთრებაშია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სულ 792 კვ.მეტრი და პროკურატურის ყოფილი შენობა, რომლის ფართობიც 911.35 კვ.მეტრია. ამ შენობის მისამართია ასევე რუსთაველის 55, თუმცა რეესტრის ამონაწერებში გრიბოედოვის ქუჩის #2-იც ფიქსირდება.
ამ შენობის გაგრძელებაზე ბანკი „ქართუ“ ფლობს შენობას 430 კვადრატული მეტრი ფართობით. ორივე შენობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ბათუმის ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, ახლოს არის ბათუმის ცენტრალური პარკიც.
რას უპირებს კომპანია შენობას ამ კითხვით კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა გელა კობერიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რუკაზე წითელი ფერით მონიშნულია პროკურატურის ყოფილი შენობა, ხოლო მწვანე ფერით – ბანკ „ქართუს“ შენობა






